x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თუ სახლში ტალღოვანი თუთიყუში გყავთ, ეს უნდა იცოდეთ!

იმით დავიწყოთ, რომ ყველა, ვისაც სურს სახლში ეს პატარა არსება იყოლიოს, არჩევანს ყოველთვის მამალ თუთიყუშზე აკეთებს. ამის მიზეზი ის არის, რომ ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, მხოლოდ მამალი თუთიყუშები სწავლობენ ლაპარაკს. მაგრამ, ეს მხოლოდ მითია. ლაპარაკი დედალ თუთიყუშებსაც შეუძლიათ და უფრო უკეთესადაც გამოსდით. მაგრამ, თუ მამლებთან დღეში 20 წუთი უნდა იმუშაოთ, დედალთან უფრო მეტი დრო და მოთმინება არის საჭირო. გარდა ამისა, ლაპარაკი ყველა მამალ თუთიყუშს არ შეუძლია. სინამდვილეში, ლაპარაკი მათთვის ისეთივე ნიჭია, როგორიც ჩვენთვის სიმღერის ან ხატვის ნიჭი არის. ლაპარაკს მხოლოდ ბარტყები სწავლობენ და თუ თქვენი თუთიყუში 6-7 თვის ასაკამდე არ ალაპარაკდა, ე. ი. მას ასეთი ნიჭი არ გააჩნია და მისი ალაპარაკების შანსი არ არის.


image


მეწყვილე აუცილებელია!


როგორც ამბობენ, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო (ცოდოაო)... ხოლო თუთიყუში, რომელსაც ცხოვრების მანძილზე არ უნახავს სხვა თუთიყუში, ბევრად უფრო ცოდო არის. რადგან ფრინველის მარტოობა, უმეტეს შემთხვევაში, დეპრესიის მიზეზი ხდება და მისი განკურნება შეუძლებელია. ამ მდგომარეობაში მყოფმა თუთიყუშმა შეიძლება ბუმბული დაიგლიჯოს და საერთოდ გაშიშვლდეს ან თუ შანსი მიეცემა, სახლიდან გაიქცეს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, როდესაც გადაწყვეტილებას იღებენ სახლში თუთიყუშის მიყვანასთან დაკავშირებით, ყოველთვის მხოლოდ ერთი ფრინველის აყვანის სურვილი აქვთ და ის აუცილებლად მამალი უნდა იყოს! მათი აზრით, მისი ალაპარაკება მარტივი იქნება და ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით პატარებს, მისი სახლში ყოფნა გაართობთ და გაახალისებთ. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში, უმეტეს შემთხვევაში, თუთიყუშები ძალიან ხალისიანები არიან, ყველგან ძვრებიან, ყველაფერი აინტერესებთ, თვითონაც ერთობიან ადამიანებთან ურთიერთობით და მათაც ართობენ. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ თუთიყუშის პატრონების უმრავლესობამ არ იცის, რომ ყოველთვის ასე არ ქნება...
4-5 წელში ფრინველის ახალგაზრდობა დასრულდება და მას ფიზიკური სიყვარულის სურვილი გაუჩნდება. შეეცვლება ხასიათი და თან ძალიან. საქმე იმაშია, რომ უკვე ასაკოვან თუთიყუშს თავისნაირთან ესაჭიროება ურთიერთობა, ვისაც მოეფერება, ეჟღურტულება, საჭმელს აჭმევს... და ადამიანი ამ როლისთვის ნამდვილად არ გამოდგება. ხოლო მეორე თუთიყუშის მიყვანა, უკვე დაგვიანებული იქნება. ზრდასრული თუთიყუში, რომელსაც მთელი ცხოვრება ადამიანთან ურთიერთობაში აქვს გატარებული, არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს თავი თანამოძმეს. ის უბრალოდ ვერ მიხვდება ვინ არის ის. ადამიანებთან ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგად, მას თავი მათნაირი, ანუ ადამიანი ჰგონია. გარდა ამისა, უკვე აღარც ფრინველებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები გააჩნია.
ზრდასრული მარტოხელა თუთიყუში ყოველთვის ძალიან ცოდოა. ამას თქვენც მიხვდებით, როდესაც დრო მოვა, მაგრამ უკვე ვერაფერს შეცვლით.
ბუნებაში ტალღოვანი თუღიყუშები გუნდში ცხოვრობენ, ქმნიან მონოგამურ წყვილებს და ასეთი ფრინველების მარტოობა არ შეიძლება.

ბევრი თვლის და რეკომენდაციას იძლევა, მათ შორის, ზოო მაღაზიებში, რომ თუთიყუშს გალიაში სარკეს თუ ჩაუდგავთ, ფრინველი მარტოობას ვეღარ იგრძნობს და ეს პრობლემაც მოგვარდება. მაგრამ, ასე მარტივადაც არ არის საქმე. თუთიყუში სარკის გამოსახულებას რეალურისგან ვერ ანსხვავებს. დადგება დრო და როდესაც «მეორე თუთიყუში» სიმპატიას დაიმსახურებს, ის მასზე ზრუნვას დაიწყებს, ისე როგორც ამას შეყვარებული ფრინველები აკეთებენ ბუნებრივ პირობებში: მოფერება, სახის ხახუნი, საჭმლის ჭმევა... და როდესაც ნახავს, რომ მისი გრძნობა უპასუხოდ დარჩა, დეპრესიაში ვარდება.


გერმანიაში და შვეიცარიაში 2008 წელს კანონი მიიღეს, რომელიც ავალდებულებს თუთიყუშის, ზაზუნის და ზღვის კოჭების მომავალ მფლობელებს, რომ ისინი, მინიმუმ, წყვილად იყოლიონ.



ჩვენთან ასეთი კანონი არ არსებობს, მაგრამ არსებობს მითები, რომლის გამო, თუთიყუშის პატრონებს ფრინველის დაწყვილების სურვილი არა აქვთ:



მითი №1. ფრინველი აღარ ილაპარაკებს


«ჩემი ფრინველი მოშინაურებულია და ლაპარაკობს კიდეც. გამიგია, რომ მეგობარს თუ მოვუყვან, გაველურდება ლაპარაკსაც შეწყვეტს».
სიმართლე არ არის. მოშინაურებული ფრინველი არ გაველურდება. ნახევარი წლის მანძილზე ადამიანებთან ურთიერთობის შემდეგ ფრინველს ადამიანი თავის მეგობრად მიაჩნია, რომელთანაც დროს კარგად ატარებს და სხვა თუთიყუშის გამოჩენა ამ ურთიერთობავს ვერ დაარღვევს. თუ ფრინველი გიცნობთ და უყვარხართ, ის არასდროს მიგატოვებთ და კონტაქტს არ გაწყვეტს.
ოჯახში მეორე თუთიყუშის მიყვანისას ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ – აუცილებლად უნდა აიყვანოთ ბარტყი, რომლის ასაკი 35-40 დღეს არ აღემატება. ეს პატარა შეეცდება ყველაფერში უფროს თუთიყუშს მიბაძოს და მალევე მოშინაურდება. დედალი ყოველთვის იმას აკეთებს რასაც მამალი და არა პირიქით.

რაც შეეხება ლაპარაკის შეწყვეტას, არც ეს არის სიმართლე. როდესაც ახალი ფრინველი გამოჩნდება – ის შეეცდება, რომ მას ყველაფერი აჩვენოს, რაც იცის და ხშირად ხდება, რომ მეორე თუთიყუშიც იწყებს ლაპარაკს.


მითი №2. სავალდებულო გამრავლება


არა, არა, არა და კიდევ არა. ფრინველი – ზაზუნა არ არის და თუთიყუშები, წლების მანძილზე ან მთელი ცხოვრება, ერთად ყოფნის მიუხედავად, შეიძლება არასდროს გახდნენ ბარტყების მშობლები. თუ ადამიანი შესაბამის პირობებს არ შეუქმნის, დედალი თუთიყუში კვერცხს არ დადებს. შესაბამის პირობებში კი, უპირველეს ყოვლისა, მყუდრო სახლი იგულისხმება.

imageimage

მითი №3. დედალი თუთიყუშები ბრაზიანები და ბოროტები არიან


«ჩემმა ნაცნობმა დედალი იყიდა თავისი თუთიყუშიეთვის. მან კი ჯერ დაკორტნა მამალი თუთიყუში და შემდეგ, მოკლა კიდეც».
ეს სავსებით შესაძლებელია, თუ დედალი თუთიყუში მამალზე ასაკით დიდია. თუთიყუშების ურთიერთობა რომ აეწყოს, დედალი მამლზე პატარა უნდა იყოს და საუკეთესო ვარიანტში, მეორე თუთიყუში მაშინ უნდა აიყვანოთ, როდესაც თქვენი თუთიყუში 8-9 თვის იქნება და როგორც ზევით იყო აღნიშნული, დედალი თუთიყუშის ასაკი 1-1, 5 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს გალიის ზომასაც. გალია ორი თუთიყუშისთვის, მინუმუმ 60 სმ. სიგრძის და 50 სმ. სიმაღლის უნდა იყოს.

და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუთიყუშების გაცნობა გარკვეული წესების დაცვით უნდა მოხდეს:


I. ახალი თუთიყუში, სახლში მოყვანის შემდეგ, ერთი თვე ცალკე ოთახში გყავდეთ, ისე რომ ფრინველებმა ერთმანეთი ვერ ნახონ. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ თუ მას რაიმე სახის დაავადება აქვს, ამ პერიოდში გამოვლინდება და ასე მეორე თუთიყუშსაც დაიცავთ და მკურნალობას შეძლებთ.

II. 1 თვის შემდეგ, 2-3 დღით, გალიები თუთიყუშებით ერთ ოთახში დადგით, ისე რომ ერთმანეთს ხედავდნენ. ასე ფრინველები ერთმანეთთან ჟღურტულს შეძლებენ და ერთმანეთს შეეჩვევიან.

III. ამის შემდეგ, გალიები გვერდიგვერდ დადგით. მაგრამ ისე, რომ ფრინველები ერთმანეთს ვერ შეეხონ. დატოვეთ მათ შორის რამდენიმე სანტიმეტრი. 3-4 დღე ასე გააჩერეთ.

IV. შემდეგ დაიწყეთ მათი მორიგეობით გამოშვება. ჯერ მამალი გამოუშვით, დედალი გალიაში დატოვეთ. მეორე დღეს – მხოლოდ დედალი გამოუშვით. შემდეგ ისევ მამალი და ასე, ერთი კვირის მანძილზე.

V. 3-ჯერ ერთს რომ გამოუშვებთ და 3-ჯერ მეორეს – შემდეგ, ორივე ერთად გამოუშვით. გაითვალისწინეთ, რომ მამალი თუთიყუშის გალია უფრო დიდი უნდა იყოს. თუ ერთობლივი გასეირნების შემდეგ, მამალი თუთიყუში თავის გალიაში შევა, ხოლო დედალი თავის გალიაში, მომდევნო დღეებშიც ერთად გამოუშვით. როდესაც დედალი, მამალ თუთიყუშთან გალიაში შევა, მეორე გალია შეინახეთ.



წყვილი თუთიყუშის მოსავლელად საჭირო არის:

1. დიდი გალია.
2. ფრინველის ინვენტარი - საკვებური, წყლის თასი, სათამაშოები და საერთოდ ყველა ნივთი, რაც გალიაში არის, 2-2 უნდა იყოს – იმისთვის, რომ ჩცუბის მიზეზი არ მიეცეთ. იგივე მიზეზით არის საჭირო დიდი გალიაც, რომ «ტერიტორიების» გამო არ იჩხუბონ.
3. რაც შეიძლება მეტი სათამაშო. სასურველია სპეციალური სტენდი ან სათამაშო მოედანი.
4. დამატებითი გალაი კარანტინისთვის და ყოველი შემთხვევისთვის.image


მითი №4. ფრინველები იხმაურებენ და სახლას დაანაგვიანებენ


სახლი იმ შემთხვევაში ნაგვიანდება, თუ თუთიყუშები პატარა გალიაში სხედან. ფრთის აქნევისას, რაც შიგნით ნაგავია (საკვების ჩენჩო, ბუმბული...) ყველაფერი გარეთ იყრება. ამ პრობლემის მოხსნა კი დიდ გალიას შეუძლია, სადაც საკმარისი ადგილია ფრთების გასაშლელად და სიარულისთვის. გარეთ გამოსვლის შემდეგ, ოთახი რომ არ დააბინძურონ, ერთ ადგილზე მოუწყეთ სათამაშო მოედანი და თითქმის მთელ დღეს იქ გაატარებენ. შეგიძლიათ ეს მოედანი პირდაპირ გალიის თავზე დადგათ და ოთახი აღარ დანაგვიანდება.
რაც შეეხება ხმაურს, ჩვეულებრივ, წყვილში, მამალი თუთიყუში ხმაურობს, დედალი კი უფრო წყნარია.



P. S. თქვენს თუთიყუშს მეგობარს თუ მიუყვანთ, ნამდვილად არ ინანებთ. ჩვეულებრივ, როდესაც სახლში ორი თუთიყუშია, დედალი უფრო მეტად უყვარდებათ ხოლმე. დედალი და მამალი თუთიყუშები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან და დედლები ძალიან საყვარლები არიან. ისინი სულ რაღაცას აკეთებენ, საქმიანი იერით დადიან და მათზე დაკვირვება უსასრულოდ შეიძლება. ხოლო, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს კარგად გაიცნობენ და დამეგობრდებიან, მათი ურთიერთობის ყურება ნამდვილად სასიამოვნო არის – ისინი ერთმანეთზე ზრუნავენ, ჩხუბობენ, ურთიერთობებს არკვევენ, იბუტებიან, რიგდებიან...

imageimageთქვეთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageისინი იმდენად კარგები არიან – დაუჯერებელია, რომ რეალურად არსებობენ
«ეზოში ავი ძაღლია» – აბრის მიღმა

სახალისო ფაქტები ცხოველების შესახებ

12
4593
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4593
  
2021, 15 მაისი, 15:41
პირადად მე, ასეთი შემთხვევა არ მქონია. ფ/ბ-ზე, თუთიყუშების მოყვარულების ჯგუფში იკითხეთ, იქნებ ვინმეს გამოცდილება ჰქონდეს.
2021, 15 მაისი, 15:36
არ გამოდის ბუდიდან ცოცხალი თავით რო დედალი არ შევიდეს
2021, 15 მაისი, 15:29
მადლობთ
2021, 15 მაისი, 15:24
მამალი დროებით სხვა გალიაში ჩასვით და გალიები გვერდი–გვერდ დადგით. თუ აგრესია გადაუვლის, ისევ უკან დააბრუნეთ. საერთოდ, თუთიყუშები აგრესიულები იმ შემთხვევაში ხდებიან, თუ გალიიდან ცოტა ხნით მაინც არ უშვებენ. თუმცა, აგრესიის მიზეზი, შეიძლება გადაღლაც იყოს.
2021, 15 მაისი, 14:47
ჩემს თუთიყუშებს დაახლოებით უკვე 1 თვემდე ბარტყები ყავთ და მამალი დედალს სცემს რაუნდა გავაკეთო რომ აღარ იჩხუბონ? ან რომ განვაცალკევო მარტო რომელიმე მოუვლის ბარტყებს?
2019, 24 სექტემბერი, 20:17
4 დღეა რაც გვყავს თუთიყუში გოგონებო :( სულ ცუმად არის არც ჭიკჭიკებს რა ვუშველო? მეშინია არ მოკვდეს და რას მირჩევთ? ხვალ ვაპირებ მიყვანას ისევ მაღაზიაში, რომ დავაბრუნო :(
2019, 21 იანვარი, 13:51
მადლობა სასარგებლო რჩ ევებისთვის ,ჩემ ბიჭს ჩიკო დავარქვით
2019, 20 იანვარი, 23:09
ჟაკო 3 თვის იყო რომ მოვიყვანეთ და 3 თვეში ისწავლა ლაპარაკი. ყოველ დღე ვასწავლიდით და ხმას არ იღებდა. მერე ერთდროულად ალაპარაკდა და რაც ნასწავლი ჰქონდა, სულ იმეორებდა, თითქოს ეშინოდა არ დამავიწყდესო. ახლა, აღარაფერს ვასწავლით და ავტომატურად იმახსოვრებს სიტყვებს, ხან ტელევიზორიდანაც კი.
რაც შეეხება გარეთ გამოსვლას, სანამ მარტო იყო, ყოველდღე გამოდიოდა (ისე გალიას და სახლს უნდა მიეჩვიოს და 2 კვირა არ უნდა გამოუშვათ) და რომ მოშივდებოდა, თვითონ შედიოდა. საჭმელი და წყალი მხოლოდ გალიაში უნდა ჰქონდეს.
2019, 20 იანვარი, 21:55
რამდენი დრო დაგჭირდათ თქვენ პირადად სანამ პირველი სიტყვა ასწავლეთ?ბრაზობს გალიაში არ უნდა და გისოსებს აწვალებს,გავუღებთ კარს და მაშინვე გამოფრინდება,მერე შესვლაზე ჩხუბობს :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10