საქართველო რამდენჯერ დაეცა თბილისი. ყველა ისტორიული ფაქტი 2018, 31 ოქტომბერი, 15:48
ძნელია ისტორიაში მოიძებნოს მეორე ქალაქი, რომელიც იმდენჯერ დაეცა, რამდენჯერაც თბილისი და დღემდე განაგრძობს არსებობას. მითური არსება ფენიქსივით, ნანგრევებად ქცეული, გადამწვარი თბილისი საკუთარი ფერფლისგან აღდგებოდა, შენდებოდა, მშვენდებოდა და ისევ აოცებდა თავისი სილამაზით მრავლის მნახველ ევროპელ მოგზაურებს. თბილისი არის სიმბოლო ქართველების მებრძოლი, გაუტეხელი სულის, რომელიც არ ურიგდებოდა ქვეყნის დაპყრობას და მტრის მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ ისევ ქვეყნის აღმშენებლობას იწყებდა. ამ მებრძოლი სულის დამსახურებით, მიუხედავად იმპერიებთან მრავალი დამარცხებისა, საბოლო გამარჯვება მაინც საქართველოს რჩებოდა, მტერი კი დაღვრემილი ტოვებდა საქართველოს საზღვრებს.
ქვემოთ ნახავთ ისტორიულ ფაქტებს, თუ რამდენჯერ აიღო მტერმა თბილისი: 1. 523 წელს ეგრისის მეფე წათე განუდგა ირანელებს და ბიზანტიას დაუკავშირდა. ეგრისის მეფეს ქართლის მეფე გურგენმაც მიჰბაძა. ირანელებს სომხეთსა და ალბანეთში მეფობა გაეუქმებინათ და მალე იგივე ბედს ქართლიც გაიზიარებდა. ამას გარდა, ირანის შაჰი გურგენს მაზდეიანობის მიღებას აიძულებდა. შედეგად გურგენი აჯანყდა, მაგრამ მცირე ძალებით წინააღმდეგობა ვერ გაუწია ირანელებს და ეგრისში გადავიდა. ირანელები თბილისში შევიდნენ. 532 წელს კი ბიზანტიასა და ირანს შორის გაფორმდა ზავი, რომლის მიხედვითაც ქართლი ირანს დარჩა. ირანელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს. 2. 571 წელს სომხები ირანის წინააღმდეგ აჯანყდნენ. სომხეთის მაგალითს ქართლმაც მიჰბაძა. ირანელებმა შეძლეს ქართლიდან რომაელების განდევნა, თუმცა ქართლი ვერ შეინარჩუნეს და უკან გაბრუნდნენ. 3. 627 წელს ბიზანტიის კეისარმა, ჰერაკლემ და ხაზართა ხაკანმა, ჯიბღუმ თბილისს ალყა შემოარტყეს. ქართველებმა და ირანელებმა მტრის იერიში მოიგერიეს. ალყა გაჭიანურდა, რის გამოც ჰერაკლე კეისარი იძულებული გახდა, ალყა მოეხსნა. თბილისის აღება ბიზანტიელებმა და ხაზარებმა მომდევნო წლისთვის გადადეს. 628 წელს ჯიბღუ ხაკანის შვილი, შათი დაპირებისამებრ, თბილისს მოადგა. თბილისის დამცველები 2 თვე გმირულად იგერიებდნენ მტრის იერიშებს. ბრძოლაში დაიღუპა ქართლის ერისმთავარი სტეფანოზი. ბოლოს ხაზარებმა მაინც შეძლეს ქალაქში შეჭრა და მის დარბევას შეუდგნენ. თბილისის ციხისთავს ტყავი გააძვრეს, მისი თავი კი გალავანზე ჩამოკიდეს. 4. 689 წელს ქართველები, სომხები და ალბანელები 4 წლის განთავისუფლებულები იყვნენ არაბთა ბატონობისგან აჯანყების წყალობით, როდესაც მათ ჩრდილოეთიდან ხაზართა ახალი მარბიელი ლაშქრობა დაატყდათ თავს. ხაზარებმა ქართლი, სომხეთი და ალბანეთი ააოხრეს და ერისმთავრები დახოცეს. 5. 736 წელს არაბთა სარდალმა, მურვან ყრუმ სომხეთი და ქართლი სასტიკად ააოხრა, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოში გადავიდა. 6. 764 წელს ხაზარებმა თბილისი აიღეს და ქართლის ერისმთავარი ჯუანშერი და მისი და შუშანი გაიტაცეს. 7. 853-854 წლებში ბუღა თურქმა გამდგარი თბილისის ამირას წინააღმდეგ ილაშქრა. არაბებმა ქალაქს ანთებული კუპრი დაუშინეს. შემდეგ ქალაქი აიღეს და მთლიანად გადაწვეს. თბილისის ამირა საჰაკ ისმაილის ძე მოკლეს. არაბი ისტორიკოსის, ალ-ტაბარის ცნობით, თბილისში არაბთა შემოსევის შედეგად 50 000 კაცი დაიღუპა. 8. 1068 წელს საქართველოს სელჩუკთა სულთანი, ალფ-არსლანი შემოესია. მას მიემხრო კახეთის მეფე კვირიკე და თბილისის ამირა. ქალაქი სელჩუკებმა უომრად დაიკავეს. 9. 1122 წელს ქართველთა სახელოვანმა მეფემ, დავით IV აღმაშენებელმა თბილისი არაბთა 400 წლოვანი ბატონობისგან გაათავისუფლა. 10. 1225 წელს ჯალალ ედ-დინმა გარნისის ბრძოლაში ქართველები დაამარცხა. ერთი წლის შემდეგ, 1226 წელს, მან თბილისს ალყა შემოარტყა. ქართველები თავგამოდებით იცავდნენ ქალაქს. ხვარეზმის შაჰი მიხვდა, რომ თბილისს ვერ აიღებდა და უკან გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ისევ ღალატმა იჩინა თავი. ღამით ქალაქიდან ჩუმად გაიპარნენ თბილისელი მუსლიმები და ჯალალ ედ-დინს ეახლნენ. მუსლიმებმა მეორე დღეს ქალაქის მთავარი კარიბჭის გაღება აღუთქვეს. მეორე დღეს ხვარაზმელებმა იერიში განაახლეს და მთავარ კარიბჭეს „განძის კარებს“ შეუტიეს. ქალაქის დაცვას ძმები ჯაყელები ხელმძღვანელობდნენ. მცველთა შორის მუსლიმი თბილისელები ჭარბობდნენ. ერთ-ერთი მათგანი მემნა ჯაყელს მიეპარა და უმუზარადო თავზე ხმალი "უხეთქნა". ბოცომ მოასწრო მუაზარდის დახურვა. თბილისელი მუსლიმები და ქართველები ერთმანეთს დაერივნენ. ამასობაში მუსლიმებმა შეძლეს კარიბჭის გაღება და გაშმაგებული ხვარაზმელები ქალაქში შეიჭრნენ. ისინი არ ინდობდნენ არც ქალს, არც ბავშვს და არც მოხუცს. ხვარაზმელებმა არც მუსლიმები დაინდეს და ქალაქის ყველა მცხოვრებს სასტიკად გაუსწორდნენ. ხვარაზმელებს დაუნგრეველი და წაუბილწველი არ დარჩენიათ არც ერთი ნაგებობა, არც ერთი სიწმინდე. სიონის ჯვარი ხმლით ჩამოაგდო ჯალალმა, გუმბათი მოანგრია და მასზე ტახტი დადგა. ეს იყო თბილისის ყველაზე მძიმე და სასტიკი აოხრება მთელი მისი ისტორიის მანძილზე. ხვარაზმელების მიერ თბილისის აოხრება შეიძლება ვანდალების მიერ რომის აოხრებას შევადაროთ. ჯალალ ედ-დინის შემოსევის შედეგად თბილისში 100 000 ადამიანი დაიღუპა. დიდი და ძლიერი ქალაქი, რომელიც 100 წელზე მეტხანს საქართველოს იმპერიის დედაქალაქს და მთელი კავკასიის ცენტრს წარმოადგენდა, ერთ დღეში მთლიანად განადგურდა და გაუკაცრიელდა. 11. 1235 წელს მონღოლები ხელმეორედ გამოჩნდნენ საქართველოში. ამჯერად არა დასაზვერავად, არამედ ქვეყნის დასაპყრობად მოვიდნენ. საქართველოს მეფე რუსუდანი ქუთაისში გაიქცა. მონღოლებმა მთელი აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრეს. 12. 1386 წელს საქართველოს თემურ-ლენგი შემოესია. ბაგრატ V-მ საომრად მომზადებული დაახვედრა ქალაქი მტერს. მოწინააღმდეგე კედლის გარღვევას ცდილობდა, საომარ კოშკებს აგებდა და იქედან ცდილობდა ქალაქში შეჭრას. 10 დღიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ თემურ-ლენგის ურდოები ქალაქში შეიჭრნენ. ბაგრატ მეფე ერთ-ერთ ციხეში გამაგრდა და იქედან აგრძელებდა წინააღმდეგობას. ბოლოს დამარცხებისთვის განწირული მეფე მტერს ჩაჰბარდა. 13. 1387 წელს მეორედ შემოიჭრა თემურ ლენგი საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველო მოარბია. 14. 1440 წელს თბილისი თურქმენებმა აიღეს და მოსახლეობას მხეცურად გაუსწორდნენ. 15. 1477 წელს აყ-ყოიონლუს მმართველი უზუნ ჰასანი საქართველოს შემოესია. დაშლის პირას მდგარმა დასუსტებულმა ქვეყანამ მტერს წინაარმდეგობა ვერ გაუწია. უზუნ ჰასანმა უბრძოლველად დაიკავა თბილისი. 16. 1487 წელს თურქმენებმა საქართველოში ილაშქრეს. იაყუბ ყაენმა დიდი დანაკარგითა და გაჭირვებით მოაღწია თბილისამდე, თუმცა შემცირებული ჯარით მისი აღება ვეღარ მაოხერხა და უკან გაბრუნდა. 1488 წელს იაყუბ ყაენი ხელმეორედ გამოემართა საქართველოსკენ. რამოდენიმედღიანი ალყის შემდეგ ზავი დაიდო და ქალაქი ყაენს გადაეცა, სადაც მან თურქმენული გარნიზონი ჩააყენა. 17. 1520 წელს შაჰმა, ისმაილმა დაამარცხა დავით X. ამის შემდეგ ყიზილბაშები თბილისს მოადგნენ. ქალაქი კარგად იყო გამაგრებული, თუმცა შაჰმა ციხისთავი მოისყიდა, რომელმაც ქალაქის კარი მტერს გაუღო. ყიზილბაშებმა ქალაქი აიღეს და მოსახლეობა დაარბიეს. 18. 1541 წელს შაჰ თამაზი ყარაბაღში შევიდა. მან 12 000 მხედარი შეარჩია და ღამით უჩუმრად თბილისზე თავდასხმა უბრძანა. ყიზილბაშები ღამით მოადგნენ ქალაქს. მტრის მოულოდნელად გამოჩენით შეშინებულმა ქალაქის მოურავმა გულბაათმა ქართველებს უღალატა და ქალაქი მტერს ჩააბარა. 19. 1554 წელს შაჰ თამაზი მეოთხედ შემოესია საქართველოს და აიღო თბილისი. 20. 1578 წელს ოსმალები თბილისს მოადგნენ. ირანის დასმულმა ქართლის მეფემ, დაუდ ხანმა, ქალაქი თავად გადაწვა და გაიქცა. ოსმალები თბილისში უომრად შევიდნენ. 21. 1625 წელს მარაბდის ბრძოლაში მოპოვებული წარმატების შემდეგ ირანელებმა თბილისი დაიკავეს, თუმცა პარტიზანულ ბრძოლაში ქართველების გამარჯვების შემდეგ, იძულებულები გახდნენ, ქართლი დაეტოვებინათ. 22. 1723 წელს თურქები მოადგნენ თბილისს და ქალაქი თითქმის უბრძოლველად დაიკავეს. 23. 1735 წელს თბილისი ნადირ შაჰმა ჩაიგდო ხელში. 24. 1795 წლის 8-11 სექტემბერს კრწანისის ველზე უთანასწორო ბრძოლა გაიმართა. ერეკლე II 5000 კაცით აღა-მაჰმად-ხანის 35 000-იან არმიას ებრძოდა. 3 დღიანი სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ აღა-მაჰმად-ხანი უკან გაბრუნებას აპირებდა დიდი დანაკარგების გამო, მაგრამ მოღალატეებმა აცნობეს – ერეკლეს მცირე ჯარი ჰყავსო. მეორე დღეს აღა-მაჰმად-ხანმა იერიში განაახლა. უთანასწორო ბრძოლაში ირანელებმა გაიმარჯვეს. 300 მარაბდელი ბოლომდე შეაკვდა მტერს. ბრძოლის ველზე 3000 ქართველი და 13 000 ირანელი ესვენა. გამარჯვებულმა აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი გადაწვა, 15 000 ქართველი კი ტყვედ წაასხა. 25. უკანასკნელად თბილისი 1921 წელს დაეცა. ლორეში პროვოცირებული აჯანყების შემდეგ რუსული წითელი არმია ყველა მხრიდან შემოიჭრა საქართველოში. რუსები ადვილად გამარჯვებას ვარაუდობდნენ, თუმცა მათდა გასაკვირად, ქართველები თბილისის მისადგომებთან 10 დღე იგერიებდნენ რიცხვმრავალ მტერს. თავდაპირველად ქართველებმა წარმატებასაც კი მიაღწიეს და 1000 დატყვევებული წითელარმიელი თბილისის ქუჩებში საზეიმოდ ჩამოატარეს, თუმცა რუსების სამხედრო ძალები ყოველდღე ივსებოდა, მაშინ როდესაც ქართველთა ჯარი სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. ბოლოს მთავრობამ თბილისის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მტერი ყველა მხრიდან უახლოვდებოდა ქალაქს და ქართული ჯარი ალყაში ექცეოდა. 25 თებერვალს მე-11 წითელი არმია დედაქალაქში შევიდა. მიუხედავად თბილისის დათმობისა, საბრძოლო მოქმედებები მთელი ქვეყნის მასშტაბით 17 მარტამდე გაგრძელდა. 1072 5-ს მოსწონს
|