x
ებრაული დიასპორა შიდა ქართლში
image

ქართველი ერი ყოველთვის ამაყობდა თავისი ჰუმანურობით, შემწყნარებლობითა და ტოლერანტობით სხვა ერების მიმართ. ამის დასადასტურებლად ებრაელი და ქარ­თველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობაც კმარა. საქართველოში ებრაელები უძვე­ლესი დროიდან ცხოვრობენ. ისტორიული ცნობების თანახმად, საქართველოს ძველ დედა­ქალაქში, მცხეთაში, ებრაელები პირველად ძვ.წ. VI საუკუნის დასასრულს დასახლდნენ, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ იუდე­ას განადგურების შემდეგ. ამ ცნობას გვაწვდის ლეონტი მროველის “ქართლის ცხოვრება“ : “ ნაბუქოდონოსორ მეფან წარ­მოსტყვნა იერუსალიმი და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს და მცხეთელ მა­მასახლისისაგან მოითხოვეს ქვეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა წყაროსა, რომელსაც ჰქივია ზანავი“. ამგვარად, ებრაელები უხსოვარი დროიდან მოვიდნენ საქარ­თვე­ლოში და გაიზიარეს ქართველი ხალხის ისტორიული ბედი. ისინი მცხეთიდან თან­დათანობით გა­დასახლდნენ ჯერ საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ხოლო შემდეგ გავრცელდნენ დანა­რჩენ კავკასიაში. ყველაზე მნიშნველოვანი და ხაზგასასმელია ის ფაქ­ტი, რომ ებრაელებმა თითქმის ყველგან შეინარჩუნეს თავიანთი იდენ­ტობა, რელიგია და კულტურა.

ებრაელთა რაოდენობა საქართველოში ცვალებადი იყო. მოსახლეობა ხშირად საკუთარი სურვილისამბერ იცვლიდა ადგილსამყოფელს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ებრაელ­თა პერიოდულ შემცირებას ქვე­ყნის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განაპირობებდა. გადაჭ­რით არ შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესს სახელმწიფოს, ეკლესიის ან ქრისტიანი მოსახ­ლეობის მიერ გატარებული რაღაც განსაკუთრებული ღონისძიებები ედო საფუძვლად. მისი მიზეზები უმთავრესად ქვეყნის მდგომარეობაში უნდა ვეძებოთ - ხშირი ომები, ეპი­დემიები, მოტაცება - ყველა ამ უბედურებას ებრაელები ქართველ ხალხთან ერთად იზიარებდნენ. ქართველებისა და ებრაელების მეგობრობაში იშვიათად შევხვდებით ფაქტს, როცა ქართველი არბევს ებრაელთა წმინდა სალოცავებს, მათ სახლს, მიწას ან დევნის მათ ქვეყნიდან.

ებრაელები საქართველოში მოსვლის პირველ საუკუნეებში ქალაქებში დასახლდნენ, ამი­ტომ მათი საქმიანობა ძირითადად ვაჭრობითა და ხელოსნობით შემოი­ფარგლებოდა. ებ­რაელებს მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ საქარ­თველოს როგორც საშინაო, ისე სა­გარეო ვაჭრობაში. სოციალურად და ეკონომიურად განსხვავებულ მდგომარეობაში იყვნენ ქალაქისა და სოფლის ებრაელი ვაჭრები. ქალაქის ვაჭრები მთლიანად ვაჭრობას მისდევდნენ და მათი საქმიანობის სივრცეც შედარებით ფართო იყო. სოფელში მცხოვრებ ებრაელთა ვაჭრობა უფრო სეზონურ ხასიათს ატარებდა.


1800 წელს საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით, აქ ცხოვრობდა 3300 ებრაელი; 1833 წელს - 4000, 1865 წელს - 7800. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ებრაელთა რაოდენობა საგრძნობ­ლად იზრდე­ბოდა. დღეს­დღეობით კი საქართველოში 10 000-ზე მეტი ებრაელი ცხოვ­რობს, რომლებიც მიჰყვებიან თავიანთი წი­ნა­­პრების რელიგიასა და კულტურას.

საქართველოსთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იყო ში­და ქართლის რეგიონი, როგორც გეოგრაფიული და სტრატეგიული, ისე კულტურული თვალ­საზრისით. შიდა ქართლის ტერიტორიაზე ებრაელთა გამოჩენა, შეიძლება ითქვას, მათი საქართველო­ში დასახლების პირველივე წლებიდან იწყება. მათი განსახლების ძირითადი არეალი ცხინვალის ტერიტორიას მოიცავდა, საიდანაც გორში გადავიდნენ. როგორც ყველგან, ისინი შიდა ქართლშიც ვაჭრობა-ხელოსნობით იყვნენ განთქმულნი. მეოცე საუკუნის დასაწყისში, ცხინვალში ხუთასზე მეტი ებრაული ოჯახი ცხოვრობდა. ისრაელში რეპატრიაციის განახლების შემდეგ კი შიდა ქართლის ტერიტორიაზე შემცირდა ებრალთა რაოდენობა - 70-იანი წლებისთვის აქ 150-160 ოჯახი ირიცხებოდა. საქართველოს დატოვებას სამაჩაბლოს კონფლიქტმა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის მძიმე 90-იანმა წლებმაც შეუწყო ხელი, შიდა ქართლში სულ სამი ოჯახიღა იყო დარჩენილი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ფეხზე დადგომის თა­ნა­დროულად ბევრი ებრაელი დაუბრუნდა საქართველოს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ებრაელთა შიდა ქართლში დასახლება დაიწყო ცხინვალის ტერიტორიიდან, საიდანაც ისინი გორში გადავიდნენ და გორის ციხის გარშემო დასახლდნენ, ვინაიდან კვირაობით აქ ბაზრობა იმართებოდა და, როგორც ვთქვი, ებრაელებისთვის ვაჭრობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ქ. გორში გამორჩეული პროფე­სორის, ელდარ მამისთვალაშვილის აზრით, ებრაელები გორში მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გამოჩენილან. ცნობილია, რომ ადრე ისინი გორთან სიახლოვეს არსებულ ისეთ სოფლებში სახლობდნენ, როგორებიცაა: ვარიანი, ურბნისი, ატენი. გორში მცხოვრებ ქართველებსა და ებრაელებს შორის არ შემორჩენილა დაპირისპირების ან უთანხმოების ფაქტები. ამ პატარა ქალაქში ქართველები დიდ სიყვარულსა და პატივის­ცემას გამოხა­ტავენ გამოჩენილი ებრაელების მიმართ, რომლებსაც დიდი წვლილი შეჰქონდათ და დღემდე შეაქვთ ქალაქისა და საზოგადოების განვითარებაში.

საქართველოში არსებულ ებრაელთა სალოცავებს შორის გამორჩეულია გორის სინაგოგა, რომელიც 1936 წელს საზეიმოდ გაიხსნა. რატომ არის ეს მოვლენა მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ 1936 წელი არის დრო, როცა მთელ საბჭოთა კავშირში ანგრევდნენ სინაგო­გებს, იჭერდნენ რაბინებს. გორში, სტალინის მშობლიურ ქალაქში კი სინაგოგის არა თუ დანგრევის, არამედ მშნებლობის პროცესი სრულდებოდა. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობაზე.

მიუხედავად რთული პერიოდისა, 1996 წელს საზეიმო ვითარებაში აღინიშნა გორის ბეით-ქნესეთის (ბერძნულად: სინაგოგის) შექმნიდან 60 წლის თავი. ღონისძიებაში არა მარტო ებრაელი, არამედ ქართველი მოსახლეობაც იღებდა მონაწილეობას, რაც ორმა­გად სასიხარულოს ხდიდა სადღესასწაულო გარემოს. შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვის ხელს უწყობდა ეროვნული უმცირესობების დღესასწაულების წარმართვას. აგრეთვე, მსგავს ღონისძიებების ორგანიზებისთვისა და გორში მცხოვრები ებრაელების დასახმარებლად არსებობს ორგანიზაცია “ხესედი“, ქართველი ებრაელის, ქალბატონ თეონა მაღალაშვილის ხელმძღვანელობით. ორგანიზაცია მრავალი წელია დიდ საქმეს ემსახურება, როგორც ქართველი ებრაელების ცხოვრების გაუმჯობესების­თვის, ისე ქართულ-ებრაული მეგობრობის განმტკიცებისთვის. 2015 წელს გორის მერმა ზურაბ ჯირკვე­ლიშვილმა გორელ ებრაელებს ხანუქა მიულოცა და დღესასწაულის მთავარი ატრიბუტის - მენორას პირველი სანთელიც აანთო : “მე ყოველთვის ამაყი ვარ, როდესაც ვლაპარაკობ ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობაზე. ეს არის კაცობრიო­ბისთვის უმწიკვლო მეგობრობის ყველაზე ნათელი მაგალითი. ჩვენ, ამ ქალაქში ვინც დავიბადეთ, ვერასოდეს ვამჩნევდით განსხვავებას ჩვენს შორის, ვიზრდებოდით ერთ გარემოში, ვიყავით ყველანი ერთნი და ყველას ერთად გვიყვარდა ყველაფერი, რაც შეიძ­ლება ადამიანს უყვარდეს- ოჯახი, მშობლები, შვილები, სამშობლო... ეს ურთიერთობები გრძელდება დღესაც.“- განაცხადა მან გორელ ებრა­ელებთან შეხვედრისას.

გორში მრავალი გამორჩეული ებრაელი ცხოვრობს, როგორც ქალაქისთვის, ისე ქვეყნის­თვის. გორელი ხალხი დიდი სიყვარულით იხსენებს იქ მცხოვრებ ებრაელ პოეტებს, მეცნიერებს, ექიმებს და სხვა მრავალ ებრაელს. გამორჩეული პიროვნებაა პროფესორი, ისტორიკოსი და მკვლევარი, ბატონი ელდარ მამისთვალაშვილი, რომელიც დაჯილდო­ვე­­ბულია ღირსების ორდენით. აგრეთვე განსაკუთრებული ადამიანი იყო მიხეილ შაფ­თოშვილი, რომლის მრავალმხრივ ნიჭიერე­ბაზე ბევრს საუბრობ­დნენ ადრეც და ახლაც. საზო­გადოება მას იცნობს, როგორც მწერალს, ჟურნალისტს, რეჟი­სორს, დრამატურგს, სხვადა­სხვა ღონისძიებების ორგანიზატორსა და სულისჩამდგმელს. ქართველმა და ებრაელმა ხალხმა შეიყვარა მისი ნაწარმოებები : “მე ებრაელი, ანუ დიალოგი საკუთარ თავთან“, “ღმერთი მაღლიდან იყურებოდა“, “ურიად მოველ“ და სხვა. თითოეულ ნაწარმოებში ჩანს მისი დიდი სიყვარული საქართველოსა და ქართველი ერის მიმართ : “26 საუკუნეა ამ მიწის შვილი ვარ და მიუხედავად ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში დროის ამ უსაზღვრობისა, მაინც წუთისოფელში, ეროვნული მიზეზით განდევნის შიში არა მქონია, რწმენის გამო ინკვიზიციის კოცონებში არ ჩავფერფლილვარ, დამნაშავე-ტუსაღივით გეტოს დაღი არ დამდებია... გადარჩენისთვის თავშესაფარი არ მიძებნია.“ გორისთვის გამორჩეული პიროვნება, მიხეილ შაფთოშვილი, გორის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. მის სახელს ატარებს ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა. 2001 წელს კი გაიხსნა მემორიალური დაფა მის საცხოვ­რებელ ადგილას, რაც ქალაქისა და მოსახლეობის მხრიდან მადლიერებისა და სიყვა­რულის გამოხატულებაა.

მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობისა, 2016 წლის პირველ დეკემბერს გორში სინაგოგა გაქურდეს. როგორც ცნობილია, მძარცველებმა წაიღეს ხბოს ტყავზე შესრულებული ხელით ნაწერი უძველესი “სეფერ-თორები“. რამდენიმე მათგანი სინაგოგასთან ახლოს, გორის ციხის ტერიტორიაზე დაზიანებულ მდგომარეობაში იპოვეს. “სეფერ-თორა“ ებრაელი ერისთვის ფასდაუდებელ საგანძურს წარმოადგენს. გორის სინაგოგა მოინახულა ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა, რომელმაც გამოთქვა დიდი მწუხარება მომხდარ ამბავთან დაკავშირებით. აუცილებელია, ყველამ კარგად გავითავისოთ, რომ მსგავსი ფაქტები ყველგან ხდება და ამან გავლენა არ მოახ­დინოს ქართველებისა და ებრაე­ლების ურთიერთობაზე, არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი თანაარსებობა საერთო მიწაზე. აქამდე ხომ საკუთარი და ერთმა­ნეთის კულტურე­ბის დიდმა სიყვარულმა და პატივისცემამ მოგვიყვანა. საქართველოში მრავალი ერის შვილებს უცხოვრიათ საუკუნეების განმავ­ლობაში, მაგრამ ისე ვერ შეუ­თვისებიათ და შეუცვნიათ ჩვენი ყოფა, კულტურა და ტრა­დიციები, როგორც ეს 2600 წლის მანძილზე საქართველოში მცხოვრებმა ებრაელებმა შეძლეს. ამ ურთიერთობებიდან გამომდინარე ქართულ ენაში აბრაამის ძეთა ეროვნების აღმნიშვნელი მსოფლიოში უანა­ლოგო ტერმინი- ქართველი ებრაელი დამკვიდრდა (საქართველოში ქართველებთან მრა­ვალ­საუკუნოვანი თანაცხოვრების მიუხედავად, ვერ შედგა ტერმინი “ქართველი სომეხი“, “ქართველი აზრებაიჯანელი“ და ა.შ.)

ქართველებისა და ებრაელების ურთიერთობის კვლევისას და ამ დიდ მეგობრობაზე ფიქრისას, პროფესორ ზურაბ კიკნაძეზე უკეთ თქმა ნამდვილად არ გამომივა: “საქართვე­ლოს ებრაელობაზე როცა ვსაუბრობთ, უნებურად უშორეს საუკუნეებისკენ გაგვირბის ფიქრი, ჩვენი ისტორიის გარიჟრაჟისკენ. სადამდისაც კი ჩვენი ისტორიული მახსოვრობა სწვდება, იქ ჩვენ ქართველ ებრაელობასაც ვხედავთ. ორიათას ექვსასი წელი არ არის მხოლოდ წელიწადთა უბრალო სიმრავლე. აქ ისეთი შემთხვევაა, როცა სიმრავ­ლე, მართლაც, ადის თვისობრიობაში. ეს პერიოდი საკმარისია იმისთვის, რომ ხალხი წარმოიშვას, ერად ჩამოყალიბდეს, შექმნას კულტურა, დაეცეს და გავიდეს ისტორიის ასპარეზიდან, გაქრეს. ვინ იცის, რა უხანგრძლივებს ერს მის ისტორიულ ყოფას, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მიწაზე, სადაც მრავალ ხალხს ჩაუვლია ან უცხოვრია, საუკუნითა სიღრ­მიდან ორმა ერმა მოაღწია დღემდე. ერთნი ამ მიწის მკვიდრნი არიან, მეორენი - მდგმურ­ნი, რომელთაც არასოდეს დავიწყებიათ თავიანთი ძველი მიწა. ქართველმა ებრაელობამ ქართველ ერს შემოუნახა მისი, როგორც ქრისტიანი ერის, დასაბამიერი ხანის მატიანე. თავად შემნახველი თავისი მრავალტანჯული ისტორიისა, ის თავის ტრადიციაში ინახა­ვდა ჩვენი ისტორიის გარდამტეხი ეპოქის არა მხოლოდ ვითარებას, არამედ ამ ვითარების ცოცხალ სურათებს, ადამიანთა სახეებს, ადამიანურ ურთიერთობებს. ელიოზი, აბიათა­რი, სიდონია... ეს ღირსშესანიშნავი პირნი, ებრაელი ხალხის სისხლი და ხორცი, ქართვე­ლი ერის სულიერი კულტურის მშენებლები არიან... ებრაელობის ნაწილი ჩვენთან რჩება. ქართველობა ამას არა თუ მიესალმება, არამედ აუცილებლადაც მიაჩნია. ეს ასეც უნდა მოხდეს. ებრაელთა აქ მყოფობა ჩვენი საერთო ისტორიული გზის უწყვეტობის ნიშანი იქნება.“


გამოყენებული ლიტერატურა

  • “მენორა“ - რედ. გურამ ბათიაშვილი, თბილისი, 2003 წელი;
  • “მიხეილ შაფთოშვილი“ - რედ. იოსებ ჭუმბურიძე, 2016 წელი;
  • “ქართველ ებრაელთა ისტორია“ (ანტიკური და ფეოდალიზმის ხანა) - ელდარ მამისთვალაშვილი, “მეცნიერება, ” თბილისი, 1995 წელი;
  • “საქართველოს ისტორიის ნარკვევები“ - მ. ლორთქიფანიძე, თბილისი, 1994 წელი;
  • „ებრაელები საქართველოში“ - რ.მეტრეველი, თბილისი, 2007 წელი.


  • 0
    368
    შეფასება არ არის
    ავტორი:ნანა მიხანაშვილი
    ნანა მიხანაშვილი
    368
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0