ისტორია ჩუქჩები - სასტიკი ჩრდილოელი მეომრები 2018, 28 აპრილი, 12:58 ჩუქჩების შესახებ ყველას სმენია, ძირითადად სახუმარო კონტექსტში, ისინი ხშირად არიან ანეკდოტების გმირები, არადა თავის დროზე მათზე უფრო სასტიკი და მეომარი ერი თითქმის არც არსებობდა. სიტყვა ჩუქჩა მომდინარეობს „ჩაუჩადან“, რაც მეირმეს ნიშნავს, თავად ჩუქჩები კი თავის თავს „ლოურავეტლანებად“ - ნამდვილ ადამიანებად მოიხსენიებენ. ჩუქჩები თავიანთ შვილებს ისე ზრდიდნენ, მასთან შედარებით სპარტანული აღზრდა ძალიან ჰუმანურად მოგეჩვენებათ. ბიჭების მეომრებად მომზადებას 5-6 წლიდან იწყებდნენ. ამ ასაკიდან, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მათ ძილის უფლება ჰქონდათ მხოლოდ ზეზეულა, იარანგას კედელზე მიყრდნობილს. მათთვის რომ გამოემუშავებინათ სწრაფი რეაქციის უნარი, ჩუმად ეპარებოდნენ და გავარვარებული რკინით დამწვრობებს აყენებდნენ. ამის შემდეგ პატარა მეომრები უსწრაფესად რეაგირებდნენ ნებისმიერ გაფაჩუნებაზე ან შეხებაზე. ბიჭებს აიძულებდნენ ირმებიანი მარხილის დევნას ათეულობით კილომეტრზე, ახტუნავებდნენ ფეხებზე მიბმული ქვებით, მშვილდ-ისარი კი ჩუქჩების აღზრდის აუცილებელი ატრიბუტი და საყვარელი სათამაშო იყო. ჩუქჩებს ძალიან უყვარდათ ჭიდაობაც. ჭიდაობდნენ ისინი სელაპის სრიალა ტყავზე, რომელიც კიდევ დამატებით იყო გაპოხილი ქონით, ტყავის გარშემო კი წვერწამახული ძვლები ეწყო და დამარცხებულ მოჭიდავეს მასზე უწევდა დაცემა. მზადების ბოლოს ახალგაზრდა მეომრებს გამოცდას უწყობდნენ. გამოცდის დროს მთავარი ყურადღება მოქნილობაზე და ყურადღებაზე კეთდებოდა. მამა შვილს რაიმე დავალებით სადმე აგზავნიდა, თვითონ კი უჩუმრად უკან მიჰყვებოდა. თუ შეამჩნევდნენ, რომ ბიჭი დაჯდებოდა, ან ყურადღებას მოადუნებდა და იოლ ნადავლად იქცეოდა, შვილს ისარს ესროდნენ. ვინც გვერდზე გახტომას მოასწრებდა და ისარს აიცილებდა, გამოცდას ჩააბარებდა, „გამოცდაზე ჩაჭრილი“ კი ისრის წერა ხდებოდა. ოღონდ არ გეგონოთ ჩუქჩა მამები გულქვა და სასტიკნი იყვნენ, ისინი შვილს უბრალო ისარს ესროდნენ და არა მოწამლულს, ასე რომ დაჭრილ ბავშვს გადარჩენის შანსი რჩებოდა, ომებში კი ჩუქჩები მხოლოდ მოწამლულ ისრებს იყენებდნენ. ცხოვრების ასეთმა წესმა განაპირობა ჩუქჩების აგდებული დამოკიდებულება სიკვდილისადმი. მათ სწამდათ რომ ყველა ადამიანს ჰქონდა 5-6 სული და ყოველ სულს თავისი ადგილი ჰქონდა საიქიოში. სამოთხეში მოსახვედრად აუცილებელი იყო გარკვეული პირობების შესრულება, მაგალითად ბრძოლაში ღირსეულად სიკვდილი, მეგობრის ან ნათესავის ხელით სიკვდილი. უშფოთველი ცხოვრება და უმტკივნეულო სიკვდილი ჩუქჩებისთვის წარმოუდგენელი ფუფუნება იყო. ნებაყოფლობითი სიკვდილი ჩუქჩებში ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ, ამისთვის საკმარისი იყო მეგობრისთვის ან ნათესავისთვის გეთხოვა. ისინი ასე იქცეოდნენ ხშირ შემთხვევაში მძიმე დაავადებების დროს. ბრძოლაში დამარცხებული ჩუქჩა არასდროს ითხოვდა შეწყალებას და გულგრილად მიმართავდა გამარჯვებულებს დროულად მოეკლათ იგი. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიუხედავად მცირერიცხოვნობისა, ჩუქჩების მათ მეზობლებს და მოწინააღმდეგეებს ძალიან ეშინოდათ და მათთან შებრძოლებას მხოლოდ მაშინ ბედავდნენ, თუ რიცხობრივად ბევრად აღემატებოდნენ მეტოქეს. XVII-XVIII საუკუნეებიდან მოყოლებული ჩუქჩებს ომი ჰქონდათ რუსეთის იმპერიასთან. 1742 წელს გამოსცეს ბრძანება, სრულად გაეჟლეტათ ჩუქჩები. მათი რაოდენობა ქალებთან და ბავშვებთან ერთად სულ რაღაც 10 000 იყო და თითქოს ამ ბრძანების შესრულებას წინ ვერაფერი უნდა აღდგომოდა, მაგრამ რუსების დანაკარგი იმხელა იყო რომ მალევე გამოსცეს მორიგი ბრძანება, საერთოდ არ შეეწუხებინათ ჩუქჩები. ჩუქჩების ძალით დამორჩილება ვერც საბჭოთა ხელისუფლებამ მოახერხა. იქ გაგზავნილი რაზმები უკვალოდ იკარგებოდნენ, ამის შემდეგ კომუნისტებმაც შეცვალეს მიდგომა, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო რომ არ გამხდარიყვნენ, ჩუქჩები უბრალოდ ფოლკლორის გმირებად აქციეს და დღემდე ჩუქჩებს ძირითადად ანეკდოტებიდან იცნობენ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩუქჩებს უდიდეს პატივს სცემდნენ იაპონელი სამურაები. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ჩუქჩები ერთადერთი ხალხია, რომელთაც შეუძლიათ არა მხოლოდ აიცილონ ისრები, არამედ შიშველი ხელით დაიჭირონ და უკანვე ესროლონ მტერს. 817 3-ს მოსწონს
|