x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სკოლების ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში გადადის
image


სიახლე დაინერგება საჯარო სკოლების მართვის სისტემაში. საჯარო სკოლების ბიუჯეტი და მათი კუთვნილი ინფრასტრუქტურა განათლების სამინისტროდან ადგილობრივი მერიის დაქვემდებარებაში გადავა. ცვლილებას ხელისუფლება უახლოეს მომავალში განახორციელებს.


კახეთის მუნიციპალიტეტების ყველა რესურსცენტრის ხელმძღვანელი და საჯარო სკოლის დირექტორი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს უკვე ხვდებიან. ასეთი სამუშაო შეხვედრა 12 თებერვალს უკვე შედგა დედოფლისწყაროს მერიაშიც, რომელსაც რესურსცენტრის უფროსი ეთერ დავითაშვილი და ყველა საჯარო სკოლის დირექტორი ესწრებოდა.


შეხვედრაზე დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი სკოლების ინფრასტრუქტურითა და პრობლემებით დაინტერესდა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მათი განმარტებით, სამუშაო შეხვედრის აუცილებლობა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლის თანახმადაც, სკოლების ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი განათლების სამინისტროდან ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცემა.



დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ეთერ დავითაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ უცვლელი რჩება ვაუჩერული დაფინანსების სისტემა და პედაგოგთა ანაზღაურება, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მხოლოდ სკოლების ინფრასტრუქტურის განკარგვა შეეძლებათ. მისი თქმით, თვითმმართველობები საჭირო ფინანსებს ადგილობრივი ბიუჯეტები განათლების სამინისტროდან მიიღებენ.


„უცვლელი რჩება სასწავლო გეგმა, ხელფასები და ვაუჩერული დაფინანსების სისტემა. მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას უზრუნველჰყოფს მუნიციპალიტეტი. თვითმმართველობებმა უკვე მიიღეს საქართველოს მთავრობის ოფიციალური შეტყობინება, ამიტომაც გაიმართა სამუშაო შეხვედრა მერიაში. სამწლიანი პრიორიტეტების შედგენა დაგვევალა, რის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი სკოლების რეაბილიტირებას მოახდენს. სკოლების უმრავლესობაში ელექტროგაყვანილობის პრობლემაა. ზოგგან წყალი ჩამოდის, ზოგგან სველი წერტილებია მოსაწესრიგებელი. დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლაში ჭერია დაზიანებული და წყალი ჟონავს. ყველა სკოლაში არსებული ვითარება განვიხილეთ. სამუშაო შეხვედრაზე განხილული პრობლემების შემდეგ გადაწყდა, რომ პრიორიტეტებში შევიტანოთ და 2019 წლისთვის სრული რეაბილიტაცია განხორციელდეს სოფლების: არბოშიკისა და ხორნაბუჯის საჯარო სკოლების შენობებში. სხვა სოფლებში სერიოზული პრობლემები არ დგას. ზოგადად, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია, რადგან ესა თუ ის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხშირად ჭიანურდებოდა. მაგალითად სამი წელია იგეგმება დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. ჩამოვიდნენ სამინისტროს წარმომადგენლები, გამოცხადდა ტენდერი, გამოვლინდა კომპანია, მაგრამ არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდა და პროცესი უსაშველოდ გაჭიანურდა. როცა განათლების სამინისტროს 3 700 სკოლაზე უხდება ზრუნვა, ცხადია, პროცესი დროში იწელება, ასეთ შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტი ბევრად ეფექტურად მოახდენს პრობლემების აღმოფხვრას. ამისთვის საჭირო ფინანსებს კი მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში გადარიცხავს, “ - აღნიშნა ეთერ დავითაშვილმა.


დედოფლისწყაროს მერი დაგეგმილი ცვლილებებით კმაყოფილია და მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში სკოლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გაცილებით ოპერატიულად მოხდება, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა. ჯანიაშვილი ახალ მოდელს უფრო ეფექტურს უწოდებს და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების შენობების მდგომარეობის ადგილზე გაცნობას იწყებს.


„მივესალმები საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რადგან ვფიქრობ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი რეაგირება და მოქმედება იქნება გაცილებით სწრაფი და ოპერატიული, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი. მთავარია ერთად დგომა და საქმის დიდი პასუხისმგებლობით კეთება. მხოლოდ ასე ვიმუშავებთ ეფექტურად და ჩვენი ახალგაზრდებისათვის ღირსეული პირობების შექმნას. დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით გეტყვით, რომ ყველა პრობლემას ერთ დღეში ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ მდგომარეობას თვალსაჩინოდ შევცვლით. წარმატებას აღწევს ის, ვინც აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ ევალება. სწორედ ასეთი მიდგომებით უნდა ვიმუშაოთ მომავალში“ - განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.


დედოფლისწყაროს მერი აღნიშნავს, რომ პროექტის - „ერთი დღე სოფელში“ - ფარგლებში, ამიერიდან საჯარო სკოლებსაც ეწვევა და მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა.

0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0