x
ადამიანი და პასუხისმგებლობა

image

რაც უფრო მეტ ადამიანზეა პასუხისმგებლობა გადანაწილებული, მით უფრო მცირეა თითოეულის პასუხისმგებლობა არსებული საკითხის მიმართ.

მინდა ამ თემის განხილვა მსოფლიოში ცნობილი ფაქტით დავიწყო, რომელიც 1964 წელს მოხდა ნიუ-იორკში. ერთ მშვიდ საღამოს სახლში დაბრუნებისას ქეთი ჯენოვეზს თავს დაესხა უცნობი მანიაკი, რომელმაც მსხვერპლი ჯერ გაძარცვა, შემდეგ კი სასიკვდილო მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ამ დროის მანძილზე ქალბატონის ყვირილზე ფანჯრებს, მართალია, როგორც ჟურნალ “Time“-მა შეცდომით განაცხადა 34 არა, მაგრამ ათეულებით მეზობელი ნამდვილად მიაწყდა და შემზარავი ფაქტის თვითმხილველი გახდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლსა და თავდამსხმელს შორის ბრძოლა დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა, არც ერთი მეზობელი არ გასულა მის დასახმარებლად და არც პოლიციაში დაურეკავს ვინმეს.

მომხდარმა მთელი მაშინდელი ამერიკული მედია მოიცვა. ჟურნალ-გაზეთები აივსო „გულგრილობა“, „დეჰუმანიზაცია“, „ინდიფერენტულობა“, „მორალური უპასუხისმგებლობა“, - სათაურის მქონე სტატიებით. ასეთივე იყო რიგითი მოქალაქეების შეფასებებიც. ეს ტრაგიკული ამბავი არ დარჩენილა არც მეცნიერების ყურადღების მიღმა და უფრო მეტიც, სწორედ ამ ისტორიამ მისცა ბიძგი ადამიანის ქცევის თავისებურებების კვლევას საგანგებო სიტუაციებში.


მეცნიერთა ჯგუფმა ბიბ ლატანესა და ჯონ დარლეის ხელმძღვანელობით, ამ ფენომენის საკვლევად, ჩაატარეს ასეთი ექპერიმენტი:

მათ დაავალეს რამდენიმე მოხალისეს, მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში. ხოლო იმის გამო, რომ საუბარი წარიმართებოდა დელიკატურ საკითხებზე, მონაწილეებს კომუნიკაცია ერთმანეთთან შორი მანძილიდან, დისტანციურად, ხელსაწყოების დახმარებით ექნებოდათ. საუბრის დროს, ერთ-ერთი თანამოსაუბრე სიმულაციურად განასახიერებდა ეპილეფსიურ შეტევას, რომელიც ხმების საშუალებით ადვილი ამოსაცნობი იყო. მაშინ, როცა საუბარი მიმდინარეობდა ერთი-ერთზე, 85 % მონაწილეებისა ცდილობდა დახმარებოდა დაზარალებულს, ხოლო, როცა საუბარი 4 ადამიანს შორის მიმდინარეობდა, მხოლოდ 31%-მა სცადა ეღონა რაიმე და როგორღაც ზეგავლენა მოახდინა მომხდარზე. ამ შემთხვევაში ყველა ფიქრობდა, რომ ვინმე სხვას უნდა აეღო თავზე მშველელის როლი.

მსგავსი არაერთი კვლევისა და დაკვირვების შემდეგ, ამ ფენომენს „მოწმის ეფექტს“ ხანდახან „ჯენოვეზეს სინდრომსაც“ კი უწოდებენ.

ჩვენთვის დღეისათვის უკვე ცნობილია, რომ თვითმხილველის ქცევას მსგავს შემთხვევებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს, ესენია: საგანგებო სიტუაციების მახასიათებლები, თავად ინდივიდში მიმდინარე პროცესები და ის სოციალური გავლენები, რომლებსაც თვითმხილველები ერთმანეთზე ახდენენ. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ საგანგებო სიტუაციებში ადამიანები აკვირდებიან გარშემომყოფთა ქცევას და ძალიან ხშირად სწორედ ამ დაკვირვების შედეგები განსაზღვრავენ მათ შემდგომ მოქმედებას. ეს დაკვირვება კი, როგორც წესი, მაშინ იწყება, როცა ადამიანები ცდილობენ გაარკვიონ არის თუ არა რაიმე საეჭვო სიტუაციაში და თუ გარშემომყოფები მომხდარს არ უთმობენ სათანადო ყურადღებას ან არასერიოზულად აღიქვამენ მას, თავადვეც ასკვიან, რომ სიტუაცია არც ისე საგანგაშოა და უმოქმედობას არჩევენ. მსგავს სიტუაციას კი საერთო იგნორირებამდე მივყავართ. ამის გარდა, ასეთ სიტუაციებში ხშირად თავს იჩენს პასუხისმგებლობის დიფუზიის ფენომენიც, რაც გულისხმობს შემდეგს: „საგანგებო პირობებში რაც უფრო დიდია თვითმხილველთა რიცხვი, მით უფრო ნაკლებია თითოეული მათგანის პასუხისმგებლობა დახმარების აღმოჩენის თვალსაზრისით.“ მსგავსი ფენომენი კრიმინოლოგიაში გვხდება “დაუხმარებლობის სინდრომი„-ს სახელით.

1983 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დღის 4 საათზე ჩაატარეს შემდეგი ექსპერიმენტი: პირველ სართულზე სახლიდან, რომლის ფანჯარაც ღია იყო, ისმოდა მაგნიტოფონზე ჩაწერილი ხმები, რომელიც ოჯახური ძალადობის ამსახველ ფრაზებსა და ტონალობას შეიცავდა. კერძოდ: მამაკაცის აგრესიული ყვირილი, სახეში გარტყმის ხმა და სასოწარკვეთილი პატარა ბავშვის ტირილი. ნახევარი საათის განმავლობაში ყოველივე ეს დაახლოები 1000 გამვლელმა მაინც გაიგონა, რომელთაგან მხოლოდ შვიდ ადამიანს გაუჩნდა სურვილი დახმარებისა. მათგან 4 ახლომდებარე პოლიციის განყოფილებაში მივიდა და გაგონილის შესახებ მოყვა, ხოლო 3-მა ოჯახის კარზე დააკაკუნა. ანუ, ამ ექსპერიმენტმა უჩვენა, რომ სულ რაღაც 0.7 %-მა გამოიჩინა დახმარების სურვილი.

გაზეთ „New York Post“-მა 2010 წლის 27 აპრილს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც მკვლელი მისდევს ახალგაზრდა გოგონას. მკვლელს წინ უსახლკარო ადამიანი ეღობება, რომელსაც დამნაშავე სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებს. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ დაზარალებულ ადამიანზე თავდასხმა მოხდა 17:40 საათზე. იგი ძირს უგონოდ დავარდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფისათვის კი თავდასხმა ცნობილი გახდა მხოლოდ 19:20 საათზე, ანუ 1 საათის და 40 წუთის განმავლობაში მსხვერპლი ყოველგვარი ყურადღების გარეშე ეგდო მიწაზე. ამ დროის განმავლობაში ამ ადგილას მრავალმა ადამიანმა ჩაიარა, ზოგმა მას მობილურით სურათებიც კი გადაუღო, თუმცა არც ერთ მათგანს არ გამოუძახია სასწრაფო დახმარება.

ზემოთმოყვანილი ერთმანეთისაგან ხანგრძლივი დროის პერიოდით განსხვავებული მაგალითები ერთი და იმავეს მოწმობს და საბოლოო ჯამში ყველა პასუხისმგებლობის გადანაწილებამდე დადის.

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო თენიეშვილი
ანანო თენიეშვილი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0