x
სიახლე ქართულ ფეხბურთში 01 ივნისი 2019 წლისათვის

სიახლე

მოგესალმებით ძვირფასო intermedia.ge - ს მკითხველნო!


მე გახლავთ პროექტ „ითამაშე და მოიგე“-ს ავტორი იმედა შერიფაძე. დღეს ვისაუბრებთ ქართული ფეხბურთის სიახლეებზე.


აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი საქველმოქმედო მატჩით აღინიშნა

31 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებით და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ გუნდს ''Football Legends - Georgian XI'' და შვედი დიპლომატებით, პოლიტიკოსებითა და ბიზნესმენებით დაკომპლექტებულ სამოყვარულო გუნდს ''Swedish Brussels Euroleague Team'' შორის ამხანაგური, საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართა. მატჩი “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს და შვედურ-ქართულ მეგობრობას მიეძღვნა.




მატჩამდე საზოგადოებას საქართველოში შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სიტყვით მიმართეს.


ამხანაგური შეხვედრა ქართული გუნდის გამარჯვებით 6:1 დასრულდა. ''Football Legends - Georgian XI'' შემადგენლობიდან სამი გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა, თითო გოლი ლევან კობიაშვილის, ირაკლი აბუსერიძის და დავით სირაძის ანგარიშზეა. შვედური გუნდის მხრიდან გოლის ავტორი ბენჟამინ კლარჰოლმი გახდა.


აკრედიტაცია საქართველო - გიბრალტარის მატჩზე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას 7 ივნისს, თბილისში გამართავს. საქართველოსა და გიბრალტარის საფეხბურთო დაპირისპირება ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, 20:00 საათზე დაიწყება.


ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი უეფას კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.


აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი იქნება. ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები: პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).


ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტს და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს. ექვსი წარმომადგენელი კი საქართველოს პირველად ეყოლება.


ბილეთების გაყიდვა დაიწყო! 7 ივნისი - საქართველო V გიბრალტარი

უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩისთვის, საქართველო - გიბრალტარი, ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა 30 მაისს დაიწყო.


გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, tkt.ge-ზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია. საქართველო - გიბრალტარის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში, რამდენიმე დღეში დაიწყება.


სფფ-ის ორგანიზებით 28 მაისს 2019 წელს უეფას ფუტსალის მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი დაიწყო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების ორგანიზებით დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლიცენზიის კურსი დაიწყო 28 მაისს 2019 წელს.


აღნიშნული სასწავლო პროგრამა საქართველოში პირველად ტარდება და ის 6 მოდულს აერთიანებს. სასწავლო კურსის პირველი მოდული 28-30 მაისს ჩატარდა და მასში ამ ეტაპზე 12 ლიცენზიის მაძიებელი ჩაერთვა.


ლიცენზირების პროგრამას უეფა-ს ფუტსალის ექსპერტი, ხორვატი - მიჩო მარტიჩი უძღვება, ტუტორები კი, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ავთანდილ ასათიანი და მისი თანაშემწეები - არჩილ ბოკერია და ბესო არველაძე არიან.


სასწავლო კურსი 28 მაისს ოფიციალურად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა გახსნა და მსმენელებს სიტყვით მიმართა. საგანმანათლებლო კურსზე სწავლება უფასოა - პროექტი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლიცენზიის სასწავლო კურსის მონაწილეები: ნიკოლოზ ჩალაძე, ალექსანდრე ძაბირაძე, როსტევან ფარცვანია, შოთა თოფურია, შოთა ჭანუყვაძე, დავით ბობოხიძე, დიმიტრი მაყიშვილი, ალექსანდრე ჯამბურია, კახაბერ მაისაია, ბაჩანა აბაშიძე, რეზო დევდარიანი, ბესარიონ ზოიძე.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი სასტუმრო "ჰუალინგში" დღეს, 1 ივნისს შეიკრიბება. საწვრთნელი პროცესის ძირითადი ეტაპი ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართება.


უახლოესი ორი შეხვედრისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია: მოსკოვის ლოკომოტივის 18 წლის ქართველი ლეგიონერი - ხვიჩა კვარაცხელია.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია)


უეფას წევრი ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრა ბუდაპეშტში


ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებული ტურნირების მომავალზე 28 ივნისს 2019 წ. ბუდაპეშტში დაიწყენ მსჯელობა. უეფას გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის წევრი ფედერაციების პრეზიდენტები და გენერალური მდივნები უნგრეთის დედაქალაქში შეიკრიბნენ.


შეხვედრას 55 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. საქართველოს ბუდაპეშტში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი წარმოადგენენ. ბუდაპეშტში უეფას ტურნირებზე დაგეგმილი სიახლეების გარდა, ქალთა ფეხბურთის სტრატეგიაზე მსჯელობენ.


უეფას გადაწყვეტილებით ქალთა ფეხბურთის ახალი, ხუთწლიანი სტრატეგია 2024 წლის ჩათვლით იმოქმედებს. უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით სხვადასხვა სიახლე იგეგმება. ძირითადი მიზეზი ბოლო წლებში, ევროპის მასშტაბით, ქალთა ფეხბურთით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობის გაზრდა გახდა.



პატივისცემით იმედა შერიფაძე


0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:იმედა შერიფაძე
იმედა შერიფაძე
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0