x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
გალაკტიონ ტაბიძის მძღოლის გახსენება

image
ერთხელ გალაკტიონმა მითხრა, წყნეთში ტყეში წავიდეთ, ლექსი უნდა დავწეროო. წავიყვანე, მაგრამ ტყის სიღრმეში ვეღარ შევედი, არ იყო სამანქანო გზა. ამიხირდა, გინდა თუ არა შედი სიღრმეში, გალაკტიონს უარს როგორ ეუბნები, გალაკტიონს შენ მუზას უფრთხობო?

- ვასილიჩ, მანქანა ვერ მიდის, მე რა ვქნა ჩემი რა ბრალია- მეთქი? გაბრაზდა ძალიან. ვერ მოზომა და სახეში ხელი გამარტყა.

რა მექნა? შეურაცხყოფილი კი ვიყავი. მაგრამ იმდენი კი მესმოდა გალაკტიონისთვის ხელის შებრუნება უსინდისობა იყო, სხვას ამას შევარჩენდი?

გავხევდი კაცი, უცებ გამოფხიზლდა გალაკტიონი, გადახტა მანქანიდან, ნახა რომ მართლა ხევი იყო და სიღრმეში ვერ შევიდოდით, მეც გადმოსული ვიყავი. ამოვიდა ხევიდან გადამეხვია და ბოდიში, არჩილ, მაპატიეო. მიხვდა, რომ შეეშალა და მითხრა წავკისში წავიდეთო.

გზაში ათასი ბოდიში მითხრა კიდევ. უკვე უხერხულად ვიყავი, ვასილიჩ, არა მწყენია, გადამიარა უკვე-მეთქი, ვეუბნებოდი.

წავკისში „შალიკოს დუქანს“ ეძახდნენ, იქ ჩავედით, მოატანინა კარგი ღვინო, მწვადი, ცივად მოხარშული დედალი და რა ვიცი რაც საუკეთესო ჰქონდათ.

რა ამბავია, ვასილიჩ, რას დღესასწაულობთ-მეთქი? ვკითხე - რა დღესასწაული კაცო, ეს ჩვენი შერიგების პურმარილია, აბა, შენ რა გგონია გალაკტიონმა შენი ფასი არ იცის ან იმას ვერ ხვდება რა მიჰქარაო?

მართლა ბავშვივით გულის პატრონი იყო. თვითონ ითამადა, რამდენჯერმე მომიბოდიშა კიდევ და მერე იცოცხლეთ, კარგად მოვულხინეთ.

გვარიანად შეთვრა და მკითხა უცებ: არჩილ არ დამიმალო, ჩემზე კარგი პოეტი ვინ არის საქართველოში, გულწრფელად მითხარიო. მართლა გულწრფელი ვიყავი გულზე ხელი დავიდე და ისე ვიპასუხე, შენზე დიდი პოეტი არ არის საქართველოში-მეთქი.

ბავშვივით გაუხარდა, გადამეხვია და გადამკოცნა. მერე წვერზე ხელი ჩამოისვა რამდენჯერმე და თქვა: გალაკტიონი არის პოეტი, მეფე, მეფე-პოეტიო, მივხვდი მე უკვე აღარ მელაპარაკებოდა, უკვე იქ იყო, თავისთან მუზების და პოეზიის სამყაროში.

0
474
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0