x
ებრაულ-პალესტინური კონფლიქტი და გადაჭრის გზები

image
ინტერკულტურულ კომუნიკაციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კონფლიქტის პრობლემა, რომელიც ორი ან მეტი პიროვნების/ჯგუფის მიზნების, ფასეულობების, მოლოდინების, შედეგების რეალური ან წარმოსახვითი შეუთავსებლობაა. თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მწვავე პრობლემა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტია, რომელიც გასული საუკუნიდან იღებს სათავეს. იქამდე, სანამ უშუალოდ კონფლიქტსა და პრობლემებზე გადავალთ, საჭიროა, გადავხედოთ ისტორიულ მოვლენებს - თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და არაბულ სამყაროსთან დაპირისპირებას.

XIX საუკუნის ბოლოს ევროპაში გაძლიერებულმა ანტისემიტიზმმა ევროპის ებრაელთა წრეები აიძულა დაეწყოთ მსჯელობა, თუ სად შეიძლებოდა შექმნილიყო ებრაული სახელმწიფო. ერთხანს საუბარი იყო უგანდაზე, იემენზე, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობოდა შორეული წინაპრების მიწაზე დაბრუნებას. ეს მიწა იყო პალესტინა, ებრაელებისთვის - სიონი. “სიონიზმი“ არის იდეოლოგიური ტერმინი, რომლიც სიტყვა სიონიდან მომდინარეობს. ძველი ებრაელებისთვის ეს ტერმინი რელიგიურ ხასიათს ატარებდა, თუმცა შემდეგ პოლიტიკური ხასიათი მიიღო, რაც გულისხმობდა ებრაული დიასპორის დაბრუნებას ისტორიულ ქანაანში, წმინდა მიწაზე. მისი დამფუძნელებლია თეოდორ ჰერცლი, რომელიც დაიბადა ბუდაპეშტში, ე.წ „ასიმილირებულ“ ოჯახში. მისთვის ებრაელთა საკითხი აქტუალური გახდა ე.წ „დრეიფუსის საქმის“ განხილვის დროს, როცა პარიზის ქუჩებში გაისმოდა შეძახილები: “სიკვდილი ებრაელებს!“; ამიტომ ჰერცლი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ებრაელებს უნდა შეექმნათ საკუთარი სახელმწიფო და დასახლებულიყვნენ. სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა მისი ნაშრომი - „ებრაელთა სახელმწიფო“. ებრაელთა პრობლემების გადაწყვეტის მიზნით 1897 წლის 29-31 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ბაზალში (ბაზელის I კონგრესი) გაიმართა კონგრესი, სადაც შეიქმნა „პირველი სიონისტური ორგანიზაცია“, რომლის პრეზიდენტადაც თეოდორ ჰერცლი აირჩიეს. 1898 წელს კი, ბაზელის II კრებაზე გადაწყდა ლონდონში შექმნილიყო „ებრაელთა კოლონიალური ბანკი“.

თეოდორ ჰერლცის გარდაცვალების შემდეგ სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მისი ცნობილი თანამოაზრე, ხაიმ ვაიცმანი იქცა. ვაიცმანის მრავალწლიანი შრომისა და ძალისხმევის შედეგად 1917 წელს გამოქვეყნდა „ბალფურის დეკლარაცია“. ეს იყო არტურ ბალფურის წერილი ბარონ როტშილდის სახელზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბრიტანეთის მთარობა კეთილგანწყობით უყურებდა პალესტინაში ებრაელი ხალხისთვის ეროვნული კერის დაფუძნებას და გამოიყენებდა მთელ ძალისხმევას ამ მიზნის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციაში არ იგულისხმებოდა ებრაული სახელმწიფოს შექმნა, ის ასახავდა ბრიტანეთის მხარდაჭერას ებრაელთა დასახლებაში. სწორედ „ბალფურის დეკლარაციიდან“ იწყება ებრაელთა მასობრივი იმიგრაცია. ბრიტანეთისა და ბარონ როტშილდის დახმარებით მათ დაიწყეს პალესტინის ტერიტორიაზე მიწების შესყიდვა და დასახლება. დეკლარაციამ თავიდანვე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია - ის სიხარულით მიიღო მსოფლიო ებრაელობამ, თუმცა არ ცნო არც ერთმა არაბულმა ქვეყანამ. საკითხის გადაწყვეტა დაევალა გაეროს სპეციალურ კომისიას, რომელმაც მოინახულა პალესტინის ტერიტორია და წარადგინა ორი გეგმა: ე.წ „უმრავლესობის გეგმა“, რომლის მიხედვითაც პალესტინა ორ სახელმწიფოდ - არაბულად (მიწების 60%) და ებრაულად (მიწების 40%) უნდა გაყოფილიყო. რაც შეეხება იერუსალიმს, ის გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა. ე.წ „უმცირესობის გეგმის“ მიხედვით კი უნდა შექმნილიყო ერთიანი ფედერაციული სახელმწიფო, რომელიც შედგებოდა არაბული და ებრაული მოსახლეობისგან დედაქალაქით იერუსალიმში. ეს ტერიტორია უნდა ემართათ მუსლიმ არაბებს. რა თქმა უნდა, ეს გეგმა უარყო სიონისტურმა ორგანიზაციამ, დასავლეთმა და საბჭოთა კავშირმა. საბოლოოდ, 1947 წლის 29 ნოემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს რეზოლიცია #181(2) პალესტინის გაყოფაზე არაბულ და ებრაულ სახელმწიფოდ. ებრაულ სახელმწიფოს გადაეცემოდა პალესტინის ტერიტორიის დაახლოებით 56, 47%, ხოლო არაბულს - 43, 53%. ამ გადაწყვეტილებას ხმა მისცა 33-მა სახელმწიფომ, ხოლო უარზე იყო 13 - ძირითადად არაბული ქვეყნები.

გაერომ დააწესა მანდატი, რომელიც 1948 წლის 15 მაისს იწურებოდა. მანდატის ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, 1948 წლის 14 მაისს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, დავიდ ბენ-გურიონმა, ისრაელის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რის შემდეგაც ბრიტანელებმა ისრაელის ტერიტორია დატოვეს. მეორე დღეს, 1948 წლის 15 მაისს, ხუთი არაბული ქვეყანა შეიჭრა ისრაელის საზღვრებში: ეგვიპტე, ტრანსიორდანია, სირია, ლიბია და ერაყი, რომელთაც არ სურდათ ებრაული სახელმწიფოს არსებობა. ომი ერთი წლის, 3 თვისა და 10 დღის მანძილზე გაგრძელდა, რომლის შედეგადაც ისრაელმა დაიკავა მთლიანი ტერიტორიის 77%, დანარჩენი კი ეგვიპტემ და იორდანიამ მიიტაცეს. ამ ომში ისრაელის წარმატებას მოჰყვა ადგილობრიცი არაბი მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია საკუთარი სახლებიდან. ლტოლვილად იქცა ასეულობით ათასი ადამიანი.


ხანგრძლივმა ომებმა და დიდმა მსხვერპლმა ორივე მხარეს გადააწყვეტინა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების დაწყება უკვე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და თითოეული მათგანი მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, მხარეები ვერაფერზე თანხმდებოდნენ (მაგალითად, მადრიდის კონფერენცია 1991 წელს და ოსლოს სამშვიდობო პროცესები 1993 წელს). პოლიტიკური მოლაპარაკებები დღემდე ასე გრძელდება; თუმცა ამავდროულად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებისთვისაც, შეიძლება ითქვას, ცხოვრებისეულ კრედოდ მაჰათმა განდის სიტყვები გახდა - „იყავი ის ცვლილება, რომლის დანახვაც გსურს სამყაროში“ (“Be the change, you want to see in the world”). ადამიანებმა, ებრაელებმა და პალესტინელმა არაბებმა, რომლებსაც მობეზრდათ გაუთავებელი ომი და დაპირისპირება, დაიწყეს პრობლემის გადაჭრის ძიება და სცადეს ერთმანეთი გაეცნოთ არა იმით, რაც აპირისპირებთ, არამედ იმით, რაც აერთიანებთ.

კონფლიქტის მოგვარება ახალგაზრდებიდან იწყება, რომელებიც ჯერ კიდევ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არიან და მზად არიან შემეცნების, მოსმენის, საკუთარი აზრის გამოხატვისა და დისკუსიისთვის. ისრაელში არსებული ერთ-ერთი მრავალეთნიკური სკოლა სწორედ ამას ემსახურება - სკოლა, სადაც ებრაელებთან ერთად არაბი, ქრისტიანი და დრუზი მოსწავლეები დადიან. სკოლა იერუსალიმში, ებრაული და არაბული უბნების გზაგასაყარზე მდებარეობს. მისი დირექტორის, ნადია ქანანის თქმით, ისინი ცდილობენ არა კონფლიქტის მოგვარებას, არამედ რაიმე ცვლილების გაკეთებას: „უფრო ადვილია არაფრის კეთება-იგნორი მეორე მხრისა და ძახილი, რომ მათ ვეზიზღებით, მეც მეზიზღებიან ისინი, მე ვერ ვხედავ მათ, ისინი შორს არიან ჩვენგან; თუმცა ჩვენ ვირჩევთ რთულ გზას“. ერთ-ერთი მასწავლებელი, ნადირა ჰუსეინი, რომელიც ეთნიკურად პალესტინელი არაბია, ამ სკოლაში უკვე 9 წელია ასწავლის. ამავე სკოლაში სწავლობს მისი ორი შვილი, რომელთა კლასშიც 10 არაბი, 5 ქრისტიანი და 4 ებრაელია. გაზეთ „The Guardian”-თან ინტერვიუს დროს მან აღნიშნა, რომ ხედავს განსხვავებას თავის ძველ აზროვნებასა და ახალ დამოკიდე­ბულებებს შორის. მას სწამს, რომ ებრაელი და არაბი მოსწავლეების ერთ საკლასო სივრცეში მოქცევა მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამავე აზრისაა კიდევ ერთი მასწავლებელი, გაი ალონი: „ხანდახან მიხვედრას დრო სჭირდება... დიალოგი არ მიმდინარეობს - მე ჩემს აზრზე ვდგავარ, ის კი თავისაზე. მაგრამ აქ, სკოლაში, პროცესი მიმდინარეობს. ვფიქრობ, გვჭირდება ახალი პერსპექტივა, დამოკიდებულება, თუ როგორ გვინდა ვხედავდეთ ერთმანეთს. ეს პროცესი ნელა უნდა მიმდინარეობდეს და იქნება მყარი, როცა ერთ ღამეში არ განვითარდება ყველაფერი“.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის გარკვეულ ტერიტორიაზე ხშირი საომარი ვითარებაა, არსებობს ქალაქები, სადაც ებრაელები, არაბები და სხვა ეთნოსები მშვიდობიანად თანაარსებობენ. ერთ-ერთი ასეთი ქალაქია ხაიფა, რომელიც მრავალეთნიკურად დასახლებული ტერიტორიაა 260, 000 მაცხოვრებლით, მათ შორის მოსახლეობის 91% ებრაელია, 4, 5% ქრისტიანი არაბი, 3, 5 % მუსლიმი და 1% დრუზი. ქალაქში დაბალია რელიგიურ მოტივებზე ჩადენილი კრიმინალის რიცხვი და მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ ის საერთო რწმენის ქვეშ გაერთიანებული საზოგადოების ნაწილია. ამ მშვიდობიანი თანაცხოვრების აღსანიშნავად ხაიფაში ყოველ ზამთარს ეწყობა „დღესასწაულთა დღესასწაული“. ფესტივალზე ერთდროულად აღინიშნება ხანუქა, შობა და რამადანი. ის ეწყობა ვადი ნისნასში, ლამაზ უბანში, სადაც ძირითადად ქრისტიანები, მუსლიმები და სომხები ცხოვრობენ. ნებისმიერი რწმენის ადამიანი ხაიფადან და სხვა ქალაქებიდან ესწრება „დღესასწაულთა დღესასწაულს“, რათა აღნიშნოს თავისი და სხვათა წმინდა დღე სუფრის, ხელოვნებისა და ხელოვანთა გარემოცვაში.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციებს შორისაა „გივათ ხავივა“, საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც 1949 წელს დაარსდა ისრაელში. ის ემსახურება მშვიდობის, დემოკრატიისა და თანაარსებობის გაუმჯობესებას რეგიონში. ორგანიზაცია მოიცავს მრავალ საგანმანათლებლო კურსს, სადაც ჩართულები არიან როგორც ებრაელები, ისე პალესტინელი არაბები. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის სახელწოდებაა „საერთო საზოგადოება“, რომელიც გულისხმობს ერთმანეთის კულტურათა უკეთ გაცნობას. მაგალითად, ებრაელი და არაბი ქალბატონები ერთმანეთს პატიჟებენ საკუთარ სახლებში, ტრადიციული კერძებით უმასპინძლდებიან და რეცეპტებს ასწავლიან.

ორი ეთნოსის დასაახლოვებლად კულინარიული გზა აირჩია ერთ-ერთმა ავსტრალიერმა შეფ-მზარეულმაც, პოლ ნირენსმა, რომელმაც ისრაელში კულინარიული კურსები გახსნა, სახელად „გალილითი“ („Galileat”). მისი კურსი მოიცავს ადგილობრივ ბაზარში ვაჭრობას, შემდეგ კი არაბული სოფლის, არაბეჰის სხვადასხვა სახლში სტუმრობასა და სადილის მომზადებას. პოლ ნირენსმა დაინახა, რომ ამ ყოველივემ ადამიანები გააერთიანა: ისინი ერთად სხდებოდნენ და საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე, რითაც იქმნებოდა საკომუნიკაციო ხიდი გემრიელი სადილის წყალობით.

ებრაულ-არაბული კულტურების დაახლოებას ემსახურება აგრეთვე ისრაელის პრეზი­დენტის, შიმონ პერესის მიერ 1996 წელს დაარსებული „მშვიდობის ცენტრი“, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე სამშვიდობო ორგანიზაციაა. ის ძირითადად სამი კუთხით მუშაობს, ესენია: მედიცინა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მშვიდობიანი განათლება, ბიზნესი და გარემო. სამედიცინო აქტივობები მოიცავს ექიმთა გადამზადებასაც, სადაც ებრაელი და არაბი მედიკოსები ერთად მუშაობენ წლების მანძილზე. რაც შეეხება მშვიდობიან განათლებას, აქ მოიაზრება სპორტი, სადაც ახალგაზრდები შერეულ ეთნოჯგუფებში თამაშობენ ფეხბურთს, კალათბურთს და სხვა სპორტის სახეობებს. ამ დროს ირღვევა ეთნოსებს შორის არსებული ბარიერები - ისინი იწყებენ ერთმანეთის გაცნობას არაფორმალურ, სათამაშო სივრცეში, რაც ხელს უწყობს კომუნიკაციის გაღვივებას. ამავე პრინციპებით ხელმძღვანელობს ისრაელის ტენისის ცენტრი, სადაც ფიქრობენ, რომ ტოლერანტობის სწავლება ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს. 60 ბავშვი არაბული და ებრაული საბავშვო ბაღებიდან ერთად თამაშობს ტენისს სამ სხვადასხვა ქალაქში. ერთად თამაშისას ბავშვები სწავლობენ „უცხოს“ თანაგრძნობას, ტოლერანტობასა და დახმარებას. ეს პროგრამა 1970 წლებიდან მოქმედებს და გარკვეული კუთხით მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას შეუწყო ხელი.

„ტიულ რიჰლა“ („Tiyul Rihla”) – „ტიულიცა“ და „რიჰლაც“ ებრაულ და არაბულ ენებზე მოგზაურობას ნიშნავს. ეს ორი სიტყვა სამმა ახალგაზრდა სტუდენტმა გააერთიანა და ორგანიზაციად ჩამოაყალიბა. „ტიულ რიჰლა“ საშუალებას აძლევს ებრაელებსა და არაბებს ექსკურსიების საშუალებით მეტი გაიგონ ერთმანეთის შესახებ. თითოეული ტური ეწყობა ებრაულ ან პალესტინურ მხარეში, საიდანაც ტურის მონაწილეები სწავლობენ მეტს მეორე მხრის ისტორიის, ტრადიციებისა და, რაც მთავარია, კონფლიქტის შესახებ. ამ ორგანიზაციის მიზანი არაა პრობლემის გადაჭრა, არამედ ბილიკის მოძებნა, რათა ადამიანებმა გაიგონ მეტი და შეძლონ იყვნენ მზად მშვიდობის დასამყარებლად. „ტიულ რიჰლას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, იოვავ ხალიფონი ფიქრობს, რომ ერებს შორის არსებობს განათლებისა და ურთიერთგაგების ნაკლებობა; ხოლო ეს ტურები ხელს უწყობს ხარვეზებს შორის სინათლის გამოჩენას, რაც მიგვიყვანს პრობლემების გააზრებისა და საბოლოოდ, მათი გადაჭრისაკენ.

ისრაელის ერთ-ერთ უძველეს საპორტო ქალაქ იაფაში (იაფო) დაარსდა ქალთა მუსიკალური გუნდი, სადაც უკვე მეცხრე წელია მოღვაწეობენ სხვადასხვა ასაკის არაბი და ებრაელი ქალბატობები და აკეთებენ თავიანთ საყვარელ საქმეს - მღერიან : „ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთად სიმღერა. იმის კეთება, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას განიჭებს, მტკიცე კავშირს ქმნის ჩვენს შორის, პოლიტიკა კი ამის შემდეგ მოდის“ - ამბობს გუნდის ერთ-ერთი წევრი. მათი რეპერტუარი მოიცავს ხალხურ სიმღერებს არაბულ, ებრაულ, ბერძნულ, სპარსულ, თურქულ ენებზე და ლადინოზეც კი. გუნდის მთავარი სიმღერაა „ჩად გადია“, ებრაული ფოლკლორიდან, თუმცა ეს უხერხულობას არ უქმნის გუნდის არაბ წევრებს, პირიქით, ერთ-ერთი არაბი ქალბატონი ამბობს: „ვიმედოვნებ, რომ ყველა მოისმენს ამ სიმღერას ახლო აღმოსავლეთში. ვოცნებობ, რომ ეს სიმღერა არაბულ ქვეყნებშიც შევასრულოთ, რათა ყველამ გაიგოს, რომ მშვიდობა გულიდან მოდის. მხოლოდ ქალებს შეუძლიათ მშვიდობის მოტანა. ყო­ველი წარმოდგენის ბოლოს ვიღაც მაინც მოდის და მეუბნება: „დავიჯერე, რომ თანაარსებობა შესაძლებელია“. ეს ყველაფერი მათ თვალებში ჩანს. თუკი ჩვენ პატარა ბზარიც კი გავაჩინეთ იმ აზრში, რომ მშვიდობა არასდროს დამყარდება, მაშინ ნამდვილად გაგვიკეთებია რაღაც ღირებული“.

ინტერნეტი სოციალური აქტივობის მძლავრი იარაღია, რისი მეშვეობითაც ადამიანები საკუთარ ფიქრებსა და მოსაზრებებს გამოვხატავთ. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს სფერო არა გასართობი, არამედ ცხოვრების უფრო სერიოზული ნაწილია. სოციალურ ქსელ „ფეისფუქზე“ ერთ-ერთი გამორჩეული გვერდია „Nas Daily”- ახალგაზრდა პალესტინელი არაბის გვერდი, რომელიც ვიდეობს სხვადასხვა თემაზე დებს. ნესი ისრაელში ცხოვრობს და იქ მოღვაწეობს. ერთ-ერთი ვიდეო სწორედ პალესტინურ-ებრაულ დაპირისპირებასა და ხალხში გავრცელებულ სტერეოტიპებს ეხება. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ებრაელ და-ძმას სტერეოტიპული დამოკიდებულება უჩნდებათ ნესის მიმართ მას შემდეგ, რაც გაიგებენ რომ ის არაბია. ძმა იტყვის, რომ ის არ შეიძლება არაბი იყოს, რადგან გაცილებით ინტელიგენტურად გამოყურება და, შესაბამისად, არაბს სულაც არ ჰგავს. 15 წლის ებრაელი გოგონა კი გაღიზია­ნებული კითხულობს: „ის რა, ამაყობს რომ პალესტინელია?“... და უმტკიცებს კიდეც, რომ ნესი შეუძლებელია პალესტინელი არაბი იყოს. ამ ვიდეოში კარგად იკვეთება ადამიანთა არასწორი მიდგომა და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ; ჩანს ის პრობლემები, რომლებიც ჯერ ვერ აღმოიფხვრა. პრობლემების გადაჭრა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ არა იმაზე, რაც გვყოფს, არამედ იმაზე, რაც გვაერთიანებს.

დღემდე ვხედავთ, რომ პოლიტიკას არ შეუძლია ყველაფრის მოგვარება, განსაკუთრებით თუ საქმე ეთნოკონფლიქტს ეხება, როცა ორი ერი ვერ იყოფს მცირე ტერიტორიას. სწორედ ამ დროს ხვდებიან ადამიანები, რომ მათ ხელშია მშვიდობის გასაღები და იწყებენ მოქმედებას - ცდილობენ იყვნენ ის ცვლილება, რომლის დანახვაც სურთ სამყაროში.


გამოყენებული ლიტერატურა:

1.ახლო აღმოსავლეთი: სივრცე, ხალხი, პოლიტიკა - რ.გაჩეჩილაძე, თბილისი, 2008;

2.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინტერკულტურული დიალოგის პრინციპების სალექციო კურსი, VII ლექცია;

  • https://www.theguardian.com/world/2016/jul/11/israel-jews-arabs-palestinians-work-together-peace
  • https://theculturetrip.com/middle-east/israel/articles/breaking-down-barriers-i-coexistence-hubs-in-israel/
  • 5.ვიდეომასალა: https://theculturetrip.com/middle-east/israel/articles/promoting-peace-through-song-jewish-arab-womens-choir-teaches-world-to-listen/

  • https://theculturetrip.com/middle-east/israel/articles/living-in-harmony-centers-of-co-existence-in-israel/
  • 7.ვიდეომასალა: https://www.youtube.com/watch?v=ooL-pFU6Njg

    0
    63
    1-ს მოსწონს
    ავტორი:ნანა მიხანაშვილი
    ნანა მიხანაშვილი
    63
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0