რელიგია ერთმორწმუნე პატრიარქი და საათი-მოჩვენება 2012, 5 აპრილი, 13:52 ეშმა არ ისვენებს. და ვის შეუტევს, თუ არა მართლმადიდებლობის ბურჯს - რუსეთის პატრიარქს? რაღა თქმა უნდა, რომ ეს უმწიკვლო კაცი სატანის დამქაშების პირველი სამიზნეა მთელს დუნიაზე. აჟიოტაჟმა (რაღა თქმა უნდა, ყოვლად უსაფუძვლომ) კირილეს ქონების გარშემო ისეთი ფორმები მიიღო, რომ მოსკოვის საპატრიარქომ გადაწყვიტა დაეცვა საკუთარი მრევლი. აბა ხომ შეიძლება ვინმემ მართლა იფიქროს, რომ ეს კაცი მომხვეჭელობის ცოდვაშია გადავარდნილი და ქონებას ხარბდება, თანაც უბრალოს კი არა, პრესტიჟული ბრენდების. პრესტიჟზე აქცენტის გაკეთება ხომ თავის მხრივ ამპარტავნების მომაკვდინებელ ცოდვას ნიშნავს და ეს დამატებით ლაქად შეიძლება იქცეს რუსთა მწყემსთავრის ნათელ იმიჯზედ. ასე იყო თუ ისე, სამწყსოს სულიერი სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით გადაწყდა ხსენებული პატრიარქის ხსენებული საათების გაქრობა ოფიციალური სურათებიდან. მაგალითისათვის აიღეს აი ეს სურათი, რომელიც საპატრიარქოს საიტზე იდო და ფრიად ნათლად ასახავდა პატრიარქის მარცხენა ხელზე არსებულ საათს: რაც ფაქტია, ფაქტია, საათი არის. თუმცაღა, ერთ მშვენიერ დღეს საპატრიარქოს საიტზე ეს ფოტოსურათი მცირეოდნად სახეცვლილი აღმოჩნდა. საათი გაქრა!! გარნა, სკანდალი ამით არ დასრულებულა. თუ სურათს დააკვირდებით, ხელზე საათი კი არ არის, მაგრამ მისი ანარეკლი გადასარევად მოჩანს მაგიდის ზედაპირზე. მისტიკაა პირდაპირ. თუ არა პატრიარქს, სხვას ვის შეიძლება ჰქონდეს საათი, რომელიც ფოტოსურათზე არ ჩანს და საკუთარ არსებობას ანარეკლითღა ავლენს? ეს ღვთის კაცი დაუღალავად იღწვის, რომ ერი სწორ გზაზე დააყენოს. ჯერ კი არ ეტყობა შედეგი რუსეთის ერსა თუ ბერს, მაგრამ კირილე ხომ ცდილობს? სწორედ ამ განუხრელი მოღვაწეობის მადლითაა ალბათ, რომ კირილეს ძვირადღირებული საათების კოლექსიაში ეს საათი-მოჩვენება აღჩნდა. ახლა მაინც დაიჯერეთ, რომ ესაა კაცი იგი. დაიჯერეთ, თქვე ღვთის პირიდან გადავარდნილნო!!!!!!!!!!!!!!! 2069 7-ს მოსწონს |
რაც შეეხება რუსეთის პატრიარქს - ის არაერთ სკანდალში გახვეულა. თუნდაც ქირურგ შევჩენკოსათვის საკუთარი ბინის "ნანო მტვრით" დანაგვიანების ნიადაგზე წართმეული 20 მილიონი რუბლი რად ღირს. ან მისი მტკიცება ეკატერინე მეორის პატრიოტობის თაობაზე, რაც თურმე იმაში გამოიხატებოდა, რომ მისი საყვარლებიდნ არც ერთი ყოფილა არარუსი.
არ ღირს ეს ადამიანი დაცვად, ასე მგონია.
და რაც მთავარია - როგორც ჩანს მოსკოვის საპატრირქოში სწორედაც რომ ფიქრობენ, რომ საათის გამოჩენა არასასურველია. ამიტომაც დაამუშავეს სურათი და გააქრეს პატრიარქის მაჯიდან. უბრალოდ ანეგდოტურად გამოუვიდათ ეს ყველაფერი..