x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები
რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები


რეფლექსი - ეს არის ორგანიზმის საპასუხო რეაქცია გარეგან ან შინაგან გაღიზიანებაზე. რეფლექსები იყოფა 2 ძირითად ჯგუფად:

1. თანდაყოლილი ანუ უპირობო.

2. შეძენილი ანუ პირობითი.



თანდაყოლი ანუ უპირობო რეფლექსები იყოფა ორად:

1. მარტივი რეფლექსები და

2. რთული რეფლექსები.


მარტივია რეფლექსი, რომელიც ძირითადად ხორციელდება ზურგის ტვინის მეშვეობით.


რთულია რეფლექსი, რომელიც ხორციელდება ინსტინქტურად, ტვინის ღეროს მეშვეობით, რომელიც თავის ტვინის ევოლუციურად ყველაზე ძველი წარმონაქმნია, პირდაპირ უერთდება ზურგის ტვინს და შედგება 3 ნაწილისგან (მოგრძო ტვინი, ხიდი და შუა ტვინი)


თანდაყოლილი ანუ უპირობო რეფლექსები მყარი ხასიათისაა.


შეძენილი ანუ პირობითი რეფლექსები კი არამყარი ხასიათისაა. ის ადვილად დაისწავლება და ასევე ადვილად ქრება ან იცვლება. მათი წარმოქმნა დიდი ტვინის ჰემისფეროებს უკავშირდება და წარმოადგენს ორგანიზმის დროებით კავშირებს, გარკვეულ შეგუებას მუდმივად ცვლად გარემო პირობებთან.


ამასთან, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პირობითი რეფლექსები ყოველთვის უპირობო რეფლექსების საფუძველზე აღმოცენდება. თუკი პირობითი რეფლექსი არ გამყარდა ხოლმე გარემოს ზემოქმედებით, ის დროთა განმავლობაში სუსტდება და ქრება, ხოლო უპირობო ანუ თანდაყოლილი რეფლექსები ყოველთვის რჩება. ის გენეტიკურადაა დეტერმინირებული.



პირობითი რეფლექსების დაჯგუფება ასევე შეგვიძლია დავყოთ შემდეგნაირად:

1. სტრუქტურის მიხედვით (რა მორფოლოგიური სუბსტრატი უდევს საფუძვლად)

- სპინური (ზურგის ტვინის)

- ღეროს (თავის ტვინის ღეროს - მოგრძო ტვინის, ხიდის და შუა ტვინის)

- ნათხემის

- ქერქქვეშა (დიდი ტვინის ქერქქვეშა წარმონაქმნების)

- ქერქული (დიდი ტვინის ქერქის მიერ განხორციელებული რეფლექსები)


2. საპასუხო რეაქციის მიხედვით:

- მამოძრავებელი (განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილის მონაწილეობით)

- ვეგეტატიური (სეკრეტორული, ტროფიკული, ვაზომოტორული და სხვ...)


3. გაღიზიანების ლოკალიზაციის (ადგილმდებარეობის)

- ექსტეროცეპტული (ზერელე - კანის და ლორწოვანი გარსის რეფლექსები)

- პროპრიოცეპტული (ღრმა - მყესთა, ძვალთა, საკუთრივ კუნთოვანი)

- ინტეროცეპტული (შინაგანი ორგანოების რეფლექსები)

- ტონური (პოსტურული ანუ მდებარეობის) რეფლექსები.

- ზურგის ტვინის ავტომატიზმის და პათოლოგიური რეფლექსები.

- კანის ვეგეტატიური რეფლექსები.



რეფლექსის გამოწვევა ხელოვნურად შესაძლებელია მყესის ან ძვლის გაღიზიანებით, რაც სპეციალური ნევროლოგიური ჩაქუჩით ხორციელდება. შესაბამისად არსებობს მყესთა რეფლექსები და ძვლის რეფლექსები.


მყესთა და მყეს-ძვალთა რეფლექსები


1. სხივის ძვლის, ანუ სტილო-რადიალური რეფლექსი - სხივის ძვლის სადგისისებრ მორჩზე უნდა დავარტყათ ჩაქუჩი და ამ დროს მოიხრება წინამხარი და თითები. პაციენტს წინამხარი ოდნავ მოხრილი და მოდუნებული უნდა ეჭიროს. ამ რეფლექსის რეფლექსური რკალი (C6 - C7 სეგმენტებშია).

რეფლექსური რკალის შემადგენლობაში შედის - nervus musculocutaneus (musculus biceps) et nervus radialis (musculus supinator longus).


სხივის ძვლის ანუ სტილო-რადიალური რეფლექსი


2. ორთავა კუნთის (ბიცეფსის) მყესის რეფლექსი - ორთავა კუნთის მყესზე ჩაქუჩის დარტმით წინამხარი მოიხრება ორთავა კუნთის შეკუმშვის შედეგად. პაციენტის წინამხარი ოდნავ პასიურად მოხრილი უნდა იდოს ექიმის მარცხენა ხელზე. მისი რეფლექსური რკალი C5 - C6 სეგმენტებშია.

რეფლექსური რკალის შემადგენლობაში შედის - nervus musculocutaneus.


ორთავა კუნთის (ბიცეფსის) მყესის რეფლექსი



3. სამთავა კუნთის მყესის რეფლექსი - სამთავა კუნთის მყესზე ჩაქუჩის დარტყმა იწვევს წინმხრის სწრაფად გაშლით მოძრაობას. ამ დროს პაციენტის წინამხარი ოდნავ მოხრილი და მოდუნებული უნდა იდოს ექიმის მარცხენა ხელზე. მისი რეფლექსური რკალი C7 - C8 სეგმენტებშია.

რეფლექსური რკალის შემადგენლობაში - nervus radialis.

სამთავა კუნთის მყესის რეფლექსი



4. პუბო-აბდომინური რეფლექსი, იგივე გიიენის რეფლექსი - ბოქვენის ძვალზე ჩაქუჩის დარტმის შედეგად იკუმშება მუცლის კუნთები და მოიზიდება ბარძაყები. ამ დროს პაციენტი უნდა იწვეს ზურგზე და ოდნავ მოხრილი უნდა ჰქონდეს ფეხები მუხლის სახსრებში. ბარძაყები კი უნდა ჰქონდეს განზიდული. ბოქვენის ძვალზე ჩაქუჩის დარტყმის შედეგად მუცლის კუნთები იკუმშება და ფეხები შიგნით მიიზიდება რეფლექსურად. მისი რეფლექსური რკალი D12 - L3 სეგმენტებშია.

რეფლექსური რკალის შემადგენლობაში შედის nervus obturatorius. რეფლექსური რკალის გაწყვეტისას რეფლექსიც ისპობა, ხოლო ამ რეფლექსის გაძლიერების შემთხვევაში, როდესაც ამავე დროს არის შენახული სხვა რეფლექსებიც, ეწოდება გიიენის ფენომენი.


პუბო-აბდომინური,  იგივე გიიენის რეფლექსი



5. ადდუქციის რეფლექსი - ბარძაყის მედიალურ როკზე ჩაქუჩის დარტმის შედეგად გამოიწვევა ბარძაყის მოზიდვა. ამ დროს მწოლიარე ავადმყოფს უნდა ჰქონდეს მოხრილი ფეხები მუხლის სახსრებში. ბარძაყები კი უნდა იყოს განზიდული.

სხვანაირადაც შეიძლება ამ რეფლექსის გამოწვევა - ამ შემთხვევაში პაციენტი უნდა იყოს დამჯდარი და ფეხები იატაკზე ქუსლით უნდა ჰქონდეს დაყრდნობილი, ხოლო ბარძაყები კვლავ განზიდული.

რეფლექსური რკალი L1 - L3 სეგმენტებშია. რკალის შემადგენლობაში შედის nervus obturatorius.


ადდუქციის რეფლექსი



6. მუხლის რეფლექსი - ჩაქუჩის დარტყმის შედეგად წვივი ასრულებს გაშლით მოძრაობას. რეფლექსის გამოსაწვევად ზურგზე მწოლარე პაციენტის ფეხები, რომელიც მოხრილი უნდა იყოს მუხლის სახსრებში, უნდა იდოს ექიმის ხელზე, ისე რომ საწოლს ქუსლებით ეხებოდეს.

ასევე მეორენაირადაც შეიძლება - ფეხები მჯდომარე პაციენტს უნდა ჰქონდეს ჩამოკიდებული და მოდუნებული ან ფეხი უნდა ჰქონდეს გადადებული მეორე ფეხზე.

ამ რეფლექსის რეფლექსური რკალი არის L2 - L4 სეგმენტებში.

ამ რეფლექსის რეფლექსური რკალის შემადგენლობაშია nervus femoralis.


მუხლის რეფლექსი


7. აქილევსის მყესის რეფლექსი - ნევროლოგიური ჩაქუჩის აქილევსის მყესზე დარტმის შედეგად გამოიწვევა ტერფის პლანტარული მოძრაობა (რეფლექსურად, ერთდროულად იხრება ტერფის ყველა თითი).

ამ რეფლექსის გამოსაწვევად პაციენტი უნდა იყოს მუხლებზე დამდგარი და ისე უნდა დავარტყათ აქილევსის მყესზე, შედეგად ვიღებთ ტერფის პლანტარულ მოხრას.

ამ რეფლექსის რეფლესური რკალი L5 - S2 სეგმენტებშია.

რეფლექსური რკალის შემადგენლობაში შედის nervus ischiadicus -ის ტოტი nervus tibialis.


აქილევსის მყესის რეფლექსი



კანისა და ლორწოვანი გარსის რეფლექსები


კანისა და ლორწოვანი გარსის რეფლექსები დაბლაგვებული ნემსის წვერით ან ჩხირით გარედან შიგნითა მიმართულებით უნდა გავაღიზიანოთ მუცლის კანი, უნდა გავხაზოთ მასზე. ეს იწვევს მუცლის სწორი კუნთების რეფლექსურ შეკუმშვას.

თუ მუცლის კუნთების შეკუმშვა გამოწვეულია ჭიპის ზემო არეში კანის გაღიზიანებით, ეს იქნება მუცლის კანის ზედა რეფლექსი (მისი რეფლექსური რკალი არის D7-D8 სეგმენტებში.

რკალის შემადგენლობაში არის nervi intercostales.

მუცლის კანის შუა რეფლექსი ეწოდება ჭიპის დონეზე კანის გაღიზიანებით მუცლის კუნთების შეკუმშვას

რეფლექსური რკალი D9-D10 სეგმენტებშია.

რკალის შემადგენლობაში შედის nervi intercostales.

მუცლის კანის ქვედა რეფლექსი - ეწოდება ჭიპის ქვემოთ კანის გაღიზიანების საპასუხოდ კუნთების შეკუმშვას .

ამ რეფლექსის რეფლექსური რკალი არის D11-D12 სეგმენტებში.

რკალის შემადგენლობაში შედის nervi intercostales.


მუცლის კანის რეფლექსები



კრემასტერის რეფლექსი - არის სათესლე ჯორკვლის ზემოთ აწევა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ექიმი გააღიზიანებს ბარძაყის ზედა მესამედის კანის შიგნითა ნაწილს ჩლუნგი ნემსით.

რეფლექსური რკალი L1-L2 სეგმენტებშია.

რეფლექსური რკალის შემადგენლობასი შედის nervus genito-femoralis.


კრემასტერის რეფლექსი



დუნდულოს რეფლექსი - ეს არის დუნდულოს კანის გაღიზიანებისას ჩხირით ან ბლაგვი ნემსის წვერით, დუნდულა კუნთების რეფლექსური შეკუმშვა.

რეფლექსური რკალი L4-L5 სეგმენტებშია.

რკალის შემადგენლობაში შედის nervi glutei.


დუნდულოს რეფლექსი



პლანტარული რეფლექსი - მდგომარეობს ფეხის ყველა თითის მოხრაში ფეხის გულისკენ, წვეტიანი საგნით ფეხისგულის ხაზობრივი გაღიზიანების საპასუხოდ. რკალის შემადგენლობაში შედის nervus ischiadicus -ის ტოტი nervus tibialis. (რეფლექსური რკალი L5-S2 სეგმენტებშია)


პლანტარული რეფლექსი


ანალური რეფლექსი - მდგომარეობს ანალური ხვრელის გარეთა სფინქტერის შეკუმშვაში, ამ მიდამოს ჩხვლეტითი გაღიზიანების საპასუხოდ.

რეფლექსური რკალი S4-S5 სეგმენტებშია. რკალის შემადგენლობაში შედის nervus anococcygei et nervus pudendus.


ანალური რეფლექსი


კორნეა-კონიუნქტივალური რეფლექსი - ამ დროს რბილი ქაღალდის მცირე ნაჭრით რქოვანას გაღიზჯანების საპასუხოდ ადამიანი თვალებს ხუჭავს რეფლექსურად. რეფლექსური რკალის სეგმენტი ვაროლის ხიდშია (ტვინის ღეროს შუა ნაწილი). რეფლექსური რკალის შემადგენლობაში შედის nervus trigeminus et nervus facialis.


კორნეა-კონიუნქტივალური რეფლექსი


სასის რეფლექსი - დახვეული ქაღალდით ან შპატელით რბილი სასის გაღიზიანების საპასუხოდ ნაქი მაღლა იწევა. რეფლექსური რკალის სეგმენტი მოგრძო ტვინშია. რკალის შემადგენლობაში შედის nervus glosso-pharyngeus et nervus vagus.


სასის რეფლექსი



ხახის რეფლექსი - დახვეული ქაღალდით ან შპატელით ხახის უკანა ზედაპირზე შეხებისას პაციენტში გამოიწვევა გულისრევის შეგრძნება. ამ რეფლექსის რეფლექსური რკალის სეგმენტი არის მოგრძო ტვინში (ტვინის ღეროში). რეფლექსური რკალის შემადგენლობაში შედის nervus glosso-pharyngeus et nervus vagus.


ხახის რეფლექსი


მიოტატიური ანუ ტონური რეფლექსი - კუნთი მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი, გარკვეული ხარისხით შეკუმშულია. ეს რეფლექსი უნარჩუნებს ორგანიზმს მოძრაობის და სხეულის პოზის დაჭერის უნარს. ამ მდგომარეობას ეწოდება კუნთის ტონუსი.


მიოტატიური ანუ ტონური რეფლექსი





ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
2077
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
2077
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0