x
image
ქეთი გაბინაშვილი
შეხვედრა

ქეთი გაბინაშვილი

-გაცივდები, ჩაიცვი, - მითხრა მზრუნველი ხმით და სიგარეტს გაუკიდა. არა-მეთქი, ვუთხარი და ღრმად შევისუნთქე მისი სუნამოს სურნელით გაჟღენთილი ჰაერი. ჰაერს სურვილი მოჰყვა, ფართო ნაბიჯით შემოაბიჯა სხეულში და თავისი გასაოცრად დიდ ხელისგულში მოიქცია გული. გული ახლა თითქოს ქვიშის საათი ყოფილიყოს, სისხლი წვეთ-წვეთად იცლებოდა და ცარიელ სხეულზე სულ უფრო ნაკლებად შემწევდა ზემოქმედების ძალა.
ერთმანეთისთვის ათასობით სიტყვა გვქონდა სათქმელი. კითხვები თითქოს ნისლი ყოფილიყოს, ისე გვაწვებოდა ბაგეზე, მაგრამ ყველა ბგერას ეძინა.
ფეხი წამოჰკრა მხართეძოზე წამოწოლ მენატრების, გვერდი აუარა მჭირდებისა და მიყვარხარს, არ ვიცი, მისი დაჭიდება ემძიმა თუ პირიქით, ნამეტანი ეპატარავა აქამდე ნათქვამი, კაცობრიობისათვის ცნობილი, ყველა სიტყვა ერთად აღებული.
ქარი ამომიდგა მხარში, მის გაყინულ სხეულს მივეყრდენი. სამყარო მიყვებოდა ძველისძველ ზღაპარს. ქარს ოქროსფერი კაბის კალთა აეწია და შემოდგომის ფოთლებივით აგროვებდა ყველა წყენას, ყველა საყვედურს, ყველა ტკივილს, ყველა იმედს, ყველა მოლოდინს და გაზაფხულზე ამობიბინებული ბალახივით ედებოდა ქუჩებს სითბო. ჩვენს შორის კი ტყის განაპირას მდგარი ერთადერთი გაშიშვლებული ხესავით დარჩენილიყო მხოლოდ სიყვარული და მიუხედავად იმისა, რომ მას არც ფოთლები ჰქონდა, რომ წვიმის დროს თავი შეგეფარებინა და არც ნაყოფი, რომ მშიერსა და მოწყურებულს პირი გაგესველებინა, ის მაინც იყო განუზომელი მნიშვნელობის, რადგან ყინვისგან შეციებულ ბეღურას უწონო სხეულის დასვენება შეეძლებოდა. და რადგან სიტყვები იყო თან ძალიან ბევრი და თან მეტისმეტად ცოტა, რომ რამის თქმა შეგვძლებოდა, მან ისევ გაიმეორა ახალფეხადგმული ბავშვივით არამყარი: გაცივდები და ჩაიცვი.
მე კი უმისობა უწყლობასავით მაწუხებდა და გამშრალი პირით ვერ შევძელი პასუხის გაცემა, თორემ ვეტყოდი:
-მზე რომ მოკვდეს და ყველა სხივი დამარხონ ქარიშხლებმა, როცა ჩემთან ხარ, ვერაფერი შემაციებს, - მაგრამ მე მქონდა მონატრებისაგან გამშრალი სხეული და მხოლოდ ღიმილი ჩამოვკიდე ჩვენს გაძარცვულ ხეს, როგორც ობლის ნაძვის ხეზე ჩამოკონწიალებული დედის ნაქონი ერთადერთი სათამაშო.

ქეთი გაბინაშვილი

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0