x
image
ლანა92
ოდი - მიწის საერთო ქართული ღვთაება და მისი თაყვანისცემა მეგრულ მითოლოგიაში

image

მიწა ქართველი კაცის მიერ უძველესი დროიდანვე აღიქმებოდა ღვთაებრივ ფენომენად, მას უძღვნიდნენ საგანგებო რიტუალებს, მისტერიებით, სიმღერითა და მაგიური ცეკვებით სწირავდნენ მადლობას ნაყოფიერებისა და უხვმოსავლიანობისათვის. დროთა განმავლობაში პრიმიტიული, პირველყოფილი მისტერიები ჩამოსცილდა ღვთაებათა თაყვანისცემის რიტუალებს, რიტუალები უფრო "გაკულტურდა", "გაკეთილშობილდა".მიწის ღვთაებისადმი თაყვანისცემის თვალსაჩინო მაგალითია საგალობელი, ჰიმნი "ოდოია".

შრომის ცნობილი მეგრული სიმღერა "ოდოია" ეძღვნება მიწის საერთო ქართულ ღვთაებას, ოდის/ოდოს."ოდოია" კომპოზიტია, რომელიც აერთიანებს მიწის ღვთაების სახელს, "ოდო"-სა და მისადმი დედობრივი მიმართვის ფორმულას "დია"-ს. იგი თავდაპირველად გამოითქმებოდა, როგორც "ოდოდია" ("მიწის დედა", "მიწის დედავ"), მაგრამ მოგვიანებით კომპოზიტის მეორე წევრიდან ამოვარდნილა ბგერა "დ" ("დია (დეა)" და მივიღეთ "ოდოია" ("დიდა" მეგრულში აღნიშნავს დედას; დია-ჩქიმი - დედაჩემი, "ვოდია" - შვილის მიმართვა დაძახებისას დედისადმი, ისევე, როგორც "ნანა", "ვო, ნანა!"). შესაბამისად, მეგრული ოდო დია, ოდო დედა (ოდო დედავ, მიწა დედავ) იგივე დედამიწაა. ოდო/ოდი მეგრულ მითოლოგიაშიც მიწის ღვთაებაა.

ოდოია ოდისადმი ვედრებაა, ოდი კი მიწის, ნერჩის ღვთაებაა, ოდოიას მეგრულში ოდოდიადაც ხშირად გამოთქვამდნენ.სახალხო მთქმელისა და მომღერლის, მელენტი მხეიძი თქმით, ოდოია სინამდვილეში ოდოდიაა თავდაპირველი ფორმით, იგი დედა მიწის, მიწა დედის საგალობელი, მიწის საოხვამურო ჰიმნია (ოდო დო დია - დედამიწა). ოდოიას შესრულება მიწის დამუშავებისას მეგრელი კაცისათვის აუცილებელი რიტული იყო, რადგანაც იგი მიწის სალოცავი ჰიმნია, მიწა ღვთაების მიმართ სიკეთის თხოვნის, პატივისცემისა და აღიარების გამომხატველი.. ამ სიმღერის გარეშე შესრულებული მიწის სამუშაო მადლსმოკლებულად აღიქმებოდა.

მეგრული მიწის სალოცავის, შრომის სიმღერის, "ოდოიას" ტექსტი ასე ჟღერს:

"ოი დო ოდო, ოდო დო დია, ოდოი კურთხეუი, ეფშა დო კეთილი, ოდო ხვამილი, ჩქიმი ჭირიში მინჯე დო ჩქიმ სიკეთეში პატონი, ოდოი დო დია, ოდოდია, ხვამილი, ხვამილი!"

("ოი და ოდო, ოდო და დია, ოდოი კურთხეული, სავსე და კეთილი, ოდო დალოცვილი, ჩემი ჭირის პატრონი და ჩემი სიკეთის ბატონი, ოდო და დია, ოდოი დია, დალოცვილი, დალოცვილი!")

ოდი მიწის ღვთაებაა, სამეგრელოს ძველკოლხური სახელი "ოდიში" ოდის ქვეყანას აღნიშნავს, ხოლო "ოდიშარნი" - ოდიშის მცხოვრებთ (მეცნიერი ვუკოლ ბერიძე).

ოდი მოსავლისა და ჭირნახულის ღმერთია მეგრულ მითოლოგიაში, ღვთაებაა, რომელიც განაგებს უხვმოსავლიანობასაც და მოუსავლიანობასაც. ამიტომაც, საჭიროა მისი გულის მოგება მაშინ, როცა მოსახლეობის კეთილდღეობას, მატერიალურ დოვლათს ფუძე ეყრება ანუ ხვნა-თესვისა და განსაკუთრებით კი თოხნის დროს, რათა ღვთაება ოდი მოლბეს და ქვეყანას სიკეთე მოჰფინოს. სწორედ ამ სურვილს უკავშირდება შრომის სიმღერების მეგრული "ოდოიასა" და კახური "ოდურის" აღმოცენება.

ს. ჭანტურიშვილი გამოთქვამდა ეჭვს, რომ ოდი შესაძლოა, იყოს სვანური ღრუბლის ღვთაება ვობის მეგრული ვარიაცია და ოდი ერთდროულად განასახიერებდეს ცის, ღრუბელ-წვიმისა და დარი-ავდარის ღვთაებას მეგრულში. შესაბამისად, მეცნიერს მეგრული "ოდია" და სვანური "ოდიჰა" ცისა და ამინდის ღვთაების სადიდებელ ჰიმნად მიაჩნდა; იგი ამ შემთხვევაში ეყრდნობოდა სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონს, "ოდი წვიმა-მზიანით ნაწყენობა".ამ ლოგიკით ოდი ძალიან ჩამოჰგავს ბაბილონურ "ადადი"-საც, სეტყვისა და წვიმის ღვთაებას. რეალურად ოდოიაში, მეგრული შრომის სიმღერის ტექსტში ოდი მიწის, ნაყოფიერების ღვთაებაა, სავსე და კეთილი ძალაა, რომელსაც უხვმოსავლიანობისათვის უხდიან მადლობას და მომავალშიც ნაყოფიერებას შესთხოვენ და არა მზიანობას, დარს, კარგ ამინდს.

ყოველივე ნიშნავს, რომ "ოდი" საკუთრივ ქართული სიტყვაა, ქართული ლექსიკური ერთეულია, მიწის ღვთაების ქართველური ძირსიტყვის მქონე სახელია, რასაც ადასტურებს ქართული ენის ლექსიკურ ფონდში მისი მყარი ადგილიც. სიტყვა "ოდი" მტკიცედ ზის ქართულ ენაში, გვაქვს "ოდოში", "დაოდვილი", "დაოდვა".. სვანურ სიმღერა "ოდიჰეა" -ში - "შაი ოდი შამორერა", კავშირადაც გამოიყენება - "ცხორი ოდი ო ცხორი ოი აში ლე-შა"; მეგრულშიც "ოდო" და კავშირს აღნიშნავს, ხოლო "ორდო" - დილას, ოდი და ოდო ამგვარად ისმის ზანურის სხვა დიალექტებშიც. ამდენად, " ოდო" დამოუკიდებელი ქართული ლექსიკური ერთეულია, დამოუკიდებელი სიტყვაა, რომელშიც ო პრეფიქსი არაა, თორემ ასეთ შემთხვევაში იგი სათანადო სუფიქსსაც მოითხოვდა, სხვა სიტყვების მსგავსად.

მიწის ღვთაების თაყვანება საერთოა ქართული მითოლოგიისათვის და ოდიც მიწის საერთოქართული ღვთაებაა, ხოლო ოდოია, ოდოდია მისადმი ჰიმნია, რომლის ტექსტიც მეგრულში დღემდე დაცულია.

0
120
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0