ყველაზე მოკლე მოთხრობები. ნაწილი II
ელვისი ჯარში
– მათ შენ უყვარხარ, შვილო. მათ შენ ძალიან უყვარხარ, დამიჯერე მე.
– მე არ შემიძლია იქ გასვლა, პოლკოვნიკო.
– რაშია საქმე, შვილო? გეშინია?
– არა. მაგრამ არ შემიძლია…
– კარგი რა! აიყვანე თავი ხელში. ახლა ან არასდროს!
– არ შემიძლია, პოლკოვნიკო. მე ადგილიდან დაძვრა არ შემიძლია.
– რატომ?
– იმიტომ, რომ თქვენ ჩემს ფეხსაცმელზე დგეხართ!
თომას პარკერი
გასეირნება ღრუბლებზე
გუშინ გავცივდი და 40-ზე მეტი ტემპერატურით საწოლში ჩავწექი. მაგრამ დღეს დილით თავს მშვენივრად ვგრძნობდი. სასეირნოდ გავედი და პირისპირ შევეჯახე… როგორ ფიქრობთ ვის? ელვის პრესლის!
– ეი! – ვთქვი მე. – მე ვფიქრობდი, რომ მკვდარი იყავი.
– იფიქრე, ბიჭო, იფიქრე.
– ღმერთო ჩემო, შეიძლება, ასეთი ამბის შემდეგ, ადამიანი მოკვდეს და ვეღარ ადგეეს…
– მართალი ხარ, სწორედ მაგაშია საქმე – განმარტა მან.
ტეილორ ბინჰამი
დუმილი – ოქროა
ორმა ბიჭუნამ ხის ტოტი გადასწია, რომ უკეთესად დაენახათ, ორთქლში გახვეულ შავ ქვაბთან მდგომი მოხუცი ქალები.
– კუდიანები!
– ნუ სულელობ, არანაირი კუდიანები არ არიან!
– ისინი წამალს ხარშავენ.
– არა ეს უბრალოდ პიკნიკია!
– ისინი გაუგებარ სიტყვებს ბუტბუტებენ.
– უცხოელები არიან.
– კუდიანები!
– არა!
– კი!
– არა!
– ხმა ჩაიწყვიტე!
– შენ თვითონ ჩაიწყვიტე! ბუფ!
– შენ გომბეშოდ გადაიქეცი! ხომ გეუბნებოდი! ბუფ!
– შენც გომბეშო ხარ!
პათ ჰეფლერი
მეხსიერების ელექსირი
– როგორც იქნა! – დაიყვირა ჰატმეიერმა.
მას ხელში პატარა ზომის სინჯარა ეჭირა, რომელშიც მისი თითქმის სამოცწლიანი მუშაობის შედეგი იყო – მეხსიერების ელექსირი.
მან დალია ეს საოცარი სითხე და მის ტვინში მოგონებებმა იფეთქა. წარსულის სურათები გამოჩნდა – მთელი ცხოვრება ლაბორატორიებში, მარტოობა, სიღარიბე, უქონლობა, იმედგაცრუება, წარუმატებლობა. რაზე დახარჯა თავისი სიცოცხლე!ცრემლების ღვარღვარით ის დაჯდა და შხამსაწინააღმდეგო ვაქცინაზე დაიწყო მუშაობა.
კურტ ვარვა
იშვიათი
– ზუსტად 42 მილიონი.
მაიკლმა აიღო ჩეკი და ფრთხილად გადასცა უძველესი, იშვიათი ვაზა ახალ მფლობელს.
– თქვენ გაიმარჯვეთ, ლანგსტონ. ეხლა თქვენ უკვე, დედამიწაზე დარჩენილი, ორივე უკანასკნელი ვაზის მფლობელი ხართ.
– სინამდვილეში მე ეს არ მინდოდა, – უპასუხა ლანგსტონმა. აიღო ვაზა, და იატაკზე დაანარცხა. ვაზა მთლიანად დაიმსხვრა.
– მე მინდოდა, რომ მე ერთადერთი ვაზის მფლობელი ვყოფილიყავი.
ჯონ გერაჩი