x
image
_K_
როგორ იცვლება ადამიანის სხეული, როცა მოწევას თავს ანებებს
image


თუ უკვე კარგა ხანია, რაც ეწევით, ალბათ, იმაზეც ფიქრობთ, საერთოდ ღირს თუ არა სიგარეტისთვის თავის დანებება. შეიძლება, გგონიათ, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს და არაფერი შეიცვლება. თუმცა, ცდებით!


იცოდით, რომ სხეულს თვითაღმდგენი ფუნქცია აქვს? სიგარეტი ზიანს გაყენებთ, მაგრამ მოწევიდან ნახევარ საათში უკვე ორგანიზმი ცდილობს, "განგკურნოთ". თუ მოწევისთვის სერიოზულად გადაწყვიტეთ თავის დანებება, კარგი იქნება, თუ გეგმას შეიმუშავებთ, პირველი კვირებისთვის მაინც.


მაშ, ასე, გაიგეთ, რა ემართება ადამიანის სხეულს, როცა სიგარეტის მოწევას წყვეტს.






20 წუთში



20 წუთში სხეული უკვე უკეთესობისკენ იცვლება, პულსი და სისხლის წნევა ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. ხელები და ფეხებიც კი ჩვეულ ტემპერატურაზე თბება.






8 საათში


სამუშაო დღის დასასრულისთვის უკვე სისხლში ნიკოტინისა და კარბონის მონოქსიდის (მხუთავი აირი) ნახევარი გაქვთ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? კარბონის მონოქსიდი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ხელს უშლის სისხლისთვის ჟანგბადის მიწოდებას. ეს კი, კუნთებიდან დაწყებული ტვინით დამთავრებული, პრობლემებს წარმოშობს, რადგან ორგანიზმი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს.


მაგრამ როცა მხუთავი აირი სხეულიდან გადის, ჟანგბადიც ნორმალირდება.


ამ დროს შეიძლება ძალიან მოგინდეთ მოწევა. ეს ნორმალურია. უნდა სცადოთ სხვა რამეზე გადართვა, დაღეჭეთ საღეჭი რეზინი, დალიეთ წყალი, მოუსმინეთ მუსიკას. ეს შეგრძნება გაივლის. მთავარია, სცადოთ მასთან ბრძოლა!






12 საათში


არმოწევის პირველი დღის ნახევარში, კარბონის მონოქსიდის დონე უკვე ნორმალური ხდება. თქვენი გული კი მადლობას გადაგიხდით, რადგან ახლა აღარ მოუწევს უფრო ძლიერად მუშაობა იმისთვის, რომ სხეულს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი მიაწოდოს.






24 საათში


თუ დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწეოდით, მაშინ გულის შეტევის ორჯერ მეტი რისკის ქვეშ იმყოფებოდით, ვიდრე არამწეველები. მაგრამ თუ მთელი დღე გაძლებთ სიგარეტის გარეშე, მაშინ თქვენი შანსები კლებას დაიწყებს.





48 საათში


2 დღის გასვლის შემდეგ გასინჯეთ რამე გემრიელი. ამ დროისთვის გემოსა და ყნოსვის შეგრძნება ნორმალურს უბრუნდება და უფრო გამძაფრებული გექნებათ. თქვენი სხეული გაწმენდის სამუშაოებითაა დაკავებული: ფილტვები ცდილობს, გათავისუფლდეს ლორწოსა და სიგარეტის დატოვებული სხვა ნივთირებებისგან. ამ დროისთვის სხეულში ნიკოტინი უკვე აღარ გექნებათ.


ეს პერიოდი რთულიცაა. შესაძლოა იგრძნოთ შიში, აფორიაქება, წუხილი, თავბრუსხვევა, შიმშილი, დაღლილობა, თავის ტკივილი ან დეპრესია და მოწყენილობა. ეს ნორმალურია, მაგრამ ამ დროს ძალიან გაგიჭირდებათ სიგარეტის მოკიდებისგან თავის შეკავება.


მიჰყევით გეგმას. წადით კინოში ან მაღაზიაში, სადაც მოწევას ვერ შეძლებთ. დრო გაატარეთ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან, რომლებიც არ ეწევიან ან მოიფიქრეთ რამე მსგავსი.


თუ ასთმა გაქვთ, ამ დროს თქვენი სიმპტომები შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე იყოს. შეიძლება დამაბნევლად ჟღერდეს, მაგრამ ეს პროცესის ნაწილია და დიდხანს არ გაგრძელდება. მესამე დღეს უკვე თავს უკეთ იგრძნობთ. შეგიძლიათ, ექიმსაც გაესაუბროთ სიმპტომების შესახებ.






3 დღეში


მესამე დღის დასასრულს უფრო მარტივად ისუნთქებთ და ენერგია მოგემატებათ. ფილტვები აღდგენას დაიწყებს და უკეთ იგრძნობთ თავს.






2 კვირიდან 3 თვემდე


ამ პერიოდში უზარმაზარ ნაბიჯს დგამთ. მეტის გაკეთება შეგიძლიათ, რადგან ფილტვები უფრო ძლიერი და სუფთა გაქვთ, სისხლის მიმოქცევა კი გაუმჯობესებულია. უკვე ვარჯიშს ქოშინის გარეშე შეძლებთ და გულის შეტევის რისკი კი კიდევ უფრო შემცირდება.


თქვენ გაუძელით ყველაზე რთულ ნაწილს!


თუმცა, შესაძლოა, ისევ გქონდეთ მოწევის სურვილი. ეს ყველასთან ინდივიდუალურია. ამ პერიოდში არ უნდა დაივიწყოთ განვლილი გზა და არ უნდა დაუბრუნდეთ მოწევას. ითხოვეთ დახმარება, თუ მარტო გიჭირთ. იფიქრეთ ფულზე, რომელსაც ზოგავთ. ან ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი 10-ჯერ ნაზად, ღრმად და სასიამოვნოდ.






3-დან 9 თვემდე


ამ დროს კიდევ უფრო ღრმად და სუფთად სუნთქვას შეძლებთ. გაქვთ იმუნიტეტი, რომელიც გაციებასა და დაავადებებთან გამკლავებაში გეხმარებათ. ასევე, მეტ ენერგიასაც ფლობთ.






1 წელიწადში


უკვე ბევრს მიაღწიეთ. გულის შეტევის რისკიც ნახევარია იმასთან შედარებით, რაც 1 წლის წინ გქონდათ.






5 წელიწადში


ინსულტისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკი უკვე იმდენივეა, რამდენიც არამწეველებს აქვთ. და მოწევისთვის თავის დანებების პირველ დღესთან შედარებით, პირის, ყელის, საყლაპავისა და შარდის ბუშტის კიბოს რისკიც განახევრებულია.






10 წელიწადში


იმასთან შედარებით, ვინც ეწევა, ნახევრად ხართ ფილტვის კიბოსგან სიკვდილის რისკის ქვეშ. ხორხისა და პანკრეასის კიბოს რისკის ქვეშ კი თითქმის აღარ იმყოფებით.






15 წელიწადში


საბოლოოდ, როგორც იქნა, გულის შეტევის შანსი თქვენთვის ისეთივეა, თითქოს არც არასდროს მოგიწევიათ. თქვენმა სხეულმა ბევრი იშრომა იმისთვის, რომ აღმდგარიყო და განკურნებულიყო.



როცა მოწევისთვის თავის დანებებას იწყებთ, ეს გრძელ პერიოდად გეჩვენებათ, მაგრამ მეთხუთმეტე წელს უკვე პირველი კვირების თავის ტკივილი და დისკომფორტი ბუნდოვნად გახსენდებათ. შეიძლება, თავიდან მოწევის სურვილი გაუსაძლისი გეჩვენებოდეთ, მაგრამ შეგიძლიათ ამის გადალახვა! ჯილდო ხომ ასეთი რეალური და ნათელია!


image

გისურვებთ ჯანმრთელობას!


1
1804
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1804
  
2018, 6 მაისი, 14:59
იქნებ არჩევანის თავისუფლებაზე დაფიქრებულიყო ვინნე?
0 1 1