x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სად და რატომ ქრება მოვაჭრეებისთვის ჩამორთმეული საქონელი?
image


გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ ჯარიმების ოდენობა გაიზარდა, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლისთვისაც ქუჩაში ვაჭრობა ერთადერთი შემოსავალია, კლავ ძველ ადგილზე რჩება და საარსებო მინიმუმის მოპოვებას განაგრძობს. დაჯარიმების გარდა, გარემოვაჭრეები მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს მათი საქონლის მითვისებაში ადანაშაულებენ. ზედამხედველობის სამსახურში კი კონკრეტულ ფაქტზე არ საუბრობენ და მოვაჭრეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ გაზეთი „რეზონანსი“ წერს.


მეტროსადგურ "დელისთან" მყოფი გარემოვაჭრეები თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მუშაკებს პროცედურების დაცვის გარეშე მათი საქონლის მითვისებაში ადანაშაულებენ. მათ უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად აქციაც გამართეს.


მოვაჭრეები ამტკიცებენ, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა გუშინ დილით მათი კუთვნილი საქონელი წაიღეს. დახლებზე დაახლოებით 5 მოვაჭრის სხვადასხვა ტიპის პროდუქტი იყო დაწყობილი, თავად კი ადგილზე არ იმყოფებოდნენ, როდესაც ისინი მივიდნენ და ყოველგვარი პროცედურების დაცვის გარეშე მათი საქონლის კონფისკაცია მოახდინეს.



ფაქტზე, რომელიც გუშინ მეტროსადგურ "დელისთან" მოხდა, არ საუბრობენ ზედამხედველობის სამსახურში. მათ "რეზონანსთან" ყურადღება გაამახვილეს, რომ ჩამორთმეული საქონელი ხმარდება ქველმოქმედებას, ხოლო თავად გარემოვაჭრეებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდეს.


"გარევაჭრობის ფაქტების გამოვლენისას შესაბამისი საგანი (საქონელი) ექვემდებარება კონფისკაციას. ჩამორთმეული საქონელი, კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ამის შემდგომ იგი ექვემდებარება განკარგვას, რისი წესიც განსაზღვრულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გაფორმებული აქვს მემორანდუმი ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან და აღნიშნული პროდუქცია ოფიციალურად გადაეცემა შემდგომი განკარგვის მიზნით, რასაც ქველმოქმედებისთვის იყენებს. ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ იმოქმედონ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად", - განუცხადეს "რეზონანსს" ზედამხედველობის სამსახურში.


ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი გიორგი გუგავა გარემოვაჭრეების შევიწროების ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, როდესაც მოვაჭრეს აჯარიმებს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი, მისი კუთვნილი საქონელი არ უნდა მიითვისოს.


"არა მხოლოდ დღევანდელ სიტუაციაზე შემიძლია საუბარი, არამედ სხვა ფაქტებიც ვიცი იმის შესახებ, რომ აჯარიმებენ და იმ საქონელსაც ჩამოართმევენ, რაც მოვაჭრეს აქვს, რაც იურიდიულად დაუშვებელია. უმთავრესი კონსტიტუციური ნორმა ირღვევა საკუთრების უფლების შესახებ. არავის აქვს უფლება, საკუთრება ჩამოართვას, მით უმეტეს როდესაც საუბარია მალე ფუჭებად პროდუქტზე.


ისეთი ფაქტებიც არსებობს, როდესაც საქონელი უვარგისი ხდება ჩამორთმევიდან დაბრუნებამდე და მოვაჭრე ორმაგად ზარალდება. არავის უხარია ზამთარ-ზაფხულ ქუჩაში დგომა. ეს მათი შემოსავლის წყაროა და სახელმწიფო ალტერნატივას ვერ სთავაზობს, სხვა სამსახური ჰქონდეს. ეს პროცესი თუ გაგრძელდა, იმედია, შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება და არ დარჩება საკითხი ყურადღების მიღმა", - განუცხადა "რეზონანსს" გუგავამ.


პროფკავშირების წარმომადგენელი რაისა ლიპარტელიანი ადასტურებს, რომ, დაჯარიმებასთან ერთად, მოვაჭრეს საკუთრებას, პროდუქციასაც ართმევენ.


"ალბათ დაუბრუნებენ შემდეგში ამ პროდუქციას. სადაც ვაჭრობა შეზღუდულია, იქ სანქცირების უფლებაც აქვთ. ისიც შეუძლიათ, სხვა ადგილზე გადასვლისკენ მიუთითონ", - აღნიშნა ლიპარტელიანმა.


უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, "დელისის" ინციდენტის დროს, საქონლის ჩამორთმევის პროცესში მიღება-ჩაბარების ოქმი არ გაფორმებულა, შესაბამისად, გარემოვაჭრეები საკუთარი პროდუქციის დაბრუნებას ითხოვენ და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტზე განცხადების შეტანასაც აპირებენ.


"გუშინ ყოველგვარი ოქმის, მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე მათი კუთვნილი საქონელი მოიპარეს. ამ ფაქტის შესახებ მე გარემოვაჭრეებისაგან შევიტყვე. ვითხოვთ, დაისაჯონ დამნაშავეები სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევისთვის, ასევე, ვითხოვთ, განახლდეს გარევაჭრობის რეგულაციაზე მუშაობა. სავაჭრო ქსელების მიერ ამ ადამიანების კონკურენტებად განხილვა კი არ არის საჭირო, არამედ გარევაჭრობას თბილისში უნდა მიეცეს ცივილიზებული ფორმა, როგორც ეს მსოფლიოს სხვა ქალაქებში ხდება", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0