x
image
ლანა92
ჭეშმარიტად ქალურისა და ვაჟურის მარადიული დაბრუნება "გველის პერანგში"

image

აკაკი ბაქრაძე გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას, მათ შორის "გველის პერანგს" განიხილავს წიგნში "კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი". "კარდუს" ერთ-ერთ თავს, რომელშიც მეცნიერი "გველის პერანგზე" მსჯელობს, უწოდებს "მარადიულ დაბრუნებას", რადგან ნიცშეს მარადიული განმეორების გრიგოლ რობაქიძისეული ინტერპრეტაცია მიაჩნია ქართველი მწერლის მთელი შემოქმედების, რომან "გველის პერანგის" უმთავრეს მოტივად.

"კარდუს" ავტორის მიხედვით, ევროპაში ჭეშმარიტად ვაჟურისა და ქალურის დაბრუნების ნატვრის ნიადაგი ნიცშემ შეამზადა; სწორედ ჭეშმარიტად ვაჟური და ქალური მოტივების აღორძინების გამო დაინტერესდა ევროპა გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებითაც. "გველის პერანგსა" და "მეგიში" სამართლიანად დაინახეს მარადიული დაბრუნების (განმეორების) იდეა, რადგან მწერალი ყოველთვის იყო გატაცებული ნიცშეს შემოქმედებით, უფრო მეტიც, უცხოეთიდან დაბრუნებული (10-იან წლებში) საჯარო ლექციების წაკითხვისას დიდ ყურადღებას უთმობდა გერმანელი მოაზროვნის მემკვიდრეობას. ნიცშესათვის ჭეშმარიტად ქალური და ვაჟური, მშვენიერი და სრულყოფილი ანტიკური საბერძნეთის კულტურაა, ხოლო გრიგოლ რობაქიძესთან ელინიზმს ქართული, კავკასიური, წინააზიური მითოლოგიური სამყაროც ემატება.

გრიგოლ რობაქიძე იმედოვნებდა ჭეშმარიტად ვაჟურისა და ქალურის დაბრუნებას, "გველის პერანგში" იგრძნობა ჭეშმარიტად ქალურისა და ვაჟურისმონატრება. ემიგრანტი მწერალი 1931 წლის 11 დეკემბერს გერმანიიდან მიხეილ ჯავახიშვილს წერდა, რომ ევროპაში კულტურის მდგომარეობა უარესდება, ამერიკანიზმი ანადგურებს ნამდვილ ლიტერატურას, "კრიტიკა თანდათან ჰქრება, რჩება მხოლოდ რეკლამა", "მშობელი მიწა და მისი წიაღი ყველაფერია. ჩვენში მიწას ჯერ კიდევ აქვს ჯიქანი. ჩვენი წიაღი უშრეტია." გრიგოლ რობაქიძე ხედავდა, რომ ავადმყოფურის, პათოლოგიურის გამარჯვების ტენდენცია - ვაჟურისა და ქალურის რღვევა მთელი მსოფლიოს სენი იყო, მთელ სამყაროს ემუქრებოდა, ყველგან მძაფრად იგრძნობოდა ჭეშმარიტად ქალურისა და ვაჟურის მონატრება. მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებშიც" თეიმურაზ ხევისთავის სახით ცნაურდება საქართველოს უძლურება, რომლის დაჯერებაც გრიგოლ რობაქიძეს არ სურდა და 1926 წელს "გველის პერანგის" გამოქვეყნებით გააპროტესტა ეროვნული ენერგიისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება. 1927 წელსაც წერილში "საქართველოს ხერხემალი" მწერალი გადაჭრით ამტკიცებდა, რომ ქართული ეროვნული ენერგია არაფრით ჩამოუვარდება სხვა ერებისას, პირიქით, ზოგჯერ აღემატება კიდეც. რომანი "გველის პერანგი" და წერილი "საქართველოს ხერხემალი" არა მხოლოდ "ჯაყოს ხიზნებში" წარმოჩენილ უიმედობას აქარწყლებს, არამედ ამით გრიგოლ რობაქიძეც ერთგვარად ინანიებს ადრე ჩამოყალიბებულ თავის პესიმისტურ ხედვას ეროვნულ ენერგიასთან მიმართებით. კერძოდ, 1913 წელს, სტატიით "ერის სული და შემოქმედება" გრიგოლ რობაქიძეც გამოთქვამდა ეჭვს ქართული ეროვნული ენერგიის მიმართ:"საქართველო აღარ არის მთელი და როგორც ცოცხალი არსი, იგი ქართველში არ არსებობს.. საქართველო მე ვარ - აი ფსიხიური განცდა ქართველისა .. დავკარგეთ მთელი ჩვენს არსებაში.."

ტიციან ტაბიძის მიერ აღწერილი გრიგოლ რობაქიძის ერთი გამოსვლა ფუტურისტთა პაექრობაზე კაფე "იმედში", ასევე, ადასტურებს, რომ მისი შემოქმედების ლაიტმოტივი ჭეშმარიტად ვაჟურისა და ქალურის ნოსტალგიაა, რადგან გაქალაჩუნებულ, გათეიმურაზხევისთავებულ საზოგადოებას განახლებისათვის ძალა არ შესწევს. ეს თანდათან მკაფიოდ გამოჩნდება გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში: არჩიბალდ მეკეში, უფრო სწორად არჩილ მაყაშვილი, ვამეხ ლაშხი, ლევან ორბელი შუა საუკუნეების რაინდებს ჰგვანან (ირუბაქიძის გახსენება და მონატრება), მეგი, კავალა, მზექალა თუ სხვა მისი პერსონაჟი ქალები - ამორძალებს, რომელთაც საგანგებოდ და ხშირად ახსენებს ნაწერებში.

"გველის პერანგში" გაჟღერებული მარადიული დაბრუნების იდეა (die ewige Wiederkunft des Gleiches) ნიცშეს ერთ-ერთი უმთავრესი მოძღვრებაა, რომელიც ჩამოაყალიბა ესსეში "ასე ამბობდა ზარატუსტრა", მაგრამ რთული და ბუნდოვანია, რის გამოც მისი მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს.

თამაზ ბუაჩიძე საინტერესოდ ხსნის ნიცშეს მარადიული განმეორების იდეას:

"...ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, მომხდარიყო, უკვე მოხდა! მოხდა მარადიულ, უსასრულო წარსულში... ეს ნიშნავს, რომ წარსული და მომავალი არ არიან დაპირისპირებული... დრო არის წრე. ყველაფერი მეორდება... წინსვლა უკანსვლაა... ის, რაც ახლაა, მარად იყო და მარად განმეორდება".

გრიგოლ რობაქიძე სწორედ ამგვარ განმარტებას ემხრობა მარადიული დაბრუნებისა. მისი აზრით, მითიურმა არ იცის დროის დინება;არ იცნობს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, მითიურში მარადიული აწმყოა - მაშასადამე, რაც მითიურად არსებობდა, არსებობს დღესაც. მარადიული დაბრუნების კონცეფციით, ყველაფერი, რაც იყო, მეორდება, ბრუნდება; მითიური და მარადიული დაბრუნება ერთ ჯაჭვად, ერთიან აზრად ყალიბდება. ეს ხედვა გრიგოლ რობაქიძის რომან "გველის პერანგში" კონკრეტულად ვლინდება: არჩიბალდ მეკეში ანუ არჩილ მაყაშვილი არის ის, ვინცაა მისი წინაპარი - თავადი ირუბაქ ირუბაქიძე; დიდი თავადი ირუბაქ ირუბაქიძე ისაა, ვინც არჩიბალდ მეკეში ანუ არჩილ მაყაშვილი. "გველის პერანგში" ბრუნდება არა მარტო გოეთესეული "გეშტალტი"- "ცალკეული", არამედ ზოგადი (ბუნება, ხასიათი, თვისება), არჩილ მაყაშვილს, ვამეხ ლაშხს.. იგივე ბუნება, ხასიათი, თვისება აქვთ, რაც მათ მითიურ წინასახეებს, პროტოტიპებს.

ნიცშემ საფუძვლიანად დაასკვნა, რომ კაცობრიობა სრულ კრიზისამდე მიდიოდა და უწოდა მას მკაფიო სახელი - "ღმერთის სიკვდილი". ეს შეხედულება მოგვიანებით მოდური გახდა, ყველას პირზე ეკერა, წამდაუწუმ იმეორებდნენ, თუმცა გრიგოლ რობაქიძისათვის მიუღებელია მარადიული დაბრუნების ნიცშესეული სწავლება.მართალია, ქართველი მწერალი წერილში "ჩემი ცხოვრება" აღიარებდა თავის შემოქმედებაზე ნიცშეს გავლენას და აღნიშნავდა, რომ "დიონისურმა ფენომენმა" დაატყვევა, უფრო მეტად კი "მარადიული დაბრუნების იდეამ", მაგრამ მისი არსებული განმარტებით უკმაყოფილო იყო. მარადიული დაბრუნების არსისათვის გრიგოლ რობაქიძეს 1916 წელს, ირანში ყოფნისას მიუგნია და თავისებურად გაუაზრებია წერილში "ჩემი ცხოვრება":

"..ირანისა და გილგამეშის გავლენა კიდევ უფრო შორს წავიდა. ჰამადანში, მიდიელთა ეკბატანაში, მთვარიან ღამეს ერთ ქვის ლომზე მეძინა. უეცრად აზრი დამეუფლა: ყველაფერი, რაც ხდება, გვეჩვენება, თითქოს უკვე ერთხელ მოხდა.ისევ მარადიული დაბრუნების იდეა, რომელიც სულ ყოველთვის მაწამებდა, ახლა სხვანაირად იყო ნაააზრევი: არა ერთეულის მარადიული დაბრუნება თავის თავისაკენ, არამედ ერთეულში მარადიულის დაბრუნება თავისთავისკენ.შემდგომში ამ შეცნობამ ხორცშესხმა ჰპოვა ჩემს რომან "გველის პერანგში". ამ რომანში ვცდილობდი, აღმოსავლეთის მსოფლშეგრძნება და სამყაროს ჭვრეტა პლასტიურად განმეხორციელებინა" [ბაქრაძე, "კარდუ", თბილისი, 1999, 101].

"გველის პერანგში" ინტერპრეტირებული მარადიული განმეორების იდეა გრიგოლ რობაქიძისათვის იმედის წყაროა, ჭეშმარიტად ქალურისა და ვაჟურის დაბრუნების მაცნეა, რომელიც ნერგავს რწმენას, რომ ერსაც დაუბრუნდება რაინდული თვისება. უფრო ადრე, 1916 წელს, გრიგოლ რობაქიძე წერილში "რაინდული საქართველო" აცხადებდა, რომ "ქართული რასსა რაინდული სისხლით არის აცეცხლებული.. საქართველოს ისტორია რაინდობის პათოსით იმართებოდა ყოველთვის.. ჩვენ ვართ მზეთა შვილები და გვიყვარს მეტად მზეოსანი ლალების მოთენთილობა.." [ბაქრაძე, "კარდუ", თბილისი, 1999, 105].

გრიგოლ რობაქიძის აზრით, ადამიანის შინაგანი გაორება, ორჭოფობა, დარღვეული მთლიანობაა მიზეზი საკაცობრიო ხიფათის, კრიზისის, დანაშაულის, ცოდვით დაცემისა, რომელიც იწყება ადამიდან, ცნობადის ხე კაცობრიობის გახლეჩის, გაყოფის ხეცაა. ეჭვით, შიშით შეპყრობილი ადამიანი რწმენას, იმედს ვერ გადაარჩენს, ვერც ხალხს გაუძღვება წინ აღთქმული მიზნისაკენ. თუ ადამიანში ცნობიერი და ქვეცნობიერი "მე" ერთმანეთს დაუპირისპირდა, ადამიანის "მე" გაბზარულია ცნობიერად, მაშინ იწყება პროცესი, რომელსაც გრიგოლ რობაქიძე "სულის დაშლას" უწოდებს.ამ დროს ადამიანს ეცლება წინააღმდეგობის ძალა.

გრიგოლ რობაქიძე მთლიან, განუყოფელ ადამიანზე ოცნებობდა, ადამიანზე, რომელიც შინაგანი ეჭვიანობით, გაორებით, ორჭოფობით დარღვეული არ იყო.მთლიანი, ძლიერი, შეუპოვარი, მტკიცე და უდრეკია არჩიბალდ მეკეში, ვამეხ ლაშხი, ლევან ორბელი, თავადი გიორგი..., რომელთათვის მიზანი ნათელია და მისკენ მიმავალ გზას არ გადაუხვევენ. მათი საპირისპიროა თამაზ ენგური "ჩაკლული სულიდან", რომელსაც მთლიანობა-განუყოფელობის ძალა არ ეყო, დაიშალა მისი სული და უნებლიეთ მეგობრის გამცემი გახდა; დაიშალა ბერზინის სულიც.

გრიგოლ რობაქიძეს მტკიცედ სწამს, რომ "საქართველოს ისტორია რაინდობის პათოსით იმართებოდა ყოველთვის" და "გველის პერანგის" მიხედვითაც, კარდუს "სამთავროში ესვენა ჯვარი ვაზის"; მხოლოდ არჩიბალდ მეკეშის/არჩილ მაყაშვილის წინაპარი, კარდუ ირუბაქის ძე ირუბაქიძე გაუმკლავდა 1250 წელს, ღვინობისთვეში შემოსეულ მონღოლებს, წმინდა ნინოს წყალობით; ვაზის ჯვარი "ზექვეყნიურ აღტაცებას" ანიჭებს კარდუს მთელ სამთავროს: "1250 წელი. ღვინობისთვე.მოხდა საკვირველი.საქართველო აიღეს მონღოლებმა.ყველა დაემორჩილა მათ.არ დაემორჩილა მხოლოდ დიდი კარდუ:ნაშიერი დიდის თავადის ირუბაქ ირუბაქიძის" [ბაქრაძე, "კარდუ", თბილისი, 1999, 137].

კარდუ არა მხოლოდ "გველის პერანგში" გვხვდება, არამედ იგი გრიგოლ რობაქიძის ერთმთლიანი შემოქმედების ცენტრში მზის ნიშნით დგას და მას მწერალი უწოდებს ქართველთა "მისტიკურ თაურმდგენს". კარდუს ორი იპოსტასი აქვს: ქალური - წმინდა ნინოს ხატება და ვაჟური - ლაშარი, იგივე წმინდა გიორგი, თეთრი გიორგი (წარმართულ-ქრისტიანული საქართველოს ერთიანობის ვაჟური სიმბოლო).

საქართველო კარდუს მიწაა, კარდუს კი გულზე მზის ნიშანი აქვს "გველის პერანგში" - მიწა ქალური საწყისია, მზე - ვაჟური; ეს ორი ძალა ავსებს ერთმანეთს. ჭირნახულში მზის თვალი ტრიალებს, რაც ლექს "რთველიდანაც" ცხადია, "გველის პერანგის მე-17 თავსაც ეწოდება"კუბო მზეში", მე-18-ს -"მზის ნარქენი", რომელშიც მზით მოვარდნილებს დახვეწილ მკლავებზე დაღად ამჩნევიათ მზის ცხელი ნარქენი - "კარდუ".

0
248
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0