— წარმოშობით ქუთაისიდან ვარ. 1998 წელს ჩავაბარე პარიზის კონსერვატორიაში და გავემგზავრე სასწავლებლად. პარიზის კონსერვატორია მალევე დავამთავრე — ოთხი წლის ნაცვლად ორ წელიწადში. ვინაიდან ასაკით პატარა ვიყავი (19 წლის), ვიცოდი, რომ სასწავლი ჯერ ბევრი მქონდა და გადავწყვიტე ჩამებარებინა ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიაში ცნობილ პიანისტ ევგენი მოგილევსკის კლასში. ბრიუსელის კონსერვატორიაში სწავლისას გადავწყვიტე ამერიკაში გამეგრძელებინა სწავლა.
2001 წელს ბატონმა ლექსო თორაძემ მიმიწვია მასთან, ინდიანას უნივერსიტეტში სასწავლებლად. „ლექსოს პიანო სტუდიის“ წევრობა უდიდესი ბედნიერებისა და დიდი გამოცდილების მომტანი იყო. ულამაზესი მოგონებები სწორედ მასთან და იმ პერიოდთან მაკავშირებს. ინდიანას უნივერსიტეტში მაგისტრატურის დამთავრებისთანავე გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა. დოქტორანტურაზე მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტში პროფესორ გიორგი ვაჩნაძესთან გავაგრძელე სწავლა, სადაც ნამდვილი ამერიკული სტუდენტობა გამოვცადე.
ირმა სვანაძე და მისი ქალიშვილი
– ამის მერე როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?
— მიჩიგანში ყოფნისას, სწავლის პერიოდში გავიცანი რალფი (ჩემი მომავალი მეუღლე), რომელიც დროებით იყო მიჩიგანში და შემთხვევით „შემოიარა“ ჩვენ სტუდენტურ ქალაქში. ზუსტად აქ მოხდა ჩვენი შეხვედრა, რის შემდეგაც დავქორწინდით. ორივეს ბევრ ქვეყანაში გვიცხოვრია, ორივეს ცხოვრება მოგზაურობის გარშემო იყო აგებული და ამან დაგვაახლოვა.
ჩემი სწავლის დასრულების შემდეგ გადავწყვიტეთ საცხოვრებლად სან-ფრანცისკოში გადასვლა, სადაც ანაბელი დაიბადა. ერთი წლის იყო, როდესაც გადავწყვიტეთ რამდენიმე წლით საქართველოში ჩამოსვლა, რადგან გვინდოდა მას პირველი წლები აქ გაეტარებინა, ენა შეესწავლა და ჩემ ოჯახს დაახლოებოდა.
პირველი წლები ნამდვილ ქართულ გარემოში იზრდებოდა. როდესაც ექვსი წლის შესრულდა, გადავწყვიტეთ ამერიკაში დაბრუნება, რათა ინგლისურიც შეესწავლა და ამერიკაში მისულიყო სკოლაში. ორიოდე წელი „გავუძელით“ ერთ ადგილზე ცხოვრებას. ამ ორი წლის განმავლობაში ორივე გადაბმულად 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით.
ირმა სვანაძის მეუღლე და ქალიშვილი
– რატომ გადაწყვიტეთ გემზე ცხოვრება, არ გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება?
— გადაწყვეტილება 2017 წლის გაზაფხულზე მივიღეთ. კორპორატიული ცხოვრებით გადაღლილები ვიყავით. 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი, ბავშვთან ნაკლები დროის გატარება უკვე მოსაბეზრებელი იყო ჩვენთვის. გეგმაში გვქონდა სამხრეთ ამერიკის მოვლა პატარა მინივენით.
ჩემი ოცნება იყო (და არის) ეს მოგზაურობა, რომელიც რამდენიმე წელს გასტანს, და რომლის დროსაც შევძლებთ გავჩერდეთ იქ, სადაც მოგვეწონება. ვიცხოვროთ, გავეცნოთ ადგილობრივ კულტურასა და ისტორიას, შევისწავლოთ ენა.
საბოლოო ჯამში, ერთ დღეს, რამდენიმე ჭიქა ღვინის შემდეგ რალფმა გემის თემა შემომთავაზა. ამჯერად იმდენად გადაღლილი ვიყავი და ისე მინდოდა ამ ოცნების შესრულება, რომ დავთანხმდი ამ იდეაზე, მიუხედავად იმისა, რომ წყლის საშინლად მეშინია და ცურვაც არ ვიცი.
თითქმის 10 წელია, რაც ერთად ვცხოვრობთ და ამ წლების განმავლობაში რალფი ყოველთვის ცდილობდა გემთან ჩემ „დამეგობრობას“, რადგან თავად ძალიან უყვარს და ყოველთვის ჰყავდა პატარა გემი, რომლითაც ოკეანეში ხშირად გადიოდა. სხვათა შორის, სიეტლში ცხოვრებისას ის ხშირად მონაწილეობდა ამ მიმართულებით შეჯიბრში. ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი და წარმოუდგენელი იყო გემზე არა თუ ცხოვრება, არამედ თუნდაც ერთი დღით ასვლა. გარდა იმ რისკებისა, რაც წარმოვიდგინე (ამინდი, ოკეანე, სტიქიური მოვლენები, მეკობრეები, ზვიგენები და ა.შ.), სირთულე და შიში ანაბელის აღზრდასთან დაკავშირებით წარმოუდგენლად მომეჩვენა. გაგვიმართლა, რადგან მალე აღმოვაჩინეთ ოჯახი, რომელიც რვა წელია სამი შვილით გემზე ცხოვრობს და დედამიწას წრე დაარტყეს.
ისინი „სკაიპის“ საშუალებით გვიკავშირდებოდნენ და ტრენინგს გვიტარებდნენ გემზე ცხოვრებასთან დაკავშირებით. სამი შვილის მშობლებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ის სირთულეები, რაც ბავშვების გემზე აღზრდას მოჰყვება, შესაბამისად, მათ მოახერხეს ჩემი „პანიკის დაწყნარება“. რაც მეტს ვიძიებდი, ვსწავლობდი, მით ნაკლები შიში მქონდა. მივხვდი, რომ გემზე ცხოვრების რისკები სწორი დაგეგმარებით, სწავლით შესაძლებელია დავაზღვიოთ. ამიტომ ანაბელმაც და მეც დავიწყეთ ნაოსნობის, ნავიგაციის შესწავლა.
მინდა ვთქვა, რომ ანაბელი მჯობნის და ბევრად მეტი იცის, ვიდრე მე. მან იცის ძრავების შემოწმება, რუკების წაკითხვა და დამუშავება, შეუძლია ქარის მიმართულების ამოცნობა და იალქნების შესაბამისად მართვა… მას ეს ყველაფერი ძალიან მოსწონს და დიდი სიხარულით სწავლობს.
ოჯახით სან-დიეგოში გადავედით (კალიფორნიის შტატში), სადაც თითქმის ორი თვე ვიყავით. პირველი თვე გემის მოწყობა–შეკეთებას დასჭირდა. სამწუხაროდ, ეს პროცესი მუდმივია და ყოველდღიურ ცხოვრების წესად იქცა. შაბათ-კვირას გავდიოდით ოკეანეში და ვსწავლობდით ნაოსნობას.
– რამდენი ხანია, რაც გემით მოგზაურობთ, რამდენი ქალაქი და ქვეყანა ნახეთ ამ ხნის მანძილზე?
— გემზე შედარებით ახალი გადასულები ვართ — 2017 წელს, ოქტომბრის ბოლოს გადავედით. რალფმა გემით ბევრი ქვეყანა მოიარა. გემი კარიბის კუნძულებზე იყო და მოგვიწია იქიდან კალიფორნიაში მისი ჩამოყვანა. მთელი ზაფხული მოდიოდა „ლამაზია“ — უამრავი ქარიშხალი, კუნძული გამოიარა. პანამის არხის გავლით მთელი ცენტრალური ამერიკა და მექსიკა გამოიარა და საბოლოოდ სან-დიეგოში ჩამოვიდა.
ოჯახთან ერთად კალიფორნიის სანაპიროსა და რამდენიმე კუნძულზე ვიყავით. მარტში კი მექსიკაში ჩავედით ქალაქ ენსენადაში, სადაც ჯერ კიდევ ვართ, რადგან გვინდოდა ანაბელს ესპანური ესწავლა და ადგილობრივ სკოლაში ორიოდე თვით ევლო. ამ ზაფხულს ვაპირებთ ისევ ამერიკაში კუნძულების დალაშქვრას, სანამ შტორმების სეზონი გადაივლის მექსიკაში.
შემოდგომაზე ისევ მექსიკას დავუბრუნდებით. მექსიკა ძალიან დიდი ქვეყანაა, დიდი ისტორიით, ამიტომ გვინდა ექვსი თვე მაინც დავყოთ იქ. სხვადასხვა ქალაქებში გავეცნოთ უძველესი ცივილიზაციების ისტორიას. კორტესის ზღვაშიც გვინდა რამდენიმე თვით გაჩერება, რათა ანაბელმა ოკეანოლოგია, ზოოლოგია პირდაპირ გამოცდილების შედეგად ისწავლოს იქ, სადაც ამხელა ბუნებრივი სიმდიდრეა.
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო
– ალბათ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გადაგხდათ თავს…
— საინტერესო თავგადასავალი ყოველდღიურად გვაქვს, ამ მხრივ ნამდვილად განებივრებულები ვართ. მიჭირს ერთის გამოყოფა, თუმცა ალბათ ბოლო თავგადასავალს გავიხსენებდი. მექსიკაში ჩასვლისთანავე „მეზობელი“ გემის პატრონმა გვითხრა, რომ კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში (მექსიკის ნაწილია) არის რამდენიმე დაცული ლაგუნა, სადაც ალასკიდან ნაცრისფერი ვეშაპები ჩამოდიან ზამთარში, რათა პატარები ამ დაცულ წყლებში გააჩინონ და ორი თვის განმავლობაში გამოზარდონ. თურმე იქ შესაძლებელია შეხვიდე ლაგუნაში პატარა ნავით და ვეშაპებს მოეფერო. არ გვჯეროდა, თუმცა მეორე დილითვე წავედით.
10 საათის შემდეგ მივედით. მეორე დღეს გვერგო წილად ბედნიერება ლაგუნაში შევსულიყავით. უძლიერესი მკვლევარი გვყავდა გიდად, რომელმაც უამრავი რამ გვასწავლა ვეშაპების შესახებ — როგორ უნდა დაგვემყარებინა კომუნიკაცია, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ჩვენი პატარა ნავი გარშემორტყმული იყო უამრავი დედა-შვილი ვეშაპით. აქვე ვიტყვი, რომ დედა 70 ტონას იწონის, ხოლო ახალდაბადებული დაახლოებით 30 ტონას.
თავიდან, რა თქმა უნდა, შიშის გრძნობა გეუფლება, ვაითუ კუდი მოხვდეს ამ პატარა ნავს — მაშინვე ჩავვარდებით. თუმცა მალევე ხვდები, რომ ისინი უაღრესად კეთილგანწყობილები არიან ადამიანების მიმართ. დედები პატარებს უბიძგებენ ნავისკენ, რომ ადამიანების მოფერება ისწავლონ. ისინი თითქოს „დამალობანას“ გეთამაშებიან. ანაბელისთვის, ისევე, როგორც ჩვენთვის, ეს ერთ-ერთი იმ თავგადასავალთაგანია, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება. ვეშაპის მოფერება, მათთან წყალში ყოფნა საოცარი შეგრძნებაა.
– ალბათ ხშირად აწყდებით ულამაზეს წყლის ბინადრებს, რა რეაქცია გაქვთ თქვენ, ანაბელს? ის ხომ ჯერ პატარაა.
— ნამდვილად დიდი სტიმულია ოკეანის ბინადრების დანახვა, მათთან ერთად ცხოვრება არა მარტო ანაბელისათვის, არამედ ჩვენთვისაც. როდესაც გრძელ გზაზე, მაღალ ტალღებში მიიწევ წინ და გემის გვერდზე ათობით დელფინს დაინახავ, რომლებიც გემს მოჰყვებიან, თამაშობენ — ყველაფერი გავიწყდება და ამ მომენტს „აგემოვნებ“. პორტში ზღვის ლომები გვსტუმრობენ.
არც ადამიანების ეშინიათ და გემიც მათი სახლი ჰგონიათ. თუმცა ჩვენ ორ ძაღლს საშინლად ანერვიულებენ და აშინებენ. ხშირად გემს ვეშაპებიც მოჰყვებიან. ვეშაპები, დელფინები, ზღვის ლომები, ულამაზესი თევზები, დილის ულამაზესი მზე და ენით აღუწერელი მზის ჩასვლა ყველაფერს გვავიწყებს. დიდი მიკროსკოპი შევიძინეთ ახლახან, რათა ანაბელისათვის მიკროსამყაროც გაგვეცნო, რაც მას ძალიან მოსწონს და ყველაფერს მიკროსკოპში უყურებს.
– სასიამოვნო თავგადასავლებთან ერთად ალბათ სირთულეებიც ბევრი იყო. რა სირთულეებს აწყდებით მოგზაურების დროს?
— გემზე ყოველდღიური ცხოვრება ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ყოველდღიურად რაღაც ფუჭდება, ყოველდღიურად საჭიროებს ყველა ტექნიკის, ძრავების, იალქნებისა თუ სხვა მოწყობილობების შემოწმებასა და შეკეთებას. ყველაფერი ლიმიტირებულია – წყალი, შუქი. შუქს მზის პანელებით გამოვიმუშავებთ, თუმცა ბევრს ვერა და ამიტომ ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვეკიდებით მის ფუჭად დახარჯვას.
ინტერნეტი ლიმიტირებულია და ხშირად არ მუშაობს; ტელევიზორი არ არსებობს — არც მანამდე გვქონია, ამიტომ დიდად არ განვიცდით. წყალიც ლიმიტირებულია — სასმელი წყალი ოკეანის წყლიდან გამოგვყავს რალფის მიერ გაკეთებული სპეციალური დანადგარის საშუალებით. საკვების შესანახად ძალიან პატარა მაცივარია (ისიც თუ შუქი გვაქვს), ამიტომ ყველაფერი წინასწარ უნდა გავთვალოთ და დავგეგმოთ. ადგილი ცოტაა მიუხედავად იმისა, რომ „ლამაზია“ საკმაოდ დიდი გემია. რა თქმა უნდა, ძაღლების გემზე ყოფნა, მათი სასეირნოდ გაყვანაც დიდ ძალისხმევას საჭიროებს. თუ ღუზა გვაქვს ჩაშვებული, ნაპირზე გასასვლელად პატარა კატარღის გამოყენებაა აუცილებელი, ეს კი საკმაოდ რთულია პატარა ანაბელისა და ჩემთვის, რადგან კატარღა საკმაოდ მძიმეა და ამავდროულად ჩქარი.
ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ერთვის ის ბუნებრივი მოვლენები, რომელთაც გზას ვერ ავუვლით — ქარი, დიდი ტალღები და ასე შემდეგ. ესეც, რა თქმა უნდა, დისკომფორტს იწვევს. ის ელემენტარული კომფორტი, რაც სახლში ყველას გვაქვს, გემზე არ არსებობს და ყველაფრის გაკეთება თავად გიწევს. მიუხედავად ამისა, გემზე ცხოვრება უაღრესად საინტერესოა.
– ანაბელს პროტესტი არასოდეს გამოუთქვამს იმის გამო, რომ გემზე ცხოვრობს?
— არა, პირიქით, ძალიან მოსწონს გემზე ცხოვრება. მოსწონს არასტანდარტული სწავლების მეთოდი, თავისუფლება, აღმოჩენებით სავსე ცხოვრება, ახალი მეგობრები.
– რა მოგცათ ამ მოგზაურობამ და რა შეცვალა თქვენ ცხოვრებაში?
— სიმშვიდე, მუდმივი გამოწვევები. ყოველდღიურად სიახლის სწავლა გვიწევს, უამრავი ახალი და საინტერესო მეგობარი, უცხო ქვეყნების ადათ-წესების გაცნობა, ენების შესწავლა, ბუნებასთან სიახლოვე, ბუნების დაცვისთვის მეტად აქტიურობა, ერთად მეტი დრო, ჩქარი და ინტერნეტით დაპყრობილი ცხოვრებისგან ხანდახან გათიშვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეტი ჩართულობა ანაბელის ცხოვრებასა და აღზრდაში.
– ახლა სად იმყოფებით და შემდეგ სად გეგმავთ წასვლას?
— 2018 წელს მექსიკაში წასვლა გადავწყვიტეთ. „ლამაზია“ დღესაც მექსიკაში, ქალაქ ენსენადაშია. ძალიან დიდი ქვეყანაა, უდიდესი ისტორიითა და ძალიან მდიდარი ფლორა-ფაუნით. უამრავი კუნძულია სანახავი და კორტესის ზღვაშიც გვინდა რამდენიმე თვე დავყოთ. გარდა ამისა ვგეგმავთ გემიდან გადმოსვლას და ხმელეთზე უძველესი ცივილიზაციების კერების მონახულებას. 2019 წლიდან კი დიდი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი — დავიწყოთ სამხრეთ ამერიკისკენ მსვლელობა და ოცნების ასრულება, თუ წრე დავარტყათ დედამიწას.
ზოგადად ყველა დედამიწაზე წრის დარტყმას ირჩევს, რადგან ნაკლებად საშიშია, ამინდიც თბილია და სიურპრიზები ნაკლები. სამხრეთ ამერიკა კი ურთულესია. სავსეა შიდა დინებებით, უცაბედი ჰავისა და ქარის მიმართულების ცვლილებებით. ოკეანეების შერწყმა კი ცალკე უზარმაზარ და კომპლექსურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. თუმცა სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ისტორია, არქეოლოგია მეტად გვაინტერესებს. ალბათ 2019 წელს შევაფასებთ ჩვენ ცოდნას, გამოცდილებას და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებასაც.
– ოდესმე გიოცნებიათ ასეთ ცხოვრებაზე? წარმოიდგენდით, რომ ასეთი საოცარი თავგადასავლები გელოდათ წინ?
— არასოდეს! ბავშვობაში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამ ცხოვრების სტილით ვიცხოვრებდი, რადგან პიანისტი ვიყავი და დროის თავისუფლება წარმოუდგენელი იყო. არც ფინანსური საშუალება გვქონდა…
ძალიან რთული გზა გამოვიარე, თუმცა ამ გზამ დღევანდელ ცხოვრებამდე მომიყვანა და ამის მადლიერი ვარ. გამიმართლა, რომ რალფიც ჩემსავით თავგადასავლების მოყვარულია და რისკებსაც იღებს.
ერთმანეთს არ ვზღუდავთ, პირიქით, ვავსებთ ერთმანეთის ცხოვრებას და ერთად ვცდილობთ ყოველი ჩანაფიქრისა თუ ოცნების ასრულებას. რეალურად არც ნივთები, არც ის ყოველდღიური საჭიროებები არ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, სიახლეები, თავგადასავლები და ერთობლივი მიზნების მიღწევაა მთავარი ორივესთვის და ამისთვის მზადა ვართ, თუნდაც ფინანსურ სტაბილურობას, კომფორტს დავემშვიდობოთ…