x
ურბანული მობილობის (Urban Mobility) გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

Didube,  Tbilisi,  Photo by Neil Stapleton


ქალაქის ზომა რაც უფრო იზრდება როგორც ტერიტორიულად ისე მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, მით უფრო აქტუალური ხდება ურბანული მობილობის გამოწვევები. აღნიშნულ გამოწვევებს ეფექტურად უმკლავდება ბრაზილიის ქალაქი კურიტიბა, რომელმაც ხარჯიან სატრანსპორტო სისტემაზე უარი თქვა და მარტივად გადაწყვიტა საცობების პრობლემა ქალაქში. ერთადერთი გზა, რომელიც ეფექტურ სატრანსპორტო სისტემას შექმნიდა კურიტიბაში, იყო ავტობუსის ხაზების არტერიებად დაყოფა. ამჟამად მას 5 არტერია აქვს. მათ შორისაა ქალაქის ცენტრსა და ქალაქის გარეუბანს შორის არსებული ხაზი, რომელიც პირდაპირ აკავშირებს ამ ორ წერტილს ერთმანეთთან. არსებობს ექსპრეს ავტობუსებიც, რომლებიც გარეუბნის ავტობუსებისგან გასნხვავებით ბევრ გაჩერებაზე აჩერებენ. არსებობს მესამე ტიპის ავტობუსები, რომლებიც უზურნველყოფენ მოსახლეობის ექსპრეს აბტობუსებამდე ტრანსპორტირებას. კურიტიბაში განსხვავებული დანიშნულების ავტობუსი განსხვავებული ფერითაა შეღებილი, რომ ამოსაცნობად მარტივი იყოს. იქ არსებობს 10 კერძო კომპანია, რომელთა მიღებული შემოსავლები თავს იყრის ერთ მთავარ კომპანიაში. ამის შემდეგ კი თანხა ნაწილდება კომპანიის ავტობუსების მიერ დაფარული მანძილის მიხედვით და არა მგზავრთა რაოდენობის მიხედვით. აღნიშნული სატრანსპორტო სისტემა, ჩემი აზრით საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ პოლონეთშიც მსგავსი სისტემაა რამდენიმე ქალაქში, კერძოდ გარეუბნიდან ცენტრში მიმავალი ავტობუსი მხოლოდ 2-3 გაჩერებაზე აჩერებს და ძალიან სწრაფად მიჰყევხარ ქალაქის ბოლოდან ქალაქის ცენტრში.


თბილისში მიწისზედა ტრანსპორტით გადაადგილება ამჟამად არაკომფორტულია, ვინაიდან ბევრი საცობია, ფართობი პატარა და მოსახლეობის რაოდენობა კი დიდი. ქალაქის მერია ბოლოპერიოდში ცდილობს გარკვეულ მონაკვეთებზე ავტობუსის ზოლების გამოყოფას, რის შედეგადაც გამარტივდება საზოაგდოებრივი ტრანპორტით გადაადგილება. ასევე რამდენიმე ქუჩაზე არსებობს ველობილიკები და მომავალშიც იგეგმება მათი მოწყობის სამუშაოები. რთულია ვთქვათ, რომ მერია არ ზრუნავს საზოგადოებვირი ტრანსპორტით სარგებლობის წახალისებაზე, თუმცა ამის საპირისპიროდ იგი აშენებს ესტაკადებსაც, აფართოვებს გზებსაც და სურს ავტოსადგომების რაოდენობის ზრდა. ეს საქმიანობები მიმართულია ავტომობილით მოსიარულეთა კომფორტისთვის და საბოლოო ჯამში ახალისებს ავტომობილით სიარულს.


საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის მიხედვით მეტროს ახალი ხაზი დააკავშირებს აეროპორტის ტერიტორიასთან და ლილოსთან მეტროსადგურ „სამგორს“. ეს იქნება მიწისზედა ხაზი. თუმცა მერიისა და ცენტრალური ხელისუფლების ამ ინიციატივას ბევრი ურბანისტი უპირისპირდება და ისინი ამბობენ, რომ უკეთესი იქნება სარკინიგზო ლიანდაგზე მოსიარულე ჩქაროსნული ტრამვაის პროექტის ხელშეწყობა. ამის მიზეზად კი ასახელებენ კახეთის სარკინიგზო ხაზის მოწყვეტას, ვინაიდან მეტროს შემთხვევაში აღნიშნულ ხაზზე შეიზღუდება მატარებლის გადაადგილების შესაძლებლობა.



საჭიროა ტრანსპორტი მორგებული იყოს მოსახლეობის საჭიროებებზე, მათ უსაფრთხოებასა და კომფორტზე, ისევე როგორც ეკოლოგიაზე. ურბანული მობილობის გამოწვევები ევროპის ბევრს ქვეყანაშია, ურბანული ექსპანსიის გამო ისინი დგანან ჰაერის დაბინძურების, ავტოავარიების, საცობების გაზრდილი დროის წინაშე. ამჟამად ევროპის მოსახლეობის 74% ქალაქად ცხოვრობს, სადაც ისინი მუშაობენ, სწავლობენ და უწევთ გადაადგილება ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში. მანქანის გამოყენებაზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო, ევროპის ქალაქებში ტექნოლოგიის გამოყენებას მიმართეს, ისინი ცდილობენ საცობებისგან თავის არიდებას ე.წ. Real-time traffic information-ის გამოყენებით. მოსახლეობა ნახულობს რომელ გზებზეა გადაადგილების ყველაზე გადატვირთული მაჩვენებელი და ცდილობენ ალტერნატიული გზებით იმოძრაონ. ასევე ევროპული ქალაქები ცდილობენ გაამარტივონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების პირობები, კერძოდ შემოიღეს ბილეთის ონლაინ შეძენის შესაძლებლობა.


აქცენტი კეთდება ეკოლოგიურად არასაზიანო ტრანსპორტზე, ეწყობა ველოპარკინგები, ველობილიკები. ინერგება ველოსიპედების გაქირავების სისტება. იქიდან გამომდინარე რომ ველოსიპედს ცალკე ხაზი აქვს გამოყოფილი, მოსახლეობა მას ანიჭებს უპირატესობას, იგი არ მოიხმარს ბენზინს, შენახვა იაფია, და მოსახერხებელია ყოველდღიური სიარულისას, მისი გამოყენების მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება. ასევე ევროპულ ქალაქებში აქცენტი კეთდება მაღალი ხარისხის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ე.წ. „high-quality public transport“, რომელიც გულისხმობს, რომ 1 ავტობუსი უნდა იტევდეს 30 მანქანის მგზავრებს. მას სხვაგვარად „ოჯახების ავტობუსსაც“ უწოდებენ. ასეთ წამოწყებებს წინ უსწრებს პიარ-კამპანიები. თავდაპირველად ველოსიპედის პროპაგანდისთვის იყენებდნენ ჯანმრთელი ცხოვრების წესს, დღესდღეისობით კი უკვე ტრენდია. ასევე ყურადღება ექცევა საფეხმავლო გზებსაც.


საქართველოში მიმდინარობს ელექტრო მანქანების წახალისება, კერძოდ საერთოდ გაუქმებულია საბაჟო გადასახადი ელექტრომობილის იმპორტისას. ქალაქში არის უფასო სატენები და ყოველდღიურად უფრო მეტი ელექტრომობილი გვხვდება ქუჩებში. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ურბანული მობილობის გამოწვევებს თანამედროვე მსოფლიო ეფექტურად პასუხობს. თბილისში საჭიროა შემუშავდეს ტრანსპორტირების ეფექტური გზები, ხერხები და სტრატეგიები, რომლებიც ნელ-ნელა ეტაპობრივად განვითარდება. ამ პროცესს კი პირველ რიგში, საზოგადოების მენტალიტეტისა და ღირებულებების გადაწყობა უნდა სდევდეს თან.


გიგა შუბითიძე, შპაიერი, გერმანია, 2019 წ.

0
30
2-ს მოსწონს
ავტორი:გიგა შუბითიძე
გიგა შუბითიძე
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0