საქართველო ომი რუსთაველის პროსპექტზე (მესამე ნაწილი) 2017, 2 თებერვალი, 14:17 თურმე, იმ დროს ჩემი მომავალი მეუღლე, რომელსაც მაშინ არ ვიცნობდი, ლაურა მიღდისელი, სასწავლებლიდან, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტიდან ფეხით მიდიოდა შინ, მშრალი ხიდის მიმართულებით და მთავრობის სახლიდან ნასროლ ტვყიას ბეწვზე გადაურჩა. ეს ამბავი, როცა ჩემი ცოლი გახდა, მერე მიამბო.
მე ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების პოლკის მე-2 ბატალიონში პირველი ასეულის მეთაურად ვმსახურობდი. ბატალიონის მეთაური მაიორი ელგუჯა ნიკოლაძე იყო. მას თბილისის საარტილერიო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და სამხედრო საქმე კარგად იცოდა. ბატონი ელგუჯასი დიდი მადლობელი ვარ, მიუხედავად იმ დროს მისი უმწეობისა, ყურადღებას არ გვაკლებდა და გვიფრთხილდებოდა ხელქვეითებს. თბილისის ომის შემდეგ მე და ბატონ ელგუჯა ნიკოლაძეს აფხაზეთის ომშიც ერთად მოგვიწია ყოფნა.
ბუნკერში ბევრი ხალხი ირეოდა. არავინ აკონტროლებდა, ვინ შემოდიოდა და ვინ გადიოდა. 25 დეკემბერს რამდენიმე ოფიცერმა მოვითათბირეთ, რომ ათკაციანი ჯგუფი შეგვექმნა და იმის იმედით, მოწინააღმდეგე მხარეს ვინმესთვის იარაღი წაგვერთმია და შემდეგ გვებრძოლა, გარეთ გასვლა გადავწყვიტეთ. მსურველი ბევრი გამოჩნდა, მაგრამ ჩვენ ისეთი ხალხი შევარჩიეთ, ვისაც ვიცნობდით და მეტად ვენდობოდით. ჯგუფის მეთაურად ჩვენი ბატალიონის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი გენადი კვერნაძე ავირჩიეთ. ჯგუფში ვიყავით მე-2 ასეულის მეთაური უფროსი ლეიტენანტი ვეფხია ბიჩინაშვილი, ახალციხის მე-9 ბატალიონის მეთაურის მოადგილე კაპიტანი სერგო ინასარიძე, მე-3 ასეულის მეთაური ლეიტენანტი ალეკო მუხაძე და სხვები. 26 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, ჩვენი ჯგუფი გარეთ გასასვლელად მზად იყო. იმ დროს ბუნკერში ორი მღვდელი იყო, ერთ-ერთმა დაგვლოცა და გარეთ გამოვედით.
პირველად რაც დავინახე, ტყვიებით დაცხრილული მანქანები და დაცარიელებული რუსთაველი იყო. ზამთრის სუსხი ჩვეულებრივზე უფრო უარესი მეჩვენა, ცოტა თოვლი იდო. ხალხი ქუჩაში არ დადიოდა. ქაშუეთის მხრიდან დროდადრო ზარბაზანი დაგრიალებდა. პარლამენტის შენობის ერთი სვეტი ჰქონდათ აჩემებული და იმას ესროდნენ, მაგრამ ვერ მოანგრიეს.
ჩიტაძის ქუჩას ფრტხილად ავუყევით. გეგმით, შეიარაღებულ მოწინააღმდეგეს მოულოდნელად თავს უნდა დავსხმოდით და იარაღი წაგვერთმია. რისკი დიდი იყო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. უიარაღოდ, უაზროდ ბუნკერში ჯდომას ისევ მოქმედება ვარჩიეთ და გადაწყვეტილებაც სწორი იყო. ის ხალხი, ვისაც ვითომ მეტად ენდობოდნენ და იარაღიც დაურიგეს, დღედაღამ ბუნკერში, სასადილოს სკამებზე ისხდნენ და ეძინათ. რამდენჯერ ვთხოვეტ იარაღი მოეცათ და ჩვენ ვიბრძოლებდით, მაგრამ კატეგორიული უარი გვითხრეს. ჩიტაძის ქუჩის ბოლოს, შსს-ს პოლიკლინიკასთან რომ ავედით, იარაღიანი 4 კაცი შევნიშნეთ. ისინი ქვემოთ, ჩვენკენ მოდიოდნენ. მაშინვე ჩავსაფრდით და დაველოდეთ, როგორც გაგვისწორდნენ, ვეცით და გავკოჭეთ. ასე ვიშოვეთ 4 ავტომატი. საქმე კარგად დავიწყეთ. დაჭერილები ბუნკერში ჩავოყვანეთ და ახლა უფრო შემართულები გავედით გარეთ მოწინააღმდეგეზე სანადიროდ. ისევ პოლიკლინიკასთან ჩავსაფრდით. დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირდა, - 7 კაცი ჩაგვივარდა ხელში. სანამ მათ ვჩხრეკდით, ქვემოდან "24"-ის მარკის თეთრი "ვოლგა" მოგვიახლოვდა. პოზიციაზე განვლაგდით და გაჩერება მოვთხოვეთ. მანქანა გაჩერდა თუ არა, უცებ სროლა აგვიტეხეს. გენადი კვერნაძეს მუხლში მოხვდა ტყვია, მაგრამ საბედნიეროდ, რბილში გაუარა. მანქანა უკუსვლით გაქანდა. ვეფხია ბიჩინაშვილმა წინა მხრიდან ჰაერში ასწია. ვეფხია ევროპის ჩემპიონი იყო ძიუდოში. მძღოლი დაიბნა, საჭე ვერ დაიმორჩილა და რომელიღაც სახლის კედელს მიეჯახა. მანქანიდან გადმოვათრიეთ შიგ მჯდარი ოთხი კაცი და ხელებაწეულები კედელთან მივაყენეთ გასაჩხრეკად. ოთხივეს თითო ავტომატი, თითო "მაკაროვი" და სამი ყუმბარა "ფ-1" აღმოაჩნდა. ჩვენი არსენალი თანდათანობით იზრდებოდა. დაჭერილი 11 კაციდან 3 სომეხი აღმოჩნდა, 4 - ოსი, 2 - ქურთი და 2 ქართველი. 11-ივე ჩავიყვანეთ მთავრობის სახლში. ამ მოქმედებებით ჩვენმა ჯგუფმა სახელი უცებ გაითქვა და რამდენიმე კაცი კიდევ შემოგვიერთდა. უკვე გაძლიერებული ჯგუფი გავხდით და მეტის გაკეთების სურვილიც გაგვიჩნდა. ამ დროს შტაბიდან ბრძანება მოგვივიდა, რომ უნდა გავმაგრებულიყავით ყოფილ ცენტრალური კომიტეტის შენობაში, რომ იქიდან გავცევა ღიად დატოვებული მხარე. მე მე-10 სართული ჩამაბარეს, იქიდან უნდა გამეკონტროლებინა თავისუფლების მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია. მოგვიანებით შემოგვიერთდა სახალხო ლაშქარი 50 კაცის შემადგენლობით, რომელსაც ალიკა ტერიშვილი მეთაურობდა. მის დაქვემდებარებაში მყოფი ხალხი უდისციპლინოდ იქცეოდა დ ამიტომ ხშირად მიწევდა მათთან შეხლა-შემოხლა. ჩემსა და მათ შორის ურთიერთობა უკიდურესად იმიტომ დაიძაბა, რომ ერთ დღეს დააკავეს ერთი გოგო, რომელიც თურმე მთაწმინდაზე ცხოვრობდა და შინ მიდიოდა. დაუწყეს გოგოს ღლაბუცი, შეშინება, ეუბნებოდნენ შემოგზავნილი ხარ და უნდა დაგხვრიტოთო. ამ დროს მე მივუსწარი, - მორიგი ოპერაციიდან დავბრუნდი და ამ აყალმაყალს დავადექი თავზე. როგორც დამინახეს, მაშინვე მოეშვნენ გოგოს და ოთახებში შევიდნენ. გოგოს ხათუნა ერქვა და მერე როგორც გავიგე, კოტე მესხის ქუჩაზე ბიძაჩემის, არჩილ გელოვანის მეზობლად, ერთ ეზოში ცხოვრობდა. ხათუნა შენობიდან გამოვიყვანე და სახლამდე მივაცილე, რომ ვინმე თავზე ხელაღებული ვიგინდარა კიდევ არ გადაჰყროდა და რაიმე არ დაეშავებინა. ამასობაში ახალი წელიც მოგვადგა. თბილისში ისევ გრძელდებოდა ძმათა შორის სისხლის ღვრა. ეს უბედურება ახალმა წელმაც ვერ შეაჩერა. მაშინ და შემდეგაც დავწრმუნდი, რომ ქართველები ერთმანეთს ყველაზე მაგრად ვებრძვით და დაუნდობლად ვხოცავთ. ასეთი მაგრები მტრებთან არ ვყოფილვართ და ასე შემდეგ თვალნათლივ გამოჩნდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. (გაგრძელება იქნება) 113 3-ს მოსწონს
|