2019 წლის მარტში აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაში თბილისის 10 სკოლის 500 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან 55 % ბიჭი იყო, ხოლო - 45 % გოგო. აზარტულ თამაშებთან შეხება ჰქონდა გამოკითხული ბიჭების 56 %-ს, ხოლო გოგოების - 44 %-ს. საქართველოში დაახლოებით 500 ათასი ანგარიშია გახსნილი სათამაშო ობიექტებში. თუ 2017 წელს აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა 5, 65 მილიარდი ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13, 8 მილიარდი ლარი შეადგინა და ეკონომიკის ისეთ მიმართულებებსაც უსწრებს წინ როგორიცაა - მშენებლობა, გადამმუშავებელი მრეწველობა, ენერგეტიკა. სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ ვაჭრობის დარგს აქვს. 1 მილიარდიან მაჩვენებელს სექტორის ბრუნვამ 2013 წელს მიაღწია, მას შემდეგ, მისი მოცულობა თითქმის 14-ჯერ არის გაზრდილი. აზარტული თამაშების აბსოლუტური უმრავლესობა დაბალბიუჯეტიანია. რა ხდება ამ შემთხვევაში. ადამიანი, პირობითად ბოლო 10 ლარს ან ხარჯავს სამომხმარებლო ბაზარზე, დავუშვათ, ყიდულობს იგივე კარტოფილს, პურს, ხილს და ა. შ. ან მიდის ტოტალიზატორში სათამაშოდ. თუ არჩევანს ტოტალიზატორის სასარგებლოდ გააკეთებს, კარტოფილის, პურის და ა. შ. ნაცვლად უმრავლეს შემთხვევაში შერჩება წაგებული ფული, ის ფული, რომელიც აპრიორი მიდის აზარტული თამაშების სექტორში და აკლდება სხვა სექტორებს. 13 მილიარდი ლარი, რაც არის 2018 წლის აზარტული თამაშების ბრუნვა, ეს არის ნონსენსი. მშიერი ადამიანები გართობაში ხარჯავდნენ ფულს. ამ სექტორის წარმატება განაპირობებს სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი სექტორების წარუმატებლობას. რადგან ბიზნესი, რომელიც დოვლათს არ ქმნის, კონკრეტულ პროდუქციას არ აწარმოებს, მხოლოდ იღბლის გამოცდას სთავაზობს მომხმარებელს - წლიდან წლამდე სულ უფრო მოგებული რჩება. მარტივი მისახვედრია, ვინაა წაგებული მეორე მხარეს - დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული მოთამაშეები დიდ თანხებთან ერთად აგებენ ცხოვრების საუკეთესო წლებს, ახლობლებისა და ოჯახის წევრების ნდობას, რჩებიან უსახლკაროდ, ადგილი აქვს სუიციდის შემთხვევებსაც. სად ან რა მეთოდით შოულობენ ისედაც გაჭირვებული ეკონომიკური მდგომარეობისა და უმუშევრობის ფონზე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანები თანხებს? პასუხი მარტივია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა დიდი რაოდენობა მკვეთრად აუარესებს კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყანაში. აშშ-ში ჩატარებული კვლევების თანახმად, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული სამი ადამიანიდან, ორი სათამაშოდ ფულს არალეგალურად შოულობს. 2016 წელს კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას" მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევევა აჩვენებს, რომ საქართველოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა 87% მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა დიდი მასშტაბი ამწვავებს ნებისმიერი ქვეყნის სოციალურ ფონს, აუარესებს კრიმინოგენულ მდგომარებას ქვეყანაში, მათთვის სახელმწიფოს მიერ შექმნილი სოციალური და სხვა ტიპის დახმარებები დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ღარიბ ქვეყნებში მძიმე სოციალური ფონი განაპირობებს აზარტული თამაშების მასშტაბის უფრო გაფართოებას. როგორც საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება მთელ რიგ რისკფაქტორებზეა დამოკიდებული. ესენია - ფსიქიკური აშლილობა, დეპრესია, სხვადასხვა სუბსტანციებზე დამოკიდებულება - ნარკოტიკები, ალკოჰოლი, თინეიჯერული ასაკი, მარტივი ინტერნეტ-ხელმისაწვდომობა აზარტულ თამაშებზე და სხვა.
ყველა განვითარებულ ქვეყანაში, აზარტული თამაშების ინდუსტრია უმკაცრესი რეგულაციების ქვეშ მოქმედებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ის უარყოფითი შედეგები, რომელსაც აღნიშნული ბიზნესი იწვევს.