სისხლის სამართალი დედოფლისწყაროში მეუღლეზე ძალადობისთვის დაკავებულს 1 წლიანი პატიმრობა მიესაჯა 2018, 6 აპრილი, 18:50 დედოფლისწყაროში მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით ამასწინათ, შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქე გ.ბ დააკავეს. საქმეზე გამოძიება სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ აწარმოა. გასულ კვირას საქმეზე სიღნაღის რაიონულმა სასამართლომაც იმსჯელა და განაჩენი გამოიტანა. თავდაპირველად საქმე მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა განიხილა. დასკვნით ეტაპზე კი ბრალდებისა და დაცვის მხარეს მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილი უსმენდა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული გ.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ბ.-მ 2018 წლის 7 იანვარს, საღამოს საათებში, დედოფლისწყაროს რაიონში, ყოფილი მეუღლის ზ. ხალიევას საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაიდინა ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობა, რა დროსაც ფეხის დარტყმით მსხვერპლს მიაყენა ფიზიკური ტკივილი. 112-ში საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება იმავე საღამოს დაფიქსირდა. სამართალდამცველებმა გ. ბ. იმავე ღამეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გ. ბ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. საიდანაც მსჯავრდებული 6 თვეს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობით პატიმრობად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ბოლო ხანს განსაკუთრებით აქტუალური გახდა, სადაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ოჯახური ძალადობის ფაქტები. ძალადობის კონკრეტული მაგალითები სულ უფრო ხშირად ქვეყნდება მედიასაშუალებებში. ამ საკითხზე თითქმის ყოველდღიურად მსჯელობენ სხვადასხვა პოპულარულ თოქ-შოუებში. ადრინდელისგან განსხვავებით ამჯერად ძალადობაზე უკვე ღიად საუბრობენ დაზარალებული სუსტი სქესის წარმომადგენლები, რომლებზეც მეუღლეებმა იძალადეს. არასამთავრობო სექტორის და ცალკეული უფლებადამცველების აქტიურობის გარდა გარკვეულ ქმედით ნაიჯებს დგამს სახელმწიფოც. თუმცა, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიციელთა რეაგირება არასაკმარისი, ან დაგვიანებულია, რადგან საპატრულო ეკიპაჟის წასვლის შემდეგ მსხვერპლი კვლავაც დაუცველი რჩება. გასულ კვირას ამ თემაზე შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში. გახარიას უწყებაში ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის დასაწყისში პოლიციისთვის მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ შარშან ოჯახური ძალადობის შემთხვევაში 530 მიმართვა შევიდა პოლიციაში, წელს ეს მაჩვენებელი 1 179-მდე გაიზარდა. სამინისტრო საზოგადოებაში დამკვიდრებულ მოსაზრებას, თითქოს პოლიცია სათანადოდ არ რეაგირებს, პრესკონფერენციაზე ციფრებით პასუხობს. თუ აქამდე ოჯახური ძალადობის დროს გამოძახეული საპატრულო ეკიპაჟი ძირითადად შემაკავებელ ორდერს გამოწერდა და მათი რეაგირება ხშირ შემთხვევაში შედეგისმომტანი არ იყო, ამჯერად სამინისტრო კონკრეტულ ციფრს ასახელებს და აღნიშნავს, რომ მოძალადეთა მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიციამ ადგილზე დააკავა. მაგალითისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბოლო სამ თვეში, ოჯახური დანაშაულის ბრალდებით სულ 855 პირი დააკავა. აქედან კახეთის რეგიონში 68 პირია დაკავებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა, ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისა და მომართვიანობის მნიშვნელოვნად ზრდის პარალელურად, არსებობენ ძალადობის მსხვერპლი პირები, რომლებიც ისევ თავს იკავებენ სამართალდამცველებთან თანამშრომლობისგან. ისინი არ ატყობინებენ დანაშაულის შესახებ პოლიციას ან შეტყობინების შემდეგ უარს აცხადებენ მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ლონდა თოლორაიას განმარტებით, ეს ფაქტორი მოძალადეს უბიძგებს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე ძალადობის ჩადენისაკენ. „ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტროს პოლიტიკა მოძალადეების მიმართ არის სამართლიანი და მკაცრი, რაც, უპირველეს ყოვლისა, მსხვერპლთა ძალადობისგან დაცვის მიზანს ემსახურება. სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 855 პირი დააკავეს. მათ შორის, კახეთში დაკავებულია 68 პირი. რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულებს, ბრალდებულთა ძირითადი ნაწილი დააკავეს ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მსხვერპლს, ასევე, ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, ითანამშრომლონ პოლიციასთან და გამოძიებასთან, რათა დაუსჯელი არ დარჩეს ძალადობის არც ერთი ფაქტი და მსხვერპლს მიეცეს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა. ბრალდებით. გამოძიების დაწყების პარალელურად, მსხვერპლთა დაცვის მიზნით, სამართალდამცველებმა 1 402 პირის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეებს დაუწესდათ გარკვეული შეზღუდვები და აეკრძალათ მსხვერპლებთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის შესახებ შემოსული შეტყობინებებისა და სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს, რათა ასეთ ფაქტებზე რეაგირება იყოს კიდევ უფრო დროული და ეფექტიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ერთობლივი მუშაობის შედეგად, პოლიციაში მიმართვიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. 2017 წლის პირველ სამ თვეში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის ნიშნების შემცველ 530 შეტყობინებაზე, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ორჯერ მეტ - 1 179 შეტყობინებაზე, რაც ადასტურებს, რომ პოლიციისადმი ნდობა გაზრდილია როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ დუმილი დანაშაულია, და რომ ძალადობის წინააღმდეგ ყველამ ერთად უნდა ავიმაღლოთ ხმა... თუმცა, რატომღაც ჩვენში დღემდე დამკვიდრებულია აზრი, თითქოს, სხვის ოჯახურ საკითხებში ჩარევა ჩვენი საქმე არ არის და მეუღლის ჩაგვრის დროს დახმარებას არ უნდა ეცადო. თავად სამართალდამცველებიც მრავლად იხსენებენ ისეთ ფაქტებს, როცა სასჯელის მოხდის შემდეგ მოძალადეს მსხვერპლი ურიგდება და ერთად თანაცხოვრებას აგრძელებენ. ამიტომ საკითხის განხილვას მენტალურ პრობლემამდე მივყავართ. ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში საკუთარ მიდგომებს ყველამ უნდა გადავხედოთ, რათა ავის და კარგის გარჩევა შევძლოთ. 71 1-ს მოსწონს
|