x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის სიკვდილის მიზეზის დასადგენად შსს-მ გამოძიება დაიწყო
image


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის 26 წლის ზუკა ფაღავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. უწყებაში მოკვლევა 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.


სამედიცინო დაწესებულებასთან, რომელშიც შეუძლოდ გახდომის შემდეგ, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუკა ფაღავა გადაიყვანა, შეკითხვები აქვთ მის თანამშრომლებსა და მეგობრებს.


წინასწარი ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ზუკა ფაღავა გულის შეტევით გარდაიცვალა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ის გადაცემა "დილის ტალღაში" ვიდეო-მემონტაჟის პოზიციაზე ბოლო ერთი წლის მანძილზე მუშაობდა.



ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმეზე მედცენტრმა შიდა მოკვლევა დაიწყო და პასუხი ათ დღეში გახდება ცნობილი. ექიმი რომელმაც პაციენტს სამედიცინო დახმარება გაუწია ამბობს, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. ბეჟან ხოზრევანიძის ინფორმაციით, მედცენტრში პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მუცლის ზედა ნაწილში ტკივილის და გულისრევის ნიშნებით შეიყვანა. ექიმის ინფორმაციით, მას ჩაუტარდა ანალიზები და მომატებული ლეიკოციტების საფუძველზე ივარაუდეს რომ ეს იყო მუცლის ღრუს პათოლოგია.


მედიკოსი ირწმუნება, რომ ასევე გადაუღეს კარდიოგრამა, რის შედეგადაც კარდიოლოგიური პათოლოგია გამოირიცხა. კლინიკაში ამბობენ, რომ შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მოგვიანებით მას გულის რითმის მწვავე მოშლილობა განუვითარდა. კლინიკაში ადასტურებენ, რომ ზუსტი დიაგნოზი ვერ დადგინდა და ასევე ვერ დადგინდა თუ რამ გამოიწვია პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესება. კლინიკა მზადაა საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს სამედიცინო რეგულირების სააგენტოსთან.



მომხდართან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიმართავს და განცხადებას არცელებს.


„მწუხარებას გამოვთქვამთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლის ზურაბ (ზუკა) ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ზუკა ჩვენი საზოგადოების და ორგანიზაციის განსაკუთრებული დანაკარგია. ვიზიარებთ ზუკას მეგობრებისა და ოჯახის წევრების ტკივილებს.


ამავე დროს, გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში, საზოგადოებაში, მედიის წარმომადგენლებს შორის წარმოქმნილ შეკითხვებს - ჩვენ ვიკვლევთ არსებით მიზეზებს, რამაც 26 წლის ზუკა ფაღავას გარდაცვალება გამოწვია, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები მუშაობენ, რათა საზოგადოებას მიაწოდონ დაზუსტებული ინფორმაცია აღნიშნული ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს 21:00 საათზე ანალიტიკურ გადაცემაში “კვირის მთავარი" მაყურებელი მიიღებს მაქსიმალურ ინფორმაციას, რისი მოპოვებაც ჩვენ შევძელით.


გამომდინარე იქედან, რომ არსებობს კითხვის ნიშნები პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის მიმართ და ამავე დროს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკურია, მივმართავთ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. იმედი გვაქვს, რომ სააგენტო დროულად შეძლებს რეაგირებას. აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით კი შევძლებთ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია ვიცოდეთ ზუკა ფაღავას გარდაცვალების მიზეზების თაობაზე, “ – ნათქვამია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1
209
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
209
  
2018, 3 აპრილი, 4:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1