x
image
ლანა92
ვინ იყვნენ პირველი ქართველები, რომლებიც მოხვდნენ უცხოური პრესის ფურცლებზე, ასევე,10 დასკვნა საქართველოსა და ქართველების შესახებ

image

პირველად საქართველო და ქართველები საზღვარგარეთის პრესის ფურცლებზე მოხვდნენ 1892 წელს, როცა ინგლისში გურულმა მოჯირითეებმა მონაწლეობის მიღება დაიწყეს ამერიკელი წამყვანის - ბაფალო ბილ ქოუდის "ველური დასავლეთის შოუში" ("Wild West SHow"), 1893 წლიდან კი ისინი მოღვაწეობდნენ აშშ-ში, 30 წელზე მეტ ხანს ცირკებისა და შოუების არენაზე ცხენოსნებად. აშშ-ში მათ იცნობდნენ, როგორც "რუს კაზაკებს", რადგან საქართველო იმ დროისათვის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო და ყველა იქ მცხოვრები აღიქმებოდა რუსად.

image

გურული ცხენოსნების გამოსვლები უდიდეს მოწონებასა და წარმატებას იმსახურებდნენ, რაზეც ველური დასავლეთის მკვლევარი - დი ბრაუნიც კი წერდა: "ცხენზე ჯირითი როდეოში შემოიტანეს თავზეხელაღებულმა კაზაკებმა. კაზაკების თავბრუდამხვევი ტრიუკებით დაინტერესებულმა ქაუბოებმა ეს გაითავისეს და შემდგომ თავისებური ვარიანტი წარმოადგინეს ამერიკულ როდეოში. ქართველი მხედრები წარმოუდგენელ ტრიუკებს აკეთებდნენ ჭენების დროს" ["გურულები ამერიკაში", guria.gov.ge/geo/static/119]. ამერიკული გაზეთები საზოგადოებას ამცნობდნენ ცხენოსანი ქართველების ოსტატობაზე, რომ მათ შეეძლოთ, უნაგირზე ხელებსა და ფეხებზე დამდგართ ეჯირითათ.

image

უცხოური ჟურნალ-გაზეთების აღფრთოვანება გურული მოჯირითეების მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ მათი საშუალებით ქართველი ცხენოსნების შესახებ ინგლისის სამეფო ოჯახმაც კი გაიგო. 1892 წელს გურული ცხენოსნები დედოფალმა ვიქტორიამ მათი გამოსვლების ამსახველი მოოქროვილი ალბომით დააჯილდოვა. მათი ნაწილი მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა იმ პირობით, რომ არასოდეს ახსენებდნენ, თანამემამულეებთან პოპულარიზაციას არ გაუწევდნენ ევროპასა და ამერიკას.

image

ამდენად, უცხოურ პრესაში ქართველები და საქართველო თავიდანვე წარმოჩენილი იყო დადებითად, თუმცა სხვა ქვეყნების ბეჭდვითი მედიასაშუალებების ყურადღება საქართველომ ყველაზე მეტად მიიქცია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომი პერიოდის მძიმე მოვლენებით, რაც უკავშირდებოდა სამოქალაქო ომს, შიდაარეულობებსა და არასტაბილურობას, კორუფციას, სტალინის ფენომენის გავლენას.მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ პრესაში ჩვენი ქვეყნის ამბები აისახა უარყოფით მოვლენათა კონტექსტში, დღეისათვის საზღვარგარეთის ჟურნალ-გაზეთებში საქართველოსა და ქართველების მიმართ კეთილგანწყობა შეინიშნება.ამას ადასტურებს BBC-ის ჟურნალისტის - დეიმონ მაკგინესის 2013 წლის სტატიაც "ათი რამ საქართველოს შესახებ" ("კვირის პალიტრა", 2013 წლის 8 ივლისი).

ბრიტანელი კორესპონდენტის, დეიმონ მაკგინესის პუბლიკაციაში უცხოური პრესის ცოდნა საქართველოსა და ქართველების შესახებ წარმოდგენილია 10 ფაქტის თუ დასკვნის სახით:

1.საქართველო მდებარეობს ევროპაში და არა აშშ-ში.

(საქართველო მე-19 საუკუნის სიცილიის მსგავსი ევროპული სახელმწიფოა).

image

დეიმონ მაკგინესს თბილისის მწვანე ბულვარები ახსენებს პარიზს, ინგლისურად მოსაუბრე ქართველი ახალგაზრდები - ბერლინელ "ჰიპსტერებს".სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ, ერთი მოსაზრებით, კავკასიის მთები ევროპასა და აზიას ერთმანეთისაგან ყოფს და საქართველო აზიაა, მეორე ვერსიით, მთელი კავკასია და მათ შორის საქართველო, ევროპაა და ქართველთა უმრავლესობაც იზიარებს ამ აზრს.გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სოფლებსა და ქალაქებს შორის ჟურნალისტი ხედავს მკვეთრ განსხვავებას, თბილისი წარმოუდგენია თავისუფალი სტილის გამოხატულებად, ხოლო ქართული სოფლები უფრო ჩაკეტილ, მკაცრ სისტემად, საქართველოს იგი აღიქვამს უფრო მე-19 საუკუნის სიცილიის მსგავს ევროპულ სახელმწიფოდ, ვიდრე თანამედროვე ევროპის ნაწილად.

2.ქვეყანას გეორგია არ ეწოდება.

(წმინდა გიორგი საქართველოს, ქართველი ერის მფარველია).

image

დეიმონ მაკგინესი წერს, რომ ქართველები თავიანთ სამჴშბლოს მოიხსენიებენ "Sakartvelo"-დ და არა "Georgia"-დ.აქვე მკითხველს აცნობს საქართველოს სახელდების ისტორიას, რომ, ერთი ვერსიით, "გეორგია" ჩვენს ქვეყანას უწოდეს შუა საუკუნეებში "წმინდა მიწის" განსათავისუფლებლად მიმავალმა ჯვაროსნებმა; ამ დროისათვის საქართველოში სპარსელები ბატონობდნენ და ისინი ადგილობრივებს "გურჯებად" მოიხსენიებდნენ. ინგლისელი ჟურნალისტი დასძენს, რომ წმინდა გიროგი მოიაზრება ქართველთა, მთელი ერის მფარველად, რასაც, მისი აზრით, თბილისის მთავარ მოედანზე (თავისუფლების მოედანზე) გველეშაპთან მებრძოლი წმინდა გიორგის ოქროსფერი ქანდაკებაც ადასტურებს.

3.მაღალი მთები.

(ევროპის უმაღლესი მწვერვალია საქართველოში მდებარე შხარა).

image

დეიმონ მაკგინესის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ევროპის უმაღლესი ქედია არა ალპები, არამედ კავკასიონი და უმაღლესი მწვერვალი - 5193 მ სიმაღლის შხარა საქართველოს ეკუთვნის.ჟურნალისტი მკითხველს განუმარტავს, რომ სწორედ კავკასიონის ქედს მიაჯაჭვა პრომეთე (ქართველთა ამირანი) ზევსმა და დღეს იგი მთასვლელთათვის მიმზიდველი ადგილია.

4.სარწმუნოება დიდია.

(საქართველო რჩება ქრისტიანული რწმენის ერთგულად, ქართველისათვის ქრისტიანობა, რწენა პირველ ადგილზე დგას).

image

ბრიტანელი კორესპონდენტი ქართველებსა და საქართველოს ევროპის ქვეყნებისა და უცხოელებისაგან გამოარჩევს რწმენისადმი დამოკიდებულებითაც.მაკგინესი აღნიშნავს, რომ თუ ბოლო პერიოდში ევროპული სახელმწიფოები ინდიფერენტულები გახდნენ რელიგიური საკითხებისადმი, გაუუცხოვდნენ თავიანთ აღმსარებლობას, საქართველოში პირიქით, საბჭოთა ათეიზმის მოსპობის შემდგომ, შეინიშნება რწმენისაკენ მიბრუნება.ჟურნალისტის დაკვირვებით, მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოში მოწოდების სიმაღლეზეა, ძალიან სწრაფად გაიზარდა ეკლესიის მიმდევართა და პატრიარქის პატივისმცემელთა რიცხვი, ეკლესია, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ეროვნულობის შენარჩუნების მნიშვნელოვან წინაპირობად გვევლინება.

5.ქართველები განსაკუთრებით მეგობრულები არიან.

(ქართველები გამოირჩევიან უმაგალითო სტუმართმოყვარებით).

image

დეიმონ მაკგინესი ფიქრობს, რომ ქართველები მეგობრული ერია და ამის გამოხატულებად ჩვენი ქვეყნის სტუმართმოყვარეობა მიაჩნია.მისი აზრით, ქართველთა ეს ბუნება შესანიშნავადაა ჩაქსოვილი ორად-ორ სიტყვაში:"სტუმარი ღვთისაა".მეორე მხრივ, BBC-ის ჟურნალისტს შენიშნული აქვს, ქართული სუფრით, დაუსრულებელი სადღეგრძელოებით გამოწვეული მძიმე ხვედრი სტუმრისა, "ქართული თოფივით ჭაჭათი" სავსე ჭიქის ბოლომდე ამოცლის გარდაუვალობა.ამასთანავე, სტატიაში ხაზგასმულია ქართველი მასპინძლის უშურველობასა და თავგამოდებაზე, რომ არა მარტო ზღაპრულ სუფრას სთავაზობს სტუმარს, არამედ დასვენების, ღამისგათევის საშუალებასაც.

6.ენის გასატეხი.

(ქართული ენა ყველაზე განსხვავებულია, "კოხტა ხვეულებით" გამორჩეული მდიდარი ენაა).

image

ბრიტანელი ჟურნალისტის შეფასებით, ქართველებს გვაქვს ჩვენი ქვეყნის ბუნების, ერის, კულტურის, ტრადიციების, ზნე-ჩვეულებების, ხასიათის შესაბამისი მეტად სპეციფიკური, ლამაზი "კოხტა ხვეულებით" გამორჩეული ენა, რომელიც იმდენად თავისთავადს და უძველეს ლინგვისტურ ჯგუფს ეკუთვნის, რომ სხვა ენებს საერთოდ არ ჰგავს.მაკგინესის თქმით, ქართული ენის, ქართულად მეტყველების ერთ-ერთი მკვეთრად გამოხატული თავისებურებაა იშვიათი ბგერები, რომელიც უცხოელისათვის უცნაურად და ეგზოტიკურად ჟღერს."ბი-ბი-სი-ს" ჟურნალისტს ქართული ლინგვოკულტუროლოგიური სივრცის უპირატესობად მიაჩნია ისიც, რომ გვაქვს საკუთარი ანბანი, რომელიც მთელ გამომხატველობით უნარს 33 ასო-ბგერაში ატევს, თან ისე, რომ ეს ასო-ბგერები ერთმანეთს ემსგავსებიან (მაგ: "კ" " ვ" -სა და "ფ"-ს).

7.ფრთხილად იარე.

(საქართველო კონსერვატული ქვეყანაა და უცხოელმა სტუმრებმა პატივი უნდა სცენ ადგილობრივთა ტრადიციებს, კულტურას, წეს-ჩვეულებებს, დაიცვან ეთიკის ნორმები, აქ ჩამოსვლისას " დაიხურონ ქართული ქუდი").

image

image

დეიმონ მაკგინესი თავისი სტატიით წარმოაჩენს იმას, თუ რამდენად კონტრასტულია ქართული ქცევითი და მორალური სტანდარტები ევროპულთან მიმართებით.მაგალითად, საქართველოში ერთმანეთთან ხელგადახვეულად ან ხელკავით მოსიარულე მამაკაცები მხოლოდ მეგობრულობის, ან ნათესაურობის გამოხატულებაა და არავითარ შემთხვევაში ჰომოსექსუალობის, როგორც ეს უცხოელ სტუმარს, ერთი შეხედვით, შეიძლება, მოეჩვენოს.ინგლისელ ჟურნალისტს ამით იმის ახსნა სურს, რომ ერთი და იგივე ჟესტები სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულად გამოიყენება და საქართველო სულაც არაა ტოლერანტული ერთსქესიანი ურთიერთობებისადმი.დასტურად ასახელებს 17 მაისის ანტიგეიდემონსტრაციას, როცა საქართველოს მოქალაქეები ჰომოსექსუალებს ევროპაში გადაბარგებისაკენ მოუწოდებდნენ.დეიმონ მაკგინესი ურჩევს თანამემამულეებს, რომ გაითვალისწინონ ჩვენი ქვეყნის თავისებურებები, მათ შორის აზროვნებითი და საქართველოში სტუმრობისას ქუჩებში მოერიდონ ადგილობრივთათვის მიუღებელ ქცევებს.

8.გარეთ ნუ გაიტან.

image

(ქართველს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების დაძლევაში უპირველესად ახლობლები, გარშემომყოფები ეხმარებიან, ქვეყანაში ურთიერთდახმარების, მოქალაქეთა ქველმოქმედების როლი უფრო დიდია, ქმედითია, ვიდრე სახელმწიფო სუბსიდიებისა).

დეიმონ მაკგინესი მიუთითებს ქართველთა კიდევ ერთ თავისებურებაზე, რომ თუ უცხოეთში პრობლემების მოგვარებას მოქალაქეები ხელისუფლებისადმი მიმართვით ცდილობენ, საქართველოში ეს ვალდებულება უფრო ახლობლებზე, ნათესავებზე, ოჯახის წევრებსა და მეგობრებზეა გადატანილი. ქართველი სკეპტიკურად უყურებს სირთულეების ხელისუფლების დახმარებით დაძლევის პერსპექტივას.

9.სად არის ძია ჯო?

image

(საქართველოში მოწიწება სტალინის ფენომენისადმი არათუ მცირდება, არამედ უფრო მეტ აქტუალობასაც კი იძენს).

დეიმონ მაკგინესის მიხედვით, "ძია ჯო"-ს ანუ იოსებ სტალინის ფენომენი 2013 წლისთვისაც პოპულარულია საქართველოში და ძველმანების ბაზრობებზე, ბელადის გარდაცვალებიდან 60 წლის შემდგომაც აქტიურად ყიდულობენ მის მინიქანდაკებებს. აქვე აღნიშნავს, რომ დამოკიდებულება სტალინის ფენომენისადმი ქართველ თაობებში განსხვავებულია, ძველი თაობა დღემდე ამაყობს, რომ პატარა ქვეყნის შვილი მართავდა უზარმაზარ სახელმწიფოს და შევიდა მსოფლიო ისტორიაში, ხოლო ახალგაზრდები სტალინში ხედავენ ტირანს, საკუთარი ხალხის სასტიკ მტერს.

10.არქიტექტორის ოცნება.

image

("მყვირალა პროექტები" ხანმოკლე ეფექტისაა და საქართველოს სჭირდება სერიოზული, სიღრმისეული ეკონომიკური ცვლილებები).

BBC-ის ჟურნალისტი უარყოფითად აფასებს და დაკნინებულად წარმოაჩენს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებსა და აშენებულ ნაგებობებს, მათ ირონიულად უწოდებს "არქიტექტურის კოსმოსურ ნიმუშებს".დეიმონ მაკგინესისათვის საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისში მინისა და ბეტონის ბუშტია, რომელიც გიგანტური ბაყაყის თვალს მოაგონებს, ხოლო პოლიციის ახლადაგებულ მინის შენობებს ირონიულად უწოდებს დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობისაკენ სწრაფვის სიმბოლოს.ჟურნალისტი წერს, რომ ქვეყნის მძიმე მდგომარეობაზე გზების მოუწესრიგებლობა მეტყველებს და მიხეილ სააკაშვილის "მყვირალა პროექტები" უცხოელ ვიზიტორთა თვალის ასახვევად იყო გამიზნული, რასაც დაკვირვებული თვალი ადვილად ამჩნევს.

0
166
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0