საქართველო "ხვალ დილით რუსთაველის გამზირზე ვერ იქნება ვერავინ" - გახარიას შეთავაზება და "ქართული მარშის" პასუხი 2018, 14 მაისი, 14:08
ხვალ დილით რუსთაველის გამზირზე ვერ იქნება ვერავინ, - ასე მიმართა „ქართული მარშის“ ლიდერებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომლებმაც განუცხადეს, რომ „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქციის შემდეგ პარლამენტის წინ ისინი დადგებოდნენ.
მინისტრის თქმით, პარლამენტის წინ მოედნის დაცარიელებას დაახლოებით 4 საათი დასჭირდება. "დღეს ყველამ პატივი უნდა ვცეთ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, მშვიდად უნდა დავიშალოთ და ხვალ აქ არავინ იდგება ამ ქუჩაზე. ხვალ იქნება ჩვეულებრივი ორშაბათი, როდესაც ხალხი წავა სამსახურში და ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან. ყველა სხვა საკითხებს ვსხდებით და ორშაბათს, სამშაბათს ვწყვეტთ. ჩვენ ყველამ, როგორც ცალკე აღებულმა მოქალაქემ, პატივი უნდა ვცეთ ყველა სხვა მოქალაქის უსაფრთხოებას. პოლიციას უნდა მივცეთ საშუალება, შეასრულოს თავისი ფუნქცია. ისინი დაიშლებიან, იქ მოედანი ცარიელია იმ ხალხს ჩვენ გავიყვანთ. თქვენ იმის გარანტიას ვერ მომცემთ, რომ არ შეეხებით. აქ იყავით, პრობლემა არაა. მე არ მოვსულვარ აქ პირობებისთვის, მოვედი იმიტომ, რომ რახან იმ ხალხს დაველაპარაკე, თქვენც დაგელაპარაკოთ. აქ პრობლემა არ არის, იყავით, ამის იქით არ უნდა წახვიდეთ. მათ გასაყვანად დამჭირდება ოთხი საათი, ავტობუსებით უნდა გავიყვანო. ხვალ დილით რუსთაველის გამზირზე ვერ იქნება ვერავინ, ვერც ისინი და ვერც სხვა", - განაცხადა გახარიამ. მისივე თქმით, ძალადობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი.
„ქართული მარშის“ ლიდერების თქმით, ხალხი არის გაბრაზებული და ისინი მათ ვერ გააჩერებენ. "ჩვენ ველოდებით იმ ხალხის გაყვანას და შემდეგ იმ მოედანზე დავდგებით. ჩვენ სანქცირებული გვაქვს აქცია", - განაცხადეს შს მინისტრთან საუბრისას „ქართული მარშის“ ლიდერებმა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კი ამ დრომდე პარლამენტის ტერიტორიაზე რჩება. ის პარლამენტის უკან იმყოფება და პირადად ადევნებს თვალს ყვითელი ავტობუსების მეშვეობით მომიტინგეების ტერიტორიიდან გაყვანას. მინისტრი ავტობუსებში მათ უსაფრთხოდ ჩასხდომას და გასვლას პირადად აკონტროლებს. ავტობუსებს კი პოლიციელები აცილებენ. 88 2-ს მოსწონს
|