x
image
ლანა92
ბერტრანის მოსაზრებები მედია ეთიკაზე

image

1."ვინ აყენებს ეჭქვეშ თანამედროვე მსოფლიოში მედიის ფუნქციონალურ მნიშვნელობას? და რადგანაც მედია ხშირად საკმაოდ დიდ ძალაუფლებას ფლობს, ის პასუხისმგებელიც არის დღევანდელი საზოგადოების ყველა ცოდვისა და ნაკლის გამო, მარჯვნივ თუ მარცხნივ, ჩრდილოეთით თუ სამხრეთით, უმწეოთა თუ ძლევამოსილთა, ახალგაზრდათა თუ მოხუცთა მიმართ.

ევროპაში დღესაც კი შენარჩუნებულია მედიის ყოვლისშემძლე გავლენა, ელიტარული ტრადიცია, რომელიც გააძლიერა მარქსისტულმა კრიტიკამ, მედია მფლობელებმა და ჟურნალისტებმა, რომლებიც მრავალი სარგებლის მიღებას ახერხებენ ამ მიმართულებიდან. ადამიანთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ გზავნილის (მესიჯის) გამოქვეყნების შემთხვევაში, მას აუცილებლად ექნება ისეთივე ეფექტი, როგორც სამიზნეში მოხვედრილ ტყვიას."კრიტიკოსები აკვირდებიან პრესას და ხედავენ სუპერმენს მაშინ, როდესაც სინამდვილეში ის მხოლოდ კლარკ კენტია", - წერდა მაიკლ შუდსონი.ეს ნაწილობრივ ხსნის იმ გადაჭარბებულ მნიშვნელობას, რომელიც შინაარსს, ანალიზსა და სემიოტიკას ენიჭება" (ბერტრანი, გვ.42).

2."უფლებები და მოვალეობები განუყოფელია ერთმანეთისგან, თუმცა ადამიანებს სჩვევიათ, მოითხოვონ უფლებები ისე, რომ არ ახსენონ მათთან შეწყვილებული მოვალეობები. ეს პრობლემა მეტად აქტუალურია დღესდღეობით, განსაკუთრებით კი დასავლეთში.მედია ეთიკის მთავარი ინტერესი სწორედ მოვალეობებს უკავშირდება. ის ამტკიცებს, რომ თავისუფლება და პასუხისმგებლობა თანაზომადი ფასეულობებია, რომლებიც გვერდიგვერდ არსებობენ" (ბერტრანი, გვ.43).

3."მე-19 საუკუნის ბოლოდან კი მედია პროფესიონალებმა შექმნეს ასოციაციები და დაადგინეს მასში გაწევრიანებისა და ქცევის წესები, რათა სახელმწიფოს ეცნო მათი დამოუკიდებლობა, ხოლო საზოგადოებას - მათი ღირებულება. გაიხსნა სპეციალიზირებული სკოლები. დაიწერა კოდექსები " (ბერტრანი, გვ.52).

4.მედიას აქვს ვალდებულებები იმ საზოგადოების წინაშე, რომლის ნაწილიც თავადაა: მან არ უნდა შეურაცხყოს საზოგადოების მორალი; მედიამ უნდა განსაზღვროს საზოგადოების ყველა ჯგუფის საჭიროებები და ემსახუროს მათ ინტერესებს" (ბერტრანი, გვ.74).

image

5."რომ განვსაჯოთ, თუ რამდენად კარგად ემსახურება მედია საზოგადოებას, საჭიროა, ვიცოდეთ, თუ სავარაუდოდ, რა მომსახურებით უზრუნველყოფს მედია საზოგადოებას. შესაძლოა, გამოვყოთ მედიის დაახლოებით ექვსი ფუნქცია. ყოველ კატეგორიას შეესაბამება დისფუნქცია, რომელიც მედია ეთიკის სამიზნეს წარმოადგენს.

მეთვალყურეობა

მედიამ არჩევნებს შორის დროის ინტერვალში თვალყური უნდა ადევნოს სამი პოლიტიკური სახელისუფლებო შტოს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო) საქმიანობას.

საზოგადოებრივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა

დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი კონსენსუსის მისაღწევად, რომლის გარეშეც მშვიდობიანი თანაარსებობა შეუძლებელია, აუცილებელია საჯარო დისკუსია. მასიურად დასახლებულ ქალაქებში დებატებისთვის საჯარო ფორუმს სწორედ მედია წარმოადგენს.

image

მსოფლიოს ახალი ამბებით უზრუნველყოფა

კულტურის გავრცელება

ბედნიერების ხელშეწყობა:გართობა

გაყიდვა"(ბერტრანი გვ.23-25)

6."ორი მსოფლიო ომის შუალედში, როცა ამერიკაში სერიოზულად დაიწყეს ფიქრი მედია ეთიკაზე, ინტერესი პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტთა კოლეჯის განათლების მიმართ გაიზარდა.1947 წელს ჰათჩინსის კომისიამ გამოაქვეყნა თავისი საანგარიშო მოხსენება. 60-იან წლებში სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდა მედიის "სოციალურ პასუხისმგებლობას". სწორედ ამ ტერმინს ანიჭებენ უპირატესობას შეერთებულ შტატებში და ის ხალხის წინაშე მედიის ანგარიშვალდებულებას გულისხმობს. ევროპაში კი ამჯობინებენ ტერმინს "საზოგადოებრივი სამსახური". სამწუხაროდ, ეს ტერმინი სახელმწიფოსთან ასოცირდება, რადგანაც წლების განმავლობაში საზოგადოებრივ სამსახურთა უმეტესობას სწორედ სახელმწიფო მართავდა, ან მკაცრად აკონტროლებდა.თუმცა რეალურად ორივე ტერმინი ერთსა და იმავე რეალობას ასახავს და სხვები მას მედია ეთიკას ან ხარისხის კონტროლს უწოდებენ.

სამი დანარჩენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლებს არც ირჩევენ და არც ნიშნავენ თავიანთი ფუნქციის შესასრულებლად:უდავოა, რომ ეს დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.საყოველთაოდ ცნობილი გახდა 1920-1930 წლებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის (ტორების პარტიიდან) სტენლი ბოლდუინის გამანადგურებელი ფრაზა: "ის, რასაც პოპულარული (კონსერვატიული) პრესის მესაკუთრეები მიზნდ ისახავდნენ, - თქვა მან, -არის ძალაუფლება. ძალაუფლება ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, რაც საუკუნეების განმავლობაში მეძავთა პრეროგატივა იყო". მედიას ძალუძს, თავი აარიდოს ამგვარ ბრალდებებს, თუკი ის მიმართავს ანგარიშვალდებულების მექანიზმებს.

ამდენად, მედიის თავისუფლება ყოველთვის იქნება საფრთხის ქვეშ, იმისდა მიუხედავად, რამდენად იქნება ამ თავისუფლების შენარჩუნების შანსი, რადგანაც მედია თავისთავად წარმოადგენს საფრთხეს ხელისუფლებისათვის. ყველა ქვეყანაში, მემარჯვენეებიც და მემარცხენეებიც, ვინც პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს, ყოველთვის ცდილობენ, შეზღუდონ მედიის თავისუფლება. ლიბერტარიანიზმისთვის თვითგამოცხადებულმა ორმა ცნობილმა მებრძოლმა, მარგარეტ ტეტჩერმა და რონალდ რეიგანმა (რომელსაც საინტერესო მეტსახელი, დიდი კომუნიკატორი უწოდეს), თავის წინამორბედებზე მეტჯერ მიიტანეს იერიში პრესის თავისუფლებაზე. ეთიკა საუკეთესო დაცვაა" (ბერტრანი, გვ. 40).


7."ეთიკა ხელს უწყობს ჟურნალისტთა დაცულობას, მათ სოლიდარობას, ამაღლებს მათ პრესტიჟს, ზრდის მათ გავლენას - შესაბამისად, მორალსა და პროდუქტიულობას. ბუნებრივია, ეთიკა, პირველ რიგში, საზოგადოებას ჰმატებს ბევრს და საბოლოო ჯამში, ამტკიცებს მის ნდობას მედიის მიმართ" (ბერტრანი, გვ. 201).

8."ანგლო-საქსურ ქვეყნებში, როგორც წესი, მეტისმეტად ენდობიან "ბაზარს", როგორც კარგი მედია სერვისის გარანტს - მაშინ, როდესაც ლათინურ ქვეყნებში - კანონს.ორივე ფაქტორი მნიშვნელოვანიცაა და სახიფათოც. საჭიროა დამხმარე ინსტრუმენტის პოვნა მათი იგნორირების გარეშე. ასეთი კი შესაძლოა, იყოს მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები" (ბერტრანი, გვ.11).

9."თავისუფლება აბსოლუტური რომ იყოს, მედია, ალბათ, მეძავივით გაიყიდებოდა როგორც ახალი ამბების, ასევე გართობის სფეროებში. ევროპელებს აფრთხობთ ის, რასაც ისინი ხედავენ შეერთებულ შტატებში, სადაც თითქმის მთელი მედია კომერციულია, ხოლო მედიის რეგულაცია მინიმალური" (ბერტრანი, გვ. 10).

10."კომერციულ მედიას განსაკუთრებით ადანაშაულებენ იმაში, რომ ის დიდ ინტერესს არ ავლენს ადამიანთა ინტელექტის განვითარების მიმართ. ტელევიზია უბრალოდ ასაღებს "საღეჭ რეზინას ეკრანისათვის" (ბერტრანი, გვ. 105).

11."მხედველობაშია მისაღები მედიის სამმაგი ბუნება, განსაკუთრებით ეთიკასთან მიმართებაში. ის, რომ მედია ერთდროულად წარმოადგენს წარმოებას, საზოგადოებრივ სამსახურსა და პოლიტიკურ ინსტიტუტს, მას ორაზროვან სტატუსს ანიჭებს. ეს ფაქტორი კი მედიასთან დაკავშირებული პრობლემების უმეტესობის საფუძველია" (ბერტრანი, გვ. 38)

12."მედია ეთიკა მოიცავს პროფესიონალების მიერ შემუშავებული პრინციპებისა და წესების ერთობლიობას" (ბერტრანი, გვ.12).

13."მედია ეთიკა ჟურნალისტთა ვალდებულებებზე მსჯელობას ნიშნავს. ეს მოვალეობები მოიცავს, როგორც მედიის წარმომადგენელთა ადამიანურ, ასევე პროფესიულ უფლებებს. ეს უფლებები ნაწილობრივ გარანტირებულია კანონმდებლობით, ნაწილობრივ ასახულია ამა თუ იმ კოდექსში. ეს არის ღირსეული ანაზღაურების უფლება; სარედაქციო პოლიტიკის გაცნობისა და მენეჯმენტში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანამდე აზრის გაზიარების უფლება; უფლება, უარი თქვა დავალების შესრულებაზე, თუ ის შეუთავსებელია ჟურნალისტურ ეთიკასა ან პირად მრწამსთან; ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება და ა.შ. მედია მოქმედებს როგორც საზოგადოების აგენტი, რომელიც აღწევს იქ, სადაც მოქალაქეთა დიდი რაოდენობა მასობრივად ვერ მივა; აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც საზოგადოების არ ძალუძს. ჟურნალისტები სარგებლობენ პრივილეგიებით, თუმცა ამავდროულად ისინი ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე"(ბერტრანი, გვ.51).

14."დენი ელიოტის თანახმად, პროფესიას ის ფასეულობები აყალიბებენ, რომელთაც მისი ყველა წარმომადგენელი იზიარებს, იმისდა მიუხედავად, რომ დაუწერელ კანონებთან გვაქვს საქმე. ჟურნალისტთა შემთხვევაში ეს საყოველთაო ფასეულობებია: ახალი ამბების სრულად, ზუსტად, რელევანტურად და დაბალანსებულად გადმოცემა; მოქალაქეებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, სხვა ადამიანებისათვის ზიანის მიყენების გარეშე; საკუთარი თავის წარმოდგენა იმ ადამიანების ადგილზე, ვისაც გამოქვეყნებული სტატია ეხება; უშუალო თუ დროში გაწელილი სავარაუდო შედეგის გათვლა, რაც შესაძლოა, მასალის გამოქვეყნებას მოჰყვეს" (ბერტრანი, გვ. 52-53).

15."მედია ეთიკა ისეთ საყოველთაო ღირებულებებს ეფუძნება, როგორიცაა სიძულვილის, ძალადობის, ადამიანთა დამცირების (ფაშიზმის), ან მათი რომელიმე გამოვლენის (რასიზმის) უარყოფა. მედია ეთიკა ჰარმონიაშია უმეტეს იდეოლოგიებთან, როგორიცაა იუდაიზმი, ბუდიზმი, კონფუციანიზმი, ქრისტიანობა (კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი); ზომიერ ისლამთან, ჰუმანიზმთან, სოციალ დემოკრატიასთან. თუმცა ის ვერ ეგუება ექსტრემიზმს, ტოტალიტარიზმს ან მედია ეთიკას არა აქვს საერთო კანონმდებლობასთან - არც მორალთან ამ სიტყვის ვიწრო გაგებით, აქ საქმე ეხება არა პატიოსნებას ან თავაზიანობას, არამედ მთავარი სოციალური ფუნქციის შესრულებას" (ბერტრანი, გვ.12).

16."ლათინურ ქვეყნებში ეთიკის აღმნიშვნელ პროფესიულ ტერმინად "deontologie"-ს (ფრანგულად) ან "deontologia"-ს (იტალიურად, ესპანურად) იყენებენ. ეთიკა ხშირად გულისხმობს დაუწერელ ტრადიციულ წესებს, რაც წარმოადგენს კონსენსუსს იმის თაობაზე, თუ რა ქმედებაა მისაღები და რა მიუღებელი და როგორი ქმედების გამო შეიძლება გარიყონ ჟურნალისტი კოლეგები პროფესიული წრიდან" (ბერტრანი, გვ. 36-37).

17."კანონები და რეგულირებები ქმნიან იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ყოველ პრაქტიკოსს აქვს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მედია ეთიკა ადგენს სხვა, უფრო მკაცრ ჩარჩოებს, მაგრამ მაინც ტოვებს არჩევანის შესაძლებლობას, რასაც ყოველი ინდივიდი საკუთარი ფასეულობების შესაბამისად აკეთებს.

მედიამ კანონის დარღვევის გარეშეც კი შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ვინმეს. კანონით დაშვებული ქმედებები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს პროფესიულ ეთიკას.მაგალითად, თუ ჟურნალისტი იღებს რომელიმე მეწარმის მიპატიჟებას, განცხრომაში გაატაროს დასვენების დღეები. და პირუკუ, ეთიკურმა რეგულაციამ შეიძლება, გაამართლოს უკანონო ქმედება, მაგალითად, ისეთი დოკუმენტის მოპარვა, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის საზიანო სკანდალის საფუძველი გახდა" (ბერტრანი, გვ. 34).

18."მიუხედავად არსებული გადაფარვებისა, საქმე გვაქვს ორ დამოუკიდებელ სფეროსთან და ერთმანეთისგან გამიჯვნა ერთობ მნიშვნელოვანია. კანონმდებლობის საფუძველზე პრესის პრობლემების გადაწყვეტა ყოველთვის ხიფათს შეიცავს. ამას მრავალი მიზეზი აქვს: კანონი მხოლოდ იმდენადაა ეფექტური, რამდენადაც ამის საშუალებას სოციალურ-პოლიტიკური გარემო ქმნის" (ბერტრანი, გვ.34).

19."მორალი და ეთიკა არარელევანტურად გამოიყურება ისეთ სამყაროში, სადაც უმკაცრესი კონკურენციის პირობებში მედია თანდათან უფრო კომერციული ხდება" (ბერტრანი, გვ. 37).

20."ღარიბ ქვეყნებში მომხმარებლის სიმცირე რეკლამის მცირერიცხოვნებას განაზღვრავს; შესაბამისად, მედია ღატაკი, კორუმპირებული და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადია, ეს ნიშნავს, რომ ბევრ ქვეყანაში, იმისდა მიუხედავად, რომ ისინი ოფიციალურად დემოკრატიულად არიან აღიარებული, მედია-ეთიკა არარელევანტურია" (ბერტრანი, გვ.ქ20.

21. "იყო დრო, როცა მედია ეთიკის ხსენებაზეც კი მედია პროფესიონალები ზიზღნარევი სიჩუმითა ან ბრაზმორეული შენიშვნებით რეაგირებდნენ" (ბერტრანი, გვ.13).

22."მედია ეთიკის მიმართ ინტერესის ახალი ტალღა unesco-ს, ევროსაბჭოს, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის ეგიდით 1970-იან წლებში აგორდა, რაც განპირობებული იყო სამოციანი წლების საყოველთაო საპროტესტო დემონსტრაციებით" (ბერტრანი, გვ.61).

23."ახლა, როცა მედია დიდ ბიზნესად იქცა, ინდივიდუალური სინდისი არაადეკვატურია" (ბერტრანი, გვ. 147-148).

24."დღეს ჟურნალისტებისათვის სტანდარტული დამოკიდებულება მიუღებელია: ზოგი აბსოლუტურად გულგრილია ეთიკის მიმართ, ზოგი კი ზედმეტად მგრძნობიარე" (ბერტრანი, გვ.190).

25."ეთიკისათვის მთავარ დაბრკოლებას ჟურნალისტური ტრადიციები წარმოადგენს. სიზარმაცე, ბიუროკრატიული უგრძნობლობა, სუსტი წარმოსახვა ქმნის რუტინას, როცა ძირითადად ერთი და იმავე სფეროები შუქდება; ყურადღება ერთსა და იმავე მოვლენებს ექცევა; ქვეყნდება პრეს-რელიზები; ერთი და იმავე თვითმარქვია ექსპერტების მცირე ჯგუფი იძლევა კონსულტაციებს, ნაკლები ყურადღება ეთმობა საუკეთესო, მაგრამ ნაკლებად ცნობილ წყაროებს, მაგალითად, სპეციალიზებულ ჟურნალებსა და მოაზროვნე სპეციალისტებს" (ბერტრანი, გვ.87).

26."მედია ეთიკა ერთი უმწვავესი პრობლემის წინაშე დგას: მოძებნოს მის მიერვე აღიარებული ნორმების განხორციელების საშუალებები, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არასამთავრობო თვითრეგულირების მექანიზმები" (ბერტრანი, გვ. 148).

27."აშკარაა, რომ კოდექსის რეალურად განხორციელების უმარტივესი, უიაფესი და ყველაზე ქმედითი საშუალება ამ ფუნქციის ახალი ამბების რედაქციების აღმასრულებელთათვის დელეგირებაა" (ბერტრანი, გვ. 149).

28. "ჟურნალისტების ერთი კატეგორია ცალკე კლასს ქმნის და ერთობ მნიშვნელოვანსაც: ესენი არიან მენეჯერთა მიერ დანიშნული რედაქტორები, რომელთაც დელეგირებული აქვთ როგორც სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის, ასევე თანამშრომელთა დაქირავებისა და სამსახურიდან დათხოვნის უფლებამოსილება. ეს პროფესიონალები ასრულებენ გადამწყვეტ როლს ეთიკის საკითხებთან დაკავშირებით, რადგანაც ეთიკური ნორმების დანერგვის მიზნით, მათ შეუძლიათ დასჯის მეთოდის გამოყენება. დასანანია, რომ ამ მეთოდს ისინი ძალზედ თავშეკავებულად იყენებენ: ჭუჭყიან თეთრეულს საჯაროდ არ ფენენ" (ბერტრანი, გვ. 29).

29."ახალი ამბების განყოფილების ხელმძღვანელობა საკმაოდ გაურკვეველ მდგომარეობაშია: ისინი ერთდროულად წარმოადგენენ როგორც ჟურნალისტებს, ასევე დიდწილად მესაკუთრის აგენტებს. ამდენად, რამდენადაც მენეჯმენტის უპირველესი ამოცანა სწრაფი და მაქსიმალური მოგებაა, ის მაინცდამაინც ვერ იზრუნებს ეთიკაზე (=კარგ საზოგადოებრივ მომსახურებაზე)" (ბერტრანი, გვ. 149).

30. "ეთიკა, ან ხარისხის კონტროლი მედიის ყველა პრობლემის მარტივი და გლობალური გადაწყვეტა როდია. ის მარტივი პანაცეა რომ იყოს, მედიის ანგარიშვალდებულების სისტემებს ყველგან ვიხილავდით" (ბერტრანი, გვ. 190).

31."სიახლეს არც ერთ პროფესიაში არ იღებენ უპრობლემოდ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი საფრთხეს უქმნის ადამიანთა ძალაუფლებასა და პრესტიჟს. მთავარი დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის ხარისხის კონტროლს, შემდეგია: უცოდინარობა, გაუგებრობა-მაგრამ ყველაზე სერიოზული მაინც ადამიანის და მედიის ანგარიშვალდებულების სისტემის ბუნებაა" (ბერტრანი, გვ.191).

32."როგორც წესი, ეთიკაზე წუხილს მედია კრიზისის დროს იწყებს. შემდეგ კი, სამწუხაროდ, ეთიკას ივიწყებს და მსა მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) ინსტრუმენტად განიხილავს, რაც მისი კეთილდღეობისა და მომავლისათვის, შესაძლოა, ძალზედ სახიფათო აღმოჩნდეს" (ბერტრანი, გვ.199-200).

33."ეთიკა ხელს უწყობს ჟურნალისტთა დაცულობას, მათ სოლიდარობას, ამაღლებს მათ პრესტიჟს, ზრდის მათ გავლენას - შესაბამისად, მორალსა და პროდუქტიულობას. ბუნებრივია, ეთიკა, პირველ რიგში, საზოგადოებას ჰმატებს ბევრს და საბოლოო ჯამში, ამტკიცებს მის ნდობას მედიის მიმართ" (ბერტრანი, გვ. 201).

34."გახსოვდეთ, ეთიკას და მედიის ანგარიშვალდებულების სისტემებს რამდენიმე მიზანი აქვთ: მედია უკეთ ემსახუროს საზოგადოებას; აღადგინოს მედიის პრესტიჟი მოსახლეობის თვალში; სხვადასხვა საშუალებით დაიცვან სიტყვისა და პრესის თავისუფლება; შესძინოს პროფესიას ის დამოუკიდებლობა, რაც დემოკრატიის დამკვიდრებასა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებაში მის როლს განაპირობებს" (ბერტრანი, გვ.202).

35."მედია ეთიკა ფართო და რთული სისტემების წიაღში განვითარდა: მედია და ადამიანთა საზოგადოება, ეს სწორედ ის საკითხი იყო, რომელსაც მარქსიზმის იდეოლოგებმა სამართლიანად გაუსვეს ხაზი. შედეგად, ეთიკას ჭარბი და წინააღმდეგობრივი კრიტიკის ატანა უხდება და გადაულახავ წინააღმდეგობებთან, დიდწილად მითიური ხასიათის დაპირისპირება უწევს. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მედიის ანგარიშვალდებულების სისტემები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული" (ბერტრანი, გვ. 185).

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0