საქართველო ვიფიქროთ ჩვენს წარსულზე! 2018, 26 მარტი, 22:09 ადამიანები ხშირად ივიწყებენ საკუთარ წარსულს და მთელი რიგი დანაშაულები სხვაზე გადააქვთ. ამას წინათ, ვეტერანთა პარკში შევიკრიბეთ ძველი მეომრები, რომლებიც მოვდივართ 1991 წლიდან დღემდე და ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გულისტკივილი საქართველოში დღეს არსებულ მდგომარეობაზე. იყო დრო, როცა ახალგაზრდები ვიყავით, ეროვნული მოძრაობიდან მოვდიოდით ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის პირველი ეროვნული გვარდიის ოფიცრები. იმ დროს სიცოცხლე გვიხაროდა და გვეხალისებოდა. იმედით აღსავსენი ვიყავით. ქვეყანას მართავდა ეროვნული ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, რომელიც აირჩია ქვეყნის მოსახლეობის 87%-მა. იმ დროს საქართველო ერთიანი იყო და არჩევნებიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა. ეს არჩევნები ჩატარდა 1990 წლის 28 ოქტომბერს და ხმების უმრავლესობით ქვეყნის სათავეში მოვიდა პოლიტიკური ორგანიზაცია - "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", რომლის სათავეშ იდგა იმდროინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ზვიად გამსახურდია. ქვეყნის მოღალატეებმა და უცხო ქვეყნების დაქირავებულმა აგენტებმა ვერ აიტანეს ეს დიადი გამარჯვება და მაშინვე ოპოზიციაში ჩაუდგნენ ერის მიერ ერთხმად არჩეულ ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ამ გადამდგარ ადამიანებში ის პიროვნებებიც აღმოჩნდნენ, ვინც დასაწყისიდანვე გამსახურდიას გვერდით იბრძოდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ესენი იყვნენ: ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი, გიორგი ჭანტურია, ჯაბა იოსელიანი და კიდევ უამრავი სხვა. მოხდა დიდი განხეთქილება, რომელმაც მიგვიყვანა სამოქალაქო ომამდე. დაიღვარა ჯერ რუსთაველის პროსპექტზე და შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით ძმების სისხლი. ქართველები ერთმანეთს დავერიეთ და დღესაც არ ვიცი, რატომ? ხშირად მიფიქრია, მაგრამ ვერ ვპოულობ კითხვაზე პასუხს, რა ხდებოდა და საერთოდ რა მოხდა, რატომ გავიმეტეთ ქართველებმა ასე ერთმანეთი?! პასუხი არც ერთ მხარეს არ აქვს. რა გვინდოდა, რას ვერჩოდით ერთმანეთს, ჩვენს ოჯახებს, რატომ ვამწარებდით ჩვენს მშობლებს, და-ძმას, ცოლ-შვილს, ნათესავ-მეგობრებს?! ასე რამ გაგვამწარა?! კითხვებია ძალიან ბევრი, მაგრამ პასუხი არ არსებობს. არ არსებობს იმიტომ, რომ ძმათა შორის სისხლისღვრაც ჩვენი ერის დიდი ტრაგედია და ეროვნული სირცხვილია. როგორი გავეშებულები ვხოცავდით ერთმანეთს. ეს რა ხდებოდა, მეორე ბაზალეთი დავატრიალეთ რუსთაველზე. ამით ხარობდა მტერი. საქართველოს ირგვლივ ყველა მხრიდან მტრები ახვევია. ეს ოდითგანვე ასე იყო და დღესაც ასეა. მათი გულები გავახარეთ ჩვენი სიბრიყვით. შედეგიც ისეთივე მივიღეთ, როგორიც ჩვენს მეზობლებს უნდოდათ და საუკუნეების მანძილზე რაზეც ოცნებობდნენ, ესაა დაქუცმაცებული, დასუსტებული და დახლეჩილი საქართველო. (გაგრძელება იქნება) 3 1-ს მოსწონს
|