x
მეხსიერება და მისი შესაძლებლობები
image

რა არის ჩვენი ცხოვრება, თუ არა კრებული მოგონებებისა?! რა გვქმნის პიროვნებად, თუ არა სწავლება, გამოცდილება, რომელიც ასევე მეხსიერებას უკავშირდება. სწორედ ამიტომ არის ტვინი გულზე და სხვა ორგანოებზე გაცილებით მნიშვნელოვანი ადამიანისთვის. მეხსიერება ეს ტვინის მოქმედების ერთ-ერთი ფსიქიკური მოქმედებაა. ის უზრუნველყოფს სამყაროს სრული სურათის აგებას, აკავშირებს შთაბეჭდილებებს, წარსულს აწმყოსთან და მომავალთან.


ადამიანის ინდივიდუალიზმი მეხსიერებაშიც ჩანს. ვიღაც უკეთ იმახსოვრებს იმას, რასაც ხედავს, ზოგი კი იმას, რაც ესმის. პირველ შემთხვევაში ამბობენ, რომ საქმე გვაქვს ვიზუალურ მეხსიერებასთან, მეორეში კი - სმენითთან. ითვლება, რომ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია 20-დან 100 ათასამდე სიტყვის დამახსოვრება. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთაც უნივერსალური მეხსიერება გააჩნიათ. ალექსანდრე მაკედონელმა ყველა მისი მეომრის სახელი იცოდა. მოცარტისთვის საკმარისი იყო მუსიკალური ნაწარმოების ერთხელ მოსმენა, რათა ის თავად შეესრულებინა და შემდეგ ფურცლებზეც გადაეტანა. ჩერჩილს შეეძლო ზეპირად მოეყოლა შექსპირის მთელი შემოქმედება. ბილ გეიტსს ახსოვს ასობით კომპიუტერული კოდი. აკადემიკოსმა აბრაამ იოფემ ზეპირად იცოდა ლოგარითმების ცხრილი. ასეთი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები ამტკიცებენ თუ რაოდენ უსაზღვროა მეხსიერების შესაძლებლობები.


ზოგადად, სამწუხაროდ, ადამიანი იყენებს საკუთარი მეხსიერების არაუმეტეს 10%-ისა. დანარაჩენის ძალა უბრალოდ იკარგება. მეხსიერებაში მიმდინარე პროცესებისა და ინფორმაციის შენახვის სტრუქტურების საკითხი ფსიქოლოგიში დიდი ხანია დაისვა, თუმცა საკითხის გადაჭრა გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული, რადგან მეხსიერებაში შენახული ინფორმაცია არაცნობიერის სფეროს ეკუთვნის. ეს კი შეუძლებელს ხდის მეხსიერების სტრუქტურებზე უშუალო დაკვირვებას. მეხსიერების ფუნქციონირების შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ მასში აღბეჭდილი და რაიმე სახით აქტივირებულ ინფორმაციათა ურთიერთმიმართების კვლევის გზით. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეხსიერების ბუნებრივი კანონების გამოყენება დაგვეხმარება ამა თუ იმ ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებაში.



შთაბეჭდილება, განმეორება, ასოციაცია - ეს კანონები სრულიად მარტივია. მაგალითად, თუ ჩვენ გვსურს რაიმე უკეთ დავიმახსოვროთ, საჭიროა მისი შთაბეჭდილების შექმნა. ამისთვის კი ვიზუალთან ერთაც, ხმის და შეხების გამოყენებაც შეიძლება. ვიზუალური შთაბეჭდილება ყველაზე მყარია. ნერვები, რომლებიც თვალსა და ტვინს აკავშირებს, ოცჯერ სქელია, ვიდრე ტვინისა და ყურის. მაგალითად, მარკ ტვენს უჭირდა საკუთარი გამოსვლების დამახსოვრება, სანამ იგი იყენებდა ჩანაწერებს. მაგრამ როცა მან დასამახსოვრებლად ნახატები გამოიყენა, ეს პრობლემა მოეხსნა.

გამეორებას ბევრი ახსნა არ სჭირდება. ქართული ანდაზაც კი ამბობს: „გამეორება ცოდნის დედააო.“ რაც შეეხება ასოციაციას, ის ძალიან კარგი საშუალებაა საიმედოდ დავიმახსოვროთ ინფორმაცია, თუ მას შევადარებთ რაიმე სხვას ფაქტს.

დღეისთვის არსებობს სხვა უამრავი გონების და მეხსიერებისთვის საჭირო სავარჯიშო. ისინი გვეხმარებიან და გვასწავლიან ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებას.

თუმცაღა როგორც დამახსოვრების, ისევე დავიწყების უნარს დიდი როლი აქვს ადამიანისათვის. ყველაფრის დამახსოვრება შეუძლებელია. ტვინი უნდა გათავისუფლდეს გამოუსადეგარი და მისთვის არასაჭირო ინფორმაციისაგან. მეხსიერება თავადვე არეგულირებს თავისი „ტვირთს.“ არჩევს, რა :"გადააგდოს" და რა სიახლეებისთვის დატოვოს თავისუფალი ადგილი. თუმცაღა ამ პროცესით ძველი ინფორმაცია სულაც არ ქრება უკვალოდ, უბრალოდ გადადის აქტიური მეხსიერებიდან პასიურში.


შეჯამებისთვის, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ მეხსიერების უდიდეს როლს ადამიანის ცხოვრებაში და ვიტყვი იმას, რომ მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა კაცობრიობის ზრდა-განვითარება. სწორედ ტვინის ამ შემეცნებითი ფსიქიკური პროცესის დამსახურებაა ჩვენი დღევანდელობამდე მოღწევა. ხოლო მისი შესაძლებლობების დახვეწით კი ადამიანს შეეძლება გაცილებით შორსაც წავიდეს, იმდენად შორს - ვერც კი წარმოგვიდგენია.


0
54
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო თენიეშვილი
ანანო თენიეშვილი
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0