x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ჩეჩენ-ქისტ-ქართველთა რეიდი აფხაზეთში

image

ჩეჩენ-ქისტ-ქართველთა რეიდი აფხაზეთში

2001 წლის ზაფხულში პანკისში ხმა დაირხა, ჩეჩნები რუსეთისკენ გარღვევას აპირებენო და დიდ სამზადისში არიანო. საველე მეთაური გელაევი, რომელიც იმ პერიოდში პანკისში იმყოფებოდა, საიდუმლოდ ადგენდა გეგმას, ხელქვეითები მკაცრად ჰყავდა გაფრთხილებული, ქისტებიდან მხოლოდ ორი მებრძოლი ჰყავდა საქმის კურსში, რომლებსაც 1994-1996 წ.წ. რუსეთ-ჩეჩნეთის ომში დიდი გამოცდილება ჰქონდათ შეძენილი და ცნობილ დაღესტნის ოპერაციებში მონაწილეობდნენ. შემდეგ გახდა ცნობილი, რომ აფხაზეთის გეოგრაფიული პუნქტების და ქალაქების მაკეტები ჰქონდათ და დეტალურად სწავლობდნენ აფხაზეთის რელიეფს, სატრანსპორტო გზებს, კომუნიკაციებს და სხვა სამხედრო დანიშნულების ობიექტებს. გილაევის რაზმში იმყოფებოდა 70 პანკისელი ქისტი, რომელთაც, როგორც ქართული ენის მცოდნეებმა, იკისრეს ქართველებისა და ჩეჩნების დაახლოების მისია, რასაც სწრაფად გაართვეს თავი.

როგორი იყო აფხაზეთში შეჭრის გეგმა? გელაევმა აიღო თავის თავზე მოიერიშის როლი: იგი იქნებოდა ავანგარდი, აიღებდა დასახლებულ პუნქტებს და გაწმენდდა მტრისაგან ტერიტორიას. მას უნდა მიჰყოლოდნენ ქართული ნაწილები (დავარქვათ პარტიზანები) და დაიკავებდნენ განთავისუფლებულ ტერიტორიას. გელაევს იარაღი თავისი ჰქონდა, საბრძოლო მასალაც, მაგრამ შემდეგ საბრძოლო ოპერაციების დროს, ქართულ მხარეს უნდა მოემარაგებინა. მისი მტკიცე მოთხოვნა იყო მოემარაგებინათ მისი რაზმი პროდუქტებით და საბრძოლო მასალით, უკან გაეყვანათ დაჭრილები და გადმოეტანათ ცხედრები. ერთდროულად გალის რაიონიდან მათთან სოხუმში შესახვედრად უნდა დაძრულიყვნენ ქართველი პარტიზანები დათო შენგელაიას ხელმძღვანელობით.

იყო თუ არა ეს გეგმა რეალური? შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, რომ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ დაეწყო ყოყმანი, რომ არ გაეჭიანურებინა ოპერაციის დაწყება, რომ არ შეშინებულიყო, უკან არ დაეხია და შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, შესაძლებელი იყო გარკვეული წარმატებისათვის მიეღწიათ. ყოველ შემთხვევაში, რეალური იყო აფხაზეთის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის დაბრუნება. ეს კი საწინდარი იქნებოდა აფხაზეთთან შემდგომი წარმატებული მოლაპარაკებებისა. გამარჯვებულის პოზიციიდან იოლია მოწინააღმდეგესთან კამათი!
სინამდვილეში კი მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: ჩეჩნებსა და ქისტებს შეუერთდა 50-მდე ქართველი მებრძოლი, ძირითადად სვანები, ორიოდე თბილისელი და რამდენიმე მეგრელი.

გელაევის რაზმი მტკიცედ, საქმის ზედმიწევნით ცოდნით ახორციელებდა სამხედრო ოპერაციას. ყველაზე ხელშემშლელი იყო ადგილმდებარეობის უცოდინარობა, უგზოობა, საცალფეხო ბილიკებით, ტყე-ტყე, კლდე-ღრეებით უხდებოდა წინსვლა, რათა თავი აერიდებინათ ნაღმებისათვის და მოულოდნელობის ეფექტიც შეენარჩუნებინათ. ხანმოკლე შეტაკების შემდეგ აფხაზები, სომხებისა და ბერძნების მოსაშქრენი თავქუდმოგლეჯილნი გარბოდნენ და შემდეგ რამდენიმე სოფელს ისე გაივლიდნენ, რომ კაციშვილს ვერ პოულობდნენ. მაგრამ შესაფერის ადგილებში, დასახლებულ პუნქტებში აწყობდნენ ჩასაფრებას, ნაღმავდნენ სოფლის შესასვლელებს და ამიტომაც რაზმი ფრთხილად და ნელა მიიწევდა წინ.

ქართულმა ძალოვნებმა არ შეასრულეს დანაპირები და ამიტომ სურსათ-სანოვაგეზე თავად უნდა ეზრუნათ და დაჭრილების ტარებაც თავად უხდებოდათ. განსაკუთრებით არაქათს აცლიდა მებრძოლებს შიმშილი, რადგან პროდუქტს ყოველთვის ვერ შოულობდნენ, ან რა მარაგი უნდა წაეღო ფეხით მოსიარულე მებრძოლს, რომლის საჭურველი და ჩასაცმელ-დასახური 50კგ. აღემატებოდა. და მაინც, მათ შეძლეს შეუძლებელი, საარაკო გამბედაობა და სიმტკიცე გამოიჩინეს და სოხუმს მიადგნენ, მაგრამ ქალაქის იერიშისათვის საჭირო აღჭურვილობა, იარაღი და მხარდაჭერა მათ არ ჰქონდათ და იძულებული გახდნენ, უარი ეთქვათ საბოლოო მიზანზე. თუმცა მათ ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ შესწევდათ უნარი ამოცანის გადაწყვეტისა, მაგრამ გამოცდილმა მეთაურმა გელაევმა მტკიცედ გასცა ბრძანება უკან დაბრუნებისა. მან მებრძოლებს განუცხადა, რომ კოსმოლოსკოეს განმეორება მოსალოდნელი იყო (2000 წ. დასაწყისში სოფ. კოსმოლოსკოეში ქ. გროზნოს დატოვების შემდეგ ალყაში აღმოჩნდა გელაევის რაზმი, სიცივის, ყინვისა და შიმშილისაგან დასუსტებული 800-მდე ბოევიკი დაიღუპა).

საველე მეთაურ გელაევს ქისტი მებრძოლები ახასიათებენ, როგორც არაჩვეულებრივ გამბედავ, საზრიან და მზრუნველ მეთაურს, რომელიც ყოველთვის თავად იღებს მონაწილეობას დაზვერვაში, თავად ამოწმებს მოწოდებულ ინფორმაციებს, თავად ადგენს გეგმას და უაღრესად ფრთხილად მოქმედებდა, რომ ოპერაციის დროს ნაკლები დანაკარგები ჰქონოდა. ბრძოლაში პირველი შედიოდა და უკანასკნელი ტოვებდა ბრძოლის ველს, ტვირთს ჩვეულებრივ ეზიდებოდა, როგორც რიგითი მებრძოლი, ჭამდა და სვამდა მათთან ერთად, ეძინა ძალიან ცოტა, სულ მოძრაობაში იყო და ყოველთვის ენერგიით სავსე, ყოველთვის ოპტიმისტი და შეეძლო იოლად ჩაენერგა მებრძოლებში გამარჯვების რწმენა.
რამდენად წარმატებული იყო ეს რეიდი, უკვე სხვა თემაა, ფაქტია ის, რომ ამ ოპერაციით ჩეჩნებმა და ქისტებმა გამოხატეს თავიანთი მზადყოფნა ქართველების დასახმარებლად, დაამტკიცეს, რომ საჭიროა აღდგეს ორი ერის წინაპართა ისტორიული ტრადიცია და მხარში ამოუდგნენ ერთმანეთს საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მთელი ამ ოპერაციის წარმატებას ხელი შეუშალა ქართველი ძალოვნების ზოზინმა, გაუბედაობამ, შიშმა, სხვადასხვა უწყების უფროსების ერთმანეთისადმი უნდობლობამ. და ამ დროს 11 სექტემბერს, ნიუ-იორკის ტერაქტმა წერტილი დაუსვა ოპერაციის წარმატებას. ამ ტერაქტმა მთლიანად შეცვალა პოლიტიკური სპექტრი, მთელი მსოფლიო განეწყო "მუსულმანი ტერორისტების" წინააღმდეგ და რუსეთმა ბრწყინვალედ გამოიყენა ეს ტერაქტი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ჩეჩნების წინააღმდეგ

წყარო: Islam Gorgishvili image

1
843
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
843
  
2019, 24 ნოემბერი, 15:14
რამდენიმე ქართველი პარტიზანი უწევდა გელაევის რაზმს მეგზურობას, ერთერთი ქართული სპეცსამსახურების ოფიცერი იყო.
გელაევის რაზმი შინაგანი ჯარების სამხედრო-სატვირთო მანქანებით აიყვანეს სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე და ნავებით გადაიყვანეს მდინარე ენგურზე "ოჭაკეს" ტერიტორიამდე, საიდანაც გაეშურდნენ აფხაზეთის სიღრმისაკენ, გულირიფშის რაიონში მოხდა პირველი შეტაკება, სადაც ჩეჩნებმა გადათელეს აფხაზი მებრძოლების მზვერავი ჯგუფი და სამხედრო წესით, გადარბენებით წაიწიეს წინ საკმაოდ ღრმად.
სამწუხაროდ "შაქრის მთასთან" მისულებს რუსულმა ავიაციამ დაარტყა, ასევე აფხაზებმა ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან მასიური ცეცხლი გახსნეს მათი მიმართულებით, მძიმე ტექნიკის და დამხმარე ძალის არქონის გამო გელაევმა მიიღო გადაწყვეტილება დაეხია უკან.
ისინი ისევ "ოჭაკეს" ტერიტორიას დაუბრუნდნენ, სწორედ ამ დროს ამოიყვანეს მათ გასწვრივ შევარდნაძის წყალობით, რუსეთის მომხრე ჩეჩნური ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩეჩნეთში დაბრუნების სანაცვლოდ გელაევს და მის სპეცრაზმს რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტი შესთავაზეს უსაფრთხოების გარანტად.
ჩეჩნეთში დაბრუნების და იარაღის ჩაბარების შემთხვევაში მათ ფართო ამნისტიას პირდებოდა ეს დოკუმენტი, პასუხად ჰამზა (რუსლან) გელაევმა გვერდით მდგომ მებრძოლს დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანა გამოართვა და ჩამოსულების მიმართულებით, ახლოს მდებარე ლოდს ესროლა ტყვია, რაც ნიშნავდა: საუბარი დასრულებულიაო.
გელაევის სპეცრაზმი ისევ პანკისში დააბრუნეს, საიდანაც გელაევმა მალევე გაიყვანა თავისი რაზმი. გავა დრო და გელაევი ისევ ეცდება პანკისში დაბრუნებას, მაგრამ "მგელს" უკვე არ უწერია პანკისში დაბრუნება, ის რუს მესაზღვრეებთან უთანასწორო ბრძოლაში იღუპება.
და რაა კიდევ ერთი საინტერესო, გელაევი მთელი არსებით ებრძოდა ისლამის რადიკალიზაციას და ისლამის რადიკალურ ფრთას-ვაჰაბიზმს.
სამწუხაროდ მისმა შვილმა, რომელიც პანკისის ხეობაში ცხოვრობდა ვაჰაბიზმი მიიღო და სირიაში მოჯაჰედად წასული დაიღუპა.
0 1 1