x
მეტი
  • 17.06.2019
  • სტატია:91248
  • ვიდეო:340857
  • სურათი:453224
ეროვნული უსაფრთხოების უალტერნატივო გარანტია

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მისივე უსაფრთოების ინტერესებიდან გამომდინარე სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. ისტორიულად, რთულ გეოპოლიტიკურ სარტყელში მოქცეული ჩვენი სახელმწიფო, არა ერთხელ გამხდარა გარეშე ძალების მხრიდან თავდასხმის ობიექტი.

ნებისმიერი იმპერია, რომელიც ლახავდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ სუვერენიტეტს და ცდილობდა საქართველო მინიმუმ ვასალ სახელმწიფოდ ექცია, ყოველთვის იმ გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, რაც მას დონირების საშუალებას მისცემდა მოწინაღმდეგეებთან ბრძოლაში.

დროის სვლასთან ერთად, ბუნებრივია იცვლებოდნენ დამპყრობლებიც, თუმცა ყოველი მათგანის პოლიტიკური ინტერესები, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კვლავაც უცვლელი რჩებოდა.

ის, რაც საუკუნეების წინათ ხდებოდა (ვგულისხმობ ძლევამოსილი სახელმწიფოების მხრიდან, შედარებით ბევრად უფრო პატარა და სუსტი ქვეყნების ჩაგვრას) დღეს ერთი შეხედვით საერთაშორისო მასშტაბითაა დაგმობილი. მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ ეს ილუზია აღმოჩნდა, რასაც ადასტურებს - „ველიკო ძერჟაული“ რუსეთის დამოკიდებულება სუვერენული სახელმწიფოების მიმართ, რომელშიც რასაკვირველია საქართველოც იგულისხმება.

„ჩრდილოელი მეზობლის“ პირველი სრულმასშტაბიანი აგრესია, ჩვენ ჯერ კიდევ XIX საუკუნის დამდეგს - 1801 წელს ვიწვნიეთ, რა დროსაც მათ გააუქმეს საქართველოს სამეფო ტახტი, მისი კანონიერი მემკვიდრის ნაცვლად კი, მმართველის სახით, მათივე გენერალი მოავლინეს..

1801 წლიდან, 1917 წლამდე არსებულმა ცარისტულმა რეჟიმმა; გააუქმა ქართული სამართლის სისტემა და იგი რუსულ ყაიდაზე მოაქცია, დაიწყო ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის დევნა-შევიწროვება, მათთვის არასასურველი ყველა პირი გადასახლებულ იქნა ციმბირის უკაცრიელ მხარეებში, გაუქმდა მართლმადიდებლური ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ავტოკეფალია, შემდგომ კი ჯერი ქართულ სამეფო-სამთავროებზეც მიდგა.

1917 წელს, როდესაც კომუნისტებმა რუსეთის სამეფო ხელისუფლება დაამხეს და მის სათავეში მოექცნენ, საქართველო კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. ამჯერად უკვე საბჭოთა რუსეთის კლანჭებში.

1918 წლის 26 მაისს, კანონიერ საფუძველზე აღდგენილმა დამოუკიდებლობამ 1921 წლის 25 თებერვლამდე გასტანა, თუმცა არც ამ დროის მცირე მონაკვეთში გვღირსებია კეთილდღეობა და განვითარების შესაძლებლობა. კომუნისტები აქტიურად ცდილობდნენ, ქვეყნის შიგნით, გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების წახალისებას და ამ გზით საქართველოზე რუსეთის იმპერიის დროინდელი კონტროლის აღდგენას.

1921-1991 წლები, ის პერიოდია, როდესაც „მოძმე რესპუბლიკების“ სისხლსა და ცრემლზე ნაშენი საბჭოთა იმპერია თავისი მზარდი გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, საფრთხეს უქმნიდა მსოფლიო მშვიდობას.

დროის ამ სამოცდაათწლიან მონაკვეთში, მათი მხრიდან განხორციელებულმა რეპრესიულმა პოლიტიკამ, შეიწირა ქართული ინტელიგენციისა და სამღვდელოების დიდი უმრავლესობა, შეიზღუდა: სიტყვის, პრესის, გამოხატვის თავისუფლება. იდეოლოგიამ მასების „ტვინის გამორეცხვის“ ბელადის კულტის და ტოტალური მორჩილების დამკვიდრებას შეუწყო ხელი.

დასავლეთის პროგრესული ნაწილი, წინ ვერ აღუდგა საბჭოთა რუსეთის სულ უფრო მზარდ ექსპანსიონიზმს, რადგან არ არსებობდა ფართომასშტაბიანი კონსოლიდაცია და მტკიცე პოზიცია მის წინააღმდეგ.

მნიშვნელოვანი გარდატეხა ძალთა ბალანსის გაწონასწორების თვალსაზრისით მხოლოდ II მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ გახდა შესაძლებელი.

მსოფლიო მშვიდობის, მდგრადი განვითარების და დემოკრატიული ფასეულობების დაცვისთვის 1949 წლის 4 აპრილს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული, ვინაიდან ხელშეკრულების საფუძველზე, ათმა ევროპულმა და ორმა ჩდილოამერიკულმა სახელმწიფომ დააარსა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO) დამფუძნებელთა მთავარ მოტივს, საბჭოთა კავშირის სულ უფრო მზარდ, დამპყობლურ პოლიტიკასთან ბრძოლა წარმოადგენდა.

მას შემდგომ, ნატო, როგორც სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, პროგრესისა და განვითარების გზას დაადგა. წლების სვლასთან ერთად კი დღეის მდგომარეობით ოცდარვა სრულუფლებიან წევრ-სახელმწიფოს აერთიანებს.

საპირისპირო მოვლენები ვითარდებოდა საბჭოთა ბლოკში. თუ ნატო, სწრაფად პროგრესირებადი, აბსოლუტურად ნებაყოფლობითი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი გახლდათ, საბჭოთა რუსეთი, რეგრესის, განუვითარებლობის და ზოგადი თვალსაზრისით დეკადანსის გზას დაადგა, რაც საბოლოო ჯამში მისი დამხობით დამთავრდა- 1991 წელს.

პროცესების სწრაფი ტემპით განვითარებამ კიდევ უფრო დააჩქარა საბჭოთა კავშირში შემავალი თხუთმეტი რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბება, რომლებიც თავის დროზე იძულებით იქნენ მასში გაწევრიანებულნი.

და სწორედ 1991 წლის 26 მაისს, ერთ-ერთმა ასეთმა რესპუბლიკამ, საქართველოს სახით, ხელმეორედ აღიდგინა ძალმომრეობით დაკარგული, ნანატრი თავისუფლება, ის უდიდესი მონაპოვარი, რომლისთვისაც არაერთი ქართველის სისხლი და ცრემლი დაიღვარა.

ყოველივე ზემოაღნიშნული, ისტორიული ექსკურსია იმის საილუსტრაციოდ თუ რა სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა მისი არსებობის მანძილზე.

დღეს XXI საუკუნეა, ეპოქა, რომელიც კვლავ მრავალი ახალი გამოწვევებისა და სირთულეების წინაშე გვაყენებს. მიუხედავად მსოფლიოში განვითარებული მნიშვნელოვანი დემოკრატიული გარდატეხებისა, საქართველოს მიმართ მომდინარე საფრთხეები კვლავაც წინა პლანზე დგას, რომელსაც ისევ და ისევ „ჩრდილოელი მეზობელი“ გვიქმნის.

საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, თანამედროვე რუსეთის სახით, ვერ შეჰგუებია სოციალისტური ბანაკის დაშლას. ახალი იმპერიალისტური ზრახვები კი კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ დესტრუქციულობას მსოფლიოს დემოკრატიულ ძალებთან მიმართებაში.

სუვერენული საქართველოს არჩევანი, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი, უპირველესად მისი უსაფრთხოების დაცვითაა ნაკარნახევი. საყოველთაოდ ცნობილი, ნატოს ფუძემდებლური მეხუთე მუხლი კი რომელიც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს ამის მთავარი გარანტორია. (აღნიშნული მუხლი 2001 წელს მოქმედდა. „ტყუპებზე“ თავდასხმის დროს).

იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოცი პროცენტი ოკუპირებულია, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახით, მას თან ერთვის მცოცავი ანექსია და საოკუპაციო საზღვართან ახლოს მცხოვრები ქართული მოსახლეობის ხშირი გატაცების ფაქტები, რაც მათი მხრიდან ცალსახად გამოხატული პროვოკაციული ნაბიჯია, რომელიც ისედაც მწვავე ვითარების გამიზნულ ესკალაციას უწყობს ხელს. აღნიშნული მოვლენები არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო დასავლური ორგანიზაციების უკიდურესი აღშფოთების მიზეზი, რომელთა ერთსულოვანი პოზიცია ღიად აფიქსირებს მიმდინარე პროცესებში რუსეთის პოლიტიკური ინტერესების არსებობას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში შემავალი სახელმწიფოები საქართველოს მიმართ გამოხატავენ, ეს ზემოაღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაა რაც ხაზს უსვამს ჩვენდამი თანადგომას.imageimage

ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი რამაა, ვინაიდან, ნატოს რეკომენდაციების პირუთვნელად შესრულება გვაძლევს მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას ისეთ ფართო სპექტრში როგორიცაა: საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით სამხედრო პირთა მომზადება, რაც ერთის მხრივ აამაღლებს ქვეყნის თავდაცვითუნარიანობას, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს მის ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებას.

კიდევ ერთი სიკეთე, რომელსაც ნატო-საქართველოს პარტნიორობა გვიქადის ქვეყნის შიგნით მიმდინარე ძირეულ გარდაქმნებს უკავშირდება, უფრო კონკრეტულად კი იგი გულისხმობს რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებით, როგორიცაა; სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალეობის ზრდა, სასამართლო სისტემის რეფორმირება, ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის გაჯანსაღება და მრავალი სხვა.

და ბოლოს, მთლიანად ტექსტში განხილული მოვლენებიდან გამომდინარე დასკვნის სახით, შეიძლება ის ითქვას, რომ ევროატლანტიკური კურსისკენ სწრაფვა, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნების გამოხატულებაა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.

1
23
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი გოგუაა
გიორგი გოგუაა
23
  
ავტორი არაფერს ახალს არ გვთავაზობს ნატოს გზაზე, იგივე რიტორიკაა - რუსეთი ცუდია, ხოლო ნატო კარგი.
რუსეთი ჩვენი მტერია - ეს დღესდღეობით აქსიომაა, თუმცა ნატოთი მოხიბლულებს ბევრი რამ უნდა „შევახსენო“.
პირველ რიგში, ვთვლი რომ ასეთი აჟიტირება ამ ნატოთი, თუ ვერ ვამჩნევთ, დიიდ იმედგაცრუებას იწვევს ხალხში, ეს სულ მცირე. ისიც ძალიან საგულისხმოა, რომ რუსეთი თავს არ გაგვანებს და თავდაცვა წყალივით გვჭირდება, მაგრამ არა ნატოს იმედად, ჩვენი გეგმა უნდა შევადგინოთ აუცილებლად! გონიერი საზოგადოება და შესაბამისად მთავრობა, მაგალითისთვის ამჟამინდელ ისრაელს, ან წარსულიდან გიორგი ბრწყინვალეს აიღებდა - ყველა სამხედრო განათლებით და რაც მთავარია, საკუთარი ქვეყნის სიყვარულითა და იმედით სიარული მომავლისკენ. ეროვნული პლატფორმა თუ არსებობს, მაინც არავინ იცის და აუცილებლად ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ მათხოვარი, ადამიანი ეზიზღება ყველას, ხოლო სახელმწიფო უარესად - ამიტომ გვიგდებს ყველა აბუჩად, აზერბაიჯანიც კი!
რაც შეეხება რუსეთს - მერაბ კოსტავას აქვს ერთი წერილი, სადაც დეტალურად და პუნქტუალურად აქვს ჩამოყალიბებული რუსეთის შემადგენლობაში ყოფნის სიკეთე-ბოროტებანი. იმ ბოროტებათაგან, რაც ამ სტატიაშიაც აღნუსხული, სიკეთეც მოგვცა რუსეთთან ყოფნამ და ამას ჩვენც თვალი უნდა გავუსწოროთ, ისე როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის მებაირახტენი, ზვიადი და მერაბი აკეთებდნენ!
ყველა ისტორიული მოვლენა კონკრეტულად და ძალიან ობიექტურად უნდა შეფასდეს და არა მხოლოდ „დღევანდელობიდან“ გამომდინარე...
მთავარი ისაა, რომ დამოუკიდებლობა გვქონდა დაკარგული, თავისუფლების გარეშე კი ვერაფერს შექმნის ერი - მიუხედავად XX საუკუნის მართლაც მძლავრი კულტურული აღმავლობისა, ასეთ დასკვნას გამოიტანს გონიერი ადამიანი ისტორიიდან, თორემ სახელმწიფოების დონეზე და პოლიტიკაში მეგობრები კი არა , მოკავშირეები არსებობენ - დავესესხები ჩერჩილს, მაინც არ ეწყინება :)
მრავალი მაგალითია ნატოს ქმედებებში(სერბეთი მაგალითად), რომელსაც პატიოსანი პიროვნება დაგმობს, ისე როგორც რუსეთის ქმედებანია დასაგმობი, ასე რომ, „ძლევამოსილი სახელმწიფოების მხრიდან, შედარებით ბევრად უფრო პატარა და სუსტი ქვეყნების ჩაგვრა” ყოველთვის იყო და იქნება ეს , ჩვენ უნდა ავერიდოთ ჭკვიანურად როგორმე
0 1 1