x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508613
თამბაქოს მოხმარების შედეგები და სტატისტიკა

სიგარეტის წევა

ვინც თამბაქოს მოიხმარს, საკუთარ ჯანმრთელობას ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს და სხეულის ყველა ორგანოს დაავადებებისთვის წირავს. თამბაქო სხეულზე მოქმედებს დნმ-ის დონეზეც კი, რასაც უჯრედის შიგნით ცვლილებები და ავთვისებიანი სიმსივნეების გამოწვევა შეუძლია. ამას ადასტურებს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევა, რომლის თანახმადაც ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული პათოლოგიებით 5, 4 მილიონამდე ადამიანი იღუპება მსოფლიოში, ხოლო საკუთრივ საქართველოში თამბაქო ყოველწლიურად დაახლოებით 2700 ადამიანს კლავს. ჩვენს ქვეყანაში 1, 7 მილიონი მწეველია. ანუ, გამოდის, რომ ქვეყნის მოსახლეობის 40 %-ზე მეტი და ზრდასრული მოსახლეობის 45 %-ზე მეტი თამბაქოს მოიხმარს (ქალების 16-22 % და მამაკაცების 50-65 %). ეს ქართველ ერს ევროპის ყველაზე მწეველ ერებს შორის აყენებს (შედარებისთვის, თამბაქოს მოიხმარს ავსტრიის 15 წელზე უფროსი მოსახლეობის მხოლოდ 25 %).


ამრიგად, თამბაქოს მოხმარება ჩამორჩენილობის სიმბოლოა, რადგან ამ მცენარისგან დამზადებულ სიგარებს, თუთუნს და სიგარეტს ყველაზე ინტენსიურად მოიხმარს განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობა (სწორედ განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს თამბაქოს მსოფლიო მომხმარებელთა 80 %-ზე მეტი). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების თანახმად 2026 წელს ნიკოტინზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში 1, 6 მილიარდს მიაღწევს. თუ სასწრაფოდ არ შეიცვალა არაფერი, 20 წლის შემდეგ თამბაქო მთელ მსოფლიოში სიკვდილის და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზად იქცევა და უფრო მეტ სიცოცხლეს შეიწირავს, ვიდრე ტუბერკულოზი, შიდსი, ებოლა, ავტოსაგზაო შემთხვევები, თვითმკვლელობები და მკვლელობები ერთად.

მწეველის ფილტვი

განსაკუთრებით კატასტროფულია სტატისტიკა, რომელიც საქართველოში მწეველი ქალების რაოდენობის მატებას ეხება. ბოლო 16 წლის მანძილზე საქართველოში მწეველ ქალთა რაოდენობა 600 %-ით გაიზარდა და კიდევ განაგრძობს ზრდას. ასე თუ გაგრძელდა, შორს აღარ არის ის დღე, როცა ქვეყანაში იმდენივე მწეველი ქალი გვეყოლება, რამდენიც არის მწეველი მამაკაცი. ბოლო დროს ასაკობრივი მაჩვენებელიც შეიცვალა და გაახალგაზრდავდა. ტრაგედიაა, რომ 10-13 წლის ბიჭები და გოგონები სულ უფრო ხშირად იწყებენ თამბაქოს მოხმარებას. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის სქესთა შორის განსხვავება თითქმის აღარ არსებობს და ჩვენ იმდენივე მწეველი 10-13 წლის გოგონა გვყავს, რამდენიც ბიჭი.


მე-20 საუკუნეში თამბაქოს მოხმარების შედეგად პლანეტაზე 100 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.


მწეველთა 50 %-ზე მეტს თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული შედეგები ჰკლავს. დასაბუთებულია აგრეთვე ისიც, რომ გარდაცვლილ ონკოლოგიურ ავადმყოფთა 30 % (აქედან ფილტვის კიბოს მქონეთა 90 %) თამბაქოს მოიხმარდა. მწეველები 200 %-ით უფრო ინტენსიურად ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებებით, ვიდრე არამწეველები. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მოწევას, რაც უფრო მეტ სიგარეტს ეწევით და რაც უფრო დიდხანს, მით უფრო მაღალი გაქვთ რისკი, რომ კიბოთი დაავადდეთ. ამრიგად, მაგალითად, 20 სიგარეტზე მეტის მოწევა დღეში ფილტვის კიბოთი დაავადების 1500 %-იან რისკს უდრის.



ონკოლოგიური დაავადებები, რასაც სიგარეტის მოხმარება იწვევს:


1. ფილტვის კიბო.


2. ბრონქების კიბო.


2. ყელის კიბო.


3. ცხვირის ლორწოვანი გარსის კიბო.


4. მკერდის კიბო.


5. სისხლის კიბო (ლეიკემია).


6. ლიმფომები (როგორც ჰოჯკინური, ასევე არაჰოჯკინური).


7. ხორხის კიბო.


8. საყლაპავი მილის კიბო.


9. მრავლობითი მიელომა.


10. პირის ღრუს კიბო.


11. სწორი ნაწლავის კიბო.


12. ღვიძლის კიბო.


13. ძვლოვანი ქსოვილების კიბო.


14. შარდის ბუშტის კიბო.


15. თირკმლის კიბო.


16. მიელოდისპლაზიური სინდრომები.


თამბაქოს მოხმარება არის არტერიოსკლეროზის (არტერიების დაავადება) უმთავრესი მიზეზი. მოწევის მეშვეობით სისხლძარღვებში მავნე ნივთიერებათა დაგროვება ხდება, რაც სისხლის მიმოქცევას უშლის ხელს. შედეგად ტრომბოემბოლიის, ინფარქტის და ინსულტის წარმოშობის რისკები მკვეთრად იმატებს.


თამბაქოს მოხმარება არის COPD-ს მთავარი გამომწვევი ფაქტორი. COPD-სგან შეპყრობილი პაციენტების 90 % მწეველია. თამბაქოს მოხმარება უშლის ხელს მოზარდ ადამიანებში ფილტვის ნორმალურ ზრდას. ფილტვის გამაგრების, ქრონიკული ბრონქიტის და ფილტვის სხვა დაავადებების ძირითადი მიზეზიც მოწევაა.


მოწევა ხელს უშლის კანის მომარაგებას სისხლით. ამიტომ კანი თამბაქოს მოხმარების შედეგად მალე ბერდება.


თამბაქო ხელს უწყობს პაროდონტიტის, სექსუალური დისფუნქციის, გენიტალური ჰერპესის და სხვა დაავადებების ჩამოყალიბებას. თუ მწეველი ქალი ჩასახვის საწინააღმდეგო აბებსაც მოიხმარს, დრამატულად იზრდება რისკი, რომ მას ტრომბოემბოლია მოკლავს.


მოწევის შედეგად საფრთხე ექმნება ნაყოფის ჯანმრთელობას. იბადება სხვადასხვა თანდაყოლილი პათოლოგიებით შეპყრობილი ბავშვი, რთულდება მშობიარობა და იზრდება დედის და ნაყოფის დაღუპვის რისკები.


არსებობს დადასტურებული კვლევა იმის შესახებ, რომ თამბაქოს ფოთოლი არის ატმოსფერული რადიაციის ძალიან აქტიური შემწოვი. როგორც პროფესორი მათიას რიში თავის ნაშრომში "რადიაცია და თამბაქო" წერს, თამბაქოს 1 კილოგრამი ფოთოლი 220-დან 1360-მდე პიკოკიურის მოცულობის იზოტოპ პოლონიუმ 210-ს შეიცავს (აღნიშნული აღმოჩენა ჯერ კიდევ 1965 წელს გაკეთდა კიბოს ბრიტანული ინსტიტუტის მიერ, პროფესორ ჰილის ხელმძღვანელობით). პოლონიუმ 210 არის ალფა გამოსხივების წყარო. მოწევის შედეგად მწეველის ფილტვი იღებს პოლონიუმ 210-ს და ამ იზოტოპის შემცველობა მწეველის ფილტვში არამწეველთან შედარებით 300-400 %-ით მეტია, ხოლო პოლონიუმს რაც შეეხება, 1 ღერ სიგარეტში ამ რადიოაქტიური ელემენტის კონცენტრაცია 2, 4-დან 6 პიკოკიურამდე მერყეობს. შესაბამისად მწეველის ფილტვი წელიწადში 40-დან 150-მდე მილირემის ინტენსივობის დასხივებას იღებს.

ატომური სოკო

ფოტოზე: წყალბადის ბომბის აფეთქება ბიკინის ატოლზე


მკვლევარები მუსალო-რაუჰამა და იაკოლა იმასაც კი ამტკიცებენ, რომ თამბაქო პლუტონიუმსაც შეიცავს.


მაინც რა იწვევს თამბაქოში რადიოაქტიური ელემენტების ამხელა კონცენტრაციას?


პირველ ყოვლისა, 60-იან წლებში განხორციელებული ბირთვული ცდების, ჩერნობილის ატომური რეაქტორიდან ბირთვული საწვავის გაჟონვის და სხვა ნუკლეარული კატასტროფების შედეგად ატმოსფეროში დაგროვილი რადიაცია (მათ შორის რადიოსტრონციუმი: ადის სტრატოსფეროში და 80 წლის მანძილზე მთელ პლანეტას "ამარაგებს" დასხივებით). მეორე მიზეზი კი თამბაქოს ფოთლის სტრუქტურაა, რომელიც ჰაერიდან სწრაფად "იჭერს" და აგროვებს რადიოაქტიურ ნაწილაკებს.

ჩერნობილი

ფოტოზე: ჩერნობილის ატომური რეაქტორი ავარიის შემდეგ

0
545
3-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0