x
მეტი
  • 17.07.2024
  • სტატია:136026
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510297
"საქართველოს მემატიანე" - ხელოვნებით მოყოლილი ისტორია
image
ძნელია, საქართველოს ისტორიის ყველა მნიშველოვან მომენტსა თუ მოღვაწეზე ისაუბრო, ისე რომ იდეალურად ჩატიო საუკუნეების განმავლობაში ჩადენილი საგმირო საქმენი. თუმცა ზურაბ წერეთელმა თავისი მონუმენტით ყველაფერი თქვა - „საქართველოს მატიანე“ არის სრულყოფილი სიმბოლო ჟამთააღმწერლისა. ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან ყველას შეგვიმჩნევია ყეენის მთაზე აღმართული ბრინჯაოს სვეტები, რომლებიც ერთ მთლიან კონსტრუქციას და იმავდროულად ისტორიის ფურცლებს ჰქმნიან...

მონუმენტამდე ასასვლელად ორი გზაა, თუმცა მთავარ შესასვლელთან საფეხმავლო ბილიკი - დიდი და გრძელი კიბეები ადის, სადაც დგას იონური ორდერები (ძველბერძნული ტიპის სვეტები). ისინი ერთმანეთთან ანტონიმურ დამოკიდებულებაში მოდიან, რადგანაც მარჯვენა სვეტი მთელი და გამართულია, მარცხენა კი ჩამონგრევის პირასაა და რაღაც აბსტრაქტული ძალის წყალობით თუ დგას კიდევ ფეხზე. მეტაფორულად ალბათ ორივე ერთსა და იმავეს აღნიშნავს - იმას, რის სანახავადაც კიბეებს ავივლით, რის გამოც ვიბრძოდით, გვიყვარდა და გვწამდა - საქართველოს და მის ისტორიას. დროის სხვადასხვა მონაკვეთში ის ორივე სვეტის განსახიერება იყო.

გზას გავაგრძელებთ და მივადგებით დანიშნულების ადგილს. მონუმენტი მშენებლობა დაიწყო 1970 წელს, როგორც ამას ასასვლელთან არსებული წარწერა გვატყობინებს. ადგილიც ისეთია შერჩეული, რომ გადმოჰყურებს ქალაქს და თითქოს სრულად ითავსებს მემატიანის ფუნქციებს. იგი მოიცავს 16 სვეტს, მემორიალურ საფლავს, დასავლეთით განთავსებულ ბრინჯაოს ხუთ გრაგნილს, რომლითაც ეს თუ ის ისტორიაა მოთხრობილი (მაგ. პომპეუსის ლაშქრობა, შუშანიკის წამება და ა.შ), ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარს და გარშემო არსებულ დარბაზებს.

სვეტების სიუჟეტური ხაზი სამ ნაწილადაა დაყოფილი: პირველი და საბაზისო ნაწილი იწყება ბიბლიური ფრაგმენტებით, მოთხრობილია ქრისტეს ცხოვრებაზე. მეორე ძირითად ნაწილში გამოსახულნი არიან საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი პირები ან ქრონოლოგიურად დალაგებული მოვლენათა ჩამონათვალი. მესამე ნაწილი ყველაზე მაღლაა და მასზე წარმოდგენილია ასევე ჩვენი ისტორიის გამორჩეული მომენტებით. აღნიშნული სიუჟეტები ულამაზესი ჰორელიეფებით არის გამოსახული. ავტორისეული წარმოდგენით, ვფიქრობ, სახარების ფუნდამენტურ ნაწილში გამოსახვა ქართული ისტორიისა და რელიგიური მრწამსის მჭიდრო ურთიერთობაზე მიუთითებს, რომ ქართველი ერი სწორედ ქრისტიანულ საძირკველზე არსებობდა ამდენი ხნის განმავლობაში. თუნდაც ქრისტიანობამდელი მაგალითი რომ ავიღოთ, ფარნავაზმაც დადგა არმაზის კერპი საზოგადოების იდეოლოგიური გაერთიანებისთვის და ეს მოსახლეობის ერთსულოვნებაში დიდ როლს თამაშობდა. შესაბამისად, ბიბლიური მონაკვეთებით დაწყება რელიგიის დიდ გავლენაზე მიუთითებს და იმაზე, რომ ქრისტიანობა გვაერთიანებდა.


"იერუსალიმში შესვლის" ფრაგმენტი

მეორე ნაწილზე უკვე კონკრეტული პიროვნებებია, მეფეები იყვნენ თუ მწერლები, მხედართმთავრები თუ სასულიერო პირები, ყველა მათგანს საერთო მიზანი -საქართველოს კეთილდღეობა აერთიანებდა. ისინი, ვინც საკუთარი მოღვაწეობით წერდნენ ისტორიას და უკეთესობისკენ ცვლიდნენ მომავალს. ზურაბ წერეთელი მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა, ყველა გმირს ლექსი აქვს მიძღვნილი, რომელიც საკმაოდ მაღლაა გამოსახული და არც თუ ისე მარტივი წასაკითხია (დაინტერესების შემთხვევაში, დაბლა დართულია აღნიშნული ლექსების სრული ჩამონათვალი). მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე სტროფია თითოეულზე, მაინც დაინახავთ მათი მოღვაწეობის რთულ და სახელოვან გზას. ასევე ქრონოლოგიაა წარმოდგენილი, რომელიც უძველესი დროიდან 1999 წლამდე ყველაფერს ლაკონიურად მოგვითხრობს. მთავარი შესასვლელის პირველი სამი სვეტის წინა მხარეს გამოსახულია შოთა რუსთაველი, დავით აღმაშენებელი და ზოგადად მემატიანის სახე. ამით საქართველოს კულტურული და სახელმწიფოებრივი აღმავლობის დიდი მაგალითია ნაჩვენები - ის, რამაც დასაბამი მისცა ოქროს ხანას. მემატიანე კი არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგანაც რომ არა ამა თუ იმ დროში მოღვაწე სწავლულები და მათი ნაშრომებით ჩვენამდე მოღწეული ძველი საქმენი, დღეს ვერ ვიქნებოდით ასეთი ამაყნი საკუთარი ისტორიით. მიუხედავად იმისა, რომ ისტორია არაზუსტი მეცნიერებაა, ერთი და იგივე ფაქტის სხვადასხვა წყაროში გადამოწმების, არქეოლოგიური მასალებისა და ანალიტიკური აზროვნების წყალობით, მაინც გვაქვს საშუალება ვიცოდეთ რა ხდებოდა უწინ და ვისწავლოთ მისგან. თუმცა როგორ ბერნარდ შოუ ამბობდა, „ერთადერთი, რაც ისტორიამ შეიძლება გვასწავლოს ეს ის არის, რომ ადამიანები ისტორიისგან არაფერს სწავლობენ.“ (სვეტების სამივე ნაწილზე გამოსახული ინფორმაციის სანახავად დაბლა დართულია ასევე დეტალური სია და გრაფიკულად წარმოდგენილი მდებარეობა.)

image

მესამე ნაწილი კი ჰორელიეფებით გამოსახული მოვლენებია - ბრძოლები, კულტურული აღმასვლები, პერსონები და ეს ყველაფერი გვახვედრებს, რომ იმდენად დიდია ჩვენი ისტორია ამ 35 მეტრიან სვეტებზეც კი ძლივს ეტევა. ამ პატარა მიწის ნაგლეჯს, რომ სახელმწიფოებრიობის ამდენსაუკუნოვანი ისტორია აქვს, გვაოცებს და ვფიქრობთ თუ რა ძალამ გადაარჩინა მრავალი ძლევამოსილი მტრისგან, რომელთა დიდი ნაწილიც დღეს აღარც არსებობს. ალბათ ამ კითხვაზე პასუხიც სწორედ ეს მონუმენტია.

image

სვეტების დათვალიერების შემდეგ, ცენტრში განთავსებულ სიმბოლურ საფლავზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება, რომელიც უცხოეთში გადახვეწილ და იქ გარდაცვლილ ქართველებს ეძღვნება. ავტორს არც ისინი ავიწყდება, ვისაც წასვლა არ უნდოდა, თუმცა უკუღმა დატრიალებულმა ჩარხმა აიძულა. ვფიქრობ, ეს ერთობ სასიამოვნო ჟესტია, რადგანაც სხვადასხვა ქვეყნის მიწას მიბარებულთა ნეშტებს საკუთარ სამშობლოშიც ჰქონდეთ სიმბოლური სამარე ეპიტაფიებით.

image

რაც შეეხება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესიას, მისი მშენებლობა 2005 წლიდან დაიწყო და ნელ-ნელა უკვე დასასრულს უახლოვდება. წინა, შესასვლელ კედელზე გამოსახულია რვა ტაძარი: სვეტიცხოველი, ბაგრატი, გრემი, ანანური, ჯვარი, გელათი, მაღალაანთ ეკლესია და ალავერდი. ფრესკები მოზაიკურ სტილშია გადაწყვეტილი და მინანქრითაა შესრულებული. აქვე დავინახავთ საკურთხეველთან არსებულ ვიტრაჟებს, რომელიც განსხვავებულ იერს სძენს ტაძარს. როდესაც მას მოინახულებთ, იფიქრებთ, რომ მსგავსი რამ არსად გინახავთ და მართალიც იქნებით, რადგან მინანქარში შესრულებულ ფრესკებს ანალოგი არ აქვს. ეს და ბევრი სხვა გამომსახველობითი საშუალება ამ ტაძარს არაჩვეულებრივ ხელოვნების ნიმუშად აქცევს, რომელსაც გულგრილად გვერდს ვერ ჩაუვლით. პირადად ვნახე ის პროცესი თუ როგორ ხდებოდა ესკიზი ულამაზესი ფერებით შემკული ფრესკა, რაც ნამდვილად მხატვრებისა და მთლიანად იმ ჯგუფის დამსახურებაა, რომელიც თავის საქმეს დიდი სიყვარულით ასრულებს.

image

ზემოთაღწერილი დეტალები ქმნიან ერთ სიმბოლურ კომპოზიციას და მატიანე მემორიალურ პანთეონად გვევლინება, სადაც გეუფლება ის შეგრძნება, რომ იცი შენი რაობა და ვინაობა, იცი საიდან მოდიხარ და პასუხისმგებლობას გრძნობ, რომ ახლა შენი ჯერია. ეს დიდი ადამიანები უკვე წარსულია, უნდა გვახსოვდეს, მაგრამ მაინც წარსულია, რომელიც ვერ იქნება მომავლის გარანტი თუ შენ არ იმოქმედებ. სწორედ ესაა ალბათ მონუმენტის დანიშნულებაც, გადაგეშალოს ისტორიის ფურცლებად და გაგრძნობინოს, მომავალი უკვე შენს ხელშია. ასე რომ, სხვა რა გვეთქმის ზურაბ წერეთლისთვის მადლობის გარდა, მატიანეს მონუმენტად და წარსულის შესაძლებლობად ქცევისათვის.

დაბოლოს, მხოლოდ თაჯ-მაჰალს კი არ ძალუძს დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვანაირად გააოცოს მნახველი. ჩვენს ცადაზიდულ სვეტებსაც აქვთ იდუმალი მშვენიერება, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ ხოლმე. მე კი გეტყვით, რომ რიჟრაჟისას სარკმლიდან დანახული ეს უტყვი მემატიანე სულ სხვაა. შორეული აღმოსავლეთიდან ამოიწვერება ხოლმე ის ერთადერთი უცხო რამ ძალის მქონე ვარსკვლავი და ისე წაადგება ხოლმე თავს, ვით ლუხუმი ლაშარის ველს. მწველი დისკოს სხივები ზეციური შარავანდედივით ეფინება სიმბოლურ სვეტებს, საუკუნეებით აცდენილ დიდ პიროვნებებსა თუ ზოგადად საქართველოს ისტორიას და მარადჟამს გვაძლევს იმედს მომავლისა, რომ „მოვა ის ბრწყინვალე დრო, ფრთებს რომ სრულად გაშლის ჩვენი ქვეყანა და ცას გაარღვევს თავისუფლების ქართული ყიჟინა...“

ლექსების ბმული: https://drive.google.com/file/d/1y8SEaJNCHyK-HND6Bm1rhBgK0hm0cwAP/view?usp=sharing

მონუმენტის გეგმა დეტალურად:

ბიბლიური ფრაგმენტების გეგმა

მეორე ნაწილის გეგმა

მესამე ნაწილის გეგმა

ავტორები: მარიამ ჭინჭარაული, ლუკა ფიცხელაური

0
361
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ჭინჭარაული
მარიამ ჭინჭარაული
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0