x
image
ირაკლი შავიძე
ჰილერები - სასწაულმოქმედი მკურნალები თუ შარლატანები ?
image
ქირურგებს სკალპელის გარეშე, იგივე ჰილერებს, რომლებიც ფილიპინებზე ცხოვრობენ, უკვე დიდი ხანია იცნობს მთელი მსოფლიო. ჰილერების ფენომენზე ათასობით სტატია დაწერილა, არაერთი ცნობილი ექიმი იკვლევდა მათ შესაძლებლობებს, თუმცა მათ მისტიურ უნარს რაციონალური ახსნა ჯერაც ვერ მოუძებნეს. ერთნი ჰილერებს მატყუარებად და შარლატანებად მოიხსენიებენ, სხვები ღვთის მოციქულებად, რომლებიც მისი ნებით ურთულეს დაავადებებს ამარცხებენ.

საინტერესო ისაა, რომ ფილიპინელ ჰილერებს შეუძლიათ ჩაატარონ ურთულესი ქირურგიული ოპერაციები, თუმცა ამ დროს არანაირ ინსტრუმენტს არ იყენებენ, შიშველი ხელებით მუშაობენ. ოპერაციებისას ისინი მედიტაციის მდგომარეობაში იმყოფებიან, ამ დროს ისინი თითებით კვეთენ ადამიანის ქსოვილებს, ამოკვეთენ დაავადებულ ქსოვილს ან სიმსივნეს, თუმცა როცა ჰილერი ოპერაციას ამთავრებს, ავადმყოფის კანზე ქირურგიული ჩარევის არანაირი კვალი არ რჩება, უმცირესი ნაწიბურიც კი. გარდა ამისა, პაციენტი არ გრძნობს არანაირ ტკივილს, მხოლოდ ზოგიერთები აღნიშნავენ უმნიშვნელო ჩხვლეტას.

საინტერესოა რომ ჰილერები მხოლოდ მორწმუნეებს მკურნალობენ, რამეთუ თვლიან რომ ისინი თავად კი არ კურნავენ, არამედ ღმერთი, მათი ხელებით, და განიკურნება მხოლოდ ის, ვისაც ღმერთის სწამს.

ჰილერების რაოდენობა რამდენიმე ასეულია, ცხოვრობენ ფილიპინების ჩრდილოეთით, ქალაქ ბაგიოში და მის სიახლოვეს. ეს ადგილი საკმაოდ მისტიურია: გემებზე და ვერტმფრენებზე, ბაგიოს სიახლოვეს, ელექტრო ხელსაწყოები არ მუშაობენ, ამიტომაც ამ ტერიტორიაზე ფრენა აკრძალულია. არსებობს მოსაზრება, რომ ამის მიზეზი ამ ტერიტორიაზე არსებული არნახულად ძლიერი ენერგეტიკული ველია. შესაძლოა, ესეცაა მიზეზი იმისა, რომ ფილიპინელი ჰილერები საზღვარგარეთ ფაქტიურად უძლურები არიან.


ოპერაციის დროს ჰილერები ტრანსში არიან, ოპერაციის შემდეგ კი მკურნალებს არაფერი ახსოვთ. ამგვარი ამნეზია ყველა ჰილერს ემართება, მათ თავადაც არ იციან როგორ ახერხებენ პაციენტების განკურნებას, ყველაფერ ამას ქვეცნობიერად აკეთებენ. ჰილერების უნარი მუდმივი არაა, ხანდახან მათ რამდენიმე კვირაც არ შეუძლიათ ტრანსში შესვლა.

პირველი ჰილერი, რომელიც ფილიპინების საზღვრებს გარეთ გაიცნეს, იყო ელეუტერიო ტერტე. მკურნალობა მან 25 წლის ასაკში დაიწყო, თანაც თავიდან დანას იყენებდა. როდესაც იგი დაადანაშაულეს უკანონო სამედიცინო საქმიანობაში, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დანა აღარ ჭირდება და შეუძლია შიშველი ხელით მოახდინოს ქსოვილის გაკვეთა, ისე რომ ნაწიბურიც არ დარჩეს. მომაკვდავი ამერიკელი ოფიცრის გადარჩენის შემდეგ კი ძალიან პოპულარული გახდა. მის ოპერაციებს კამერითაც აფიქსირებდნენ და მიღებული ქსოვილების ანალიზებს ატარებდნენ.შედეგები გამაოგნებელი იყო: ქსოვილები ნამდვილად პაციენტებს ეკუთვნოდათ. მის ოპერაციებს ესწრებოდნენ შვეიცარიელი, გერმანელი, იაპონელი ექიმები და ყველა აღიარებდა, რომ არავითარ მოტყუებას ადგილი არ ქონდა. ტერტე ატარებდა ქირურგიულ ოპერაციებს ჰიპნოზის, ნარკოზის, ტკივილის და ინფექციის გარეშე.

ტერტე 1979 წელს გარდაიცვალა, 80 წლის ასაკში, უკიდურეს სიღარიბეში. მკურნალობაში ის ფულს არ იღებდა, რადგანაც თვლიდა, რომ ღმერთმა მას ეს ნიჭი ფულის საშოვნელად არ უბოძა.

თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. მაგალითად აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ ჯერ კიდევ 1975 წელს განაცხადა რომ ჰილერების ქმედება შარლატანობაა და აშშ-ის ტურისტულ სააგენტოებს აუკრძალა ჰილერებთან გამაჯანსაღებელი ტურების მოწყობა. გარდა ამისა, ბევრი ილუზიონისტი ეთანხმება ამ აზრს, მათ შორის ცნობილი ჯეიმს რენდი, რომელიც აცხადებს, რომ ჰილერების ქირურგია სხვა არაფერია, თუ არა კარგად ნავარჯიშები მეფოკუსეების ხრიკები, რომლებიც შეუმჩნეველი რჩება მოუმზადებელი მაყურებლისთვის, მაგრამ სრულიად აშკარაა პროფესიონალებისათვის. ამასთანავე, მრავლად არიან ჰილერების მკურნალობით უკმაყოფილო პაციენტებიც.

მაშ სადაა ჭეშმარიტება? სკეპტიკოსებს საკმარისი არგუმენტები აქვთ, მაგრამ რა ვუყოთ ტერტეს? მისი ტყუილში გამოჭერა ხომ ვერავინ მოახერხა. სავარაუდოდ, მართლაც არსებობს რამდენიმე სასწაულმოქმედი მკურნალი, ოღონდ მათი რიცხვი ძალიან მცირეა, ისინი მართლაც ახდენენ საოცრებებს, თანაც უანგაროდ, მათ მიტმასნებული ყალთაბანდების რიცხვი კი ძალიან დიდია, ისინი ყოველთვის და ყველგან მრავლად არიან.image

0
143
2-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი შავიძე
ირაკლი შავიძე
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0