x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134667
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508870
რატომ კარგავენ მომხმარებლები ანგარიშებიდან თანხებს - საბანკო ასოციაციის გაფრთხილება
კიბერთაღლითობა


სოციალურ ქსელში, ბოლო დროს, მომხმარებლების მიერ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ბანკის ანგარიშებიდან თანხა ეხსნებათ და ის ფიქტიურ ანგარიშებზე ირიცხება.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) ქვეპუნქტით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 284-ე მუხლის მეორე ნაწილის დ) ქვპუნქტით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მიმდინარეობს.

კიბერთაღლითობის შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საბანკო ასოციაციამ.


ასოციაცია მომხმარებელს დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმის, “ფიშინგის“ შესახებ აფრთხილებს.

კერძოდ, “ფიშინგი” არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია, თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება.

მაგალითად: კიბერთაღლითები ქმნიან კომპანიების ყალბ, მიმსგავსებულ ვებგვერდებს და ცდილობენ, მომხმარებელს მოტყუებით შეაყვანინონ თავიანთი მონაცემები. ან აგზავნიან ელ-ფოსტას მათი სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ, შეიყვანოს პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.).

„ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების შეყვანამდე გადაამოწმოთ საიტის მისამართი და დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად ბანკის გვერდზე ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი პაროლი ან ბარათის ინფორმაცია ბოროტმოქმედების ხელში ჩავარდება.

ძირითადად კომუნიკაცია ხორციელდება კომპანიის სახელთან მიმსგავსებული სახელით, ელ-ფოსტის ან სოციალური ქსელის მეშვეობით“, -აცხადებენ საბანკო ასოციაციაში.

აღნიშნული თაღლითობისგან თავის დასაცავად, საბანკო ასოციაცია გირჩევთ:

- არ შეიყვანოთ პირადი ინფორმაცია საეჭვო ვებ-გვერდზე

- გაითვალისწინეთ, რომ ბანკისგან მიღებული სმს კოდები, რომლებიც გამოიყენება ავტორიზაციისათვის, შეიყვანეთ მხოლოდ ბანკის ინტერნეტ ბანკინგის მისამართზე

- პირადი ინფორმაციის, მაგალითად, ბარათის მონაცემების ინტერნეტში შეყვანისას, ყოველთვის დააკვირდით, რომ იმყოფებით სწორ მისამართზე

- გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი. გახსოვდეთ, რომ გაყალბებული ვებგვერდის მისამართი შეიძლება მიმსგავსებული იყოს ორიგინალთან და შეცვლილი იყოს ერთი ან რამდენიმე სიმბოლო

- არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებშიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ რაიმე ქმედებას. ეს ხშირად იმის ნიშანია, რომ კიბერდამნაშავესთან გაქვთ საქმე

- გადაიკითხეთ ელ-ფოსტა. თუ ის ნაკლებად პროფესიონალურად გამოიყურება ან შეიცავს შეცდომებს, შესაძლებელია გამომგზავნი კიბერდამნაშავეა

„როგორც წესი, კიბერდამნაშავე მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობს მოტყუებას. ასე რომ, აუცილებელია გადაამოწმოთ ყველაფერი, რაც საეჭვოდ მოგეჩვენებათ. გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და შეიყვანოთ თქვენი მონაცემები მხოლოდ ავთენტურ ვებ გვერდებზე. მხოლოდ ასე შეძლებთ რისკების მინიმუმამდე შემცირებას", -განმარტავენ საბანკო ასოციაციაში.

0
112
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0