x
image
ირაკლი შავიძე
ბეტცების ოჯახის იდუმალი სფერო

image
ზეციდან ჩამოვარდნილი ნებისმიერი სხეული ინტერესს იწვევს, მით უმეტეს, თუ არსებობს ეჭვი მის არამიწიერ წარმოშობაზე. სწორედ ასეთ საგნებს მიეკუთვნება „ბეტცების სფერო“, რომელსაც სახელი იმ ოჯახის გამო უწოდეს, რომლებმაც ის აღმოაჩინეს.

1974 წლის 26 მარტს ბეტცები ათვალიერებდნენ ტერიტორიას, რომელიც ტყის ხანძრის შედეგად დაზარალდა. ბეტცების ფერმა მდებარეობდა ჯექსონვილში, ფლორიდის შტატში. დათვალიერების დროს ისინი წააწყდნენ 20, 22 სმ დიამეტრის და 9, 67 კგ სიმძიმის ლითონის სფეროს . მასზე არ იყო არანაირი შედუღების კვალი, არანაირი ჩანაჭყლეტი, მხოლოდ 3 მმ ზომის სამკუთხა ნიშანი. სფერო ზემოდანაც რომ ჩამოვარდნილიყო, სიმაღლე დიდი არ იქნებოდა, რადგანაც მიწაში არანაირი ჩაღრმავება არ შეინიშნებოდა. ხანძარს მასზე არანაირი კვალი არ დაუტოვებია.

image
სფერო სახლში წაიღეს და ცოტა ხნის შემდეგ მისი არსებობა თითქმის მიავიწყდათ, მაგრამ ერთხელ, ბეტცების უმცროსმა შვილმა უეინმა გიტარაზე დაკვრისას შენიშნა, რომ სფერო მუსიკაზე რეაგირებს: ის კამერტონივით ვიბრირებდა და უცნაურ მოპულსირე ხმებს გამოსცემდა, რომელიც ოჯახის წევრების თქმით, ცოტათი ჰავაური გიტარის ხმას წააგავდა. მალე ბეტცებმა კიდევ ერთი უჩვეულო აღმოჩენა გააკეთეს : სფეროს შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება, მოულოდნელად ის იწყებდა გორვას ოთახში, მოძრაობის ტრაექტორია ტეხილი ხაზის ფორმის იყო, ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ სფერო არაფერს ეჯახებოდა, ის დაბრკოლებას ან გვერდს უვლიდა, ან ჩერდებოდა და უკან ბრუნდებოდა. ცოტა ხანში ისიც შენიშნეს, რომ სფერო მზიან ამინდში უფრო აქტიურად მოძრაობდა, ვიდრე ღრუბლიანში, გარდა ამისა ხშირად გადაინაცვლებდა ხოლმე ოთახში მზით განათებულ მხარეს, სითბოს ხელოვნურ წყაროებზე, კი, მაგალითად ღუმელზე, რეაგირებას არ ახდენდა.

image
ბეტცებმა გადაწყვიტეს სფეროს შესახებ პრესისა და სპეციალისტებისათვის მოეყოლათ. მათ თავდაპირველად ადგილობრივ გაზეთ “JACKSONVILLE JOURNAL”-ში დარეკეს, რომლებმაც ბეტცების ფერმაში ლონ ენგერი გაგზავნეს. მან თავისი ვიზიტი შემდეგნაირად აღწერა : მისის ბეტცმა მთხოვა, რომ გამეგორებინა სფერო, მეც ის გავაგორე, რის შემდეგაც სფერო გაჩერდა. ცოტა ხნის შემდეგ მოულოდნელად სფერო შებრუნდა, გაგორდა მარჯვნივ დაახლოებით 1 მეტრზე, შემდეგ მარცხნივ 2, 5 მეტრზე, წრე შემოხაზა და ჩემს ფეხებთან დაბრუნდა.


რედაქციაში დაბრუნებულმა ენგერმა სენსაციური სტატია დაწერა და მალე მთელი ქვეყანა ბეტცების სფეროზე ალაპარაკდა. ფერმა გაივსო რეპორტიორებით, სამხედროებით, უფოლოგებით.

ღამ-ღამობით ბეტცების სახლიდან უცნაური მუსიკა ისმოდა, რომელიც ორგანის ხმას წააგავდა, კარები თავისით იღებოდა და იკეტებოდა.

image
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სფერო შედგებოდა ნახშირბადიანი რკინის და ნიკელის შენადნობისგან, ანუ უჟანგავი ფოლადისგან, მისი უახლოესი ანალოგია „შენადნობი 431“, რომელიც გამოიყენება მაღალ ტემპერატურაზე სამუშაოდ და ძალიან მდგრადია კოროზიისადმი, თუმცა სფეროს ზუსტი ანალოგი შემადგენლობის მხრივ დედამიწაზე არ აღმოჩნდა. დადგინდა, რომ სფერო შიგნიდან ღრუ იყო, მისი კედლების სისქე 1, 09-დან 1, 14 სმ-მდე იყო. გარდა ამისა, რენტგენის საშუალებით დაადგინეს, რომ სფეროს შიგნით იყო კიდევ ორი ობიექტი, აგრეთვე მრგვალი ფორმის. ისინი თითქოს მიმაგნიტებულნი იყვნენ სფეროს შიდა ზედაპირზე, ამიტომაც სფეროს შერხევისას არანაირი ხმები არ გაისმოდა. სფერო რადიოაქტიური არ აღმოჩნდა. ერთ-ერთი ექსპერიმენტისას სფერო დადეს დახრილ ფირფიტაზე, მაგრამ ის ფიზიკის კანონების საწინააღმდეგოდ, ზემოთ აგორდა. სამხედროებს მისი შუაზე გაჭრა უნდოდათ, მაგრამ ბეტცები არ დათანხმდნენ, ამასთანავე უფოლოგებმა დაადგინეს, რომ სფეროს შიგთავსი, გაცილებით უფრო მძიმეა იმ ყველაფერზე, რასაც იცნობს თანამედროვე მეცნიერება. ბუნებაში ყველაზე მძიმე ელემენტია ურანი, ატომური ნომრით 92, მეცნიერებს შეუძლიათ სინთეზის გზით მიიღონ ელემენტები ატომური ნომრით 118-მდე, აი სფეროს შიგნით კი მეცნიერებისთვის უცნობი 140-ე ელემენტი უნდა ყოფილიყო, გამორიცხული არ იყო რომ გახვრეტისას ან გაჭრისას სფერო აფეთქებულიყო, ამიტომ სფეროს გახსნაზე უარი თქვეს, თუმცა მისი გამოკვლევების ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს: ბეტცების ოჯახი სფეროსთან ერთად უკვალოდ გაქრა, ძიებამ შედეგი არ გამოიღო. მათ გაქრობასთან დაკავშირებით ორი ძირითადი ვერსია ვრცელდებოდა: სახელმწიფო სპეცსამსახურები ან უცხოპლანეტელები. სად არის დღეს ბეტცების სფერო და რას წარმოადგენდა ის სინამდვილეში, კვლავაც უცნობია.image

0
115
1-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი შავიძე
ირაკლი შავიძე
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0