x
ომი რუსთაველის პროსპექტზე

თბილისის ომამდე რუსთაველის პროსპექტზე რამდენიმე შეტაკება მოხდა. ოპოზიციაში გადასული გვარდიელები და სხვა ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები ყოველდღე მოდიოდნენ მთავრობის სახლთან და პროვოკაციებს აწყობდნენ. რუსთაველის პროსპექტზე ბარიკადები ააგეს. ოპოზიციებმა მანქანებით ნაგავი მოიტანეს და "იმელის" შენობასთან დაყარეს. რამდენიმე ოპოზიციური პარტია ცალ-ცალკე აწყობდა ყოველ საღამოს მიტინგს. რუსთაველის მეტრო სადგურთან პირველი ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია იდგა ირაკლი წერეთლის ხელმძღვანელობით. სწორედ მათ მოიტანეს მანქანებით ნაგავი. შემდეგ იდგა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია გია ჭანტურიასა და ირინა სარიშვილის ხელმძღვანელობით, პირველ საშუალო სკოლასთან ქრისტიან-დემოკრატიული პარტია თემურ ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით და ბოლოს, მთავრობის სახლის წინ ხელისუფლების მხარდამჭერი მიტინგები იმართებოდა. მიტინგებზე სიტყვით გამომსვლელები ლანძღავდნენ ერთმანეთს, მთავრობის მომხრეები - ოპოზიციას, ხოლო ოპოზიციონერები - ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, ირინა სარიშვილი, ლუიზა შაკიაშვილი, ირაკლი წერეთელი, თემურ ჟორჟოლიანი, რუსლან მიქაბერიძე და სხვები, ხელისუფლებიდან კი გურამ პეტრიაშვილი, მანანა ძოძუაშვილი, ბიძინა გიორგობიანი და კიდევ მრავალი სხვ.
4 ოქტომბერს, საღამოს, რუსთაველის პროსპექტი ბარიკადებისა და ოპოზიციონერებისაგან გაიწმინდა. იმ დროს თენგიზ კიტოვანი თავისი მომხრე გვარდიელებით შავნაბადიდან ჩამოვიდა, ტელევიზიასა და ცირკთან გამაგრდა, მთლიანად აკონტროლებდნენ გმირთა მოედანსაც. რუსთაველი კი გაიწმინდა, მაგრამ მოძრაობა არ აღდგა. მარტო ფეხით მოსიარულენი დადიოდნენ.
გულისტკივილით ვიხსენებ იმ მძიმე დღეებსა და წუთებს, როცა ქართველი ქართველს დაუპირისპირდა არაფრის გამო. ახლა რომ მახსენდება მაშინდელი მომენტები და შემდგომი პერიოდი, მიკვირს, როგორ გაუძლო ამ პატარა ქვეყანამ ამდენ უბედურებას?! სამწუხაროდ, უბედურების მომტანი ისევ და ისევ სულგაყიდული ქართველები იყვნენ, რომლებიც როგორც შემდეგ გაირკვა, უცხო ქვეყნებიდან იმართებოდნენ.
მოხდა ისე, რომ თენგიზ კიტოვანი ცირკის მიდამოებიდან აიბარგა და თბილისის ზღვაზე დაბანაკდა. ერთ დღეს ჩატარდა ოპერაცია - ეროვნულმა გვარდიამ და შსს-ს სპეცრაზმმა "ომონმა" თბილისის ზღვა ალყაში მოვაქციეთ და იქ დაბანაკებულ მეამბოხეებს დანებება მოვთხოვეთ. იმ დროს ასეულის მეთაური ვიყავი. თენგიზ კიტოვანს დაახლოებით 150 კაცი ჰყავდა. სიტუაცია იქით მიდიოდა, რომ იარაღი უნდა დაეყარათ და დაგვნებებულიყვნენ, მაგრამ ამ დროს უკან დახევისა და ალყის მოხნის ბრძანება მივიღეთ. როგორც მოგვიანებით შეიქმნა ნათელი, სწორედ ეს გამოდგა დამღუპველი.
დრო გადიოდა და საქმე ერთ ადგილზე იყო გაყინული. არც ერთი მხარე არ თმობდა პოზიციებს, სანამ არ მოახლოვდა ერთ-ერთი შავი დღე საქართველოს ისტორიაში - 22 დეკემბერი.
21 დეკემბერს, საღამოს 5 საათისათვის, რუსთაველზე ნელ-ნელა ოპოზიციამ მოიყარა თავი. ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და ალექნადროვის ბაღში ნიღბიანი შეიარაღებული ხალხიც გამოჩნდა. იგრძნობოდა, რომ სისხლის ღვრა იქნებოდა.
6 საათისთვის ოპოზიციამ გაერთიანებული ძალებით ილიასა და აკაკის ძეგლთან მიტინგი დაიწყო. მიტინგს უძღვებოდა და ყველაზე მეტად აქტიუროდა თენგიზ სიგუა. მის გვერდით ლევან ღვინჯილია იდგა. ისინი ითხოვდნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაუყოვნებლივ და უპირობო გადადგომას. მთავრობის სახლთან ხელისუფლების მომხრეების მრავალათასიანი მიტინგი დაიწყო. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლემიკა, ანუ ერთმანეთის ლანძღვა, მიკროფონებისა და დიდი გამახმოვნებლებით მიმდინარეობდა. მომიტინგეებს შორის ავტობუსებითა და სხვა მანქანებით იყო ჩახერგილი. ოპოზიციამ ხრეშითა და ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა "კრაზები" მოიყვანა ავტობუსების გათრევა დაიწყო. მათ წინააღმდეგობას არავინ უწევდა. გვარდია და "ომონი" მომიტინგეებს შორის ჩავდექით და ცოცხალი ჯაჭვი გავაკეთეთ, რომ ერთმანეთს არ დარეოდნენ. თუმცა, მანქანების გადათრევის შემდეგ ორივე მხარე ერთმანეთში აირია. ხალხი ერთმანეთს ეხვეოდა და კოცნიდა, ჩხუბი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არ მომხდარა. შეიარაღებული ნიღბოსნებიც მომენტალურად გაქრნენ.
(გაგრძელება იქნება)image

0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:მაიზერ გელოვანი
მაიზერ გელოვანი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0