x
ანაკლიის პორტის მნიშვნელობა და პოტენციალი საქართველოსთვის

ანაკლიის პორტი


  • ბრიტანულმა კომპანია BuroHappold Engineering-მა და ამერიკულმა კომპანია Moffat & Nichol-ის კვლევის შედეგებით, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა მომდევნო 20 წლის განმავლობაში 475 ჰა მიწას აითვისებს, 16 000 ადამიანს დაასაქმებს და 1, 04 მილიარდი აშშ დოლარის ჯამურ ინვესტიციას მოიზიდავს. საერთოდ სხვადასხვა დათვლებით საქართველოში შეიქმნება 30 000 სამუშაო ადგილი. ანაკლიაში ქართველ და საერთაშორისო კომპანიებს ექნებათ საშუალება განათავსონ საკუთარი საწარმოები, საწყობები და სხვა ტიპის სამრეწველო ინფრასტრუქტურა. ზონა სრულიად ინტეგრირებული იქნება საზღვაო, საგზაო და სარკინიგზო ინფრასატრუქტურასთან. ასევე ექნება სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსი და საგადასახადო შეღავათები. განვითარდება ისეთი ინდუსტრიები, როგორიცაა: ლოგისტიკა, მსუბუქი მრეწველობა, მომსახურება, ტურიზმი და ა.შ. სპეციალური ზონა, რომელიც განკუთვნილია ტრენინგებისა და ადამიანური რესურსების განვითარებისთვის, დაეხმარება რეგიონის შრომით მუშახელს უნარ-ჩვევების ამაღლებაში. რადგან საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით და დაბალი გადასახადების გამო, მსოფლიო რეიტინგში ისედაც ლიდერთა შორისაა, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა კიდევ უფრო წაახალისებს ინვესტორებს, გადმოიტანონ თავიანთი ბიზნესები ანაკლიაში.

  • ისტორიულად საქართველო კავკასიის რეგიონის, ცენტრალური აზიის და ჩრდილოეთ ირანის კარიბჭეა. პორტი დაეხმარება საქართველოს დაიბრუნოს ისტორიული ფუნქცია იყოს დერეფანი, ლოჯისტიკური ჰაბი რეგიონში, ის ზრდის საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს და საქონელთბრუნვას. ის იქნება ცენტრალური აზიის ქვეყნების 160 მილიონიანი მოსახლეობის დასაყრდენი, რომელთაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ. საქართველოს მიერ სხვა ქვეყნებთან კოორდინაციაში კონკურენტუნარიანი კორიდორის შექმნის შედეგად, ანაკლიის პორტი უმნიშნველოვანეს როლს შეასრულებს ჩინეთის „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ პროექტში, რა დროსაც ჩინეთიდან წამოსული 300-400 მილიარდამდე დოლარის ტვირთები ჩვენს კორიდორში ევროპამდე იმოძრავებს 10 დღეში, ნაცვლად ამჟამინდელი 1 თვისა.

  • ანაკლიის პორტი საქართველოს უსაფრთხოებაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. რაც უფრო მეტი ჩვენი სტრატეგიული ობიექტები ნავთობსადენები, პორტები და ა. შ. იქნება სხვა მოსარგებლე სახელმწიფოების ინტერესებში, როგორც აზიაში, ისე ევროპაში, უფრო იზრდება საქართველოში სტაბილურობის და უსაფრთხოების ხარისხი, გაზრდილი სტაბილურობა და უსაფრთხოება, გაუმჯობესებულ კეთილდღეობაში კონვერტირდება. ამ პორტის მნიშვნელობა ჩვენთან არსებულ ნავთობსადენებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის საქართველოს გეოგრაფიულ მნიშვნელობას, მნიშვნელოვნად ზრდის სტრატეგიულ მნიშვნელობამდე.

  • საუკუნეების განმავლობაში, რეგიონში რომელშიც ვცხოვრობთ, ხშირად არის არასტაბილურობა, კრიზისები, ომები. აღნიშნული პორტით გვაქვს პოტენციალი სავაჭრო ურთიერთობები დავამყაროთ და გავაღრმაოთ ჩვენს რეგიონს გარეთ არსებულ სტაბილურ, მაღალშემოსავლიან ქვეყნებთან, სადაც 200 წელზე მეტია რაც ომი არ ყოფილა, განსხვავებით ჩვენი რეგიონისგან, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და რეგიონში არსებულ გამოწვევების გავლენას საქართველოზე - შეამცირებს.

  • საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა - მცირე შიდა ბაზარი. აღნიშნული პორტი დაეხმარება საქართველოს ამ გამოწვევასთან გამკლავებაში, რომ გავიტანოთ საექსპორტო პროდუქტები საერთაშორისო ბაზრებზე. წარმატებული და კონკურენტუნარიანი ქვეყნების წარმატებაში მათი საექსპორტო პროდუქციის ექსპორტს ლომის წილი უჭირავს.

  • საკონსულტაციო კომპანიის WSP Global-ის კვლევის თანახმად, რომელმაც დონორ ბანკებს გაუწია კონსულტაცია, ყველაზე პესიმისტური პროგნოზითაც კი ანაკლიის პორტი პირველ ფაზას სრულად დატვირთავს 2025 წელს. ტვირთბრუნვა წლიურად მოსალოდნელზე სწრაფად იზრდება და სავარაუდოა, რომ ფოთისა და ბათუმის პორტები უფრო ადრე მიაღწევენ გამტარუნარიანობის მაქსიმუმს. 2019 წლის 8 თვეში ბათუმის და ფოთის პორტმა 399, 791 TEU გადაამუშავა, რაც წინა წელთან შედარებთ +37.3% ზრდაა და ეს ისტორიული მაქსიმუმია. ეს პორტი საფუძველია მილიარდობით უცხოური ინვესტიციის მოზიდვისთვის საქართველოში. 2018 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიღების თვალსაზრისით, ტრანსპორტი და ლოგისტიკა მეორე ადგილზე იყო, ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც „საქართველოს რკინიგზას“ ეხება. კვლევის თანახმად, სექტორმა 7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი თანხა მიიზიდა, რაც 2007-2018 წლების განმავალობაში საქართველოს მიერ მიღებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეოთხედს წარმოადგენს.

  • მოხდება ჩინეთიდან ევროპამდე არსებულ კარიდორში დანერგილი ცოდნისა და ტექნოლოგიების ათვისება ქართული ფირმების მიერ, ბევრად უფრო სწრაფად, რაც ჩვენი ქვეყნის საერთო კეთილდღეობაზე უკეთ აისახება.

  • აღნიშნული პორტი სხვა ქვეყნის მიერ, საქართველოს მიმართ, არასასურველ მანიპულაციებს, გავლენებს, ბერკეტებს, მნიშვნელოვნად შეამცირებს. საექსპორტო პროდუქტების დივერსიფიკაციის გზით, რასაც პორტი უზრუნველყოფს, მცირდება შანსები, საქართველოსთან მიმართებაში არასასურველი სცენარების - ემბარგო და ა. შ. პორტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, უსაფრთხო და ეკონომიკურ განვითარებაში.


  • აღსანიშნავია, რომ ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის თანაავტორობით შექმნილი „ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის“ სამოქმედო გეგმაში ანაკლიის პორტი პრიორიტეტულ პროექტადაა აღიარებული. ამავე გეგმის (https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/sites/near/files/ten-t_iap_web-dec13.pdf) თანახმად, ევროკავშირი პორტის მშენებლობის მეორე ფაზას 233 მილიონი ევროთი დააფინანსებს, რაც თავისთავად მეტყველებს პორტის სატრანსპორტო და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე.

  • პორტის პროექტის ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთება სოლიდურია. ამას არაერთი დიდი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების და ასევე დიდი საერთაშორისო პორტოპერატორების დაინტერესება მოწმობს.



1
238
შეფასება არ არის
ავტორი:გოგიტა ხურცია
გოგიტა ხურცია
238
  
2019, 19 ოქტომბერი, 23:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1