კახეთი გურჯაანის საკრებულომ რაიონული გაზეთი დახურა 2018, 16 აპრილი, 17:10 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის მოთხოვნით მრავალწლიანი რაიონული გაზეთი „გურჯაანი“ დახურა. მათივე დაქვემდებარებაში არსებული ააიპ-ის ლიკვიდაციის საკითხს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, თუმცა წინააღმდეგიც ბევრი იყო. გაზეთის გაუქმებას მხარი დაუჭირა ოპოზიციამაც. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ვალერი ბარნაბიშვილი მიიჩნევს, რომ გაზეთს არანაირი ფუნქცია არ ჰქონდა. საკრებულოს თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ წევრები აღნიშნავდნენ, რომ სხვადასხვა საჯარო ინფორმაციას ისინი ინტერნეტით გაცილებით იაფად და სწრაფად გაავრცელებენ და ბეჭდური გაზეთი საჭირო არ არის. ამიტომ ერთერთი არგუმენტი კი ის იყო, რომ გაზეთს საკუთარი შემოსავლები საერთოდ არ გააჩნია. გურჯაანის მუნიციპალური მაცნე, სახელწოდებით „გურჯაანი“ თვეში ორჯერ გამოდის და მისი ტირაჟი 500 ეგზემპლარია. რედაქციაში 9 ადამიანია დასაქმებული, გასულ წელს გაზეთის წლიური დაფინანსება 50 000 ლარამდე შემცირდა. საკითხის განხილვას სესიაზე ხმაური მოჰყვა. გაზეთის რედაქტორმა ასმათ ნიკოლაშვილმა აღნიშნა, რომ რედაქციის თანამშრომლებისთვის მოულოდნელი იყო, თუ საკრებულო ორგანიზაციის ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, ამის შესახებ საკრებულოს დღის წესრიგიდან შეიტყო და სესიაზე ამიტომ მივიდა. რედაქტორის განმარტებით, გაზეთი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ნაყოფიერად ასრულებს და დეპუტატებს საკითხის ჩაგდებისკენ მოუწოდა. მისი აზრით, გაზეთი ყველა სოფელში ვრცელდება. ნიკოლაშვილი ამბობს, რომ ინტერნეტი სოფლებში ხელმისაწვდომი არ არის, ამდენად გაზეთის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს. რედაქტორი ამბობს, რომ „გურჯაანი“ ინფორმაციას ვებ-გვერდის მეშვეობითაც ახდენს. გურჯაანის მერის მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილი ამბობს, რომ გაზეთი არასაკმარისი ტირაჟით გამოდის და ინფორმაცია დაგვიანებით ვრცელდება. გეთიაშვილის მტკიცებით, მერია გაზეთის მუშაობით უკმაყოფილოა, ამიტომ თანამშრომლებზე კომპენსაცია გაიცემა და ისინი უმუშევრად დარჩებიან. სამომავლოდ მათ სამსახურის ძიება გამოცხადებული ვაკანსიების შესაბამისად მოუწევთ. „თავის დროზე მე დავაყენე საკითხი ტელეკომპანია „გურჯაანისა“ და „გურჯაანის მუნიციპალური მაცნის“ დამატებით დაფინანსებასთან დაკავშირებით, თუმცა ტელევიზია გაითვალისწინეს, გაზეთი კი - არა. ჩემი პოზიცია ასეთია, პრესაში და ტელევიზიაში შეიძლება მოხდეს რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, მაგრამ არ უნდა გაუქმდეს. პირადად მე, ამის წინააღმდეგი ვიყავი, ვარ და ვიქნები კიდეც.“-აღნიშნა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხუროშვილმა. 34 შეფასება არ არის
|