x
image
ნინო ბაისონაშვილი
,,ნაზია ღამე - Tender Is the Night ,, -ერთი ნაწარმოების შესახებ
არსებობს ათასობით დიდი, გენიალური წიგნი, რომელთა აღიარებაც ავტორს სიცოცხლეში არ ღირსებია. როგორც იტყვიან, კარგი მწერალი მკვდარი მწერალია. ფრეენსის სკოტ ფიცჯერალდსაც მსგავსი ბედი ეწია. მწერალს ურთულეს პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა. მან ძალიან ცოტა, მხოლოდ 44 წელი იცოცხლა), თუმცა ეს იყო კატაკლიზმებით სავსე პერიოდი როგორც მთელ მსოფლიოში, ისე ამერიკაში : რევოლუციები, პირველი მსოფლიო ომი, “დიდი დეპრესია“ ოთხწლიანი, უმძიმესი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი .

სკოტ ფიცჯერალდის ნაწრმოებებს შორის განსაკუტრებით პოპულარულია ორი მათგანი : “ დიდი გეტსბი“ და “ნაზია ღამე“. ორივე დიდი დაგვიანებით აღიარეს კრიტიკამ და გამომცემლობებმა.

image

ამბობენ, რომ “ნაზია ღამე“ ქალების საკითხავი რომანია, რადგან მეტისმეტად აპელირებს რომანტიკასა და გრძნობებზე, თუმცა ნაწარმოებების მასკულინურ და ფემინურ ჟანრებად დიფერენციაცია, ცოტა არ იყოს, გაუგებარია. ეს არის საკმაოდ რთული დრამა, სადაც, ძირითადად, ერთი ოჯახის ყოფითი ცხოვრებაა ასახული და ყველაფერი, რაც ამ ოჯახის გარშემო ხდება, განპირობებულია არსებული პოლიტიკური თუ სოციალური რეალობით.


დიკ დაივერი საკმაოდ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა ფსიქიატრია, თუმცა ნაკლებად შეძლებული ოჯახის შვილი. მისი მეუღლე, ნიკოლი, მისი ყოფილი პაციენტია მდიდარი ოჯახიდან. მიუხედავად იმისა, რომ დიკმა ნიკოლის განკურნება შეძლო, ქალს ფსიქიური პრობლემები თავს ხშირად ახსენებდა და მათი ქორწინება, ფაქტობრივად, პაციენტის და ექიმის ქორწინებას უფრო გავდა, ვიდრე ორი შეყვარებული ახალგაზრდა ადამიანის ურთიერთობას.

მოვლენები გასული საუკუნის 30-იან წლების ევროპაში ვითარდება. ამ პერიოდში ამერიკელი ახალგაზრდობა აშშ-შს დაძაბული ყოველდღიურობიდან გასაქცევ თავშესაფარს ევროპაში პოულობდა, განსაკუთრებით-საფრანგეთში. ევროპა მათთვის ერთგვარ ელდორადოს წარმოადგენდა, სადაც სიცოცხლის წყურვილს, თავგადასავლების ძიებას და ცნიბისმოყვარეობას მიჰყავდა ისინი.


დიკ დაივერი მეგობარ ფრანცთან ერთად კლინიკას ხსნის, თუმცა ფრანცს მასთან ურთიერთობის გაწყვეტა მოუხდება, რადგან დიკი სმას მიჰყოფს ხელს. ნიკოლის კრიზისებთან გამკლავება ადვილი არ იყო. ის დიდხანს ცდილობდა მეუღლის ერთგული დარჩენილიყო, თუმცა ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობის, როზმერის ცდუნებას დიდხანს ვერ გაუძლო. ორ ქალს შორის აღმოჩნდა, რომელთაგანაც თითქოს განსაკუთრებულად არცერთი უყვარდა და იმავე დროს, მისთვის ორივე თავისებურად ძვირფასი და ახლობელი იყო. მიუხედავად ამ რომანებისა, მკითხველი მუდმივად გრძნობს, რომ მის პროფესიას კონკურენციას ვერცერთი ქალი ვერ უწევდა. დიკი ფსიქიატრიით უსაზღვროდ იყო გატაცებული.

ერთმანეთისგან, ოჯახური, წვრილმანი პრობლემებით, დრამებით, შვილების აზრდით და სხვა საერთო ვალდებულებებით, საბოლოოდ მაინც განქორწირდებიან. ნიკოლი, რომელიც დიკზე ხშირად ეჭვიანობდა, თვითონვე ღალატობს ქმარს საერთო მეგობართან. ქალს ეს ურთიერთობა მიახვედრებს, რომ სწორედ ოჯახური რუტინაა მისი მელანქოლიისა და სტრესის მთავარი მიზეზი. დიკსაც ბევრი არ უყოყმანია, არც დიდად გაჰკვირვებია, თავისებური, ფარული განთავისუფლების გრძნობა ეუფლება და მშვიდად ეგებება ნიკოლის გარეშე ცხოვრების იდეას.

თუმცა ეს განშორებები არც ისეთი იოლი იყო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს: “

“ვიღაც წერს, სულიერი ჭრილობები ხორცდებაო. უაზრო ანალოგიაა კანის პათოლოგიასთან. ცხოვრებაში ასე არ ხდება, ასეთი ჭრილობა შეიძლება დაპატარავდეს, შეიძლება ქინძისთავის ჩხვლეტასავითღა იყოს, მაგრამ მაინც ჭრილობაა და ყოველთვის ღიაა. გადატანილი ტანჯვის კვალი რომელიმე თითის ან ცალ თვალში ჩინის დაკარგვას შეიძლება შეადარო. ეჩვევი ამას და წელიწადში ეგებ ერთხელ გაგახსენდეს, მაგრამ მაინც ვეღარ უშველი.”.


მეორენაირად ფიცჯერალდის პერიოდს “ჯაზის ეპოქასაც“ უწოდებდნენ. ომითა და ტრაგედიებით გადაღლილი თაობა თითქოს ხარბად ცდილობდა ცხოვრებით ტკობობას პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რამაც ისინი სულიერ გამოფიტვამდე მიიყვანა. მათთვის აღარ არსებობდა პრინციპები, ფასეულობები, ღირებულებები, შეხედულებებს მეტისმეტად სწრაფად იცვლიდნენ, რის გამოც მათ “დაკარგულ თაობასაც“ უწოდებენ.

ნაწარმოებში მეოცე საუკუნის განთიადის ამერიკელების ყოფიერებისთვის დამახასიათებელი უამრავი ასპექტია წინ წამოწეული, თუმცა ის, რაც, როგორც იტყვიან, ხელისგულზე ჩანს, ესაა სრული ფრუსტრაცია, ფუქსავატობა, ნამდვილი სიყვარულისა და ერთგულების უნარის არქონა, ზედაპირულობა, ნივთებისა და ფულის კერპად ქცევა. ამ ეპოქის ახალგაზრდები ნაკლებს ოცნებობენ განათლებაზე, მეტს-კარიერასა და კომფორტულ, უზრუნველყოფილ ცხოვრების პირობებზე, სვამენ ბევრს, ერთობიან ზღვარგადასულად, თითქოს აღარცერთი წამი აქვთ დასაკარგი . სწორედ ეს თემა გახლავთ “ დიდი გეთსბის “ ლაიტმოტივიც და ზოგადად, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის შემოქმედების ძირითადი ხაზიც.

მწერლის ენა მარტივი და დახვეწილია, თხრობა სასიამოვნო. გვიან მოპოვებული პოპულარობის მიუხედავად, დღეს მისი წიგნები მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი და შესულია არაერთი რეკომენდებული წიგნების სიაში. რომანის მიხედვით გადაღებულია ფილმიც, რომლის რეჟისორიც გახლავთ ჰენრი კინგი, სცენარისტი-ივან მოფატი.


1
131
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
131
  
2019, 27 იანვარი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1