განათლება დედოფლისწყაროში აუტიზმის სინდრომის მქონე 7 წლის ბიჭი სკოლაში აღარ დადის 2018, 5 აპრილი, 21:34 დედოფლისწყაროს სოფელ ხორნაბუჯში აუტისტური სპექტრის მქონე 7 წლის ბიჭი თვეზე მეტია სკოლაში აღარ დადის. მოსწავლის ოჯახში ამბობენ, რომ იძულებულნი გახდნენ პროტესტი ამ ფორმით გამოეხატათ. ბიჭის დედა მაკა შარმაზანაშვილი სოფელ ხორნაბუჯის რუსულ-ქართული საჯარო სკოლის ადმინისტრაციას და ინკლუზიური სწავლების სპეც-პედაგოგს ჟანა ბაბაიანს უყურადღებობაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვისთვის სკოლამ შესაბამისი გარემო ვერ შექმნა. არასათანადოდ შედგენილი სასწავლო გეგმით კი მისი შვილი განვითარებას ვერ ახერხებს. ამიტომ პედაგოგის შეცვლამდე ბავშვის სკოლაში მიყვანას არ აპირებს. მშობელი ეჭვქვეშ აყენებს პედაგოგის კვალიფიკაციას და არ მოსწონს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელიც მულტიდისციპლინურმა გუნდმა შეადგინა. შარმაზანაშვილი სპეცპედაგოგის ხელმძღვანელებზეც მიანიშნებს და ამბობს, რომ ჟანა ბაბაიანი თამარ ტუხაშვილის მითითებებს ემორჩილებოდა. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების სამმართველოს უფროსს, ქალბატონ ეკა დგებუაძეს მივმართე თხოვნით დედოფლისწყაროს სოფ. ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში ინკლუზიურ განათლებაში არსებული დარღვევების აღმოსაფრხვრელად მიეღო ზომები, რათა სრულფასოვნად ყოფილიყო უზრუნველყოფილი ჩემი შვილის (მათე ბაცაცაშვილი) უფლებები. მიმართვის შედეგად, განათლების სამინისტრომ (19.03.2018) პრობლემის გადასაწყვეტად დედოფლისწყაროს რესურს-ცენტრში გამოგზავნა წარმომადგენელი _ მულტიდისციპლინური გუნდის წევრი თამარ ტუხაშვილი, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ამ დარღვევებთან. თქვენ ფლობთ თამარ ტუხაშვილის მიერ მოწოდებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მე არ ვთანამშრომლობ სკოლასთან, რადგან ამ ეტაპისთვის არ დავთანხმდი იმას, რასაც აქამდე მოვითხოვდი და ისინი შეუძლებლად მიიჩნევდნენ (და მხოლოდ ამ ეტაპზე გახდა შესაძლებელი). მაგალითისთვის, ბავშვის ხელოვნების და სპორტის გაკვეთილებში ჩართვას, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმავითარებელი კომპონენტია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვისთვის. რამდენიმე თვის განმავლობაში ვითხოვდი ხსენებულ აქტივობებში ჩართვას, თუმცა უშედეგოდ. ეკა დგებუაძე ვალდებული იყო, ჩემთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონოდა, იმ პირების გარეშე, რომელთა კომპეტენციასა და გულისხმიერებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები და პრეტენზიები მაქვს. ლოგიკურია, რომ ნებისმიერი პრეტენზიის განხილვა სულ მცირე, მხოლოდ იმ პირების დასწრებით, რომელთა მიმართაც ისინი არსებობს, შეუძლებელია იყოს ნაყოფიერი ზედამხედველი უფლებამოსილი მიუკერძოებელი სუბიექტის დასწრების გარეშე. ჩემი, როგორც სსსმ ბავშვის მშობლის ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს სპეც-მასწავლებლის სტაჟი და ვერც თამარ ტუხაშვილის თანამდებობა ან აკადემიური ხარისხი (დოქტორის ხარისხზე, შეხვედრისას, თავად მიმითითა); ღიად ვაცხადებ, რომ ჩემთვის, როგორც დედისთვის ვერანაირი ფორმის ზეწოლა ვერ გახდება ჩემი შვილის უფლებების სრულფასოვან რეალიზებაზე უარის თქმის მიზეზი. მე ვერ დავთანხმდებოდი იმ პირებთან თანამშრომლობას, რომელთა ქმედებები და გადაწყვეტილებები ჩემი შვილის მიმართ (თვეების განმავლობაში საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გახანგრძლივებაზე უარის თქმა, აპელირება იმის თაობაზე, რომ უმრავლესობის უფლება ირღვევა და არსებობს პრეცედენტები, როდესაც ასეთი ბავშვები სკოლიდან გარიცხეს; ბავშვი ვერ ვითარდება და ა.შ.) ვერ გახდება ვერც პროფესიული და ვერც მორალური ნდობის საფუძველი. ჩემი შვილის უფლება _ თანასწორობის ფუნდამენტური უფლების რეალიზების გზით, მიიღოს ზოგადი განათლება, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პირის თანამდებობა ან საქმიანი რეპუტაცია, რომელსაც, პირველ ყოვლისა, უნდა აყალიბებდეს თავად საქმე და არა - რომელიმე დოკუმენტი. სამწუხაროდ, განათლების სამინისტროდან ვერ დავინახე შესაბამისი რეაგირება ბავშვის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, იძულებული ვარ მივმართო შესაბამის სამსახურებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასევე, პარლემენტის წევრ ბატონ რატი იონათამიშვილს, მინდა ვთხოვო საკითხით დაინტერესება რამდენადაც ეს შესაძლებელია, “ – ნათქვამია ღია წერილში, რომლითაც მაკა შარმაზანაშვილმა სამინისტროს მიმართა. მაკა შარმაზანაშვილი: „თუკი ბავშვს საბავშვო ბაღში კარგი გარემო შეექმნა და განვითარდა, რატომ ვერ ხერხდება იგივე სკოლაში? მითუმეტეს, რომ მანამდე კერძო მასწავლებელიც გვყავდა და სკოლაში ბავშვთან მუშაობა ნულიდან არ უნდა დაეწყოთ და რაღაც ეტაპი მას გავლილი ჰქონდა. სამი წლიდან, რაც ეს დიაგნოზი დაგვისვეს, მუშაობა არ შეგვიწყვეტია. ბაღშიც სპეცმასწავლებელი დაენიშნა და ნამდვილად იყო წინსვლა. ბავშვი არ დადის სკოლაში 19 თებერვლიდან, რადგან ვერანაირ წინსვლას და პერსპექტივას ვერ ვხედავ. თუ სკოლა მეცადინეობის დროს 1 წლის განმავლობაში 10 წუთით ვერ გამიზრდის, პროგრესი როგორ იქნება? ვერ ვხედავ ჩართულობას. ამიტომ, მივმართე სამინისტროს, დაიწყო მოკვლევა, ველოდები ქმედით გადაწყვეტილებას. ნამდვილად არ ვაპირებ ბავშვის სკოლიდან წაყვანას. დღეს თუ მე ვარ დაზარალებული, ხვალ შეიძლება სხვა დადგეს ამ პრობლემის წინაშე. აუცილებლად დავიცავ ჩემი შვილის უფლებას. ამ უფლებას ვერავინ ვერ წაგვართმევს, რადგან ყველა ბავშვს აქვს განათლებისა და განვითარების უფლება, მიუხედავად მისი შესაძლებლობებისა. მე არ მაინტერესებს ჟანა მასწავლებლის სერტიფიკატები, მე მინდა შედეგი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში არ დამინახავს. სექტემბრიდან დღემდე ბავშვს წინსვლა არ ჰქონია. მას რომ სცოდნოდა რა არის ბავშვის უფლება და რას ნიშნავს ინკლუზია, ყველაფერს გააკეთებდა. როცა ბაღში სპეცპედაგოგი ერთი საათის განმავლობაში მუშაობდა ბავშვთან, რატომ არ შეიძლება სკოლაში ნახევარი საათი მაინც დაუთმონ და რატომ მეუბნებიან უარს დროის გაზრდაზე. მითუმეტეს მასწავლებელი მუდმივად მე მეკითხებოდა, როგორ მოქცეულიყო და რითი ემუშავა ბავშვთან. ამ სკოლას აუტიზმთან დაკავშირებით არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა და ეს მათთვის პირველი შემთხვევა იყო, ამიტომაც ბევრ რამეს ჩემთან კითხულობდნენ. მათი გამოუცდელობა ბრალდება ბავშვის შესაძლებლობებს. თითქოს ვერ ითვისებს იმიტომ რომ არ შეუძლია და არა იმიტომ, რომ ვერ ასწავლიან. თავიდანვე წავაწყდით პრობლემებს, რომ არ იცოდნენ აუტისტურ ბავშვებთან რა მიდგომა ჰქონოდათ. მე ვითხოვ იმას, რაც ბავშვს შეუძლია. მე არ მომითხოვია დღეში 6 გაკვეთილი ჩაუტარდეს, ან წერა-კითხვა ისწავლოს. მუდმივად გვესმის, რომ „შენი შვილის გამო სხვა ბავშვებისთვის ვეღარ მიგვიხედავს“. მშობლებიც და კლასის დამრიგებელიც გამოდიან და იგივეს იმეორებენ, ეს არის იძულება, რომ სკოლიდან წამოვსულიყავით. მივიტანე დიაგნოზი და მოვითხოვე დროის ოდნავ გაზრდა, პასუხად კი მივიღე ის, რომ „დაუნახავები ხართ, პრობლემა ბავშვი კი არ არის, პრობლემა თქვენშია. ამდენს ვაკეთებთ თქვენი შვილისთვის და ვერ დაინახეთ“. სპეცმასწავლებელმა, რომელიც საკლასო ოთახში შედიოდა, გადაწყვიტა კლასის ხელმძღვანელს დახმარებოდა. ის გაკვეთილის მსვლელობისას მუდმივად დგებოდა კორიდორში და კლასში აღარ შედიოდა. ვთხოვე, შესულიყო და დამრიგებელს დახმარებოდა. ჟანა მასწავლებლისგან უარი მივიღე, რომ სხვა ბავშვებიც ჰყავდა მისახედი. როცა სკოლის ახლადდანიშნულ დირექტორს პრობლემა გავაცანი და დახმარება ვთხოვე, დამპირდა, რომ გვერდით დამიდგებოდა და დრო გაიზრდებოდა, თუმცა მოგვიანებით მან პირობა გადააკეთა და აღნიშნა, რომ ეს მისი გადასაწყვეტი არ იყო და ეს თამარ ტუხაშვილს უნდა გადაეწყვიტა. სკოლა ხშირად იმეორებდა, რომ ბავშვი აგრესიას ავლენს, არადა მისი ქცევები კარგად მაქვს შესწავლილი და მინდა ვთქვა, რომ ბავშვი აგრესიული არ იყო. რამდენიმე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ ამას თავისი წინა პირობა ჰქონდა. როდესაც დამრიგებელმა სხვა მოსწავლეს დაუყვირა, მათემ ეს გააპროტესტა და ყვირილი დაიწყო, ასე გამოხატა რეაქცია. ამ სპექტრის ბავშვებს ეს ახასიათებთ. წინაპირობის გარეშე ისინი აგრესიას არ ავლენენ. როცა მეც კლასში ვიყავი, ის არანაირ აგრესიას არ ავლენდა. ამიტომ, ტყუილია, თითქოს მან დაფა ჩამოაგდო, ან მერხები გადააყირავა“. ბავშვის ბებია, მაყვალა მამულაშვილი ამბობს, რომ სხვა მოსწავლეების მშობლები და პედაგოგები ხშირად ცრუობდნენ, თითქოს აუტისტური სპექტრის ბავშვი კლასში აგრესიული იყო, სხვა ბავშვებს კი განათლების მიღებაში ხელი ეშლებოდათ. მათი აზრით, ესეც ბავშვის წინააღმდეგ მიმართული ქმედებათა ნაწილი იყო. „რადგან ჩემი შვილი მუშაობს, ზოგჯერ ვერ ახერხებს და სკოლაში ბავშვს მე ველოდები ხოლმე. მუდმივად კოლიდორში მიწევს ყოფნა. ერთ დღესაც ერთერთმა მშობელმა მითხრა, რომ მათე აგრესიულად იქცეოდა და გადააყირავა მერხი, გადმოყარა ქოთნები, ჩამოაგდო დაფა. გაოცებული დავრჩი, რადგან კარებთან ვიდექი და აბსოლუტური სიჩუმე იყო, ხმაური არ გამოსულა. დავუპირისპირდი და შევთავაზე შევსულიყავით და ეჩვენებინა გადმოყრილი ნივთები. აქეთ გვსაყვედურობდნენ ხოლმე, რომ მათეს გამო მათ შვილებს გაკვეთილებზე ხელი ეშლებოდათ, “ _ აღნიშნავს მაყვალა მამულაშვილი. ბრალდებებს უარყოფს სპეცპედაგოგი ჟანა ბაბაიანი. ის ირწმუნება, რომ მოსწავლის უფლებები არასოდეს დაურღვევია, ბიჭი კლასში თავს კარგად გრძნობს და მათ შორის იდეალური ურთიერთობაა. პედაგოგი გაზეთ „შირაქთან“ ექსკლუზიურად ამბობს, რომ პრობლემა არა ბავშვში, არამედ მშობელშია. ის ადასტურებს, რომ გაკვეთილის მსვლელობისას ბავშვს კორიდორიდან მეთვალყურეობდა და ეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით იყო განსაზღვრული. ამბობს, რომ 40 წელია ამ სკოლაში მუშაობს, ინკლუზიურ სწავლებაშიც საკმაო გამოცდილება აქვს და სათანადო გადამზადებაც გაიარა. ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ჯილდოს, ღირსების ორდენს უსაფუძვლოდ არ მიანიჭებდნენ. ჟანა ბაბაიანი: „მტყუანი რომ ვიყო და უფლებები შემელახა, ჩემი ნებით წავიდოდი. თუკი ამდენი ტრენინგის შემდეგაც არ ვარ მზად ბავშვებთან ვიმუშავო, და თუ არსებობს კადრი რომელიც ამ საკითხებში კარგად ერკვევა, კი ბატონო, მოვიდეს და ერთად ვითანამშრომლებთ, მე მართლა გამიხარდება. ღმერთის წინაშე მე მართალი ვარ, რომ ამ ბავშვისთვის ყველაფერს ვაკეთებ და არანაირი უფლებები არ დამირღვევია. ვიცი, რომ თავი არ დამიზოგავს და ყველაფერი გავაკეთე. ჯერ არ დაბადებულა ბავშვი, რომელიც იტყვის, რომ ოდესმე ჟანა მასწავლებელმა მისი უფლებები შელახა. ამ ბავშვთან დიდი ხმით არ დამილაპარაკია, ხელი არ ამიწევია, არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ჩვენ გვაქვს მართლაც იდეალური ურთიერთობა. მე არც დღეს მაქვს პრობლემები მათესთან, მართლა არ მაქვს პრობლემები. არასოდეს, არცერთ მოსწავლესთან პრობლემა არ მქონია, არა მარტო ა-ტიპიურ, არამედ ტიპიურ მოსწავლეებთანაც. სხვა წლებში 6 სსსმ მოსწავლე მყავდა, წელს უკვე შვიდია. მჭიდრო კონტაქტი მაქვს მშობლებთან, თბილი და კარგი ურთიერთობა მაქვს მათთანაც. – ოჯახი აპროტესტებს, რატომ იდგა სპეცმასწავლებელი ხშირად კორიდორში? – ბავშვი იყო ჩემზე მიჯაჭვული. იცოდა, რომ მის გვერდით ხშირად მე ვიყავი და კლასის დამრიგებელი ვერ გახდა მისთვის ავტორიტეტი. მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრებმა ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ნელ-ნელა უნდა გამოვსულიყავი გაკვეთილიდან და ბავშვი კლასში ყოფნას შეჩვეოდა. მან უნდა იცოდეს, რომ კლასში სხვა მასწავლებელი ჰყავს, ხოლო რესურსოთახში სხვა. მე შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი და ბოლო 15 წუთს ვამეცადინებდი, მაგრამ სწორედ ბავშვზე მზრუნველობის გამოხატულება იყო, რომ დერეფანში ვიდექი. დიახ, ვიდექი დერეფანში, კლასის კართან, რადგან თუ ბავშვს, ან მასწავლებელს რაიმე გაუჭირდებოდა, ან ჭირვეულობას დაიწყებდა, ოპერატიულად შევსულიყავი, სიტუაცია გამენეიტრალებინა და დავხმარებოდი. ამიტომ ვიდექი დერეფანში და არა იმიტომ, რომ არ მესმის, ან არ ვიცი, რა არის ინკლუზიური სწავლება. მიმაჩნდა, რომ ამით ყურადღებას ვიჩენდი და ოჯახმა ეს საპირისპიროდ მიიღო. – დედას მიაჩნია, რომ ბავშვს შედეგი დღემდე არ ჰქონია და სკოლამ მისი უნარები ვერ განავითარა... – შედეგი ნამდვილად გვაქვს. თავდაპირველად კლასში შესვლა დიდ დროს მოითხოვდა, უჭირდა. ახლა ეს პროცესი გაადვილებულია, გარემოს მოერგო. ისწავლა კარზე დაკაკუნება, სმაილის ხატვა. იცის, რომ ჩანთიდან ნივთები ამოალაგოს. მიღწევები გვაქვს. – მშობელს თქვენს კომპეტენციასა და გამოცდილებაში ეჭვი შეაქვს და თქვენს ცვლილებას ითხოვს. რა პასუხი გაქვთ ამაზე? – ეს საქმე ჩემთვის მხოლოდ სამუშაო არ არის. მე ძალიან მიყვარს ბავშვები და მათგანაც ვგრძნობ სითბოს. 40 წელია, ამ სკოლაში ვმუშაობ და აქედან 30 წელზე მეტი პედაგოგიური სტაჟია. დამსახურებული მასწავლებელიც ვარ, ღირსების ორდენიც მომენიჭა. სახელმწიფო ჯილდოს ასე უბრალოდ არ ანიჭებენ. პედაგოგიკა და მეთოდიკა სრულად მაქვს გავლილი, სადაც ფსიქოლოგიაც შედიოდა. ტრენინგებიც რომ არ გამევლო, მე საკმაო გამოცდილება მქონდა, რომ ბავშვთან მემუშავა. პირველად, როცა ინკლუზიური სწავლება დავიწყეთ, 8 თვეზე მეტ ხანს ველოდე, როდის დამიბარებდნენ მასწავლებლის სახლიდან, რომ შესაბამისი ტრენინგები გამვლო. ჩაწერილიც ვიყავი, რეგისტრაციას მუდმივად გავდიოდი, მაგრამ ჩვენამდე რიგი ვერ მოვიდა. ამიტომ იძულებული გავხდი ჩემი თანხებით, რაც საკმაოდ ძვირი დაჯდა, სერიოზულ ორგანიზაციებში გამევლო ეს გადამზადება. თუ ესეც არ ითვლება კვალიფიკაციაში, მაშინ მე არ ვიცი, კიდევ რა უნდა გაკეთდეს. – თუ ბავშვი თქვენთან თავს კომფორტულად გრძნობს და შედეგიც გქონდათ, მაშ რა გახდა უკმაყოფილების მიზეზი და რატომ აღარ დაჰყავთ ბიჭი სკოლაში? – როგორც ასეთი ბავშვი გაყვანილად არ ითვლება, რადგან საბუთები არ გაუტანიათ, უბრალოდ აცდენენ. დღემდე ვერ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ და რას ითხოვდნენ. თუ ასე სურთ, გადაიყვანონ სხვა სკოლაში და მერე ნამდვილად დაინახავენ, რას აკეთებდა ჟანა მასწავლებელი. თუ ოჯახი ფიქრობს და ზრუნავს ბავშვზე, უნდა ხედავდნენ, რომ ბავშვს იდეალური ურთიერთობა აქვს ჩემთან. მასწავლებელს ყველა თვალსაჩინო მასალა აქვს, რომ ნაყოფიერად იმუშაოს მასთან. სპეცპედაგოგი სწორად მუშაობს, თუ ოჯახი დაიცდიდა, ბავშვი უფრო დიდ შედეგზე გავიდოდა. რომ არ გაეცდინა, შესაძლოა დღეისთვის ოთხასოიანი სიტყვაც აეწყო. ძალიან დიდი მოტივაციით შევუდექი ინკლუზიურ სწავლებას. რესურსოთახის მოწყობისას საუკეთესო გარემო რომ შემექმნა, ავეჯი და გარკვეული ნივთები საკუთარი სახლიდან მოვიტანე. მინდოდა, თბილი და კარგი გარემო შემექმნა მათთვის. პასუხად ვიღებ გაუგებარ კამპანიას, რომელიც ჩემს იმიჯს აზარალებს. აღარ ფიქრობენ იმას, რომ ასე ჩემი უფლებები ილახება.“ პრობლემას კარგად იცნობენ განათლების სამინისტროში. ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე „შირაქთან“ საუბრისას ამბობს, რომ შესაძლებელია ბავშვისთვის გათვალისწინებული სასწავლო გეგმა შეიცვალოს, თუმცა, ამისთვის მშობლის თანამშრომლობაა საჭირო. შარმაზანაშვილი კი მათთან არ თანამშრომლობს. „მშობელს აქვს პრეტენზიები სკოლასთან. ჩვენ გვქონდა აქტიური ჩარევა როგორც სკოლის ადმინისტრაციასთან, ისე მულტიდისციპლინურ გუნდთან და მოსწავლის სპეცმასწავლებელთან. ჩვენ განვიხილეთ საქმე, გვქონდა რამდენიმე შეხვედრა და შევთანხმდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ მშობელმა ითანამშრომლოს სკოლასთან. 19 მარტს საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაიგეგმა კიდევ ერთთი შეხვედრა, დედა მოვიდა, მაგრამ არ ითანამშრომლა არც სკოლასთან, არც მულტიდისციპლინურ გუნდთან და არც სპეციალურ მასწავლებელთან. ამიტომ ჩვენი გუნდის თხოვნაა, იმის გამო, რომ არ დაირღვეს მისი განათლების უფლება, არ შეილახოს მისი უფლებები, ახლა მნიშვნელოვანია თავად მშობელმა დაიწყოს დიალოგი. დროის გაზრდას რომ ითხოვს, გასაგებია, მაგრამ, ეს რომ განხორციელდეს, საჭიროა მშობელიც და ჩვენც დავსხდეთ და ყველამ ერთად ვიმსჯელოთ, როგორ იქნება უკეთესი. შესაძლებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გადაიხედოს და ხელახლა შედგეს, მაგრამ ეს მსჯელობას მოითხოვს. მდგომარეობა, რასაც მშობელი ასე აპროტესტებს მისივე თანამშრომლობით უნდა გამოსწორდეს, “ _ ამბობს დგებუაძე. მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი, თამარ ტუხაშვილი, სპეციალურ მასწავლებელზე ჰყვება, რომ „ის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და პროფესიონალი სპეცმასწავლებელია“. 2014 წელს, როცა სკოლაში ინკლუზიური განათლების სისტემა დაინერგა, სკოლას არ ჰყავდა სპეციალური განათლების მასწავლებელი, რომელიც შესაბამის კონკურსში მიიღებდა მონაწილეობას (მაგალითად, სპეცპედაგოგი უნდა იყოს განათლებით ან ფსიქოლოგი, ან ოკუპაციური თერაპევტი). ამიტომ, თამარ ტუხაშვილის რეკომენდაციით, მათეს ახლანდელმა პედაგოგმა სპეცპედაგოგის ფუნქციებიც შეითავსა. მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრის, ტუხაშვილის ინფორმაციით, სპეცმასწავლებელს დღემდე არ გაუვლია განათლების სამინისტროს შესაბამისი ტრენინგები: „არ ვიცი რატომ, მაგრამ ჟანა ვერ მოხვდა უფასო ტრენინგების კურსზე, რაიონიდან მხოლოდ 2 მასწავლებელს ჰქონდა მონაწილეობის უფლება. თუმცა, მან თავისივე ფინანსური რესურსით გაიარა ძალიან პროფესიული კურსები და ახლა ის სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესოა“, _ ამბობს თამარ ტუხაშვილი. მოთხოვნის შემდეგ გადაწყდა, ბავშვის შესაძლებლობები ხელმეორედ შეეფასებინათ. მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი, თამარ ტუხაშვილი ამბობს, რომ ამ მიზნით, გაკვეთილს მათეს დედასთან ერთად დაესწრო: ზუსტად მე-16 წუთზე ბავშვმა მოძრაობა დაიწყო. და კიდევ ერთხელ მივხდით, რომ დედის მოთხოვნა არასწორი იყო. ბავშვი არ იყო მზად. ჩვენ გვახსოვს შემთხვევები, როცა ის კლასელებსა და მასწავლებელს ფეხს ურტყამდა, კლასელს თავზე ნაგვის ყუთი ჩამოაფარა და შეაშინა. ამიტომ, აკადემიური სწავლების დაწყებამდე მათემ ჯერ ქცევითი უნარები უნდა გააუმჯობესოს“, _ ამბობს ტუხაშვილი და განმარტავს, რომ მისთვის გაუგებარია მშობლის უკმაყოფილება, რადგან მასთან საუბრის დროს, ვერ მოისმინა მყარი არგუმენტები, რატომ არ მოსწონს სპეცპედაგოგი. მომავალ კვირას განათლების სამინისტროში ყველა მხარის შეხვედრა დაინიშნა... მშობლისა და პედაგოგის დაპირისპირებას ბავშვის ინტერესები ეწირება. ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს, მაგრამ მთავარია, რომ „ნაბან წყალს ბავშვი არ გადავაყოლოთ“... 146 შეფასება არ არის
|