სხვა ტუბუს ტომი - ჩემპიონები გამძლეობაში 2018, 21 აპრილი, 23:50 ლიბიის, ნიგერის და ჩადის საძღვრებზე, საჰარას უდაბნოს გულში, ცხოვრობს ტუბუს ტომი, ერთ-ერთი უძველესი ხალხი აფრიკაში. ეს უცნაური ხალხი, რომელიც ურთულეს კლიმატურ პირობებში ცხოვრობს და საკვებიც ერთობ მწირი აქვთ, ამტანობის ჩემპიონებად შეიძლება მივიჩნიოთ. ტუბუს ტომზე ძველთაგანვე დადიოდა ლეგენდები. ისინი ცხოვრობენ პრაქტიკულად უწყლო პლატოზე, სადაც ქვიშაც კი არ არის. იქაურობის პეიზაჟი მოგაგონებთ კადრებს ფილმ-ფანტასტიკიდან: ჩამქრალი ვულკანები, ქვები, შიშველი მიწა და აქა-იქ ქვიშის დიუნები. ოაზისები აქ ძალზე იშვიათია. ერთი შეხედვით აქ ცხოვრება და გადარჩენა შეუძლებელია, მაგრამ ტუბუს ტომი ამას მშვენივრად ახერხებს. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ დღეში 90 კმ-მდე მანძილის დაფარვა წარმოუდგენელი პაპანაქების პირობებში. როგორ ახერხებენ ისინი ამას? მეცნიერების სხვადასხვა დარგის ათზე მეტი წარმომადგენელი გაემგზავრა საჰარაში ტუბუს ფენომენის შესასწავლად. ყველა მათგანს ჰქონდა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ექსტრემალურ პირობებში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ამაზონის ჯუნგლებსა და ახალ გვინეაში. გარდა ამისა, ისინი აღჭურვილნი იყვნენ თანამედროვე ტექნიკით: ჯიპები, გადასატანი მაცივრები, სპეციალური კარვები. დილით მეცნიერებმა ისაუზმეს, ჩასხდნენ ჯიპებში, ჩართეს კონდიციონერები (ტემპერატურა უკვე 45 გრადუსი იყო) და მიჰყვნენ ქარავანს, ტუბუს ტომის წარმომადგენლებმა კი საუზმეზე მხოლოდ ბალახების ნაყენი დალიეს, დატვირთეს აქლემები მარილიანი ტომრებით და გზას გაუდგნენ. მარილი მთავარი პროდუქტია, რომელსაც ტუბუს ტომის წარმომადგენლები თავის მეზობლებზე ყიდიან და ამ ფულით ყიდულობენ თავისთვის საჭირო ნივთებს. საღამოს ევროპელები სიცხისა და დაღლილობისგან ფეხზე ვეღარ დგებოდნენ, ტუბუელებს კი არაფერი დასტყობიათ, თითქოს უდაბნოში 90 კილომეტრი არც გამოევლოთ. მათი გულის რიტმი და წნევა ნორმაში იყო. ვახშმად მოხარშეს ფეტვი, შეაზავეს პალმის ზეთით და გახეხილი ფესვებით და ამით დაკმაყოფილდნენ. უცნაურია, რომ ტუბუს ტომის წარმომადგენლები არა მხოლოდ იტანენ ასეთ პირობებს, ისინი ღრმა სიბერემდე ცოცხლობენ. როგორ უძლებს მათი ორგანიზმი ასეთ არანორმალურ გაუწყლოებას? როგორ ახერხებენ უდაბნოში ამხელა მანძილის გავლას? მათი ცხოვრების წესი მეზობელი აფრიკული ტომებისგან დიდად არ განსხვავდება, კვების რაციონი კი ერთი შეხედვით დაუბალანსებელი აქვთ, ადგილობრივებს შორის გავრცელებულია ანდაზა: ტუბუებს დღეში ერთი ფინიკი ჰყოფნით: საუზმეზე კანს ჭამენ, სადილზე შუა ნაწილს, ვახშმად კი კურკასო. მართლაც, ტუბუების კვების რაციონი წარმოუდგენლად მწირია, მათი ძირითადი საკვები ფინიკია და მხოლოდ დღესასწაულებზე მიირთმევენ ქერს, ფეტვს, ხორბალს და რძის პროდუქტებს, ხორცს საერთოდ არ ჭამენ, თანაც თავს ყველა ჯანმრთელად და მხნედ გრძნობს. მართალია ფინიკი ცილებით მდიდარი და ძალიან სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ მარტო ფინიკით ამ ყველაფრის ახსნა შეუძლებელია. დღეისათვის ცენტრალურ საჰარაში 350 000 ტუბუ ცხოვრობს, უმრავლესობა ჩადში, მცირე ნაწილი კი ლიბიასა და ნიგერში. ჯერ-ჯერობით ვერანაირი ქიმიური ანალიზებით ვერ ხერხდება მათი ორგანიზმის საიდუმლოს ამოხსნა. 296 5-ს მოსწონს
|