x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორ ვიმახსოვრებთ ინფორმაციას და როგორ გავზარდოთ დამახსოვრებული ინფორმაციის მოცულობა?!

image
ადამიანის არსებობა და ცხოვრება წარმოუდგენელია წარსული გამოცდილების გარეშე, მეხსიერების ფუნქცია არის გამოცდილების შეძენა, წარსულში აღქმულისა და განცდილის შენახვა, მომავალ ქცევაში მისი გათვალისწინება და ჩართვა. მეხსიერება მოიცავს როგორც აწმყოს, ისე წარსულსა და მომავალს, ის რისი დამახსოვრებაც უნდა მოხდეს, ჯერ აწმყოში უნდა აღიქმებოდეს, შემდეგ უნდა მოხდეს აღქმულის შენახვა (აღქმული ინფორმაცია ჩვენს ფსიქიკაში ინახება ზოგჯერ უცვლელად, ზოგჯერ კი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის და ამდენად, წარსულს
განეკუთვნება) და ბოლოს წარსულში მიღებული ცოდნა - გამოცდილება ხომ იმისათვის გვჭირდება, რომ მომავალში გამოგვადგეს, მაშასადამე მეხსიერება არა მხოლოდ წარსულის შენახვას არამედ მომავალში მისი გამოყენების შესაძლებლობასაც გულისხმობს.


მეხსიერება ესაა ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის უნარი. იგი მიეკუთვნება როგორც ბიოლოგიურ, ისე კოგნიტურ (შემეცნებით) პროცესებს. ადამიანის ნერვული სისტემა რეცეპტორების მეშვეობით იღებს ინფორმაციას და თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილების ნეირონების მეშვეობით ინახვას გარკვეული დროის განმავლობაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პოულობს შენახულ ინფორმაციას და იყენებს მოთხოვნის შესაბამისად.


კოდირება – მეხსიერება იწყება შთაბეჭდილების მიღებით, ფსიქიკურ სისტემაში ინფორმაციის შემოსვლით . დამახსოვრება არსებითად კოდირება, როცა კომპიუტერის პროცესორში ინფორმაცია შეგვყავს, მის კოდირებას ვახდენთ. იმას, თუ როგორ ხდება შთაბეჭდილებათა აღბეჭდვა, რა პირობები უწყობს ან უშლის ხელს მათ ფიქსაციას, სწავლობს მეხსიერების ფსიქოლოგია.


შენახვა – მეხსიერების პროცესის შემდეგი ფაზა. ამ დროს კოდირებული ინფორმაცია ფიქსირდება გარკვეულ ფსიქიკურ და ნეირონულ სტრუქტურებში. შენახვა, იგივე შემონახვა აღბეჭდილი ფსიქიკური მასალის აქტიური გადამუშავების პროცესია და არ გულისხმობს მხოლოდ მეხსიერების საცავებში ინფორმაციის არქივაციას ან კონსერვაციას. იგი მოიცავს ხატების, სიგნალებისა და შინაარსების გაშიფვრას, დახარისხებას, სხვა მასალასთან მიმართებაში მოყვანას, ორგანიზაციას, აქცენტების გადანაწილებას და სხვ.


აღდგენა – მეხსიერების პროცესის დამასრულებელი ეტაპი.ადრე შეძენილი ცოდნა-ჩვევების, სხვადასხვა მასალის, საჭირო ინფორმაციის მეხსიერებიდან ამოტანის პროცესი.არსებობს აღდგენის განზრახვით აღდგენა, როდესაც სუბიექტი სპეციალურად, მიზანდასახულად იგონებს რამეს.აღდგენის ამ სახეობას ეწოდება მოგონება. მეხსიერების ფსიქოლოგიაში იცნობენ ასევე აღდგენის არაცნობიერ, უნებლიე ფორმებსაც.ამ შემთხვევაში სუბიექტი ყოველგვარი სპეციალური განზრახვის გარეშე, უნებლიეთ აღადგენს გარკვეულ ინფორმაციას.აღდგენის წარმატებულობა ორ მთავარ გარემოებაზეა დამოკიდებული: იმაზე, თუ რამდენად ღრმა და ხარისხიანია შენახული ინფრომაციის გადამუშავება და იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს თვით აღდგენა, ანუ საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და მეხსიერებიდან ამოტანის პროცესი.


თითოეული ამ ეტაპის არსებობა აუცილებელია მეხსიერების ნორმალური მოქმედებისათვის, ამ სამიდან რომელიმე ეტაპზე შეფერხება იწვევს მეხსიერების ფუნქციის მოშლას.



მეხსიერების ფორმები


მეხსიერების მრავალსაცავიანი სისტემა სამი კომპონენტისაგან შედგება: სენსორული მეხსიერება, ხანმოკლე მეხსიერება და ხანგრძლივი მეხსიერება.


სენსორული მეხსიერება


ფსიქიკაში ინფორმაციის შესვლა ხდება სენსორული გზით ანუ შეგრძნების ორგანოებით, აღიბეჭდება სენსორული რეგისტრის დონეზე. სენსორული რეგისტრი არის აღქმიდან მეხსიერებაში ინფორმაციის გადასვლის პირველი ეტაპი, ფსიქიკაში ასახულის მეხსიერებაში შეჩერების უმარტივესი ფორმა, რომლის ხანგრძლივობაც წამის მეასედებით იზომება. სენსორულ რეგისტრში შედის და ძალიან მცირე ხნით რჩება გამღიზიანებელთა ბევრად მეტი რაოდენობა, ვიდრე სუბიექტი ცნობიერად აღრიცხავს. ჩვეულებრივ პირობებში ადამიანს 4–5 მარტივი შთაბეჭდილების დასახელების შემდეგ სხვა მიღებული ინფორმაციები ავიწყდება, რადგან მასალის სრული სახით შენარჩუნების დრო ძალიან მცირეა – სენსორულ რეგისტრში მასალის შენარჩუნება დაახლოებით 0.5 წამის მანძილზე ხდება.


სენსორული მეხსიერება არ ახდენს მასში მოცემული შინაარსის გადამუშავებას, იმის გარჩევას რა არის საჭირო და რა – არა. მეხსიერების ამ ფორმისთვის დამახასიათებელია სტიმულისა და მისი გამოსახულების სრული შესატყვისობა, ჭარბი ინფორმაციის არსებობა და არასელექტიურობა. თუ სენსორულ მეხსიერებაში აღბეჭდილი ინფორმაციის რაღაც ნაწილი მთელი კოგნიტური სისტემის ყურადღების ობიექტი გახდება, ის შედარებით ხანგრძლივი დროით იქნება შენარჩუნებული.


ხანმოკლე მეხსიერება


ხანმოკლე მეხსიერება ინფორმაციის მნემური გადამუშავების მეორე ეტაპს წარმოადგენს. მასში სენსორული მეხსიერებიდან ის შინაარსი გადადის, რომელზეც ყურადღების კონცენტრაცია მოხდა. ხანმოკლე მეხსიერება ქმნის მინდინარე მოქმედების განხორციელების საშუალებას, ამიტომ მას სხვაგვარად ოპერატიული მეხსიერება ეწოდება. მეხსიერების ამ ფორმის მახასიათებელია მოკლევადიანობის მაჩვენებელი. ხანმოკლე მეხსიერებაში შემონახვის დრო განისაზღვრება 20–30 წამით, თუ არ ხდება მისი განმეორება. შეზღუდულია ხანმოკლე მეხსიერების მოცულობაც. მოზრდილ ადამიანს შეუძლია დაახლოებით ხუთიდან ცხრა ერთეულამდე აღდგენა. კოდირების თვალსაზრისით მეხსიერების ამ ფორმაში ინფორმაცია სმენითი მოდალობის ანუ აკუსტიკურ ფორმაშია მოცემული. ხანმოკლე მეხსიერების ფუნქციაა ხანგრძლივ მეხსიერებაში შესატანი მასალის ფიქსირება.
ხანმოკლე მეხსიერების განხორიციელების აუცილებელი პირობებია: მასალის ერთხელობრივი აღქმა და მასალის დაუყონებლივი აღდგენა.მასალის აღქმასა და აღდგენას შორის დროითი ინტერვალი თითქმის არ უნდა არსებობდეს (30 წამს არ უნდა აღემატებოდეს).


ხანგრძლივი მეხსიერება


ინფორმაციის გადამუშავების ბოლო ეტაპს წარმოადგენს ხანგრძლივი მეხსიერება. მისი მოცულობა და შენახვის დრო პრაქტიკულად განუსაზღვრელია; აქ დაცული ბევრი შთაბეჭდილება მთელი ცხოვრების განმავლობაში ინახება. იგი მოიცავს ყოველგვარი სახის გამოცდილებას, სუბიექტის მთელ ცოდნას სამყაროსა და საკუთრი თავის შესახებ. აქ ინახება მთელი ცხოვრების მანძილზე მიღებული ინფორმაცია _ სახელები, თარიღები, მოვლენები, ადამიანთა სახეები, სუნიც კი.


ხანგრძლივი მეხსიერება გამოირჩევა მაღალი სტაბილურობით. იგი ხასიათდება არა მხოლოდ რეპროდუქციულობით, არამედ გენერეციულობითაც.
ხანგრძლივი მეხსიერება ამოცანის გადაწყვეტის აქტიური პროცესია და არა მხოლოდ ინფორმაციის პასიური აღდგენა. მოგონებაზე დიდ გავლენას ახდენს ადრე ჩამოყალიბებული განწყობები, რწმენები, მოლოდინები. თავდაპირველი შთაბეჭდილება განსხვავავებულ სახეს იღებს – ადამიანი მომხდარის ასლს არ იხსენებს. იგი გარკვეულად ქმნის ახალ შთაბეჭდილებას, რაც შეიძლება შეცდომის ან ილუზიის წყარო გახდეს. ხანგრძლივ მეხსიერებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს გაგება – ადამიანები უფრო კარგად იმახსოვრებენ გააზრებულ მასალას. ხანგრძლივი მეხსიერებისათვის არსებითია მასალის აღქმასა და აღდგენას შორის ფარული ე.წ. ლატენტური პერიოდის არსებობა. მოკლე მეხსიერება, ახლო წარსულთან შედარებით, გარკვეულ ინფორმაციას ინახავს, თუმცა მისი გამოყენება ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება. მისი ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანა კი თავისუფლად შეიძლება. ხანგრძლივი მეხსიერების ინფორმაციები სამუდამოდ რჩებიან ადამიანის გონებაში.


მეხსიერება საკმაოდ არეული და ძლიერი სისტემაა. მაგრამ მისი სწორად მოხმარებით
წარმოუდგენელი რაღაცებს შეძლებთ. მაგალითად, მოკლევადიან მეხსიერებაში ინფორმაციის ჩანერგვა ძალიან ადვილია, თუმცა, ეს მხოლოდ 24-საათით ან ცოტა მეტი ხნით დაგამახსოვრდებათ. ამიტომაც, ინფორმაციების ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანა უნდა შეძლოთ. ამაში წაკითხულების სისტემატიკურად გამეორება და ინტერესით წაკითხვა დაგეხმარებათ. მაგალითად, წასაკითხი გაკვეთილი 40-45 წუთი უნდა ისწავლოთ, შემდეგ 10-წუთი უნდა დაისვენოთ და 5-10 წუთი კიდევ უნდა გაიმეოროთ. გაღვიძების შემდეგ, 5 წუთით კიდევ უნდა გადაიკითხოთ და თუ ინფორმაცია ძალიან ძნელია, ერთი კვირის შემდეგ ისევ უნდა დაუთმოთ დრო. კითხვის დროს სხვა არაფერზე არ უნდა იფიქროთ. თუ წაკითხვის დროს სხვა რამეზე იფიქრებთ, თქვენი მეხსიერება დაქვეითდება. თუ მართლაც სხვა რამეზე ფიქრი გიშლით, მაშინ უნდა ამოშალოთ ის მეხსიერებიდან
არ დაივიწყოთ, ძალით დამახსოვრებული ინფორმაცია რომელიმე გზით მაინც უკან გამოვა (პლატონი).


შესწავლილი ან გაგებული ინფორმაციის, ჰიპოკამპუსის საშუალებით, პირდაპირ ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანა საკმაოდ რთული პროცესია. მაგალითად, გზაზე ხალხის თვალწინ უცებ თუ წაექეცით – ეს მომენტი არასდროს არ დაგავიწყდებათ, რადგანაც, აქ სირცხვილის შეგრძნებასთან გვაქვს საქმე. ამ მომენტში თქვენი ჰიპოკამპუსი მუშაობდა. თუ სხვა დროსაც, სწავლისას, თქვენი ემოციებით მართვას შეძლებთ, ინფორმაცია პირდაპირ ხანგრძლივ მეხსიერებაში გადავა. ამისთვის შესწავლილი ინფორმაციით უნდა იხალისოთ, ცოდნით იცხოვროთ. ეს, ასევე, დაგეხმარებათ თქვენი ოცნებებით მართვაში. ამავე დროს, ინფორმაციის შესწავლის დროს, ტექსტის განმარტება ჟესტების საშუალებითაც უნდა სცადოთ.





მეხსიერების მუშაობის ტიპები


მეხსიერება ორნაირად მუშაობს: ნებიერად და არანებიერად. ნებიერი მეხსიერების მუშაობის დროს ჩვენ შეისწავლით ინფორმაციას, იმიტომ, რომ ეს ჩვენი სურვილია. ხოლო, ადამიანის მეხსიერება არანებიერადაც მუშაობს. თუ ყურადღებას მიაქცევთ,
ჩვენს ხასიათში აღმოაჩენთ ისეთ ქმედებებს, რომლებსაც აკეთებთ ჩვენი ნების გარეშე.


როგორ შეიძლება მეხსიერების მოცულობის გაზრდა?


ზოგადად, მეხსიერება თავის თავს ამზადებს მისაღები ინფორმაციის რაობის გამო. მაგალითად, დღის განმავლობაში ადამიანი თუ სწავლობს 10 ახალ რამეს, მაშინ მეხსიერება ამზადებს თავის თავს იმ 10 რამისთვის. თუ ადამიანი 20-ზე მეტი რამეს სწავლობს, მაშინ მეხსიერება ინფორმაციის ზედმეტობას გრძნობს და ამის გამო ადამიანი ცუდად ხდება. ადამიანი კი ამის გამო ცდილობს არ ისწავლოს 10-ზე მეტი, რომ არ იგრძნოს თავი ცუდად. მაგრამ, ეს ძალიან არასწორი მცდილობაა. უპირველეს ყოვლისა,
მეხსიერების მოცულობა უზომოა, 10 ინფორმაცია მას არანაირად არ დააზარალებს. უბრალოდ, ადამიანმა თავის თავი უნდა დაძლიოს, რომ მეხსიერებამ გაიგოს, როგორ უნდა იმუშავოს. თუ ადამიანი თავს ძალას დაატანს და შეისწავლის 20-ინფორმაციას ერთი დღის განმავლობაში, მაშინ მისი მეხსიერება ყოველდღიურად 20-ინფორმაციისთვის მზად იქნება. პიროვნებას ნებიერობით შეუძლია მოიმატოს თავისი ტვინის მოცულობა. თუ მეხსიერება ნახავს, რომ 100-ინფორმაცია ისწავლება,
მაშინ იგი მოამზადებს თავის თავს იმ 100 ინფორმაციისთვის. შემდეგ კი, ნებიერად 150, 200 და უფრო მეტსაც შეძლებს. უბრალოდ, დასაწყისში 100 ინფორმაციის შესწავლის დროს შექმნილი ტკივილების გამო ხაფანგში არ უნდა გაებათ. ეს ტკივილი თქვენი მეხსიერების გაფართოების გამო ვითარდება. ბავშვობაში სიმაღლეში გაზრდის გამო სახსრებში გამოჩენილი ტკივილები ხომ გახსოვთ? არ დაივიწყოთ ის, რომ ყველანაირი გაზრდა ტკივილებით იწყება…


ამრიგად,
ადამიანის ცხოვრებაში მეხსიერება ძალიან დიდ როლს თამაშობს. პიროვნების ფიზიკური,
მუსიკალური, სოციოლოგიური და სხვა გონებების ძლიერად მუშაობისთვის არაჩვეულებრივად ძლიერი მომუშავე მეხსიერებაა საჭირო. თუ მეხსიერება სუსტია, ცნობიერის მიერ გაგებული ცოდნა მეხსიერებაში არ რჩება და ეს იმ ინფორმაციის შესახებ გამოცდილებას არ მოგცემთ; ყველა შესწავლილი ნიჟის შენარჩუნებისათვის ძლიერი მეხსიერებაა საჭირო (მწერლობა, ლიდერობა პოლიტიკოსობა, მსახიობობა და ა. შ.)

0
108
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ სიბაშვილი
თინათინ სიბაშვილი
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0