x
მეტი
  • 07.07.2024
  • სტატია:135822
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510211
სიყვარულის ქიმია - თეორია სიყვარულის შესახებ
imageკაცობრიობას დიდი ხანია აწუხებს კითხვა - რა არის სიყვარული. ყველა ადამიანს ამ კითხვაზე თავისებური პასუხი აქვს. ბუნებრივია, მეცნიერებსაც აინტერესებთ რა ფენომენია სიყვარული, ამიტომ უკვე დიდი ხანია დაწყებული სიყვარულის შესწავლა. ქვემოთ გთავაზობთ ამერიკელი ანთროპოლოგის ჰელენ ფიშერის (Helen Fisher) ერთ-ერთ საინტერესო თეორიას სიყვარულის შესახებ, რომელიც კვლევების შემდეგ შეიქმნა.
ელენ ფიშერმა (Helen Fisher, 2004), თავის წიგნში “რატომ გვიყვარს: რომანტიკული სიყვარულის ბუნება და ქიმია“, განმარტა, რომ კაცობრიობამ განივითარა ტვინის სამი ძირითადი სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია რეპროდუქციაზე:


1. ვნება - სექსუალური დრაივი ან ლიბიდო;

2. მიზიდულობა - ძლიერი რომანტიკული სიყვარულის ადრეული სტადია;

3. მიჯაჭვულობა - ერთობის, კავშირის ღრმა გრძნობა გრძელვადიან პარტნიორთან.



ფიშერის მტკიცებით, სიყვარული შეიძლება დაიწყოს ნებისმიერი ამ სამი გრძნობიდან და თითოეული ეს სისტემა განვითარდა იმისთვის, რომ ითამაშოს განსხვავებული როლი არშიყობის, შეჯვარების, რეპროდუქციის და მშობლის როლის მორგებაში. სექსუალური დრაივი გაჩნდა როგორც მოტივატორი ჩვენი წინაპრებისთვის, რომ დაემყარებინათ სექსუალური კავშირი შესაფერის პარტნიორებთან. მიზიდულობა (და მისი განვითარებული ადამიანური ფორმა, რომანტიკული სიყვარული) გაჩნდა იმისთვის, რომ ინდივიდებს აერჩიათ პოტენციურ პარტნიორებს შორის, უპირატესობა მიენიჭებინათ რომელიმე ინდივიდისთვის, მოეხდინათ ყურადღების ფოკუსირება და წარემართა სექსუალური ენერგია მისკენ, რაც საშუალებას მისცემდა მათ დაეზოგათ არშიყობის დრო და ენერგია. მიჯაჭვულობა გაჩნდა იმისთვის, რომ ხელი შეეწყო აფილაციური კავშირისთვის რეპროდუქციულ პარტნიორებს შორის იქამდე მაინც, სანამ დაასრულებდნენ სახეობისთვის დამახასიათებელი მშობლის როლის შესრულებას.

თითოეული სისტემის აქტივობა რეგულირდება სხვადასხვა ჰორმონით.

imageსექსუალური აღგზნება (ლიბიდო, ვნება) ხასიათდება სექსუალური დაკმაყოფილების
მოთხოვნით და შეიძლება მიმართული იყოს ერთდროულად რამდენიმე პარტნიორისკენ. ძუძუმწოვრებში, სექსუალური აღგზნება წარიმართება ესტროგენებით და ანდროგენებით; ადამიანის შემთხვევაში კი ანდროგენები, განსაკუთრებით ტესტოსტერონი, არის ცენტრალური სექსუალური სურვილის წარმართვისას როგორც კაცებში, ასევე ქალებში ( Sherwin, 1994; Van Goozen, Wiegant, Endert, Helmond and Van de Poll, 1997).
მიზიდულობა - ხასიათდება მომატებული ენერგიით, ფოკუსირებული ყურადღებითimageპარტნიორზე, აფილაციური ჟესტებით, მესაკუთრული პოზიციით და მოტივაციით „მოინადირო“ სასურველი პარტნიორი (Fisher, Aron, Mashek, Strong, Li, and Brown, 2002, 2002a, Fisher, 2004). ადამიანებში, ცხოველური მიზიდულობის განვითარებული ფორმა ცნობილია როგორც რომანტიკული სიყვარული. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ტვინის ეს სისტემა მუშაობს დოფამინის და ნორეპინეფრინის ამაღლებული აქტივობით და სეროტონინის შემცირებული დოზით, რათა გამოიმუშავოს რიგი ემოციების, მოტივაციასა და ქცევისა, რომლებიც დამახასიათებელია რომანტიკული სიყვარულისთვის (Fisher, 1998, 2004; Fisher et al., 2002, 2002a). აღსანიშნავია, რომ დოფამინს ისეთივე ეფექტი აქვს ტვინზე, როგორც კოკაინის მიღებას.

დონატელა მარაზიტის, ფსიქიატრს პიზის უნივერსიტეტიდან, აინტერესებდა ტვინის მექანიზმები, რომელთა გამოც მუდმივად ვფიქრობთ ჩვენი სიყვარულის ობიექტზე არის თუ არა დაკავშირებული ობსესიურ კომპულსიური აშლილობის¹ მექანიზმთან. მან იკვლია 20 წყვილი, რომლებიც იყვნენ შეყვარებულები 6 თვეზე ნაკლები ვადით და აღმოჩნდა, რომ სეროტონინის დაბალი დონე ორივე შემთხვევაში ექვივალენტური იყო.

მიჯაჭვულობა ძუძუმწოვრებში და ფრინველებში ხასიათდება საერთო ტერიტორიის
დაცვით და/ან ბუდის აგებით, საერთო კვებით, სიახლოვით, განშორების შიშით, გაზიარებული მშობლისეული საქმიანობით და აფილაციური ქცევებით (Carter, DeVries, Taymans, Roberts, Williams, and Getz, 1997; Lim, Murphy, and Young, 2004; Lim and Young, 2004). ადამიანებში პარტნიორებს შორის მიჯაჭვულობა ცნობილია როგორც მეგობრული, კომპანიონური სიყვარული (companionate love) (Hatfield, 1988, გვ, 191). ადამიანების მიჯაჭვულობა დაკავშირებულია როგორც ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებთან, ასევე სიმშვიდის, დაცულობის, სოციალური კომფორტის, ემოციური ერთიანობის გრძნობებთან გრძელვადიან პარტნიორთან. ცხოველების კვლევა აჩვენებს, რომ ტვინის ეს სისტემა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ოქსიტოცინის და ვაზოპრესინის მოქმედებასთან.


ოქსიტოცინი - გამომუშავდება ორგაზმის დროს. სავარაუდოდ, ის აღრმავებს მიჯაჭვულობის გრძნობას პარტნიორებს შორის სექსის შემდეგ. გარდა ამისა, ოქსიტოცინი ამყარებს ძლიერ მიჯაჭვულობას დედასა და შვილს შორის და აქტიურად გამომუშავდება მშობიარობის დროს. ის, ასევე პასუხისმგებელია დედის მკერდში რძის ავტომატურ გამომუშავებაზე ახალშობილი შვილის დანახვისას ან მისი ტირილის გაგონებისას.


დაიან ვიტმა (Diane Witt), ნიუ იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, აჩვენა, რომ თუ შევაფერხებთ ოქსიტოცინის ბუნებრივ გამომუშავებას ცხვრებში და თაგვებში, ისინი უარს ამბობენ თავიანთ ახალშობილზე. ამის საპირისპიროდ, ოქსიტოცინის შეყვანამ მდედრ თაგვებში, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ სექსი, გამოიწვია ის, რომ ისინი სუნავდნენ სხვა მდედრის შვილებს, იცავდნენ და ექცეოდნენ მათ როგორც საკუთარ შვილებს.


ვაზოპრესინი - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჰორმონია ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის და გამომუშავდება სექსის შემდეგ. მისი როლი იკვლიეს პრერიის ვირთხებზე დაკვირვებით. პრერიის ვირთხებს აქვთ იმაზე მეტი სექსუალური კავშირი, ვიდრე საჭიროა რეპროდუქციის მიზნისთვის და ადამიანების მსგავსად, ისინიც ქმნიან სტაბილურ წყვილებს. როდესაც მამრ ვირთხებს გაუკეთეს პრეპარატი, რომელიც ახშობს ვაზოპრესინის ეფექტს მაშინვე გაუარესდა კავშირი მათ პარტნიორთან, მათ დაკარგეს ერთგულება და არ იცავდნენ პარტნიორს ახალი თაყვანისმცემლებისგან.

აღსანიშნავია, რომ შეიძლება ეს სამი სისტემა ყოველთვის ერთიანად არ მოქმედებდეს და ურთერთდამოუკიდებელი იყოს. რაც ნიშნავს, რომ ინდივიდს შეიძლება ერთი ადამიანი იზიდავდეს, მეორეზე მიჯაჭვული იყოს და მესამესთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდეს.



– _________________

¹ობსესიურ კომპულსიურ აშლილობა (ოკა) - ამ დროს ადამიანი შეპყრობილია ამა თუ იმ იდეით, რომლის უგულებელყოფასაც იგი ვერ ახერხებს მიუხედავად იმისა რომ ეს იდეა ან აზრი შეიძლება უადგილო იყოს და ხშირი.

0
406
1-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ ავსაჯანიშვილი
თინათინ ავსაჯანიშვილი
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0