კახეთი მიწების დაბრუნების მოთხოვნით „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ოფისთან დედოფლისწყაროელები შეიკრიბნენ 2017, 3 ნოემბერი, 17:21
მათთან ერთად ადგილზე იმყოფება პარლამენტის წევრი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი ირაკლი შიოლაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი. აქციაზე გამოჩნდა ამ სოფლის მკვიდრი სასულიერო პირი, დეკანოზი გაბრიელ ბენიაიძეც. როგორც პარლამენტარმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობასა და ბანკს შორის შუამავლის როლს ასრულებს და მათი ადგილზე ყოფნა ამის დასტურია. „აქ ვიმყოფებით, რათა გაირკვას, რა დათმობებზე წავა ბანკი, რა მინიმალური ფასი შეიძლება შესთავაზონ მოსახლეობას. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა, ადგილობრივებისთვის იქნება თუ არა ეს წინადადება მისაღები“ - აღნიშნავს ირაკლი შიოლაშვილი. რამდენიმე დღის წინ ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია დედოფლისწყაროშიც გამართეს. მოსახლეობასა და ბანკის მიერ დაქირავებულ დაცვას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. შეგახსენებთ, ქედების ზონის მაცხოვრებელთა მიწები 2010 წელს გასხვისდა, კომპანიამ 2012 წელს „საქართველოს ბანკში“ იპოთეკით დატვირთა, 2016 წლიდან კი ბანკის საკუთრებაში გადავიდა. 68 1-ს მოსწონს
|