x
image
_K_
"გტოვებ,  სანამ შენ დააპირებ ჩემს მიტოვებას" - ღია წერილი შეყვარებულს

image

წერილი ინტერნეტში გავრცელდა და ბევრმა გოგომ ამოიცნო საკუთარი თავი, ბევრს აეხილა თვალი და ბევრმა გადაწყვიტა იმ შეყვარებულის მიტოვება, რომლისგანაც საკმარის ყურადღებას და სიყვარულს ვეღარ იღებდნენ.

ღია წერილის ტექსტს უცვლელად, ქართულ ენაზე გთავაზობთ:



საყვარელო, შენ იცი, რომ კარგად არ გამომდის წერილების წერა და ემოციების გამოხატვა, თუმცა, ყოველთვის ვცდილობდი. ყოველთვის ვცდილობდი ჩემი სიყვარულის და გრძნობის გამოხატვას შენდამი. ვფიქრობ, რომ გამოვხატავდი კიდეც. უფრო სწორად, ვფიქრობ, რომ ზედმეტად გამოვხატავდი... ბოლო დროს ვიგრძენი, რომ გაცივდი ჩემ მიმართ. აღარ ხარ ის ადამიანი, რომელიც შემიყვარდა და არც ის ადამიანი ხარ, რომელსაც შევუყვარდი. შენ შეიცვალე (მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, ადამიანები არ იცვლებიან).



ვერ ხედავ, რომ ძალიან იშვიათად ვსაუბრობთ? არ გახსოვს, ადრე ღამეებს რომ ვათენებდით ლაპარაკში? რა გულწრფელები და მგრძნობიარეები ვიყავით... ახლა ერთმანეთსაც კი იშვიათად ვნახულობთ. შენ მითხარი, რომ ისევ გიყვარვარ, მაგრამ როგორ უნდა დავიჯერო ეს? მე ბავშვობიდან მეუბნებოდნენ, რომ, ბოლოს და ბოლოს, უნდა შევწყვიტო დამჭკნარი, მკვდარი ყვავილის მორწყვა. მგონი სწორედ ეს უნდა გავაკეთო ამ შემთხვევაშიც. ბოლო დროს ჩვენი სიყვარულიც მკვდარ ყვავილს დაემსგავსა ... წითელი, მკვდარი ვარდი, რომელმაც მხოლოდ ერთი წელი იცოცხლა. ახლა მაგიდასთან ვზივარ, სიგარეტს ვეწევი და ცრემლები მდის. შეიძლება, ეს სინანულის ცრემლებია... მახსოვს, როგორ მეხებოდი. მახსოვს, როგორ კოცნიდი ჩემს ტუჩებს და ეს მოგონება მთელი ცხოვრება დარჩება ჩემში. მახსოვს, როგორ მიყურებდი თვალებში. მახსოვს, როგორ ცდილობდი ჩემი სხეულის თითოეული დეტალის შესწავლას. რა ნაზად ეხებოდი ჩემს კანს და რა ყურადღებით აკვირდებოდი თითოეულ ლაქასა თუ ხალს. ვფიქრობ, რომ შენც ბევრი მოგონება გექნება... გექნება საკმარისი მოგონება იმისთვის, რომ შენი ცხოვრების დარჩენილი წლების ნაწილი გავხდე. პატარა ნაწილი... პატარა ალი, რომელიც ერთ დღესაც შენში ცეცხლად გარდაიქმნება. ვიცი, რომ როგორც კი ურთიერთობას შევწყვეტთ (არ მინდა, ამას დაშორება ვუწოდო), მაშინვე ინანებ. ინანებ, რომ ბოლო დროს სათანადო სიყვარულს არ მაძლევდი და არც ყურადღებას მითმობდი. ვიცი ეს. და ერთადერთი შეკითხვა მაწუხებს: ურთიერთობის დაწყებამდე მაღმერთებდი. კი, ნამდვილად მაღმერთებდი, ამაში დარწმუნებული ვარ, და გამაღმერთებ ურთიერთობის დასრულების შემდეგაც... მაშინ ახლა რა ხდება? ახლა, ამ მომენტში რა მოგდის? რა გჭირს, როცა ერთად ვართ?


მახსოვს თითოეული სიტყვა, რომელიც ჩემთვის გითქვამს. მახსოვს, როგორ ცურავდნენ შენი თითები ჩემს თმაში და რა ნაზად ეხებოდნენ ისინი ჩემს კანს. მახსოვს, რა ძლიერად მჭიდებდი ხელს, თითქოს გეშინოდა, რომ არ დაგეკარგე. მახსოვს ჩვენი ერთად გატარებული ღამეები. მახსოვს, როგორ გადებდი თავს მკერდზე და ამ დროს თავი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ადგილას მეგონა ხოლმე. მახსოვს, როგორ მეხუტებოდი ძილის დროს... როგორც ხედავ, ყველა პატარა დეტალი მახსოვს. მახსოვს, როგორ უყურებდი ვიდეოებს ან ფილმებს დაძინებამდე, მე კი მუსიკას ვუსმენდი. მახსოვს, როგორ ღიზიანდებოდი, როცა გვიან ღამით წიგნს ვკითხულობდი და ჩემი ყურადღების მისაქცევად სინათლეს აქრობდი. მახსოვს, როგორ მოგწონდა წითელი პომადა და შავი კაბა, რომლითაც პირველად მნახე. მხოლოდ ერთი რამაა, რასაც ვერ ვიხსენებ. მხოლოდ ერთი რამაა, რაც დამავიწყდა. დამავიწყდა ადამიანი, რომელიც შემიყვარდა. ის გაუჩინარდა. ჯერ კიდევ არ მესმის, როგორ შეგიძლია იმ ყველაფრის არგახსენება, რითი ცხოვრებასაც ვაპირებ სამუდამოდ? როგორ მოხდა, რომ ასეთი მარტივი აღმოჩნდა შენთვის იმის დავიწყება, რასაც ჩემ მიმართ გრძნობდი?


ვიცი, რომ ზოგჯერ ცუდად ვიქცეოდი. ვიცი, რომ ზოგჯერ პრობლემებს გიქმნიდი. ვიცი, ზოგჯერ ფიქრობდი, რომ გიჟი ვიყავი და ჩემი მოწყენილობის ყველა მიზეზი ჩემივე თავიდან მოდიოდა. ფიქრობდი, რომ ეს ჩემი პრობლემა იყო. ფიქრობდი, რომ მოწყენილად ყოფნა ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა იყო. ძვირფასო, ბოდიში, ამას რომ გეუბნები, მაგრამ ჩემი მოწყენის რეალური მიზეზი შენ იყავი. მაპატიე, ძვირფასო, მაგრამ უკვე არავის (აღარც შენ) მივცემ უფლებას, რომ კიდევ ერთხელ მატკინოს გული. მე ბევრი ტკივილი გამოვიარე და ეს შენ კარგად უნდა იცოდე. მითხარი, რომ არასდროს მატკენდი, მაგრამ მატკინე.


საყვარელო, გტოვებ, სანამ შენ დააპირებ ჩემს მიტოვებას. ყველა ურთიერთობაში ერთს ყოველთვის უფრო მეტად უყვარს და ჩემთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა, მე ვყოფილიყავი ის ერთი, რომელიც მეტ მზრუნველობას იჩენდა.


image




1
1060
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1060
  
2018, 2 აგვისტო, 22:59
კარგი წერილია, თუმცა პასუხი გაცილებით საინტერესო იქნებოდა ჩემი აზრით . . . ვფიქრობ ავტორის შეფასებები უფრო გადაბრალებას ჰგავს და გადაჭარბებულია თუმცა შეიძლება ვცდები.
0 1 1