ბიოგრაფია ვინ უღალატა ანა ფრანკს? - სრული ისტორია 2018, 26 მარტი, 18:41
1944 წლის 4 აგვისტოს დილას პრინსენგრახტის 263 ნომერში მანქანა გაჩერდა. იქიდან რამდენიმე კაცი გადმოვიდა, მათ შორის იყვნენ ავსტრიელი ოფიცერი კარლ იოზეფ სილბერბაუერი და გერმანიის ნაცისტური პარტიის წევრები. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ ადგილას ებრაელები იმალებოდნენ. ვისაც არ უნდა განეხორციელებინა იმ დღეს ის ანონიმური ზარი, მართალი იყო: სილბერბაუერმა და მისმა კაცებმა შენობის უკანა ნაწილში 8 ებრაელი აღმოაჩინეს. მათ შორის ყველაზე პატარა 15 წლის გოგონა, ანა ფრანკი, იყო.
დაპატიმრება როცა სილბერბაუერი პრინსენგრახტის 263-ში მივიდა, საწყობში დასაქმებულმა ხალხმა მას მიმართულება უჩვენა პირველი სართულისკენ. შენობაში შესვლისთანავე, ვიქტორ კუგლერს, კომპანიის დირექტორს პისტოლეტი მიუშვირეს და უბრძანეს, ეჩვენებინათ ადგილი, სადაც ებრაელები იმალებოდნენ. სურვილის საწინააღმდეგოდ, კუგლერმა ისინი მიიყვანა წიგნის თაროსთან, რომელიც სამალავს ფარავდა. ეს ადგილი დღეს მსოფლიოსთვის ცნობილია საიდუმლო მინაშენის სახელით. სწორედ აქ იმალებოდა ფრანკების ოჯახი, ვან პელსების ოჯახი და სტომატოლოგი ფრიტც პფეფერი 1942 წლიდან, კუგლერისა და სხვა კეთილი ადამიანების დახმარებით. ყველა მათგანი გერმანელი ებრაელი იყო, რომლებიც 1930-იანებში ნაცისტურ რეჟიმს გამოექცნენ, რომ უსაფრთხო თავშესაფარი ეპოვათ.ოტო ფრანკი (მარცხნივ სურათზე) 17 წლის პიტერ ვან პელსს ინგლისურში ამეცადინებდა, როცა თავშესაფარში ნაცისტები შევარდნენ. მასწავლებელი და მოსწავლე დანარჩენებთან ერთად ქვედა სართულზე ჩაიყვანეს, სადაც ძვირფასეულობის გადაცემა მოსთხოვეს. სილბერბაუერი ეძებდა რამე ისეთს, რითაც ნივთებს გადაიტანდა და ამასობაში ოტოს ტყავის ქეისი იპოვა, რომელშიც მისი უმცროსი ქალიშვილი, ანა, ინახავდა დღიურებს. გოგონას ჩანაწერები უცერემონიოდ გადმოყარეს იატაკზე. თავდაპირველად, ებრაელებს უთხრეს, რომ მათ რამდენიმე წუთი ჰქონდათ პატარა ჩანთის ჩასალაგებლად, მაგრამ შემდეგ სილბერბაუერმა ოტოს სკივრი დაინახა, რომელიც, აშკარად, გერმანელი ომის ვეტერანის საკუთრება იყო. ის გაოცებული იყო იმით, რომ ებრაელი გერმანიის ჯარში მსახურობდა და ცოტა ხანში ყველას უთხრა, რომ ბარგის ჩასალაგებლად იმდენი დრო გამოეყენებინათ, რამდენიც დასჭირდებოდათ. ამავდროულად, სილბერბაუერი გაოცებული დარჩა ოტოს განცხადებითაც, რომ ისინი ამ ადგილას 2 წლის განმავლობაში იმალებოდნენ. რომ დაემტკიცებინა, ოტომ კედელზე ფანქრით დასმული ხაზები აჩვენა, რომლითაც 2 წლის განმავლობაში აღნიშნავდა ანასა და მარგოს სიმაღლეს. ასევე ოტომ თქვა, რომ 1944 წლის 6 ივნისს მათ სჯეროდათ, რომ ომი მალე დამთავრდებოდა. ახლა კი ცხადი იყო, რომ ცდებოდნენ. დეპორტაცია ოტო, ედიტი, მარგო და ანა ფრანკები; ჰერმანი, აუგუსტი და პიტერ ვან პელსები; და ფრიტც პფეფერი გარეთ გაიყვანეს და ტრანსპორტში ჩასვეს, რომელიც უკვე ელოდებოდათ ქუჩაში. ორი წლის განმავლობაში არც ერთ მათგანს არ ჰქონდა ფეხი გადგმული გარეთ. ისინი ჯერ ამსტერდამის ციხეში წაიყვანეს, შემდეგ კი - ვესტერბორკის სატრანზიტო ბანაკში, ქვეყნის ჩრდილოეთით. 1944 წლის 3 სექტემბერს რვავე ებრაელი გადაასახლეს აუსჩვიჩ-ბირკენაუში, პოლონეთში, მგზავრები წაიყვანეს ბოლო მატარებლით, რომელსაც გამანადგურებელ ბანაკში მიჰყავდა ხალხი. ჰერმან ვან პელსი აუსჩვიჩში მოწამლეს გაზით ოქტომბრის თვეში. ფრიტზ პფეფერის სიკვდილის თარიღად 1944 წლის 20 დეკემბერია ცნობილი, მან გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკში დაასრულა სიცოცხლე. დები ფრანკები ბერგენ-ბელზენში გადაიყვანეს ოქტომბრის ბოლოს, სადაც 1945 წლის თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში ტიფით გარდაიცვალნენ. მათი დედა, ედიტი, აუსჩვიჩში დარჩა, სადაც 1945 წლის 6 იანვარს მოკვდა. აუგუსტ ვან პელსი ცოტა ხნით ანასთან და მარგოსთან ერთად იყო ბელზენში, მაგრამ შემდეგ ისევ სადღაც გადაიყვანეს. მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ბანაკიდან არასდროს დაბრუნებულა. მისი ვაჟი, პიტერი, სულ რამდენიმე დღით ადრე მოკვდა, სანამ ხალხს გაუშვებდნენ ბანაკებიდან 1945 წლის მაისში. თავშესაფარში ნაპოვნი 8 ებრაელიდან მხოლოდ ოტო ფრანკი გადარჩა. მან თავისი დარჩენილი სიცოცხლე ანას დღიურის გავრცელებაში გაატარა, რომელიც მისმა კოლეგამ, მიეპ გიესმა, შეინახა და 1947 წლის გამოქვეყნდა კიდეც. ოტო შვეიცარიაში გარდაიცვალა 1980 წელს, 91 წლის ასაკში. პირველადი გამოძიება გამოძიება იმის შესახებ, თუ ვინ უღალატა პრინსენგრახტის 263-ში "დასახლებულ" ებრაელებს, 1948 წელს დაიწყო, თუმცა, სიმართლე ვერ გამოარკვიეს. რაც ანა ფრანკის დღიური მთელ მსოფლიოში გავრცელდა, მოღალატის იდენტობის დადგენაც საზოგადოებრივი პრობლემა გახდა. თავის დღიურში ანა აღწერს, რა ფრთხილად იყვნენ ისინი, როცა კომპანიის მენეჯერი ავადმყოფობის გამო ცოტა ხნით უილემ ვან მაარენმა შეცვალა. ვან მაარენი ძალიან დაინტერესებული იყო შენობის უკანა ნაწილით და იმასაც ამჩნევდა, რომ ამ ნაწილში დიდი რაოდენობის საკვები იყო გატანილი. მან სპეციალურად დააგო მახეები ქურდებისთვის და მომსახურე პერსონალსაც ბევრი შეკითხვა დაუსვა. როცა იგი დაკითხეს 1948 და 1964 წლებში, აღიარა თავისი ცნობისმოყვარეობა და ეჭვები, მაგრამ გესტაფოსთვის რამის შეტყობინება უარყო. ოფიცერი სიბელბაუერიც დაკითხეს 1960-იანებში, მაგრამ მან განაცხადა, რომ არ იცოდა, ვინ განახორციელა ანონიმური ზარი ფრანკების, ვან პელსებისა და ფრიტც პფეფერის ადგილსამყოფლის შესახებ. ოტო, რომელმაც ტოლერანტობა არჩია შურისძიებას, გამოძიებას აღარ მიჰყოლია და საქმეც დაიხურა. თუმცა, ჰოლანდიის ინსტიტუტი 2003 წელს საქმის ხელახლა გახსნის ინიციატივით გამოვიდა და გამოძიებებიც განახლდა. დამატებითი ეჭვმიტანილები მელისა მიულერმა თითი ლენა ვან ბლადერენ-ჰარტოგისკენ გაიშვირა, რომელიც დამლაგებელი იყო პრინსენგრახტის 263-ში, მისი მეუღლე კი საწყობში მუშაობდა. ლენამ სხვა ქალთან იჭორავა იმის შესახებ, რომ შენობაში ებრაელები იმალებოდნენ და არსებობს ეჭვები, რომ სწორედ ამ "სხვა ქალმა" დაურეკა გესტაფოს. კიდევ ერთი ეჭვმიტანი ტონი აჰლერი იყო, რომელმაც ოტო ფრანკი ორჯერ, ომის მსვლელობისას და მისი დამთავრების შემდეგ დააშანტაჟა. არსებობს ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც აჰლერმა უღალატა რამდენიმე ებრაულ ოჯახს ოკუპაციის დროს და სხვა მიზეზების გამოც იყო დაპატიმრებული. აჰლერის ძმამ და შვილმა თქვეს, რომ ტონიმ აღიარა ფრანკების ოჯახის ღალატი, მაგრამ ამის მტკიცებულება არ არსებობს და აჰლერმა ვერც დაკითხვებში მიიღო მონაწილეობა, რადგან 2000 წელს გარდაიცვალა. 2003 წლის გამოძიებამ დაასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აჰლერის წინააღმდეგ არგუმენტები არსებობდა, მაინც არ ჩანდა პირდაპირი მტკიცებულებები. ამიტომ, მისი სახელიც, ლენა ვან ბლადერენ-ჰარტოგთან და უილემ ვან მაარენთან ერთად, სუფთად გამოვიდა ამ საქმიდან. ამოუხსნელი საქმე შესაძლებელია, რომ ფრანკებმა, ვან პელსებმა და პფეფერმა თავად გასცეს თავი, რადგან თავშესაფარში ცხოვრების 25-ე თვეს უკვე იმდენად აღარ ფრთხილობდნენ. ომის შემდეგ, ახლოს მდებარე შენობებში მცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ ხვდებოდნენ, რაღაც უცნაური ხდებოდა პრინსენგრახტის 263 ნომერში (მარჯვენა სურათი): ფარდების გადაწევა, ღია ფანჯარა, ხველება შუაღამით და ტუალეტის ჩარეცხვის ხმა - ეს ყველაფერი იმის ნიშანი იყო, რომ შენობაში, რომელიც, წესით, ცარიელი უნდა ყოფილიყო, ვიღაც ცხოვრობდა. ალბათ, არც არის გასაკვირი, რომ ეჭვები წარმოიშვა. თუმცა, რამ აიძულა ვინმე, ამ ეჭვებზე ემოქმედა და ნაცისტებისთვის დაერეკა, უცნობია. ოკუპაციის დროს ღალატი საკმაოდ ჩვეულებრივი რამ იყო, რადგან ინფორმატორები ამისთვის ფულად კომპენსაციებს იღებდნენ. ფულის გარდა, შესაძლოა, შიში ან ანტი-სემიტიზმი ყოფილიყო იმ ადამიანის ქმედების მამოძრავებელი "ძალა", რომელმაც ანას და კიდევ 7 ებრაელს უღალატა პრინსენგრახტის 263-ში. შესაძლოა, მოღალატის ვინაობა ვერც ვერასდროს გავიგოთ და სამუდამოდ ანონიმურად დარჩეს. თუმცა, ფაქტი ისაა, რომ 1944 წლის 4 აგვისტოს ვიღაცამ გესტაფოს დაურეკა და გააზრებული ჰქონდა ის, რომ უდანაშაულო ადამიანებს სასიკვდილოდ სწირავდა. 1019 6-ს მოსწონს
|