x
მეტი
  • 21.09.2024
  • სტატია:137156
  • ვიდეო:351963
  • სურათი:511241
საკრალურ საგანთა სისტემა
image

ქართულ მითოლოგიაში მნიშვნელოვანი, სიმბოლური როლი უკავია საკრალურ საგანთა სისტემას, რომელიც მნიშველოვან ინფორმაციას იძლევა ჩვენი კულტურის შესახებ.

თასი-პირველ რიგში თასი წარმოადგენს საგანს, რომელიც ადამიანს ცხოველისგან განარჩევს, სწორედ "გილგამეშის ეპოსის" გმირის ენქიდუს მაგალითზე კარგად ვხედავთ, რომ სწორედ თასის ხელში დაჭერის სწავლის შემდეგ ხდება მისი განკაცება, მისი არსებობა კულტურულ ყოფაში გადაიზრდება და ის უკვე ადამიანია.
უთასობა წარმოდგენილია, როგორც კულტურის ნულოვანი მდგომარეობა, რაც დიოგენეს მაგალითზე კარგად ჩანს, როდესაც მან თასი, როგორც უსარგებლო ნივთი მოისროლა და უარი თქვა კაცობრიობის ამ უძველეს საკრალურ ელემენტზე.
თასის გამოჩენა საკულტო ცხოვრების დასაწყისზე მიუთითებს და პირიქით საკულტო ცხოვრების დასაწყისი პირდაპირ არის დაკავშირებული თასის აღმოჩენასთან.
თასს ადამიანის მიერ შექმნილი საგნის პირველადი ფუნქცია დაუკარგავს, მოხსნილი აქვს ის ფუნქცია, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ატარებდა და წარმოადგენს ზეციური წარმოშობის საკრალურ საგანს.
ფშავ-ხევსურეთის საკულტო ყოფაში თასი წარმოადგენს სამღვთო საგანს, რომელიც ამ მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ იძენს, როდესაც მას ხევისბერი დაიჭერს ხელში.
აღსანიშნია მისი გამოყენების მთავარი წესიც, რომლის მიხედვითაც მთავარი თასიდან მხოლოდ ჯვართან ახლოს მყოფი პირები სვამენ, სწორედ მათ აქვთ მისი ხელში დაჭერის უფლება.
თასი, მიუხედავად იმისა, რომ ჯვარჩენის სიმბოლური საგანია, უმთავრესად ზიარების ჭურჭელია და სწორედ ამაშია მისი საკრალურობა და სიმბოლური დანიშნულება. თასი რჩება ჭურჭლად, რომელმაც საყმოს საზიარებლად უნდა მიიღოს წმინდა სასმელი.


საკიდელი-ქართულ მითოლოგიაში საკიდელი განასახიერებს სახლის სიწმინდეს და მტრის სახლიდან მისი წამოღება აღნიშნავს გამარჯვებას და მის საბოლოოდ განადგურებას.
საკიდელი ქაჯავეთის მთავარი კულტი იყო. სწორედ ქაჯავეთის შუაგულიდან წამოიღეს საკიდელი ღვთისშვილებმა, როგორც გამარჯვების ნიშანი.
ოსებში გავრცელებულია თქმულება, რომლის მიხედვითაც საკიდელს კერისა და საკიდლის მფარველი ღვთაება ჭედავს ცაში.
საკიდელი კერის თავზე სახლის ჭერიდან არის ჩამოკიდებული და აერთიანებს კერას, დედრულ საწყისს, ცასთან, მამრულ საწყისთან. შესაბამისად საკიდელი გამოხატავს დედრულ-მამრულის ერთიანობას. საკიდელი მამრული ბუნების არის და მისი ჩამოვარდნა მამაკაცის სიკვდილის მომასწავებელია, ხოლო კერის დანგრევა დედაკაცის სიკვდილის.
საკიდელი არა მხოლოდ შთამომავლობის, არამედ ანდრეზულობის, ტრადიციის სახესაც წარმოადგენს. ამასთან, რადგან საკიდელი ჯვარჩენის ნიშანია, ესე იგი რელიგიის სიმბოლოც არის.



დროშა-ისევე, როგორც ქაჯეთიდან საკიდლის ჩამოგლეჯა აღნიშნავდა ქაჯავეთის შუაგულის დანგრევას, ასევე დროშის მოტაცება წარმოადგენს გამარჯვების სიმბოლოს. იგი მნიშვნელოვანი ატრიბუტია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საყმოს ყოფაში. მართალია დროშა განათლულ მამაკაცს უჭირავს ხელში, თუმცა ის ქალური წარმომავლობის საგანია.
დროშა წარმოდგენს საგანს, რომელიც ბრძოლის დროს წინ უძღვის საყმოს და უნდა იღებებოდეს სისხლით, მაგრამ მის შექმნაში მონაწილეობს ქალის ხელი. დროშის ძირითად ელემენტს წარმოადგენს მანდილი. ერთსა და იმავე საგანს ვხვდებით ორ ერთმანეთის საპირისპირო ადგილზე- ქალის თავზე, როგორც პატივს და დროშაზე ჯვრის ნიშნად.
ვაჟა ფშაველა თავის ნარკვევში "ხევსურები" წერს, რომ, როდესაც ძლიერი ჩხუბი გაჩაღდებოდა, ქალები მანდილს მოიხდიდნენ, მათ წინ გადაისვრიდნენ, გადაუდგებოდნენ ხოლმე შუაში და ასე აშველებდნენ მათ. ხშირად ხევისბერებს გამოჰქონდათ დროშები მათ გასაშველებლად. დროშა თავისი ძალის მაქსიმუმს სწორედ ხევისბერის, მედროშის ანუ მკადრეს ხელში აღწევს.
აღსანიშნავია, რომ ყოველი გამობრძანების წინ დროშა ხელახლა უნდა შეიკაზმოს, როგორც დღეობაზე გამოსული ქალი. მისი შეკაზმვის უფლება კი მხოლოდ მას აქვს, ვისაც ხელთ უნდა ეპყრას დროშა დღესასწაულსა თუ ბრძოლაში.
დროშის აბმა სრულ მდუმარებაში მიმდინარებს, ეს საიდუმლო რიტუალია. დროშა ჯვარჩენის სახეა და საყმოსთვის მისი გამობრძანება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ნათელია, რომ საყმოსთვის დროშის გამობრძანება გათანაბრებულია ჯვარჩენასთან, მედროშის მთავარ მიზანსაც სწორედ ის წარმოადგენს, რომ მან დროშაში აღმოაჩინოს და დაინახოს ჯვრის ძალა.
დროშა საკრალურ საგანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ადამიანის ხელით შექმნილ თითქოს და ცოცხალ არსებას წარმოადგენს. ის კი არ გამოაქვთ, არამედ გამოაბრძანებენ ხოლმე.
დროშა თითქოს თავია, ხოლო ტანს დანარჩენი ყველა და ყველაფერი წარმოადგენს. როცა ამ ტანს თავი მოშორდება ტანიც კვდება მასთან ერთად. შესაბამისად, დროშა ძალიან მნიშვნელოვან, საკრალურ საგნად არის მიჩნეული, ის ხალხის წინამძღოლი და საყმოს შემომკრებია.


ფურის რქა-საკრალურ საგანთა რიცხვშია ფურის რქა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უზარმაზარი ფურის ერთადერთი რქა იყო. სავარაუდოა, რომ საყმო შეესწრო მის განადგურებას, რადგან ხევსური კაცის მონათხრობში ვკითხულობთ შემდეგს: "ი ცალ რქა ძროხა რო მაუყვანავ, იმისთვის რქაი მაუტეხავ, უთქვამ ი წმიდა გიორგის, რო ჩემს ლუდს რო მოხარშავთო, ამ ქაჯავეთური ფურის რქით აწყევით სალუდე ფორიო. აი, ეხლა მაშინდელ საწყავ გვიდგას, იმ ფურის რქის წყეი. ის რქა კი, აი, ციხეში დგას, აღარ იქნების ახლა, — დალპებოდა...".
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ხსენებულ მონათხრობში წერია "დალპებოდა", ფაქტია, რომ უკვალოდ არ გამქრალა ფურის რქა, რადგან საყმოს წარმოდგენა ჰქონდა თუ დაახლოებით რა ტევადობის იყო იგი. როდესაც მთხრობელი ამბობს "დალპებოდა", შესაძლოა ეს მთხრობლის პირადი აზრიც იყოს და არა საყმოს საერთო წარმოდგენა.
"იმ ფურის რქა, რომელშიაც ერთი კოდი პური ჩადის, ეხლა ხახმატის ჯვარის მონაშენობაშია შენახული, მაგრამ თქვენ ფერეებს კი იმას არ ვაჩვენებთო". ვაჟასეულ ტრადიციაში ჩანს, რომ ფურის რქას საფარველი ადევს და უხილავია, რადგან ისეთ კვრივშია, სადაც შეღწევა არავის შეუძლია.
ქაჯავეთური ფურის რქა უკავშირდება ქაჯავეთური წარმოშობის თასს. ფურის რქა უფრო მეტად არის გასაიდუმლოებული და ინახავს ლუდის დამზადების საიდუმლოებას. შესაძლოა, რომ ლუდის, როგორც წმინდა სასმელის დამზადების იდეა სწორედ ფურის რქის მოტანილი იყოს.


ცხრაძალიანი ოქროს ფანდური-ერთ-ერთი საკრალური საგანია ცხრაძალიანი ოქროს ფანდური. ვაჟა-ფშაველას "გველისმჭამელი" იწყება შემდეგი სცენით:
"სასტუმროს ისხდნენ ხევსურნი,
ლუდი ედუღა წიქასა,
ისხდნენ ბანზე და ღრეობდნენ,
თასებით სვამდნენ იმასა.
ზოგნი უკრავდნენ ფანდურსა ..."
პოემის ამ მცირე მონაკვეთში გაერთიანებულია სამი საგანი: ლუდი-თასი-ფანდური. აღწერილია, რომ სტუმრობისას ერთად იყრება საყმო ჯვარის დასტურით, განსაკუთრებულ ყურადღებას კი იქცევს თასისა და ფანდურის ურთიერთობა ამ მონაკვეთში.
ფანდურის ხმა საყმოს ცნობიერებაში ანდრეზს აღვიძებს და განაახლებს პირველ ქმედებას, რომელიც თაობიდან თაობაში უნდა მეორდებოდეს, ფანდური ერთგვარად ამაგრებს ჯაჭვს, რომლითაც ყმა დაბმულია თავის წინაპარზე.


ცხრაენიანი ზარი-თუ თასი, საკიდელი და ფანდური საყოფაცხოვრებო საგნებსაც წარმოადგენს თავის საკულტო დანიშნულებასთან ერთად, ზარი წმინდად საკულტო საგანია, რადგან იგი საყმოში მხოლოდ და მხოლოდ საკულტო დანიშნულებით გვხვდება, იმ დროსაც კი როცა პირუტყვის კისერზეა შებმული, რადგან ეს ზარი მიუთითებს, რომ ეს პირუტყვი სამსხვერპლოა.
ზარს საკულტო ცხოვრებაში იგივე ფუნქციები აკისრია, რაც ზემოჩამოთვლილ საგნებს-თასს, საკიდელსა და ფანდურს. მის მთავარ მიზანს კი როგორც ზემოჩამოთვლილი საგნები ჯვრის ყმების გაერთიანება წარმოადგენს, შეახსენოს მათ რომ საერთო პატრონი ჰყავთ.



გამოყენებული ლიტერატურა:

ზურაბ კიკნაძე- ქართული მითოლოგია, I ტომი, "ჯვარი და საყმო", 1996.

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:ქრისტინე ჯავახიშვილი
ქრისტინე ჯავახიშვილი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0