x
image
ლანა92
როგორ გაშუქდა 9 აპრილის მოვლენები უცხოურ პრესაში და რას ასახელებდა მსხვერპლის მიზეზად ადგილობრივი მედია

image

1989 წლის 9 აპრილისათვის საქართველოში მოქმედი საბჭოთა დაზვერვის სისტემა უმკაცრესად აკონტროლებდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს. ადგილობრივი პრესა იდეოლოგიზებული იყო და ცენტრიდან იმართებოდა, უცხოელ ჟურნალისტებს კი, ფაქტობრივად, არც ჰქონდათ საშუალება, ადგილზე გაცნობოდნენ 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებულ მოვლენებს. მართალია, საზღვარგარეთის ჟურნალ-გაზეთებმა 1989 წლის აპრილის გამოცემებში უამრავი პუბლიკაცია მიუძღვნეს ამ საკითხს, თუმცა ისინი ძირითადად ნაკლებად ცნობილი პერიოდული ორგანოები იყვნენ, შესაბამისად, ავტორიტეტულობით, სანდოობითა და სარწმუნოობით არ გამოირჩეოდნენ.

9 აპრილის შესახებ რეპორტაჟების დიდი უმრავლესობა უცხოურ პრესაში გამოქვეყნდა ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდგომ ანუ დაგვიანებით, 16-17 აპრილისათვის.

ავტორიტეტულ, პოპულარულ უცხოურ ჟურნალ-გაზეთებს, რომელთაც თავის დროზე შეეძლოთ, 9 აპრილის მოვლენები ოპერატიულად (მაქსიმუმ 10 აპრილს) გაეშუქებინათ, თავიანთი არქივები დახურული აქვთ და ვერ ვიმსჯელებთ, რამდენად ობიექტურად გააშუქეს 9 აპრილი გავლენიანმა უცხოურმა გამოცემებმა.

უცხოური პრესის მიერ 1989 წლის 9 აპრილის გაშუქებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ის, რომ ნაკლებად პოპულარული გამოცემების პუბლიკაციები "Associated Press"-ის, იგივე AP-ის ჟურნალისტის, ანა იმსის მასალის საფუძველზე იყო აგებული.

imageანა იმსი -

AP-ის კორესპონდენტი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს აშუქებდა უცხოურ პრესაში

ანა იმსი AP-ის კორესპონდენტად მუშაობდა მოსკოვში და ინფორმაციას სააგენტოს საშუალებით აწვდიდა მთელი მსოფლიოს პრესას.
ანა იმსიმ, როგორც თვითონ აღნიშნავს, საქართველოში დატრიალებული 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ მეორე დილით, 10 აპრილს შეიტყო ერთ-ერთი მოქალაქისაგან, რომელიც ურეკავდა თბილისიდან. Associated Press-ის ჟურნალისტის თქმით, იგი გაოგნებული იყო მიღებული ინფორმაციით, რომ დემონსტრანტები ნიჩბებით დახოცეს. ანა იმსიმ და მისმა კოლეგებმა მიღებული ინფორმაცია გადაამოწმეს თბილისში მყოფ ნაცნობებთან, თანამდებობის პირებთან და ქართველ ჟურნალისტებთან. აღნიშნული ფაქტი ყველამ ერთხმად დაადასტურა და Associated Press-ის მოსკოვის ბიურომ უცხოური ჟურნალ-გაზეთებისათვის ინფორმაციის გადაცემა დაიწყო. ანა იმსი შენიშნავს, რომ 9 აპრილის შესახებ ინფორმაცია გაგზავნეს ცენზურისა თუ სხვა დაბრკოლების გარეშე.

image

უცხოურ პრესაში ინფორმაცია 9 აპრილს ქართველი დემონსტრანტების ნიჩბებით დახოცვის შესახებ მეორე დღიდან უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში განთავსდა, თუმცა თვით ანა იმსი თბილისში ჩამოვიდა ტრაგედიიდან 2 კვირის თავზე. მიზეზი იყო ის, რომ, საბჭოთა მმართველობის პერიოდში, საბჭოთა კავშირის რომელიმე რეგიონში ჩასვლისათვის უცხოელ კორესპონდენტს ნებართვა სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან უნდა აეღო, რაც 3-დღიან ლოდინს მოითხოვდა, ხოლო ანა იმსიზე მხოლოდ ორი კვირის შემდგომ გასცეს საქართველოში ჩამოსვლის ნებართვა. შესაბამისად, უცხოურ პრესაში იმ დროისათვის 9 აპრილის შესახებ გამოქვეყნებული რეპორტაჟები სანდო, სარწმუნო და ინფორმატიულობით გამორჩეული ვერ იქნებოდა.

უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ინფორმაცია 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ იყო მწირი და შეიძლება, ითქვას, გადაუმოწმებელიც, რადგან თვით ანა იმსის ოპერატიულად მოქმედებისა და ადგილზე დამოუკიდებელი კვლევა-ძიების ჩატარების საშუალება არ ჰქონია.

Associated Press-ის კორსპონდენტი, ანა იმსი ვერც ადგილობრივ საბჭოთა მედიას დაეყრდნობოდა, რადგან უკანასკნელი ავრცელებდა დეზინფორმაციას.

აინფორმაციო პროგრამა "ვრემია"-სა და ცენტრალური პრესის ტენდენციური, ყალბი ცნობით, მსხვერპლის მიზეზი იყო არა 1989 წლის 9 აპრილს, დილის 4 საათზე მომიტინგეების საბჭოთა არმიის მიერ დარბევა, არამედ უწესრიგობისაგან წარმოქმნილი ჭყლეტა.

image

11 აპრილს გაზეთი "კომუნისტი" ავრცელებდა ოფიციალურ განცხადებას: "8 აპრილს ღამით, ქალაქ თბილისში მთავრობის სახლის მოედანზე ექსტრემისტი, ანტისაზოგადოებრივი ელემენტების მიერ პროვოკაციულად გამოწვეულ უწესრიგობათა აღკვეთის დროს დაშავდა ადამიანთა ჯგუფი სამოქალაქო პირთა და სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვიდან, წარმოქმნილი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა 16 კაცი. სკკპ ცენტრალური კომიტეტი, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო ღრმა სამძიმარს უცხადებენ დაღუპულთა ოჯახებს, ნათესავებს და ახლობლებს".

გაზეთი "ვეჩერნი თბილისი" კი 11 აპრილს იუწყებოდა, რომ "სწორედ ზოგიერთი თვითმარქვია, ექსტრემისტი ლიდერისა და ნაციონალისტების სინდისზეა თბილისში მომხდარი ტრაგიკული ამბები, უწესრიგობანი, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ნაციონალისტურმა გამოვლინებებმა ანტისოციალისტური ელფერი შეძინა" ("როგორ გადაიღეს 9 აპრილი..", ambebi.ge, 08-04-2017].

image


ადგილობრივი საბჭოთა პრესის მიერ 9 აპრილის უხეში დარღვევებით გაშუქება უნდა მიეწეროს საბჭოთა პროპაგანდის აქტიურ მუშაობას. ამას ამტკიცებს ისიც, რომ არა მარტო "კომუნისტი"-სა და "ვეჩერნი თბილისი"-ს, არამედ მთელი საბჭოთა ჟურნალ-გაზეთების უმეტესობაში (სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს გამოცემა "კრასნაია ზვეზდა", ასევე, "სოვეტსკაია რასია", "მედიცინსკაია გაზეტა", "სოვეტსკი პატრიოტ" და სხვები) გამოქვეყნებულ სტატიებში გაზიარებული იყო 9 აპრილის მოვლენების შესახებ "ვრემიას" ვერსია, რომ დემონსტრანტები ჭყლეტის შედეგად დაიღუპნენ. განსაკუთრებით ოდიოზურად, დამცინავად იქცეოდნენ ცენტრალური პრესის ორგანოები: "პრავდა", "ლიტერეტურნაია გაზეტა", "იზვესტია", "სოვეტსკაია კულტურა".., რომლებიც ძალიან ცოტა დროსა და ყურადღებას უთმობდნენ, "დოზირებულად", არასრულად და არასათანადოდ აშუქებდნენ 9 აპრილის ტრაგედიასა და მის შედეგებს.

"გამოცემა "არგუმენტი ი ფაქტი"-ს 16 აპრილის ნომერში კითხვაზე "რა ქიმიური ნივთიერება იხმარეს თბილისში 9 აპრილის ღამეს?"-სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი, რომელმაც ისურვა, ინკოგნიტოდ დარჩენილიყო, პასუხობს: "შინაგანმა ჯარებმა იხმარეს მხოლოდ ცრემლსადენი მოქმედების საშუალებები, რომელსაც წესრიგის დაცვის ძალები იყენებენ".თუმცა არაფერი უთქვამს "სი-ეს-ით" ათასობით მოწამლულზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ბარბაროსულ სასტიკ რბევა-დაწიოკებაზე" ["როგორ გადაიღეს 9 აპრილი..", ambebi.ge, 08-04-2017].

image

Associated Press-ის კორესპონდენტი, ანა იმსი იხსენებს, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროც იმ ეტაპზე უარყოფდა დემონსტრანტთა მიმართ მომწამვლელი, მხუთავი აირის გამოყენების ფაქტს, ექიმებსაც კი არ უმხელდნენ გამოყენებული გაზის დასახელებას, რის გამოც მოწამლულ მომიტინგეებს დროულად ვერ შველიდნენ.

მხოლოდ ცეკას პირველი მდივანი - გივი გუმბარიძე ადასტურებდა 9 აპრილის მონაწილეთა მიმართ მომწამვლელი აირის გამოყენების ფაქტს.

ანა იმსი აქვე აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა უკმაყოფილების მუხტის გასანეიტრალებლად საბჭოთა მმართველობამ საქართველოს ცეკას ძველი ხელმძღვანელობა შეცვალა ახლით.

9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ დემონსტრანტთა საწინააღმდეგოდ გამოყენებული ქიმიური საშუალებების შესახებ სათანადო ინფორმაცია გავრცელდა მხოლოდ 19 აპრილს, გამოცემა "პრავდა"-ში. უფრო ადრე, 13 აპრილს, "ლიტერატურნაია გაზეტა"- ს მიმომხილველმა, იური როსტიმ გაზეთ "მოლოდიოჟ გრუზიი"-ში გამოაქვეყნა 9 აპრილის შესახებ სიმართლის ამსახველი რეპორტაჟი, მაგრამ გამოცემის ეს ნომერი სამხედრო ცენზურამ აკრძალა და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა, ხოლო "ლიტერატურნაია გაზეტამ" თავიდანვე არ გამოაქვეყნა ეს რეპორტაჟი.


image

იური როსტი იყო 9 აპრილის მოვლენების თვითმხილველი, რომელმაც ფოტოსურათებზე აღბეჭდა მომხდარი, მათ დაურთო მხოლოდ ფაქტებისაგან შედგენილი ტექსტი და "ლიტერატურნაია გაზეტა"-ს მიაწოდა გამოსაქვეყნებლად.უარის მიღების შემდგომ, ჟურნალისტს "მოლოდიოჟ გრუზიი"-მ სთხოვა ეს მასალები და გამოსაცემად გაამზადეს კიდეც, თუმცა 13 აპრილს, დილის 4 საათზე სტამბას სამხედროები დაესხნენ თავს და მთელი ტირაჟი შეაჩერეს.საბოლოოდ, მხოლოდ თბილისის ხელმომწერთათვის დაუშვეს გამონაკლისი და მათზე გასცეს აღნიშნული გამოცემის ამ ნომრის ეგზემპლარები.

საბჭოთა პროპაგანდის ასეთი აქტიური მუშაობის მიუხედავად, 9 აპრილის ტრაგედიიდან მეორე დღესვე უცხოური ჟურნალ-გაზეთებისათვის ცნობილი გახდა მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სისასტიკის შესახებ.

Associated Press-ის ჟურნალისტის, ანა იმსის აზრით, 1989 წლის 9 აპრილის შესახებ უცხოური პრესისათვის იმაზე მეტი და ზუსტი ინფორმაცია გახდა ცნობილი, ვიდრე საბჭოთა რეჟიმი სხვა დროს დაუშვებდა. კორესპონდენტი ამას მიაწერს საქართველოს მოქალაქეებში 9 აპრილის ტრაგედიით აღძრულ მძიმე, საბჭოთა ხელისუფლებისათვის საშიშ ემოციებს, რამაც სისტემას ბოლომდე არ მისცა ინფორმაციული ვაკუუმის შენარჩუნების საშუალება.9 აპრილის დემონსტრანტებისადმი საბჭოთა მმართველობის მიერ გამოჩენილი სისასტიკის შესახებ უცხოური პრესისათვის არა სრულად, მაგრამ მაინც გახდა ცნობილი, თუნდაც ის, რომ ცეკას პირველი მდივანი, გივი გუმბარიძე აღიარებდა მხუთავი აირის გამოყენების ფაქტს.

ანა იმსის სიტყვებს თუ დავეყრდნობით, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შესახებ წყაროებთან მუშაობისა და უცხოური ჟურნალ-გაზეთებისათვის მიღებული ინფორმაციის მიწოდების პროცესში საბჭოთა უშიშროება (KGB) უშუალოდ არ ჩარეულა, თუმცა უკანასკნელმა წინასწარ იზრუნა, რათა ანა იმსის არ ჰქონოდა ინფორმაციის დროულად გადამოწმებისა და უცხოური გამოცემებისათვის ოპერატიულად მიწოდების საშუალება. ანა იმსიმ 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ მიღებული არასრული და არაზუსტი ინფორმაციის გადამოწმება მოწმეებთან და ოფიციალურ პირთან, გივი გუმბარიძესთან მხოლოდ რამდენიმე კვირის დაგვიანებით შეძლო.

ამდენად, უცხოურ პრესაში 9 აპრილის ტრაგედია გაშუქდა მრავალი დარღვევით, კერძოდ, გავრცელდა არასრული ინფორმაცია არაოპერატილად, რამაც უცხოურ პრესაში 9 აპრილის ტრაგედია მისი მძიმე შედეგები საქართველოსათვის წარმოაჩინა ნაკლები სიმძაფრითა და მნიშვნელოვნებით.

0
195
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0