სხვა 10 ყველაზე იდუმალი შიფრი მსოფლიოში 2018, 14 აპრილი, 0:02 მსოფლიოში მრავლადაა ტექსტები, რომელთა წაკითხვა და გაშიფრვაც ჯერაც არ მოხერხდა. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილს მათ შორის.
ვოინიჩის მანუსკრიპტი წიგნს სახელი ანტიკვარ ვილფრიდ ვოინიჩის პატივსაცემად ეწოდა. მან ეს წიგნი 1912 წელს შეიძინა. ხელნაწერ წიგნში 240 გვერდია, დაწერილია მარჯვნიდან მარცხნივ, დღემდე უცნობი ასოებით და შედგება 6 ნაწილისგან, მათ პირობითად უწოდეს: ბოტანიკური, ასტრონომიული, ბიოლოგიური, კოსმოლოგიური, ფარმაცევტული და რეცეპტული. ტექსტი დაწერილია ბატის ფრთით, ილუსტრაციები სავარაუდოდ მოგვიანებითაა გაფერადებული. წიგნის წარმოშობის უამრავი ვერსია არსებობს, მათ შორის ერთ-ერთის მიხედვით წიგნი დაწერილია აცტეკების მივიწყებულ ენაზე. არსებობს ვერსიები, რომ წიგნი შუა საუკუნეების იტალიაში დაიწერა და მასში ალქიმიური ცოდნაა გადმოცემული. ავტორი უცნობია, შექმნის სავარაუდო თარიღი - 1404-1438 წლები. ვოინიჩის მანუსკრიპტს მსოფლიოში ყველაზე ამოუცნობ მანუსკრიპტს უწოდებენ. როხონცის კოდექსი ვოინიჩის მანუსკრიპტზე ნაკლებადაა ცნობილი, მაგრამ არანაკლებ იდუმალია. წიგნი „ჯიბის ფორმატისაა“, 10x12 სმ, შეიცავს 448 გვერდს, დაწერილია სიმბოლოებით, სავარაუდოდ მარჯვნიდან მარცხნივ, მასში გამოყენებულ სიმბოლოთა რაოდენობა 10-ჯერ მეტია, ვიდრე ნებისმიერ დღეისათვის ცნობილ ალფავიტში, რამდენიმე გვერდი ილუსტრაციებსაც შეიცავს. დაწერილია სავარაუდოდ ვენეციაში XVI საუკუნეში, მაგრამ რა ენაზე, ეს ჯერაც უცნობია. როხონცის კოდექსი ვერავინ გაშიფრა. ფესტოსის დისკი აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა ლუიჯი პერნიემ 1908 წელს ფესტოსის გათხრებისას, კრეტაზე და დღემდე არქეოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოცანად ითვლება. დამზადებულია ტერაკოტისგან, დიამეტრი 158-165 მმ, სისქე 16-21 მმ. ორივე მხარეს აქვს სპირალები, რომლებიც ცენტრიდან იწყება და 4-5 ხვეულისაგან შედგება, სპირალებს შიგნით განთავსებულია იეროგლიფები, რომლებიც ხაზებითაა ერთმანეთისგან გამოყოფილი. თითოეული არე 2-დან 7-მდე ნიშანს შეიცავს. დამწერლობა აშკარად განსხვავდება კრეტული დამწერლობისგან, რომელიც კუნძულზე არსებობდა. დისკის უნიკალობა იმაშია, რომ სავარაუდოდ ის ყველაზე ძველი ტექსტია, რომელიც წინასწარ დამზადებული ტვიფარითაა დაბეჭდილი, რომლის გამოყენებაც მრავალჯერადად შეიძლებოდა. სავარაუდოდ დამზადებულია ჩვ.წ-აღ-მდე II ათასწლეულში. წარწერის წაკითხვა დღემდე ვერავინ შეძლო. არსებობს ვერსია, რომ ეს დისკი ატლანტიდის არსებობის დამადასტურებელი საბუთია. კოხაუ რონგო-რონგო ხის დაფები ამოუცნობი წარწერებით. აღმოჩენილია გამოქვაბულებში, აღდგომის კუნძულებზე. ენას, რომელზეც შესრულებულია წარწერა, ადგილობრივები რონგო-რონგოს ეძახიან. დღეისათვის აღმოჩენილია 11 სრული და 7 დაზიანებული დაფა. ათეულობით მეცნიერი ცდილობდა ამ წარწერების გაშიფრვას, მაგრამ უშედეგოდ, გარდა ამისა, არ დასტურდება რონგო-რონგოს მსგავსება შუმერულ, ეგვიპტურ, ჩინურ თუ სემიტურ დამწერლობებთან. რონგო-რონგოს საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია. შაგბოროს წარწერა სტაფორდშირის საგრაფოში, ინგლისში, XVIII საუკუნეში აღმართულ მონუმენტზე ბარელიეფის ქვეშ არის წარწერა O.U.O.S.V.A.V.V, მის ქვემოთ კი D და M. D და M შეიძლება აღნიშნავდეს Diis Manibus (ღმერთის ხელი), ცენტრალური აბრევიატურის მნიშვნელობა კი ამოუცნობია. არსებობს ვერსია, რომ შიფრი შეიძლება ტამპლიერებმა დატოვეს და გრაალთანაა დაკავშირებული. ბეილის კრიპტოგრამა ეს არის 3 დაშიფრული შეტყობინება, სადაც სავარაუდოდ საუბარია განძზე, რომელიც ოქროს მაძიებელმა თომას ჯეფერსონ ბეილმა დამალა ვირჯინიის ტერიტორიაზე. განძის სავარაუდო რაოდენობა 30 მილიონი დოლარია. უნდა აღინიშნოს, რომ დაზუსტებული არაა, არსებობს თუ არა განძი სინამდვილეში. ბეილმა, სავარაუდოდ შიფრირების პოლიალფავიტური სისტემა გამოიყენა, ანუ ერთსა და იმავე ასოს სხვადასხვა ციფრი შეესაბამება. პირველ კრიპტოგრამაზე სამალავის ადგილსამყოფელია აღწერილი, მეორეზე მისი შემადგენლობა, მესამეზე კი პოტენციური მემკვიდრეების სია. დღეისათვის ამოხსნილია მეორე კრიპტოგრამა, რომლის გასაღებიც აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია აღმოჩნდა. შიფრი ოქროს ზოდებზე 1933 წელს შანხაელმა გენერალმა ვანმა მიიღო უცნაური ამანათი - 7 უჩვეულო ოქროს ზოდი, რომლებიც გარეგნულად კუპიურებს გავდნენ, მაგრამ მასზე ყველა წარწერა დაშიფრული იყო. შიფრირებისას სავარაუდოდ გამოყენებულია ჩინური იეროგლიფები და ლათინური ანბანი. არც გამომგზავნი, არც გაგზავნის მიზეზი ცნობილი არაა. დაფები ჯორჯიიდან 1980 წელს აღმართული მონუმენტი ქალაქ ჯორჯიაში. მასზე არის წარწერა 8 თანამედროვე ენაზე, ზემოდან კი არის წარწერა 4 უძველეს ენაზე : აქადურად, ძველბერძნულად, სანსკრიტულად და ძველეგვიპტურად. მონუმენტის სიმაღლე 6, 1 მეტრია და შედგება გრანიტის 6 ფილისგან, საერთო წონა 100 ტონამდეა. ერთი ფილა ცენტრშია, 4 კი მის გარშემო. ქვებზე გამოკვეთილია 10 მოკლე მცნება, რომლებიც მოიცავს ადამიანის დედამიწაზე ქცევის წესებს და ხაზს უსვამს კაცობრიობის რიცხობრიობის კონტროლის მნიშვნელობას. მაგალითად, პირველი მცნებაა : შეინარჩუნეთ ადამიანთა რიცხვი 500 მილიონამდე და მათი ბუნებასთან ბალანსი. „შეთქმულების თეორიის“ მომხრეები ამტკიცებენ, რომ მონუმენტი აღმართეს რომელიმე საიდუმლო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც ცდილობენ ერებისა და მთავრობების გაკონტროლებას. ოცდაათ წელზე მეტი გავიდა, მონუმენტის შემკვეთთა ვინაობა კი დღემდე უცნობია. კრიპტოსი მხატვარ ჯიმ სანბორნის მიერ შექმნილი სკულპტურა, რომელიც ლენგლიში, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შტაბ-ბინის წინ მდებარეობს. 1990 წლიდან, მას შემდეგ, რაც სკულპტურა გაიხსნა, არ წყდება დისკუსიები მასზე დატანილი დაშიფრული შეტყობინების შესახებ. დღემდე გაშიფრეს მხოლოდ პირველი სამი სექცია, ბოლო 97 სიმბოლო ჯერაც გაუშიფრავია. სანბორნის თქმით, მან ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ მისი სიკვდილის შემდეგაც არც ერთ ადამიანს არ ეცოდინება ამ შიფრის გასაღები. მაკ კორმიკის ჩანაწერები ჩანაწერი გაურკვეველი ტექსტით 41 წლის რიკი მაკ კორმიკის ჯიბეში იპოვნეს 1997 წელს მისურის შტატში, მისი გვამი აღმოაჩინეს სიმინდის ყანაში, საკუთარ სახლთან ახლოს, სადაც უმუშევარი ინვალიდი დედასთან ერთად ცხოვრობდა. სიკვდილის მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა. საქმე ამოუცნობ წარწერასთან ერთად არქივში გაგზავნეს. 12 წლის შემდეგ გამოითქვა ვერსია, რომ შესაძლოა ეს იყო მკვლელობა და ჩანაწერში არის ინფორმაცია მკვლელის შესახებ. გამოძიების დროს დაადგინეს, რომ მაკ კორმიკი ბავშვობიდან იყენებდა მსგავს შიფრს, თუმცა მის ოჯახში არავინ არ იცოდა ამ შიფრის ამოხსნა. საიდუმლოს ამოხსნის გასაადვილებლად ფედერალურმა ბიურომ წარწერა ინტერნეტით გაავრცელა, თუმცა მისი წაკითხვა დღემდე ვერავინ შეძლო. 185 2-ს მოსწონს
|