x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
საუკეთესო პედაგოგი ლადო აფხაზავა შესაძლოა მილიონერი გახდეს
image


„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი ლადო აფხაზავა ახლახან მსოფლიოს 50 საუკეთესო პედაგოგს შორის წარადგინეს. საუკეთესო ქართველ პედაგოგს ამით საშუალება ეძლევა მილიონი დოლარის მფლობელი გახდეს. გავრცელებული ცნობით, ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია.


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ჟურნალი „თბილსელები“ ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც გამოცემის დღევანდელ ნომერში დაიბეჭდა.


ლადო აფხაზავა: „ამ კონკურსზე ათიათასობით აპლიკაცია იყო წარდგენილი. სამოცდაათი ქვეყნის რამდენიმე ათასი მასწავლებლიდან ფინალში 39 ქვეყნის 50 პედაგოგი გადავედით. გამარჯვებულისთვის საპრიზო ფონდი მილიონი დოლარია, მაგრამ არა პირადი კომფორტისთვის, ეს თანხა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებისა და სასწავლო პირობების გაუმჯობესებისთვის უნდა დაიხარჯოს. მას ათი წლის განმავლობაში გაძლევენ და მისი ხარჯვის პროექტი წინასწარ უნდა გქონდეს გაწერილი.



ჩემი პროექტები მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სკოლებში ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დახმარებას. მათ ბევრი საჭირო რესურსი არ აქვთ და მინდა, დავეხმარო. ჩვენს მუნიციპალიტეტში კი ბუფეტების პრობლემაა და ამ თანხიდან მათ მოგვარებას შევეცდები“.


ლადო აფხაზავა 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა და 10 000 ლარის პრემია მიიღო. ის ჩიბათის სკოლაში 2010 წლიდან ასწავლის. არის პროექტ „დემოკრატიული რევოლუციის“ ავტორი, რომლის მიზანი მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზებაა. მის პროექტს „ეთნო რძლები“, რომელიც მულტიკულტურალიზმის და ტოლერანტობის განვითარებას ისახავდა მიზნად, საერთაშორისო ჯილდო გადაეცა.


„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ (The Global Teacher Prize) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყოველწლიურად Varkey Foundation-ის მიერ მილიონი აშშ დოლარი გადაეცემა მასწავლებელს, რომელმაც ამ პროფესიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. გამარჯვებულს „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ აკადემია არჩევს, რომელშიც შედიან მასწავლებლები, განათლების ექსპერტები, ჟურნალისტები, საჯარო მოხელეები, სხვადასხვა კომპანიების დირექტორები და მეცნიერები მთელი მსოფლიოდან.


აღნიშნული ჯილდოს გაცემის მიზანია განათლების მნიშვნელობის ხაზგასმა და მსოფლიოსთვის ჩვენება, რომ მასწავლებელთა საქმიანობა აღიარებას იმსახურებს. 2018 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ მფლობელი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი გახდა.

0
166
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0